"აგვისტოს ომი" და საქართველოს ხელისუფლების ფართოდ დახუჭული თვალები
კონფლიქტის ზონაში გაუაზრებელ და გაუთვლელ "სპეცოპერაციებსა" და "მუსკულების ჩვენებას", რაც უხვად იყო 2004-2005 წლებში, ქართველი ჩინოვნიკი -"რემბოების" უაზრო ფახი-ფუხსა და დაპირებებს იმის შესახებ, რომ "ახალ წელს ცხინვალში შეხვდებოდნენ", შედეგად არა მხოლოდ უარყოფითი საერთაშორისო რეზონანსი, არამედ - სეპარატისტების სამხედრო და მორალურ გაძლიერებაც მოჰყვა.
კონფლიქტების ძალისმიერი მეთოდებით მოგვარების გარკვეული შანსი გასული საუკუნის 90-იანი წლების შუა პერიოდში გვქონდა, რაც ჩვენდა სავალალოდ, ხელიდან გავუშვით. შემდეგ წლებში ევროპას ჩვენი კონფლიქტების მოგვარებაზე მეტად ცივი ზამთრის და გაზმომარაგების პრობლემები უფრო აღელვებდა და რუსეთთან ღია დაპირისპირება არ აწყობდა. არც აშშ იქნებოდა "ბათქა-ბუთქით" გახარებული. გარდა ამისა, ომსაც ცოდნა უნდა. სამწუხაროდ, ზოგიერთ ქართველ "სამხედრო სტრატეგს" რატომღაც არ უნდოდა იმ უბრალო ჭეშმარიტების დაჯერება, რომ სანამ ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის საზღვრებს რუსეთთან, მანამდე სეპარატისტების უზრუნველყოფა სამხედრო ტექნიკითა და ცოცხალი ძალით, სამწუხაროდ, შეუფერხებლად მოხდება. ამ პირობებში ჩვენი, ჯერ კიდევ ჩამოყალიბების ეტაპზე მყოფი სამხედრო ძალები საბოლოო მიზნის მიღწევას - ტერიტორიების დაბრუნებას, ხანგრძლივი დროით შენარჩუნებას და მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის პირობების შექმნას ვერ შეძლებენ. ასე რომ, კონფლიქტების ძალისმიერი გზით მოგვარება იმ ეტაპზე, მარცხისთვის წინასწარ იყო განწირული.
როგორც 2008 წლის აგვისტოში ვნახეთ, გადამწყვეტი როკის გვირაბიდან 58-ე არმიის დამატებითი ძალების შემოსვლა იყო. იგივე ეხება აფხაზეთის მიმართულებასაც: სანამ ფსოუზე საზღვარს ვერ ვაკონტროლებთ, ბუნებრივია, საკითხის ძალისმიერი გზით გადაჭრის ნებისმიერი მცდელობა განწირული ავანტიურაა. 2008 წლის ზაფხულში რუსეთი ჩრდილოეთ კავკასიაში ატარებდა სამხედრო წვრთნებს და 58-ე არმია სრულ საბრძოლო მზადყოფნაში იყო. ამ ვითარებაში, ცხადია, ძალისმიერი მეთოდი საქართველოსთვის მარცხის მომტანი იქნებოდა. რა სახის ინფორმაცია ჰქონდა საქართველოს პოლიტიკურ ხელისუფლებას "აგვისტოს ომის" წინა პერიოდში? "აგვისტოს ომის" შემდეგ საქართველოს პარლამენტში შეიქმნა: "რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მიზნით განხორციელებული სამხედრო აგრესიისა და სხვა ქმედებების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისია". სხვადასხვა დროს "კომისიის" შეკითხვებს 22-მა სამოქალაქო და სამხედრო თანამდებობის პირმა უპასუხა, მათ შორის (მოსმენების ქრონოლოგიის მიხედვით): გელა ბეჟუაშვილმა (საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსი); ეკატერინე ტყეშელაშვილმა (საგარეო საქმეთა მინისტრი); თეიმურაზ იაკობაშვილმა (სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში); ალექსანდრე ლომაიამ (ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი); მამუკა ყურაშვილმა (სამშვიდობო ოპერაციების შტაბის უფროსი); ზაზა გოგავამ (საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი); ერასტი კიწმარიშვილმა (საქართველოს ყოფილი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუსეთის ფედერაციაში); ივანე მერაბიშვილმა (შინაგან საქმეთა მინისტრი); დავით კეზერაშვილმა (თავდაცვის მინისტრი); მიხეილ სააკაშვილმა (საქართველოს პრეზიდენტი) და სხვ.
"კომისიის" სტენოგრამების გაცნობა საშუალებას იძლევა, ნაწილობრივ მაინც აღვადგინოთ ის დაბნეულ-სტრესული მდგომარეობა, რაც საქართველოს ხელისუფლებაში სუფევდა 2008 წლის ზაფხულის დასაწყისიდან. "კომისიის" სხდომაზე საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსმა გელა ბეჟუაშვილმა აღნიშნა, რომ თავდაცვის სამინისტროს აწვდიდა ინფორმაციას ჩრდილოეთ კავკასიაში სიტუაციის ესკალაციასთან დაკავშირებით, თუმცა ხაზი გაუსვა იმას, რომ დაზვერვის მონაცემებით, რუსეთის სამხედრო ინტერვენცია... ოქტომბერ-ნოემბრისათვის იყო დაგეგმილი. საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა ზაზა გოგავამ "კომისიის" 2008 წლის 28 ოქტომბრის სხდომაზე განაცხადა, რომ 2008 წლის 7 აგვისტოს, დღის 14 სთ-ზე, მთავარსარდალთან შეთანხმებით, შეიარაღებულ ძალებში გამოცხადა "მზადყოფნა #1", რასაც რამდენიმე საათში ცხინვალის მიმართულებით საომარო მოქმედების დაწყება მოჰყვა. უპასუხო კითხვები მაშინაც და ახლაც მრავალია: რამდენად ფლობდა სამხედრო დაზვერვა ინფორმაციას რუსეთის შეიარაღებული ნაწილების გადაადგილების შესახებ? იყო თუ არა მზად გენერალური შტაბი რუსეთის სამხედრო ინტერვენციისთვის? იყო თუ არა რამე გეგმა, მომზადებული სამხედრო ინტერვენციის საპასუხო ზომების მისაღებად? და მთავარი: არსებობდა თუ არა სამხედრო სტრატეგია ომის დაწყების წინ?
"კომისიის" სხდომაზე ზაზა გოგავამ ამ კითხვებს მაშინ ამგვარი პასუხი გასცა: "სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტი და ასევე საგარეო დაზვერვის დეპარტამენტიდან შემოსული ინფორმაცია აგრეთვე იცით, რომ არსებობს კონტრდაზვერვის სამსახური, რომლიდანაც ჩვენ ვიღებთ გარკვეული ტიპის ინფორმაციებს, რაიმე ასეთი სახის აგრესიის გამოკვეთას, მე მინდა გითხრათ, რომ როგორც გაერთიანებული შტაბის უფროსი ამ დონის აგრესიაზე არც ერთი ქმედება არ მიუთითებდა... ეს ინფორმაცია არ იყო ამომწურავი იმ დონეზე, რომ ჩვენ ასეთი სახის ინტერვენციის ნიშნები ამოგვეკითხა ამ ყველაფერში... სრულიად ვეთანხმები გამოთქმულ აზრს, რომელიც გააჟღერა აქ საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა, ჯერჯერობით ნამდვილად არ არის ჩვენს ქვეყანაში დაზვერვის სისტემა იმ დონეზე და იმ საფეხურზე, რომ ჩვენ გვქონდეს ყველანაირი წინმსწრები ინფორმაცია ამომწურავი ისეთი დონის, რომ ამისგან შემდეგ შეიძლებოდეს რაიმე ასე ვთქვათ ასეთი საფრთხეების გამოძერწვა. ეს დაკავშირებულია, როგორც პერსონალთან, ასევე ტექნიკურ შესაძლებლობებთან... 2005 წელში, თუ არ ვცდები, საერთოდ გაუქმებული იყო თავდაცვის სამინისტროში დაზვერვის დეპარტამენტი. ამან ყველაფერმა ეს ამ შედეგებმა, მე არა ვარ ის ადამიანი, რომ სხვისკენ გავიშვირო ხელი. ეს პრობლემები, რაც არსებობდა, დაგვხვდა (სტენოგრამის დასასრული)". "კომისიის" სხდომაზე პოლიტიკური თანამდებობის პირები, თითქმის ყველა, ცალსახად აღნიშნავდა, რომ მათ არ ეგონათ, რომ ასეთი დონის აგრესია იქნებოდა საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ. რა რჩევებს აძლევდნენ ქვეყნის "მთავარსარდალს" თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის მაღალჩინოსნები?
2008 წლის 28 ნოემბერს "კომისიის" წინაშე საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი მ. სააკაშვილი გამოვიდა. მისი გამოსვლა, როგორც ყოველთვის, ობიექტური და სუბიექტური ანალიზისა და დასკვნების ნაზავი იყო.
მ. სააკაშვილი: "ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველო-რუსეთის საზღვარზე, როკის გვირაბთან რუსეთის არმიის ასობით ტანკი, მძიმე ტექნიკა, საარტილერიო დანადგარი და ათასობით სამხედრო იყო მობილიზებული. ჩვენ დავიწყეთ უტყუარი, დადასტურებული სადაზვერვო მონაცემების მიღება და თქვენ ეს მონაცემები ნახეთ კიდეც - მათ დაიწყეს მოძრაობა და საქართველოს საზღვრის გადმოკვეთა". ... რა გამოდის: "უმაღლეს მთავარსარდალს" ჰქონდა ინფორმაცია საქართველოს საზღვართან მოწინააღმდეგის მრავალრიცხოვანი სამხედრო ძალების მობილიზების შესახებ, ცოცხალი ძალის და სამხედრო ტექნიკის რაოდენობის შესახებ, აგრეთვე, იმის თაობაზე, თუ რა შეგვიძლია ჩვენ დავუპირისპიროთ და მაინც პირდაპირ, საერთაშორისო პარტნიორებთან შეთანხმების გარეშე, ღია ბრძოლაში ჩართვის ბრძანებას გასცა? რა არის ეს - შეცდომა თუ სახელმწიფო დანაშაული?
საინტერესოა გ. ბეჟუაშვილმა მოახსენა თუ არა მაშინდელ პრეზიდენტს ის საგანგაშო ინფორმაცია (ქართველი მზვერავების ან "მზვერავებად" შერაცხული პირების მასობრივი დაკავებების შესახებ 2008 წლის ივნის-ივლისში ჩრდილოეთ კავკასიაში), რაც აშკარად მიანიშნებდა რუსეთის ხელისუფლების აგრესიულ გეგმებზე? მ.სააკაშვილმა "კომისიის" სხდომაზე განაცხადა:
"საქართველო დაზვერვის სუპერსახელმწიფო არ არის. ნებისმიერ სადაზვერვო სამსახურს დასჭირდებოდა რამდენიმე კვირა, რომ გაეანალიზებინა ის, რაც ხდებოდა. მინდა გაგახსენოთ, ივნისის დასაწყისში მთელ ჩრდილო-კავკასიაში დაიწყეს ქართული წარმოშობის რუსეთის მოქალაქეების გაკონტროლება. ყველა მათგანი დაითხოვეს შეიარაღებული ძალებიდან. გამოიცა ბრძანება, რომ ყველა ქართული საუბარი ჩრდილო-კავკასიაში ჩაწერილიყო და გაანალიზებულიყო. ამის ასლი ჩვენ გვქონდა... დაიწყეს მასობრივი რეპრესიები ყველა საეჭვო ელემენტების მიმართ, რომელსაც შესაძლოა საქართველოსთან რაიმე კავშირი მაინც ჰქონდა. ეს პატარა სადაზვერვო დეტალი ძალიან ჰგავს სერიოზულისათვის მზადებას".
აქედან ირკვევა, რომ საქართველოს პრეზიდენტს ეს ინფორმაციაც ჰქონია, თუმცა ფაქტია, რომ რუსეთის სპეცსამსახურების მოქმედებების საპასუხოდ, მათი ქართველი კოლეგები (ალბათ, ეს სიტყვა უფრო შეეფერება მათ ურთიერთობებს) სრულიად უმოქმედოდ იყვნენ. ან რა შეეძლოთ, როდესაც თავად "უმაღლეს მთავარსარდალი" ამგვარად ფიქრობდა:
"შეიძლება ზოგიერთ ჩვენგანს, მიუხედავად იმისა, რაც საქართველოს გარშემო ხდებოდა, ყველა უტყუარი ნიშნით ჰგავდა სამხედრო ოპერაციისათვის მზადებას. ზოგიერთ ჩვენგანს, და მათ შორის მეც, ბოლომდე არ გვჯეროდა - ნუთუ მართლა გადალახავენ წითელ ხაზს, აიღებენ თავზე ხელს... ალბათ, გულში ღრმად ჩვენ არ გვჯეროდა, რომ რუსეთი ამას გააკეთებდა... ვეთანხმები ნაწილობრივ, სამხედრო თვალსაზრისით ჩვენ უფრო ადრე, ალბათ, უნდა გვემოქმედა. მაგრამ, დღეს გვიჭირს დარწმუნება დანარჩენი მსოფლიოსი, რომ ჩვენ პირველებს არ დაგვიწყია და სამხრეთ ოსეთს, როგორ იქნება იცით სწორი, 1, 2, 3 რიცხვში, როცა დავინახეთ, რომ რუსები კონცენტრირებული არიან და არის საფრთხე მათი შემოსვლის, ...პრევენციულად მთელი ძალებით აგვეღო კონტროლქვეშ როკის გვირაბი".
საქართველოს რიგითი მოქალაქეებისთვისაც ნათელი იყო, რომ "ცხინვალში ომი", რუსეთთან ომს ნიშნავდა. რატომ ვერ ან არ გათვალა საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ, რომ წლების მანძილზე ჩასაფრებული რუსეთის ხელისუფლება საბაბს ეძებდა საქართველოში და მთლიანად სამხრეთ კავკასიაში დაბრუნებისთვის და საკუთარი გლობალური სტრატეგიული მიზნების შესასრულებლად არაფერს მოერიდებოდა.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს