ხელოვანისა და დიქტატორის ბრძოლა - კიდევ რამდენ საიდუმლოს ინახავს სტალინის პირადი არქივი?
საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი 1938-1952 წლებში - კანდიდ ჩარკვიანი მოგონებებში იხსენებს, რომ სტალინს მოსკოვში უგზავნიდნენ ყველა მნიშვნელოვან ლიტერატურულ გამოცემას, რომელიც თბილისში იბეჭდებოდა. სტალინის პირადი ბიბლიოთეკის წიგნების ფურცლებზე მისივე ხელით გაკეთებული შენიშვნები და კომენტარები ადასტურებს, რომ ის ძალზე ბევრს კითხულობდა, სამხედრო სტრატეგიის შესახებ დაწერილი მცირე ბროშურით დაწყებული და კონსტანტინე გამსახურდიას "დავით აღმაშენებლით" დამთავრებული.
სტალინი, როგორც არაოფიციალური ლიტერატურული რედაქტორი, კარგადაა ცნობილი მემუარული ლიტერატურიდან. თუნდაც შალვა ნუცუბიძის მოგონებები გავიხსენოთ "ვეფხისტყაოსნის" რუსულად თარგმნასთან დაკავშირებით. ის, ასევე, აქტიურად მონაწილეობდა ანა ანტონოვსკაიას "დიდი მოურავის" ხელნაწერის რედაქტირება-გამოცემის პროცესში. ქვემოთ გავეცნობით სტალინის ყველაზე საინტერესო კომენტარებს და მინაწერებს "დავით აღმაშენებლის" 1942 წელს ქართულ ენაზე გამოცემული ტეტრალოგიის პირველი წიგნზე, რომელსაც, ჩემი ვარაუდით, სტალინი ომის შემდგომ წლებში უნდა გასცნობოდა. ეს და კიდევ სხვა მრავალი, საქართველოს ისტორიისთვის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, რუსეთის არქივებშია ჩაკეტილი.
სტალინის შენიშვნები ორ ძირითად ჯგუფად შეიძლება დავყოთ: ერთი მართლაც რომ ობიექტური და სამართლიანი, ხოლო მეორე - ღვარძლიანი და სუბიექტური. თუმცა მკითხველი ამას თავადვე შეაფასებს. შენიშვნები, ძირითადად, ქართულ ენაზეა გაკეთებული. ალაგ-ალაგ მისთვის ჩვეულ, ცინიკურ შენიშვნას - "Ха-ха-ха" კი რუსულად წერდა. კითხვისას, ძირითადად, წითელი და ლურჯი ფერის ფანქარს იყენებდა. გვხვდება მუქი ლურჯი ფერის კალამიც. ჩანს, რომ სტალინი შენიშვნებს სხვადასხვა დროს აკეთებდა. წიგნის 252-ე და 260-ე გვერდებზე კონსტანტინე გამსახურდია "ჭივჭავს" წერს, სტალინი კი უსწორებს: "ჭილყვავი". 290-ე გვერდზე ორჯერ გადაუხაზავს დიდი პროზაიკოსის ფრაზა: "ვერ შეეხიდება საქმეს" და "შეგბედა", თანაც გვერდით კითხვის ნიშანიც დაუსვამს. აქ, ალბათ, სიტყვის ფორმა დაუწუნა დიდმა დიქტატორმა დიდ მწერალს. 304-ე გვერდზე "გააწვიეს" არ მოეწონა და კითხვის ნიშანი დასვა. 305-ე გვერდზე - "წამოიწია სელიდან დავით" - ეს ფრაზაც დაუწუნა, ალბათ, სიტყვათა წყობა იყო მისთვის უჩვეულო. 347-ე გვერდზე კ. გამსახურდია წერს - "ხერხემალი გადაუტეხეს უხსენებელს", სტალინს ბოლო სიტყვა შეუცვლია და "უსახელო" ჩაუწერია. 411-ე გვერდზე "ჰავჭალის" - აქ ასო "ჰ" არ მოსწონებია ბელადს, ლურჯი ფერის ფანქრით მსუყედ გადაუხაზავს და კითხვის ნიშანიც დაუსვამს. მართალიც იყო. 459-ე გვერდზე "ზარები დაუცხრომლად ჟღარუნებდნენ" დაუწუნა სტალინმა პროზაიკოსს, უკეთეს ფორმად "ჟღარუნობდა" მიიჩნია და ლურჯი ფერის ფანქრით ქართულად ქვეშ მიაწერა. აქაც ვერ შეედავები. 463-ე გვერდზე "ლაშქარისთვის" - "ჯარისთვის", "ლაშქარნი" - "ჯარისკაცებით" ჩაანაცვლა, ხოლო "კოჰორტები" "გუნდებით" შეცვალა. ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო სტალინის ის შენიშვნები, რომელიც ტერმინ "მსტოვრებს" ეხება.
კ. გამსახურდია ნაწარმოების 461-ე გვერდზე პირველად იყენებს ამ უძველეს ქართულ სიტყვას, ბელადი კი რატომღაც ძალზე მკაცრია, წითელი ფერის ფანქრით გაუხაზავს "მსტოვარნი" და წიგნის კიდეზე ქართულად, დიდი ასოებით მიუწერია: "მზვერავნი". იგივე შენიშვნა აქვს 469-ე გვერდზეც. გავიხსენოთ სულხან-საბა ორბელიანის "ლექსიკონი" და იქ მოცემული განმარტება: "მსტოვარი - ესე არს აეშაგი მომხილველი ქვეყანასა, გინა მტერთა ლაშქართა და ეგევითარცა უცნაურად. აეშაგი ესე არს, რა კაცი ვინმე გაგზავნო ქვეყანათა გასასინჯველად, ანუ მტერთა ლაშქართა და ეგევითარცა უცნაურად". "მზირი - ყაზახი, გინა მსტოვარი... გინა ჯაშუში". "ჯაშუში სხვათა ენაა, ქართულად მსტოვარი და აეშაგი ჰქვიან". დავიჯერო, რომ სტალინი არ იცნობდა სულხან-საბა ორბელიანის "ლექსიკონში" მოცემულ ამ განმარტებებს?
დიდი ქართველი პროზაიკოსი კონსტანტინე გამსახურდია "დავით აღმაშენებლის" ტრილოგიის პირველ წიგნს რვაგვერდიანი ბოლოსიტყვაობით ასრულებს ("ხელმეორედ გამოცემის გამო"), სადაც მწერალი ცდილობს, მკითხველს აუხსნას, თუ რა სიძნელეებს წააწყდა ამ მონუმენტური ისტორიული რომანის შექმნისას. ბოლოსიტყვაობის თითოეული გვერდი აჭრელებულია წითელი და ლურჯი ფერით. სტალინის კრიტიკული დამოკიდებულება მწერლის მიმართ სწორედ აქ ჩანს. შენიშვნების და კომენტარების უმეტესობა დაუნდობელი სარკაზმითა და ღვარძლითაა გაჟღენთილი. წითელი ფანქრით რუსულად მიწერილი კომენტარები კარგად აჩვენებს სტალინის შინაგან ბუნებას. "Чепуха", "Глупость ", "Ха-Ха-Ха" - აი, ამგვარი "ეპითეტებით" ამკობს საბჭოთა დიქტატორი დიდი პროზაიკოსის დღესაც საჭირბოროტო მოსაზრებებს. კ. გამსახურდია: "რომანი უძლიერესი და ყველაზე ტევადი ჟანრია. სავსებით მართებულად თვლიდნენ მას ჰეგელი და ბალზაკი პოეზიის უმაღლეს მწვერვალად" . სტალინის კომენტარი: "Ха-Ха". (465 გვ.). იქვე: "საერთოდ წარსულის ასახვაში დიდი ზომიერებაა საჭირო, ყოველ ერს უთუოდ ფრიად ვნებს, როგორც გულისყრა და ნიჰილიზმი წარსულის მიმართ, აგრეთვე - მონსტრულობის, ბუმბერაზობის მანია". სტალინის კომენტარი: " Чепуха". მწერალი იქვე აღნიშნავს: "მონსტრულობის, გადაჭარბების და შინზრდილი პატრიოტული ისტორიის გზით რომ ვიაროთ, შესაძლო იქნება ყოველი ფირალიდან ნაპოლეონი ან გარდაქეშანი გამოვიყვანოთ". ეს მოსაზრება, რატომღაც განსაკუთრებით არ მოეწონა საბჭოთა დიქტატორს, წინადადება გადახაზა, ხოლო კიდეზე მიაწერა:"Глупость". კ. გამსახურდია". "ცნობილია: ორი სიტყვით ერთი ცნების გამოხატვა ენობრივი სიღატაკის ნიშანია უთუოდ" - ამ წინადადების ქვეშ სტალინმა ლურჯი ფანქრით მიაწერა: "Неправда!" სტალინის ტირანულ ბუნებას კარგად წარმოაჩენს მისი კომენტარი კ. გამსახურდიას ერთ, გულიდან წამოსულ, ბავშვობისდროინდელ მოგონებაზე: "დავით აღმაშენებლის ძვირფასი სახე მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე მხიბლავდა... მერმე ის იყო "ქართლის ცხოვრებაში" ამოვიკითხე ბალღმა დავით აღმაშენებელი მოკვდაო, მწარედ, მწარედ ვიტირე და ეს იყო პირველი შემთხვევა ჩემს ცხოვრებაში: წიგნში დაწერილმა ამბავმა რომ ამატირა" (გვ. 466). სტალინის დაუნდობელი ხელი და უგრძნობი გული აქაც ჩანს: "Ха-Ха" - მიუწერია წითელი ფანქრით. ამის შემდეგ ვინმეს კიდევ შეეპარება ეჭვი დიდი დიქტატორის ცოდვებში? შემდეგშიც მრავლად გვხვდება სტალინის ღვარძლიანი კომენტარები. მისი დადებითი რეპლიკა კ. გამსახურდიას შემდეგმა მოსაზრებამ დაიმსახურა: "მე არ მიმაჩნია მისაბაძ მაგალითად ცნობილი რომანისტის - ფოიხტვანგერის მაგალითი, როცა იუდეველთა ომების აღწერისას თანადროულ ტერმინებს: "გენერალს" და "ოფიცერს" ხმარობს. ეს არის უთუოდ გაიოლებული გზით სიარული" (468 გვ.). ბელადს წინადადების ქვეშ წითელი ფანქრით ქართულად მიუწერია: "მართალია". 1952 წელს კ. ჩარკვიანი, რომელიც ე.წ. "მეგრელების საქმეს" გადააყოლეს, აკაკი მგელაძემ შეცვალა. 2001 წელს რუსულ ენაზე გამოცემულ მოგონებებში ა. მგელაძე სტალინის შესახებ წერს: "ქართველი პოეტებიდან გალაქტიონ ტაბიძეს გამოყოფდა... კონსტანტინე გამსახურდიაზე კარგი შეხედულებისა იყო. ძალზე აფასებდა მის პროზას, განსაკუთრებით "დიდოსტატის მარჯვენას". ეს სხვა წყაროებითაც დასტურდება. თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მგელაძისთვის, დაუნდობლად გაეკრიტიკებინა კ. გამსახურდიას შემოქმედება 1952 წელს.
"ბერიას საქმეზე" დაკავებული ავქსენტი რაფავა, რომელიც 1941-1948 წლებში საქართველოს უშიშროების ორგანოებს ხელმძღვანელობდა, 1954 წლის 26 მაისს, დაკითხვისას, შემდეგ ჩვენებას აძლევს: "ერთხელ ბერიამ, 1953 წლის მაისში თუ ივნისში, სხვათა შორის თქვა, რომ 40-იანი წლების ბოლოს ყირიმში დასასვენებლად მყოფ სტალინს, რომელიც უძილობას უჩიოდა, წასაკითხად გამსახურდიას რომანი "დიდოსტატის მარჯვენა" გადასცა. სტალინს შუაღამისას ბერიასთვის დაურეკავს და უთქვამს: "მე არ ვიცოდი, გამსახურდია რა შესანიშნავი მწერალი ყოფილაო". კ. გამსახურდია წერდა: "ჩემი სურვილი და წადილი იყო, მართალი სიტყვა მეთქვა განწირული ხელოვანის ბედზე მეფე გიორგი პირველის ტირანულ სახელმწიფოში". ამ ისტორიული რომანის წაკითხვისთანავე ცხადი ხდება მწერლის პირდაპირი მინიშნება საბჭოთა იმპერიაში გამეფებულ ტირანიაზე. ძნელი დასაჯერებელია, სტალინი ამას ვერ მიმხვდარიყო, თუმცა ამისდა მიუხედავად, სტალინს ეს ნაწარმოები განსაკუთრებით მოსწონდა. სამაგიეროდ არ გაუმართლა "დავით აღმაშენებელს". ჩემი ვარაუდით, დიდმა დიქტატორმა ჯერ ეს ნაწარმოები წაიკითხა, ხოლო მოგვიანებით - "დიდოსტატის მარჯვენა". სტალინის ზემოთმოყვანილი კომენტარები და შენიშვნები გასცდა მის კაბინეტს და ბელადის დავალებით ამოქმედდა დაუნდობელი საბჭოთა იდეოლოგიური მანქანა. საკავშირო ჟურნალ "ზნამიას" 1945 წლის მეცხრე ნომერში გამოქვეყნდა კრიტიკოს ვიქტორ შკლოვსკის წერილი რომანების - "დიდოსტატის მარჯვენასა" და "დავით აღმაშენებლის" შესახებ, სადაც დაგეშილი კრიტიკოსი გამსახურდიას ათასნაირ ცოდვაში სდებდა ბრალს. თითქოს მსხვერპლის გეში აიღესო საქართველოს მწერალთა კავშირშიც უმალ განახლდა მწერლის საწინააღმდეგო კამპანია. ხაზს უსვამდნენ, რომ "დავით აღმაშენებელი" გაუგებარი ენით იყო დაწერილი და ქართული სალიტერატურო ენას ამახინჯებდა. გამსახურდია სადად არ წერს და ხელოვნური სინტაქსით, არქაული სიტყვებით ანაგვიანებს მეტყველებას და ამით საფრთხეს უქმნის ენის განვითარებასო.
გავრცელებული ინფორმაციით, 1950 წელს უკვე დაბეჭდილი "დავით აღმაშენებლის" მესამე წიგნის მთელი ტირაჟი დაჭრეს და დაწვეს. პარტიული ფუნქციონერები განსაკუთრებით აქტიურობდნენ. საქართველოს კომუნისტთა XV ყრილობაზე, 1952 წლის 15 სექტემბერს, აკაკი მგელაძე აღნიშნავდა: გამსახურდია ენას ანაგვიანებს არქაიზმითა და მოგონილი სიტყვებით და დროა, წეროს ხალხის გასაგები ენითო. მიუხედავად იმისა, რომ "დავით აღმაშენებლის" მესამე წიგნი მკითხველმა მხოლოდ სტალინის გარდაცვალების შემდეგ მიიღო, ხელოვანმა მაინც გაიმარჯვა ტირანიაზე. აკაკი ბაქრაძის ზუსტი შედარებით: "კ. გამსახურდია ჰგავდა იმ ადამიანს, რომელსაც სახლში პური მიაქვს და უკან კბილდაღრჭენილი ქოფაკი მისდევს. პური რომ შინ მიიტანოს და თავად ძაღლის დაკბენას გადაურჩეს, იძულებულია დროდადრო ნაგაზს პურის ნატეხი გადაუგდოს, დროებით შეაჩეროს და სახლში შეასწროს. მთელი ცხოვრების მანძილზე ასე გაურბოდა მწერალი უკანდადევნებულ საბჭოთა ხელისუფლებას".
არავინ იცის კიდევ რამდენ საიდუმლოს ინახავს სტალინის პირადი არქივი. ამიტომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს და ამ არქივის ასლები მაინც გახდეს ხელმისაწვდომი. ამის შემდეგ ბევრს ბევრ რამეზე აეხილება თვალები...
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს