"აგვისტოს ომი": რატომ გავებით რუსეთის ხაფანგში? - კვირის პალიტრა

"აგვისტოს ომი": რატომ გავებით რუსეთის ხაფანგში?

(იხილეთ წინა ნაწილი)

"აგვისტოს ომის" გარშემო უამრავი კითხვა, ცოტა პასუხი და ძალზე ბევრი დეზინფორმაცია არსებობს. ყველაზე მთავარ კითხვებად კვლავ რჩება: რატომ გავებით რუსეთის ხაფანგში? შეიძლებოდა თუ არა რუსეთის პროვოკაციების თავიდან ისე აცილება, რომ 7 და 8 აგვისტოს სამხედრო დაპირისპირება არ მომხდარიყო? როგორ განვითარდებოდა მოვლენები, ქართულ ავიაციას როკის გვირაბიდან დაძრული რუსეთი 58-ე არმიის ნაწილები რომ არ დაებომბა, ხოლო ჩვენ არტილერიას ცეცხლი არ გაეხსნა სეპარატისტთა პოზიციებისთვის ცხინვალში? ერთად ვცადოთ ამ და სხვა კითხვებზე პასუხის მოძებნა. რუსეთის იმპერიული მიზნების აღორძინება ვლადიმერ პუტინმა 2000 წელს, ხელისუფლების სათავეში მოსვლისთანავე დაიწყო და საჩვენებელ-სამაგალითოდ დასასჯელად საქართველო შეარჩია. არსებობს ობიექტური და სუბიექტური გარემოებები, რომლებმაც ეს განაპირობა და მათზე შემდეგ ვისაუბროთ. სავიზო რეჟიმის შემოღება, ტერორისტების მფარველობის განუწყვეტელი ბრალდებები და საქართველოს ტერიტორიის მრავალგზის დაბომბვა რუსული ავიაციის მიერ (რასაც მსხვერპლი არა ერთხელ მოჰყვა), სეპარატისტებისთვის რუსული პასპორტების გაცემა და ა.შ. - ესაა ძალზე მცირე ჩამონათვალი იმ პროვოკაციებისა, რასაც რუსეთი 2000-2003 წლებში აწყობდა. რუსეთისთვის ძალზე ხელსაყრელი დრო 2004 წლიდან დადგა, მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებაში ამბიციური, თუმცა საგარეო პოლიტიკის ინტრიგებში გამოუცდელი ახალგაზრდების ჯგუფი მოვიდა. ერთადერთი, პრემიერ-მინისტრი ზ. ჟვანია იყო, რომელიც პრაგმატული და რაციონალური აზროვნებითა და მოქმედებებით გამოირჩეოდა, თუმცა ისიც მალევე მოიცილეს.

ჩემი აზრით, ზ. ჟვანიას სიკვდილი იმას აწყობდა, ვინც საქართველოს არასტაბილურობით იყო დაინტერესებული და "მართვადი ქაოსის" ოპერაციებსა და "ხაფანგების" დაგებას გეგმავდა. ამის შემდეგ მ. სააკაშვილის ხელისფლება მართვადაკარგულ და მუხრუჭაწყვეტილ ორთქმავალს დაემსგავსა, რომელიც უფსკრულისკენ მიექანება. პარალელურად, პუტინმა საქართველოს წინააღმდეგ აამოქმედა "ჰიბრიდული ომის" ყველა ღილაკი: სამხედრო-სადაზვერვო, ეკონომიკური, დეზინფორმაციული და ა.შ. უკვე დროის საქმე იყო, როდის და სად გაგვაბამდა რუსეთი "ხაფანგში". 2006 წლის ზაფხულში პროვოკაციის ადგილად რუსეთის ხელისუფლებამ ცხინვალის რეგიონი შეარჩია. მიზეზები შემდეგი იყო: აფხაზეთისგან განსხვავებით, ცხინვალის რეგიონში არ იყვნენ საერთაშორისო დამკვირვებლები და რუსეთის დეზინფორმაციული ოპერაციები გაცილებით შედეგიანი იქნებოდა; რუსეთი სეპარატისტებთან ერთად მოახდენდა ახალგორის რაიონზე კონტროლის დამყარებას; ოს სეპარატისტებთან ერთად რუსული სამხედრო შენაერთები ჩაატარებდნენ ცხინვალის ირგვლივ მდებარე ქართული სოფლების ეთნოწმენდას და შემდეგ მიწასთან გაასწორებდნენ მათ კარ-მიდამოს (როგორც შემდეგ დავინახეთ მათ ძალზე ოპერატიულად გადაწვეს და დაანგრიეს ქართველების სახლები); პარალელურად, რუსეთი მოახდენდა კონტროლის დამყარებას კოდორის ხეობაზეც. ამასთან ერთად, "საქართველოს აგრესიის" ხელშემწყობად აშშ უნდა წარმოჩენილიყო. ეს იყო რუსეთის ერთიანი სტრატეგიული გეგმის ნაწილები და არა - შემდეგ, მოვლენათა განვითარების კვალობაზე მიღებული გადაწყვეტილებები. სტრატეგიული გეგმის შესრულებისთვის საჭირო იყო იმპულსური (სხვათა შორის, ეს აშშ-ის მაშინდელი სახელმწიფო მდივნის, კონდოლიზა რაისის შეფასებაა) მ. სააკაშვილის "ცხინვალის ხაფანგში" შეტყუება და სამხედრო კონფლიქტის პროვოცირება.

რუსეთის ხლისუფლებამ დაიწყო მ. სააკაშვილისა და მისი გარემოცვის დეზინფორმირება: თუ პუტინი და მედვედევი, სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში, სამხედრო ძალის გამოყენებით იმუქრებოდნენ და პირდაპირ აცხადებდნენ, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმებს მათთვის არანაირი ძალა არ ექნებოდა, საშუალო დონის რუსი დიპლომატები და სამხედროები (უპირველესად, პოპოვი და კულახმეტოვი) "გულდაწყვეტით" უხსნიდნენ ქართველ კოლეგებს, რომ კოკოითს ვერ აკონტროლებდნენ და ის მათ გარეშე უხსნის ცეცხლს ქართულ სოფლებს. თან ორაზროვნად მიანიშნებდნენ, რომ ეს კოკოითი უკვე ყელში ამოუვიდათ და ცუდი არ იქნებოდა, თუ ვინმე ჭკუას ასწავლიდა. ცხინვალში მოსალოდნელ ომზე გაფრთხილებებით განსაკუთრებით 2006 წლის ზაფხულში გააქტიურდა რუსეთის "დეზინფორმაციული მანქანა". 2006 წლის ივლისში აშშ-ის ელჩი რუსეთში უ. ბერნსი სახელმწიფო დეპარტამენტს გაკვირვებული ატყობინებდა: "შთამბეჭდავია, რომ ყველა რუსი, მათ მიერ დაკავებული თანამდებობისა და პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, დარწმუნებული არის, რომ საქართველო ემზადება სამხრეთ ოსეთში ომის დასაწყებად და მათ აშშ აქეზებს".

საქართველოს ელჩი რუსეთში ირაკლი ჩუბინიშვილი დარწმუნებული იყო, რომ ომი არ იქნებოდა. თუმცა ბერნსთან საუბრისას მან განაცხადა, რომ თუ "სამხრეთ ოსეთში" დაიწყებდნენ ქართველი მოსახლეობის გამოძევებას, სააკაშვილს სხვა გზა არ დარჩებოდა, გარდა სამხედრო ძალის გამოყენებისა. უ. ბერნსის აზრით, ჩუბინიშვილი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გ. ბეჟუაშვილი მაქსიმალურად ცდილობდენ სააკაშვილის დარწმუნებას, რომ მსგავსი ნაბიჯი მათი მხრიდან თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა. თუმცა ბერნსი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ჩუბინიშვილის სიტყვებით, თავდაცვის იმჟამინდელი მინისტრი ოქრუაშვილი მოუწოდებდა სააკაშვილს მოქმედებებისკენ. თუმცა 2006 და 2007 წელმა მშვიდობიანად ჩაიარა.

დადგა 2008 წელი და ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმედგაცრუება: ნატოს ბუქარესტის სამიტზე საქართველოს მაპი არ მისცეს. ეს კი კიდევ ერთი შანსი იყო რუსეთისთვის, რომელიც მან გამოიყენა. ოპერაცია "ცხინვალის ხაფანგის" ასამოქმედებლად რუსეთმა ახალი შემსრულებლები გამოიყვანა. WikiLeaks-ის მიერ გამოქვეყნებული 2008 წლის "აგვისტოს ომთან" დაკავშირებული დოკუმენტების ანალიზის დროს, ჩვენს ექსპერტ-პოლიტოლოგებს რატომღაც გამორჩათ ერთი დოკუმენტი, რომელიც ასახავდა 2008 წლის 13 აგვისტოს ვარშავაში პოლონეთის არმიის გენერალური შტაბის უფროსის, ფრანტიშეკ გაგორის ( Franciszek Gagor - 1951-2010) პოლონეთში აშშ-ის სამხედრო ატაშესთან საუბრის შინაარსს. პოლონეთის არმიის გენერალური შტაბის უფროსმა ფრანტიშეკ გაგორმა გააკრიტიკა საქართველოს პრეზიდენტი სააკაშვილი იმის გამო, რომ მან რეალურად რუსეთის საქმე გააკეთა, გაანადგურა თავისი არმია და დაასამარა საქართველოს ნატოში შესვლისთვის მაპ-ის მიღება. პოლონეთის ხელისუფლება თვლიდა, რომ სააკაშვილით მანიპულირებდნენ რუსეთის აგენტები - შესაძლოა, მისი მრჩევლების წრიდან... საქართველომ პოლონეთს სთხოვა საჰაერო თავდაცვის სისტემა "გრომის" რაკეტები და გამშვები დანადგარები, ასევე, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა "ფაგოტები". "თუ პოლონეთი დადებითად გადაწყვეტს ამ საკითხს, მაშინ ის მიმართავს აშშ-ს, საქართველოში მათი ტრანსპორტირებისათვის", - განაცხადა გაგორმა. მან მოუწოდა აშშ-ს და პოლონეთს, რომ მათ ერთობლივად დაარწმუნონ გერმანია, რათა დაჩქარებულად მისცენ მაპ-ი უკრაინას.

საქართველოს აპრილში მაპ-ი რომ მიეღო, რუსეთი ვერ გადავიდოდა შეტევაზე - ასეთი იყო პოლონელი გენერლის აზრი. ფრანტიშეკ გაგორის სიტყვები ძალზე დამაფიქრებელია და რამდენიმე სტრიქონიდანაც კი ჩანს, რომ ის საქართველოს გულშემატკივარ პიროვნებას ეკუთვნის, რომელიც ემოციებს ვერ მალავს. ის პირდაპირ, ყოველგვარი დიპლომატიური ეტიკეტის დაცვის გარეშე გამოხატავს საკუთარ შეშფოთებას. საინტერესოა, რა ინფორმაციას ეყრდნობოდა პოლონელი გენერალი, როდესაც საქართველოს პრეზიდენტის გარემოცვაში არსებულ რუსეთის აგენტურაზე მიუთითებდა? სამწუხაროდ, ამ და სხვა კითხვებზე გენერალი გაგორი პასუხს ვეღარ გასცემს, რადგანაც ის 2010 წლის 10 აპრილს სმოლენსკთან მომხდარ ავიაკატასტროფაში დაიღუპა პოლონეთის პეზიდენტ ლეხ კაჩინსკისა და სხვა სამხედრო-პოლიტიკურ პირებთან ერთად.

(იხილეთ გაგრძელება)

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს