რატომ "მოიტაცა" სტალინმა რუზველტი
მეორე მსოფლიო ომის თემატიკა კვლავ აქტუალურია, რადგანაც ბევრი საიდუმლო ჯერ კიდევ ამოუხსნელია. დღეს ერთ, ძალზე საინტერესო ისტორიულ ფაქტზე მოგითხრობთ, სადაც კარგად ჩანს, რომ დიდ პოლიტიკაში წვრილმანები არ არსებობს და სპეცსამსახურების ოპერატიულ-ტექნიკური რესურსების გამოყენება სტრატეგიული საგარეო-პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ყოველთვის იძლევა შედეგს.
1943 წლის ნოემბრის ბოლოს თეირანში გაიმართა სამი დიდი მოკავშირე სახელმწიფოს (საბჭოთა კავშირი, დიდი ბრიტანეთი და აშშ) მეთაურთა შეხვედრა. სტალინი წინასწარ მოემზადა ამ უაღრესად მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის. ჯერ საბჭოთა დაზვერვამ გაავრცელა დეზინფორმაცია (რომლისაც დღესაც ბევრს სჯერა და რაზედაც შემდეგ უფრო დაწვრილებით მოგითხრობთ), რომ გერმანელებს ჰქონდათ განზრახვა, თავს დასხმოდნენ სტალინს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ უინსტონ ჩერჩილსა და აშშ-ის პრეზიდენტ ფრანკლინ რუზველტს. მეორე ეტაპზე, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი რუზველტი თეირანში ამერიკის საელჩოში (რომელიც კილომეტრ-ნახევრით იყო დაშორებული კონფერენციის ჩატარების ადგილს) მივიდა, მან სტალინისგან საიდუმლო წერილი მიიღო, რომელშიც ის სთავაზობდა, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, საბჭოთა საელჩოში გადასვლას და კონფერენციის დასრულებამდე იქ დარჩენას. პარალელურად, საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სახალხო კომისარი მოლოტოვი არწმუნებდა ამერიკელებსა და ბრიტანელებს თითქოს მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ გერმანელთა სპეცრაზმები გეგმავდნენ თავდასხმას "დიდ სამეულზე".
უნდა ითქვას, რომ რუზველტს ჯერ ჩერჩილმა შესთავაზა ბრიტანეთის საელჩოში გადასვლა. თუმცა რუზველტმა, რომელსაც არ სურდა სტალინისთვის ამერიკულ-ბრიტანულ შეთქმულების არსებობაში დაეჭვების საბაბი მიეცა, სტალინის წინადადება მიიღო. სტალინმა კი კარგად გამოიყენა ის გარემოება, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დროებით საბჭოთა საელჩოში ცხოვრობდა.
ლავრენტი ბერიას შვილი, სერგო ბერია მოგონებებში ძალზე დაწვრილებით აღწერს თეირანის კონფერენციის მზადებასა და მის მიმდინარეობას. ის იხსენებს:
"მე უკვე ერთი წელი ვსწავლობდი აკადემიაში, როდესაც მოვიდა ჩემი მოსკოვში მივლინებით გამგზავრების ბრძანება. მოსკოვში გამართულმა საუბარმაც ვერ მომცა უფრო ნათელი ინფორმაცია: "შენ მიდიხარ სპეციალურ დავალებაზე. მიღებული აპარატურა ერთ ადგილზე უნდა დაამონტაჟო". აპარატურა მოსასმენი იყო. არანაირ კონფერენციაზე საუბარი არ იყო. ისიც კი არ ვიცოდი, რომ თეირანში მივფრინავდი. ბაქოში რომ დავსხედით, ესეც კი მხოლოდ დასაფრენ ბილიკზე გავიგე".
თეირანის კონფერენცია 1943 წლის 28 ნოემბერს გაიხსნა და 1-ელ დეკემბერს დასრულდა. ეს იყო "დიდი სამეულის": სტალინის, ჩერჩილისა და რუზველტის პირველი ერთობლივი შეხვედრა.
თეირანში სერგო ბერია კონფერენციის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩაფრინდა. მალევე ის, 19 წლის ბიჭი, პირადად "ბელადმა" დაიბარა და საიდუმლო დავალება მისცა. სტალინი ჯერ დაინტერესდა მისი სწავლით, ერთი-ორი ზოგადი ფრაზით გაესაუბრა და მალევე საქმეზე გადავიდა: "ფაქტობრივად, დღეს მთავარი საკითხი წყდება, დაგვეხმარებიან თუ არა მოკავშირეები. მე უნდა ვიცოდე ყველა, ყველა ნიუანსი, მე შეგარჩიე შენ და სხვები სწორედ ამისათვის. მე შევარჩიე ადამიანები, რომელთაც ვენდობი, რომლებიც ოფიციალურად არსად ხვდებიან უცხოელებს. ვიცი, რომ თქვენ საქმის ერთგულები ხართ და აი, რა დავალება გაქვს შენ, პირადად..."
დავალება კი შემდეგი იყო: საბჭოთა საელჩოს იმ ფლიგელში, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტსა და დელეგაციის წევრებს გამოუყვეს, რუზველტისა და მისი გარემოცვის, ასევე, მათი სტუმრების, უპირველესად კი - ჩერჩილის, ყველა საუბარი უნდა ჩაწერილიყო და ყოველდღე მოხსენების სახით უნდა წარდგენოდა სტალინს. სერგო ბერიას სიტყვებით, მიკროფონები დამონტაჟებული იყო საბჭოთა საელჩოს ექვს-შვიდ ოთახში, რომლებშიც მოთავსებულნი იყვნენ აშშ-ის პრეზიდენტი და მისი თანმხლები პირები. სერგოს და სხვა ოფიცრებს, ასევე, უნდა გაეშიფრათ საუბრების მაგნიტოფონზე ჩანაწერები.
რუზველტისა და ჩერჩილის ყველა საუბარი სწორედ ამ ოთახებში ხდებოდა. თავდაპირველად მუშავდებოდა რუზველტისა და ჩერჩილის, აგრეთვე, შტაბების ხელმძღვანელების საუბრების ფარული ჩანაწერები. ყოველ დილას, სხდომების დაწყებამდე, სერგო ბერია მიდიოდა სტალინთან და ფარული მოსმენების მასალები მიჰქონდა. ასე ემზადებოდა "ბელადი" რუზველტთან და ჩერჩილთან შესახვედრად. რუსულად თარგმნილი ტექსტი მოცულობით პატარა იყო, სულ რამდენიმე გვერდი, ეს იყო, რაც სტალინს აინტერესებდა. თუმცა სტალინი ითხოვდა ინგლისური ტექსტის ქონასაც. მკითხველი მალევე მიხვდება, თუ რაში სჭირდებოდა ეს. ყოველდღე საათის, საათ-ნახევრის განმავლობაში სტალინი თითოეულ მთარგმნელ-ოპერატორთან ცალკე მუშაობდა. ის ყურადღებით ეცნობდა რუსულ ტექსტს და თან კითხულობდა: "ეს დარწმუნებით თქვა, თუ დაეჭვებით?"
ინგლისური ტექსტის გარეშე, რა თქმა უნდა, ამ კითხვებს პასუხს ვერ გასცემდნენ. ამიტომ საბჭოთა სპეცსამსახურების თანამშრომლებს ყველა ნიუანსის გათვალიწინება უხდებოდათ. ყურადღებას აქცევდნენ, როგორც ხმის ტემბრს, ასევე - ინტონაციას.
მთავარი პრობლემა ის იყო, რომ რუზველტს ბევრი თანმხლები პირი ჰყავდა და იოლი წარმოსადგენია რამდენი საათის ჩაწერა იქნებოდა საჭირო. საბჭოთა სპეცსამსახურებს, უპირველეს ყოვლისა, რუზველტი და ჩერჩილი აინტერესებდათ. საჭირო იყო მოსაუბრეებიდან მათი ხმის ამოცნობა ხმის ტემბრისა და სხვა ხმოვანი სიგნალების მეშვეობით.
"სტალინის შევარდნები" დილასა და საღამოს ატარებდნენ ფარულ მოსმენას, შემდეგ ამუშავებდნენ მასალას. ადრე, დილით კი სტალინთან ჰქონდათ აუდიენცია დანიშნული წინა დღის შედეგების წარსადგენად. დიდი მოცულობის ფარული ჩანაწერებიდან იმის ამორჩევა, რაც სტალინს დასჭირდებოდა, არ იყო მარტივი. ასე გრძელდებოდა კონფერენციის მსვლელობისას. არ უნდა გეგონოთ, რომ უცხოელები მიამიტები იყვნენ და გულხელდაკრეფილები ისხდნენ. ბუნებრივია, როგორც ამერიკელები, ისე ბრიტანელები, იღებდნენ უსაფრთხოების შესაბამის ზომებს. მათ ჰქონდათ მიკროფონების აღმომჩენი მოწყობილობა (ე.წ. სკანერები), თუმცა ის მოძველებული ტიპის იყო და ახალი მოდელის საბჭოთა "ჟუჩოკებს" ვერ პოულობდა. ამიტომ თეირანში საბჭოთა მოსასმენი მოწყობილობების აღმოჩენის შემთხვევა არ ყოფილა. ამას შემდეგი ფაქტიც ადასტურებს.
აშშ-ის პრეზიდენტი ფრანკლინ რუზველტი არც დაეჭვებულა სტალინის ცბიერებაში. კონფერენციის შემდეგ ის სტალინს მეგობრულად წერდა: "მე ვჩქარობ, რომ პირადად გადაგიხადოთ მადლობა თქვენ მიერ გამოჩენილი ყურადღებისა და სტუმართმოყვარეობის გამო, რომელიც გამოიხატა თეირანში, თქვენს საელჩოში საცხოვრებელი ფართობის შემოთავაზებაში. იქ მე არა მარტო უკიდურესად კომფორტულად ვცხოვრობდი, არამედ - ვაცნობიერებ, თუ რამდენად ბევრის გაკეთება მოვასწარით ასეთ მცირე პერიოდში იმის წყალობით, რომ ჩვენი შეხვედრის განმავლობაში ასეთი ახლო მეზობლები ვიყავით". სწორედ ეს უნდოდა სტალინსაც: მან შეძლო რუზველტის განწყობაში მნიშვნელოვანი კორექტივების შეტანა - თუ მანამდე იგი სტალინს, როგორც მხოლოდ დაუნდობელ "დიდ დიქტატორს", ისე აღიქვავდა, აშშ-ის პრეზიდენტმა "ბიძია ჯოს" ადამიანური მხარეც დაინახა.
სტალინი რამდენჯერმე ეწვია რუზველტს, ტახტზე ჩამოუჯდებოდა და ძველი მეგობარივით ებაასებოდა, რასაც რუზველტის ვაჟი ელიოტი, მამის სიტყვებზე დაყრდნობით, ადასტურებს. ამგვარად "მონუსხა" "კობამ" რუზველტი, რასაც შორსმიმავალი შედეგები ჰქონდა. თეირანის კონფერენციის შემდეგ რუზველტი უფრო ხშირად სტალინის მხარეს იჭერდა, ვიდრე - ჩერჩილისას. ასე რომ, თეირანში, "დიდი სამეულის" შეხვედრაზე სტალინს ზუსტი და წინასწარი ინფორმაცია ჰქონდა რუზველტისა და ჩერჩილის გეგმებზე (მეორე ფრონტის გახსნის, გერმანიისა და პოლონეთის საზღვრების, ბალტიისპირეთის ქვეყნების სტატუსის და ა.შ. შესახებ), რაც წარმატებით გამოიყენა კიდეც. რუზველტის მხარდაჭერით ჩერჩილი დაითანხმა და: მეორე ფრონტის გახსნის ზუსტი თარიღი (არაუგვიანეს 1944 წლის მაისისა) ერთბლივ დეკლარაციაში მკაფიოდ დააფიქსირებინა; ბალტიისპირეთის სამი ქვეყანა (ლიტვა, ლატვია და ესტონეთი) საბჭოთა კავშირის გავლენის ზონაში დაატოვებინა; სტრატეგიულ გერმანულ ქალაქ კიონინსბერგზე (დღევანდელი კალინინგრადი) საბჭოთა კავშირის პრეტენზიები დაადასტურებინა და სხვ. ჩერჩილი წინააღმდეგობას უკვე ვეღარ უწევდა სტალინ-რუზველტის ტანდემს და ამ გადაწყვეტილებებს ცალყბად იწონებდა, თუმცა შემდეგ ჩერჩილი მთელი ცხოვრება ბუზღუნებდა: "თეირანში რუსებმა მოიტაცეს პრეზიდენტიო" და ის მართალი იყო.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს