როგორ მოვიტაცოთ საბჭოთა რადარი და როდის საუზმობენ ეგვიპტელი მფრინავები?
ჩვენი მეგობარი ქვეყნის, ისრაელის ტერიტორიაზე მიმდინარე რთული სამხედრო-პოლიტიკური მოვლენები, მრავალ მიზეზთა გამო, საქართველოსთვისაც სერიოზული საფრთხის მომტანია. დღეს ისრაელის ხელისუფლებას ბევრ საშინაო და საგარეო გამოწვევასთან უხდება ბრძოლა და ამ უმძიმეს პროცესში ერთ-ერთი "მთავარი მოთამაშე" ისრაელის სპეცსამსახურები არიან. "მოსადის" (საგარეო დაზვერვა) შესახებ ყველამ იცის, ისრაელის სამხედრო დაზვერვის ("ამან") შესახებ კი ინფორმაცია უფრო მწირია. ის ისრაელის თავდაცვის არმიის გენერალური შტაბის სტრუქტურაშია და დღეისათვის სამართლიანად ითვლება მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს სამხედრო დაზვერვად.
"ამანის" ისტორია ისრაელის სახელმწიფოს შექმნის პირველივე დღეებიდან დაიწყო. თავდაპირველად "სამხედრო დაზვერვის სამსახური" ისრაელის გენერალური შტაბის ოპერატიული სამმართველოს სტრუქტურაში იყო და 1948 წლის ივლისში რეორგანიზებული "შაის" (ისრაელის არალეგალური სამხედრო შენაერთების "ჰაგანას" სადაზვერვო დანაყოფი) მაგივრად შეიქმნა. სამხედრო დაზვერვის სამსახური პირველივე დღიდან არაბულ ქვეყნებთან მიმდინარე საომარ დაპირისპირებაში ჩაერთო. შემდგომ პერიოდშიც ეს უწყება ყოველთვის სამხედრო კონფლიქტებისა და ფარული სპეცოპერაციების წინა ხაზზე იყო. დიდმა პატრიოტიზმა, ახალგაზრდა და ბრძოლებში გამოცდილი კადრების ოპტიმალურმა შეხამებამ ეს სპეცსამსახური სულ მალე, ჯერ რეგიონში, შემდეგ კი - მთელ მსოფლიოში ანგარიშგასაწევ ძალად აქცია. 1953 წელს "სამხედრო დაზვერვის სამსახურის" სტატუსი გაიზარდა და ის ისრაელის "შეიარაღებული ძალების დაზვერვის სამმართველოდ" გარდაიქმნა. სწორედ მაშინ მიიღო "ამანის" სახელწოდება.
სტატუსის გაზრდამ სადაზვერვო არეალის გაფართოებაც გამოიწვია. თუ მანამდე ისრაელის სამხედრო დაზვერვის ოპერატიული დაინტერესების რეგიონები არაბული ქვეყნები და ჩრდილოეთ აფრიკა იყო, 1955 წლიდან ამ ჩამონათვალს საბჭოთა კავშირი, ჩინეთი და სხვა სოციალისტური ქვეყნებიც დაემატნენ. ამის მიზეზი ამ ქვეყნების მიერ არაბული სამყაროს (უპირველესად, ეგვიპტის, სირიის და ერაყის) შეიარაღებითა და სამხედრო სპეციალისტებით დახმარების მრავალჯერადი გაზრდა იყო. იმ პერიოდში "ამანის" ფუნქციებში შედიოდა: არაბული ქვეყნების სამხედრო ძალებზე ინფორმაციის მოპოვება, ისრაელის პრესის ცენზურა, სამხედრო კონტრდაზვერვა, შიფრ-კოდების შემუშავება და მათი გამოყენების კონტროლი, სამხედრო ატაშეების კურირება, რადიოელექტრონული დაზვერვა და დივერსიების ჩატარება.
"ამანის" მიერ მოპოვებული ინფორმაცია, როგორც წესი, ყოველთვის მაღალი ხარისხით, დიდი სიზუსტითა და ობიექტურობით გამოირჩეოდა. თუმცა ისრაელის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა ხშირად იგნორირებდა სამხედრო დაზვერვის ინფორმაციას და უპირატესობას მისი კონკურენტის - "მოსადის" (რომელსაც გაცილებით უკეთ შეეძლო პიარსპეცოპერაციების ორგანიზება და საკუთარი რეკლამა) მუშაობას ანიჭებდა. სამხედრო დაზვერვას საკუთარი სპეციალური დანიშნულების რაზმები - "საიერეთი" ჰყავს. მათგან ყველაზე ელიტურია "საიერეთ მათკალი", რომელიც მხოლოდ გენერალური შტაბის უფროსს და "ამანის" შეფს ემორჩილება. ის 1960 წელს შეიქმნა მოწინააღმდეგის ზურგში დივერსიების ჩასატარებლად. მისი კოდური სახელწოდება იყო "ჯგუფი 269" და მის შესახებ მხოლოდ რამდენიმე პირმა თუ იცოდა. "საიერეთ მათკალი", სამხედრო დაზვერვის მიერ დაგემილი ოპერაციების გარდა, აქტიურად მონაწილეობდა, აგრეთვე, "მოსადის", "შინ-ბეთის" და "ლაკამის" მიერ ჩატარებულ სპეცოპერაციებშიც. ისინი იყენებენ სადაზვერვო-დივერსიული რაზმების ტრადიციულ ტაქტიკას: მოქმედებენ მცირე ჯგუფებად (სულ 3-4 მებრძოლი), აქვთ მაღალი დონის საბრძოლო და ფიზიკური მომზადება, აღჭურვილნი არიან უახლესი ცეცხლსასროლი იარაღითა და ტექნიკური საშუალებებით. ისრაელის პოლიტიკურ და სადაზვერვო წრეებში სპეცსამსახურების ეფექტიანობის მთავარ ათვლის წერტილად დღემდე ორი ისტორიული თარიღია მიჩნეული.
პირველი, 1967 წლის "ექვსდღიანი ომია", როდესაც სპეცსამსახურებმა (უპირველესად "ამანმა") ისრაელის გამარჯვება უზრუნველყვეს, ხოლო მეორე, 1973 წლის ოქტომბრის დასაწყისში, არაბული ქვეყნების მოულოდნელი თავდასხმის წინ, სპეცსამსახურების (ამ შემთხვევაშიც, პირველ რიგში, "ამანის") სრული უმოქმედობა იყო. ისრაელის სამხედრო დაზვერვის ერთ-ერთ ყველაზე დიდ წარმატებად 1967 წლის ივნისში "ექვსდღიანი ომის" დროს განხორციელებული სპეცოპერაცია ითვლება, როდესაც "ამანმა" შეძლო ეგვიპტის, სირიის და იორდანიის შეიარაღებული ძალების (სამხედრო-საჰაერო და საზღვაო შენაერთების, რადიოლოკატორების, აეროდრომების) შესახებ ზუსტი ინფორმაციის მოპოვება. პარალელურად, სამხედრო დაზვერვა ეგვიპტის პრეზიდენტის - ნასერის და იორდანიის მეფე ჰუსეინის სატელეფონო საუბრებს ფარულად უსმენდა. სადაზვერვო ინფორმაციის ანალიზმა აჩვენა, რომ არაბული სამყარო ომისთვის ემზადებოდა. ისრაელმა შეძლო დასწრება და გამარჯვება. "ამანისგან" მიღებული ზუსტი ინფორმაციის წყალობით, ისრაელის ავიაციამ და არტილერიამ ზუსტი დარტყმებით ექვს საათში (!) გაანადგურა ეგვიპტის საჰაერო ძალების, სატანკო შენაერთების და საზღვაო ხომალდების დიდი ნაწილი. სირიის და იორდანიის ჯარები კი ხუთ დღეში თითქმის აღარ არსებობდა. ისრაელის გამარჯვება "ექვსდღიან ომში" მნიშვნელოვნად განაპირობა "ამანის" მიერ მოპოვებულმა ერთმა, თითქოსდა უმნიშვნელო ინფორმაციამ.
სამხედრო დაზვერვის აგენტი, რომელიც ეგვიპტის ერთ-ერთ სამხედრო-საავიაციო ბაზაზე მოქმედებდა, იტყობინებოდა, რომ უკანასკნელი ორი კვირის მანძილზე ეგვიპტელი მფრინავები უჩვეულოდ ადრე (დილით, 07.20 სთ-ზე) საუზმობდნენ და შემდეგ დასაძინებლად ყაზარმებში მიდიოდნენ. ამ ფაქტმა დააინტერესა "ამანის" ანალიტიკოსები. მათ სხვადასხვა სადაზვერვო წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის შეჯერების შედეგად დაადგინეს, რომ ეგვიპტის მთავარსარდლობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის სამხედრო-საჰაერო ძალები საბრძოლო მზადყოფნის რეჟიმში გადასულიყვნენ და საჰაერო სივრცეს დილის ოთხიდან შვიდ საათამდე პატრულირებდნენ (თავდასხმასაც მაშინ ელოდნენ), შემდეგ სადილობდნენ და დასაძინებლად მიდიოდნენ. ანალოგიურ რეჟიმში მოქმედებდნენ სირიისა და იორდანიის სამხედრო-საჰაერო ძალებიც. ეს ცნობები საკმარისი გახდა იმისთვის, რომ ისრაელის ავიაციას შეტევა დილის 07.45 სთ-ზე დაეწყო. ამ ტაქტიკის შედეგად, ომის პირველივე დღეს ეგვიპტემ 304 თვითმფრინავი დაკარგა 419-დან, სირიამ - 53 (112-დან), ხოლო იორდანიამ - 28 28-დან! არაბული ქვეყნების სამხედრო ავიაციის 70-80% ომის პირველივე საათებში განადგურდა. ისრაელმა დაიკავა მდინარე იორდანის დასავლეთ სანაპირო, სინაის ნახევარკუნძული, ღაზას სექტორი და სირიის ჰოლანის სიმაღლეები. სირიის დედაქალაქ დამასკომდე 25 კმ (ანუ იმდენივე, რაც თბილისიდან მცხეთამდეა) იყო დარჩენილი. საბჭოთა კავშირი რომ არ ჩარეულიყო, ისრაელი ამ არაბული ქვეყნების დედაქალაქებში გამართავდა გამარჯვების აღლუმებს.
"ამანის" სპეცოპერაციებიდან ერთ-ერთია განსაკუთრებით საინტერესო. 1960-იანი წლების ბოლოს ისრაელის შეიარაღებულ ძალებს დიდ ზიანს აყენებდა სუეცის არხის ახლოს მდებარე ეგვიპტის რადიოლოკაციური სადგური, რომელიც საბჭოთა კავშირის მიერ იყო დამონტაჟებული. 1969 წლის 26 დეკემბრის ღამეს "საიერეთის" მებრძოლებმა სპეცოპერაციის შედეგად ეგვიპტელი ჯარისკაცების დაცვა "მოხსნეს" და "სადგურის" ტერიტორიაზე შეიჭრნენ. რადარის აფეთქება და უკან დაბრუნება მათთვის დიდ სირთულეს არ წარმოადგენდა, მაგრამ სამხედრო დაზვერვის მებრძოლებმა უფრო მეტი გააკეთეს - 7- ტონიანი რადარი ორი ვერტმფრენით ადგილს მოსწყვიტეს და ისრაელის ტერიტორიაზე დაუზიანებლად გადმოიტანეს. სამხედრო ბაზაზე ებრაელმა სპეციალისტებმა დაწვრილებით შეისწავლეს უახლესი საბჭოთა ტექნიკა და შემდეგ ინფორმაციის ნაწილი ამერიკელებსაც კი უწყალობეს. ყოველივე ამან სამხედრო დაზვერვაში ყოვლისშემძლეობის ეიფორია და ყურადღების მოდუნება გამოიწვია, რაც სულ მალე ძალზე ძვირად დაუჯდა ისრაელის სახლმწიფოს.
ისრაელის სამხედრო დაზვერვის ყველაზე დიდი წარუმატებლობა 1973 წლის 6 ოქტომბერს, ებრაელთა დიდი დღესასწაულის - "იომ კიპურის" (მიტევებისა და ცოდვების მონანიების) დღეს დაიწყო. ეგვიპტის, სირიის და იორდანიის ჯარების შეტევას ისრაელის არმია და სპეცსამსახურები სრულიად მოუმზადებელნი შეხვდნენ. "ამანის" შეფი ელიაჰუ (ელი) ზეირა გვიან მიხვდა, რომ უდიდესი შეცდომა დაუშვა. აგენტები ერთი თვის მანძილზე ატყობინებდნენ, რომ ეგვიპტესა და სირიაში სამხედრო შენაერთების გამალებული გადაადგილება და საომარი მზადება შეინიშნებოდა, მათ მიიღეს უახლესი საბჭოთა სარაკეტო კომპლექსები, დონორებისგან აგროვებდნენ სისხლს, ჩაატარეს საყოველთაო მობილიზაცია და ა.შ., მაგრამ ეს ყველაფერი სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელს ეგვიპტისა და საბჭოთა კავშირის სპეცსამსახურების კარგად დაგეგმილ დეზინფორმაციის ოპერაციად მიაჩნდა. ერთადერთი "მოსადი" იყო, რომელიც მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ ქვეყნის ხელისუფლებას აფრთხილებდა. ისრაელის პრემიერ-მინისტრი, "ყველა ებრაელის დედა", გოლდა მეიერი ძალზე ფრთხილობდა, ის ცდილობდა, პირველს არ დაეწყო ომი და ისრაელი აგრესორად არ მიჩნეულიყო. ამიტომაც არაბული ქვეყნების შეტევა იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ თვით ქვეყნის ყოფნა-არყოფნის ბედი ბეწვზე ეკიდა.
დაძაბული ბრძოლების შემდეგ, დიდი მსხვერპლის ფასად (ამ ომში ისრაელმა 3 ათასამდე ჯარისკაცი, 900 ტანკი და 250 თვითმფრინავი დაკარგა) ისრაელმა მაინც მოახერხა გამარჯვების მიღწევა. 1973 წლის 16 ოქტომბერს ისრაელის ტანკებმა სუეცის არხის ფორსირება შეძლეს და ეგვიპტის ტერიტორიაზე შეიჭრნენ. საბჭოთა კავშირის ჩარევის გამო, ისრაელი კვლავ იძულებული გახდა, ჯარები საკუთარ ტერიტორიაზე დაებრუნებინა. ფაქტია, რომ გოლდა მეიერმა იოსებ სტალინის შეცდომა გაიმეორა, ზუსტ ინფორმაციას არ ენდო და ქვეყანა კრიტიკულ მდგომარეობაში ჩააყენა. ამის გამო 1974 წელს პოსტები დატოვეს პრემიერ-მინისტრმა გოლდა მეირმა, თავდაცვის მინისტრმა მოშე დაიანმა და სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა ელი ზეირამ. ამჟამად "ამანის" და "მოსადის" გლობალური ამოცანა ირანის "ატომური პროექტის" ჩაშლა და საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციებთან (უპირველესად - "ჰამასთან" და "ჰესბოლასთან) ბრძოლაა. თუმცა ჩანს, რომ ისრაელის სპეცსამსახურებს ძალზე უჭირთ მრავალ "ხილულ" და "უხილავ ფრონტზე" ბრძოლა
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს