საბჭოთა კონტრდაზვერვის ყველაზე დიდი მარცხი: ამერიკის საიდუმლო აგენტი კრემლში, ბრეჟნევის გვერდით, წლების განმავლობაში იმყოფებოდა
დღეს აშშ-ის სპეცსამსახურების მიერ ჩატარებული ერთი, საინტერესო და ჭკუის სასწავლებელი ოპერაციის შესახებ მინდა მოგითხროთ. "სოლო" - ამ კოდური სახელწოდებით იყო დაშიფრული ეს სპეცოპერაცია, რომელიც ორ ათეულ წელზე მეტ ხანს გრძელდებოდა და საბჭოთა კონტრდაზვერვისთვის ბოლომდე უცნობი დარჩა.
ამას წინათ კა-გე-ბესა და საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის საიდუმლო არქივში (ე.წ. ბუკოვსკის არქივი) ერთ, ძალზე საინტერესო დოკუმენტს წავაწყდი. 1980 წლის ზაფხულში აშშ-ის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი გეს ჰოლი საიდუმლოდ დაუკავშირდა კა-გე-ბეს რეზიდენტურას აშშ-ში და საბჭოთა უშიშროების ხელმძღვანელთან, იური ანდროპოვთან საიდუმლო თხოვნა გადასცა. საბჭოთა ბიუროკრატიული მანქანა ამგვარ შემთხვევებში ძალზე ოპერატიულად მოქმედებდა. 1980 წლის 22 აგვისტოს სუკ-ის თავმჯდომარე ი. ანდროპოვი სრულიად საიდუმლო წერილით მიმართავს სკკპ ცკ-ს. ქვემოთ გთავაზობთ ამ დოკუმენტის თარგმანს: "ამხ. გეს ჰოლმა თხოვნით მოგვმართა, რათა საბჭოთა კავშირში სპეცსწავლებაზე მივიღოთ მისი პირადი წარმომადგენელი, რომელიც სპეციალურ დავალებებს ასრულებს. სუკ-ის აზრით, სასურველი იქნებოდა მისი მიღება 1980 წლის სექტემბერ-ოქტომბერში, 45 დღით. სუკ-ი თავის თავზე იღებს გეს ჰოლის წარმომადგენლის მომზადების ორგანიზებას".
ანდროპოვის ამ საიდუმლო წერილს სკკპ ცკ-ის საგარეო განყოფილების მიერ პოლიტბიუროსთვის მომზადებული ცნობა მოჰყვა, სადაც ერთი, ძალზე საინტერესო წინადადებაა: "პარტიის ხელმძღვანელობის წევრი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ამხ. გეს ჰოლის განსაკუთრებულ დავალებებს ასრულებდა, მძიმე ავადმყოფობის გამო გათავისუფლებულია ამ მოვალეობისგან".
1980 წლის 5 სექტემბერს კი სკკპ ცკ-მა #სტ227/39 "სრულიად საიდუმლო" დადგენილება მიიღო, სადაც აღნიშნული იყო: "1. დაკმაყოფილდეს ამხ. გეს ჰოლის თხოვნა მისი პირადი წარმომადგენლის სპეციალური სწავლებისთვის 1980 წლის სექტემბერში 60 დღის ვადით მიღების შესახებ;
2. ამხ. გეს ჰოლის პირადი წარმომადგენლის მიღება და მომსახურება დაევალოს სკკპ ცკ-ის საგარეო განყოფილებას და საქმეთა მმართველობას, ხოლო სპეცსწავლება - სსრკ სუკ-ს".
ეს სრულიად საიდუმლო დადგენილება "განსაკუთრებულ საქაღალდეში" უნდა შენახულიყო, თუმცა საბჭოთა უშიშროებამ არ იცოდა, რომ უკვე ათწლეულების განმავლობაში აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (გფბ) მიერ დაგებულ "ოპერატიულ ხაფანგში" იყო გაბმული და ამერიკელებს ზუსტი ინფორმაცია ჰქონდათ იმის შესახებ, თუ ვინ იყვნენ გეს ჰოლის ძველი და ახალი წარმომადგენლები კრემლში. ჩემი აზრით ეს იყო საბჭოთა სპეცსამსახურების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მარცხი. ახლა კი თანმიმდევრულად მივყვეთ მოვლენებს.
ეს ისტორიული ფაქტი ბოლო წლებამდე გასაიდუმლებული იყო. ბუნებრივია, მარცხის აღიარება არავის უყვარს, მითუმეტეს - კა-გე-ბე - ეფ-ეს-ბეს. აბა, წარმოიდგინეთ: 22 წლის განმავლობაში აშშ-ის გფბ-ს აგენტს გულთბილად იღებდნენ საბჭოთა ლიდერები: ნიკიტა ხრუშჩოვი და ლეონიდ ბრეჟნევი, კომუნისტური იდეოლოგიის "ცერბერი" მიხეილ სუსლოვი, კა-გე-ბეს შეფი იური ანდროპოვი, ჩინეთის ბელადი მაო ძე-დუნი და კუბის ექსცენტრული ლიდერი ფიდელ კასტრო. ეს იყო გფბ-ს ყველა დროის ერთ-ერთი, ყველაზე საუკეთესო და წარმატებული ოპერაცია საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ.
კონტრდაზვერვითი ღონისძიებები, რომელიც თავდაპირველად აშშ-ის კომპარტიის წინააღმდეგ იყო დაგეგმილი, თანდათან გასცდა ამერიკის საზღვრებს, საგარეო დაზვერვით ოპერაციად იქცა და მთელი სოციალისტური ბანაკი მოიცვა. ყველაფერი კი აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლების ოპერატიული და საარქივო მასალების ანალიზის კარგი უნარისა და მაღალი პროფესიონალიზმის შედეგად დაიწყო. გფბ-ს შეფის, ედგარ ჰუვერის ხელქვეითებს აშშ-ის კომპარტიაში 1940-იანი წლების ბოლოს არსებული დაპირისპირება და განხეთქილება შეუმჩნეველი არ დარჩენიათ. ისინი გამოცდილი მონადირის მოთმინებით მიჰყვნენ კვალს და "ნადირობაც" წარმატებით დაასრულეს. ვინ იყო "სოლო"? - მორის ჩაილდსი (ნამდვილი სახელი მოიშა შილოვსკი) დაიბადა 1902 წლის 2 ივნისს კიევში, ებრაელი მეწაღის ოჯახში. 1911 წლიდან ოჯახი ჩიკაგოში გადასახლდა. სულ ახალგაზრდა მორისმა აშშ-ის კომპარტიის მომავალი ლიდერის, კომინტერნის აგენტისა და დიდი სტალინისტის, ერლ ბროუდერის ყურადღება მიიპყრო და მალე მისი თანაშემწე გახდა. 1929 წელს მორის ჩაილდსი მოსკოვში ჩავიდა და ე.წ. კომუნისტური ინტერნაციონალის ე.წ. ლენინურ სკოლაში დაიწყო არალეგალური პარტიული მუშაობის მეთოდებისა და ხერხების შესწავლა. სულ მალე იგი საბჭოთა სპეცსამსახურებმა გადაიბირეს და საიდუმლო თანამშრომლობაზე დაითანხმეს. კომინტერნის სკოლაში მისი მასწავლებლები, იმხანად ახალგაზრდა ლექტორები, მომავალში კი საბჭოთა პოლიტბიუროს წევრები - ოტო კუუსინენი (კა-გე-ბეს მომავალი თავმჯდომარის და გენერალური მდივნის - იური ანდროპოვის მფარველი) და მიხეილ სუსლოვი (საბჭოთა იდეოლოგიის მომავალი "მამა") იყვნენ. ეს ნაცნობობა, განსაკუთრებით კი - სუსლოვთან, "ამხანაგ მორისს" შემდგომ ძალზე გამოადგა.
1932 წელს, როდესაც მორისმა მოსკოვი დატოვა, იგი უკვე არა მარტო კარგად მომზადებული პარტიული მუშაკი, არამედ - საბჭოთა სპეცსამსახურების აგენტიც იყო. ასევე, აქტიურად ჩაერთო პარტიულ-აგენტურულ საქმიანობაში მორისის უმცროსი ძმა - ჯეკიც.
ამერიკაში დაბრუნებული მორის ჩაილდსი ათ წელზე მეტხანს პარტიულ მუშაობას ჩიკაგოში ეწეოდა, ხოლო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იგი უკვე აშშ-ის კომპარტიის გაზეთის - "დეილი უორკერის" რედაქტორი და მოსკოვში სპეციალური კორესპონდენტი იყო. ამ პერიოდში იგი განსაკუთრებით აქტიურად თანამშრომლობდა საბჭოთა უშიშროების ორგანოებთან. 1947 წელს აშშ-ის კომპარტიაში შიდა ინტრიგებმა ძალზე იმძლავრა, რის შედეგადაც მორის ჩაილდსი - კომპარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ისე მოულოდნელად გაათავისუფლეს გაზეთის რედაქტორობიდან და გამოიყვანეს პარტიის ხელმძღვანელობიდან, რომ წინასწარ არც გაუფრთხილებიათ. სრულ კრახს პარტიულ კარიერაში მორისის ოჯახური პრობლემები და სერიოზული ავადმყოფობაც თან დაერთო, ამის გამო, იგი კარგა ხნით ჩამოსცილდა აქტიურ მოღვაწეობას და მრავალი წელი ჯერ ნიუ-იორკში, ხოლო შემდეგ - ჩიკაგოში, ნაქირავებ ბინაში მარტოდ-მარტო, ყველასგან მივიწყებული, დიდ სულიერ და მატერიალურ გაჭირვებაში ცხოვრობდა. საბჭოთა კავშირში 1950-იანი წლების დასაწყისში მიმდინარე მორიგი რეპრესიებისა და უშიშროების მინისტრების სისტემატური ცვლის (უფრო ზუსტად, დახვრეტის) პირობებში, ერთი რიგითი ამერიკელი აგენტის ბედი არავის აინტერესებდა. არც გაემტყუნებოდათ - ყველა თავისი "ტყავის" გადარჩენაზე ზრუნავდა. თუმცა ქართული ანდაზისა არ იყოს - "ზოგი ჭირი მარგებელიაო" და მორის ჩაილდსი აშშ-ის სპეცსამსახურების მიერ დაპატიმრებას მხოლოდ მძიმე ავადმყოფობის გამო გადაურჩა, მაშინ, როდესაც 1950-იან წლების დასაწყისში გფბ-მ კომპარტიის თითქმის ყველა ლიდერი (იუჯინ დენისი, გეს ჰოლი და სხვ.) დააკავა და სასამართლომ მათ მრავალწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. პარალელურად, გფბ-მ შეიმუშავა სპეცოპერაცია აშშ-ის კომპარტიის არალეგალური წევრების და დაფინანსების წყაროების გამოსავლენად. ოპერატიული მასალებისა და არქივების შესწავლის შედეგად გფბ მორის და ჯეკ ჩაილდსებზე გავიდა. დაიწყო კარგად გათვლილი ოპერაცია მათ გადმოსაბირებლად. თავდაპირველად უმცროსი ძმა დათანხმდა გფბ-სთან თანამშრომლობას, მალე კი - მორისიც დაითანხმა (ასე რომ, ოჯახური პრობლემები, კრახი კარიერაში, ფულის, სასმელის და ამურული თავგადასავლების გადამეტებული სიყვარული აგენტურის გადაბირების ის, ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებებია, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში წარმატებით იყენებენ სპეცსამსახურები).
ამერიკის სპეცსამსახურმა ჯერ მომავალი ორმაგი აგენტის ჯანმრთელობაზე იზრუნა და რამდენიმე ათასი დოლარი დაახარჯა სამედიცინო კლინიკებში მის მკურნალობას, ხოლო 1954 წელს, ფარული ოპერატიული ღონისძიებების ჩატარებით, ხელი შეუწყო მორის ჩაილდის აშშ-ის კომპარტიაში პოზიციების აღდგენას. სამი წლის შემდეგ მორისი უკვე მეორე კაცი იყო პარტიაში და მას სოციალისტურ ქვეყნებთან ურთიერთობა და, რაც მთავარია, მოსკოვის მიერ გამოყოფილი თანხის აშშ-ის კომპარტიისთვის გადაცემის საიდუმლო ოპერაციის შესრულება ევალებოდა.
1958 წლის ბოლოს მორის ჩაილდსი, თერთმეტწლიანი პაუზის შემდეგ, საბჭოთა კავშირში ჩავიდა, სადაც ცნობილ პარტიულ ფუნქციონერებს, თავის ძველ მასწავლებლებს - მიხეილ სუსლოვსა და ბორის პონომარიოვს შეხვდა. გადაწყდა, რომ აშშ-ის კომპარტია ფარულად 275 ათას დოლარს მიიღებდა, რაც იმ დროისთვის საკმაოდ დიდი თანხა იყო. მოსკოვიდან მორისი ჩინეთში გაემგზავრა და მაო ძე-დუნთან ჰქონდა შეხვედრა.
იხილეთ მეორე ნაწილი
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს