როგორ სჯიდა ერეკლე მეორე დეზერტირებს
ოდითგანვე, თუ რუსეთის პრობლემა "გზები და სულელები" იყო (ამას თავად აღიარებენ), საქართველო კვალიფიციური და პატრიოტი სამხედროების, მზვერავებისა და დიპლომატების ნაკლებობას განიცდიდა. დავით აღმაშენებელის შემდეგ ბევრმა ქართველმა მეფემ სცადა რეგულარული ჯარის შექმნა, მაგრამ - ყოველთვის უშედეგოდ. თავადებს არ სურდათ ყმების ჯარში გაშვება და ამისთვის ყოველგვარ მიზეზს ეძებდნენ. არქივებში შემორჩენილია დოკუმენტები, რომელიც საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის XVIII საუკუნის მეორე ნახევარში ჯარში გაწვევის, დეზერტირთა დასჯისა და კომპენსაციის გადასახდელის ამოღების წესების შესახებ. უთანასწორო ბრძოლებით გაწამებულმა "პატარა კახმა"- ერეკლე II-მ, უშიშარმა მეომარმა და უბადლო მხედართმთავარმა, "მუდამ სახლებლად" "მონაცვლე ლაშქარი" შექმნა. ამისთვის კი ერთთვიანი სავალდებულო სამხედრო გაწვევა შემოიღო. სოფლების მიხედვით წინასწარ შედგენილი სიებით თითოეული მეომარი ვალდებული იყო, წელიწადში ერთხელ, ერთი თვით, თავისი იარაღით (მეფის ბრძანებაში მითითებული იყო: ვინ - თოფით, ვინ- ფარ-ხმლით, ვინაც -შუბით), სურსათ-სანოვაგით, ცხენით თუ ქვეითად გამოცხადებულიყო "გამწვევ პუნქტში".
ერეკლეს ბრძანების შესრულების კონტროლი იასაულებს ევალებოდათ და თუ ცხენი ან კაცი დააკლდებოდათ, "მათ გარდეხდევინებოდათ". ეტყობა, დეზერტირობამ იმდენად მასობრივი ხასიათი მიიღო, რომ 1768 წლის 13 დეკემბრით დათარიღებულ ბრძანებაში ერეკლე მეფე იასაულ რევაზ ამილახვარს "დაკლებული კაცების დარბევას" ანუ "ფინანსურ სანქციებს" - ფულის ამოღებას ავალებს. მაგრამ "მონაცვლე ლაშქარში" გაწვევა და იქ დისციპლინის დაცვა მუდმივი თავსატეხი ყოფილა. ამიტომაც ერეკლე II-ის ბრძანებით, 1773 წელს "მორიგე ჯარი"- რეგულარული არმიის ერთ-ერთი ვარიანტი შეიქმნა. გაწვევის პირობები აქაც ანალოგიური იყო, ხოლო დეზერტირების დასჯა უფრო გამკაცრდა. პირველ შეკრებაზე 5000 მეომრამდე გამოცხადებულა, რაც იმ დროისთვის ცუდი შედეგი არ იყო. "მორიგე ჯარს" ბატონიშვილი ლევანი სარდლობდა. ისტორიული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ გაწვეულთა რაოდენობა კატასტროფულად მცირდებოდა. ერეკლე მეორე 1776 წლის 29 მარტით დათარიღებულ დოკუმენტში უზბაშებს (ასისთავებს) უბრძანებს, "იასაული გაუსიონ" იმ სოფლებს, რომელთაც "მორიგე კაცი დააკლდათ". სოფელი ვალდებული იყო, დეზერტირი თავად დაეჭირა და იასაულისთვის მიეგვარა ან ექვსი თუმანი ჯარიმა თავად გადაეხადა. დეზერტირს კარგად გაწკეპლიდნენ და ერთ თუმან ჯარიმასაც წართმევდნენ (საინტერესოა, რომ მეფის გადაწყვეტილებით, ამ თანხას უზბაში და იასაული ინაწილებდნენ. ამიტომაც "კორუფციული გარიგებები" მაშინ ნაკლებად იყო). ამ დოკუმენტიდან ირკვევა, რომ წინა წლებში დეზერტირებს მხოლოდ წკეპლიდნენ, მაგრამ ამას შედეგი არ გამოუღია და დამატებით ფულადი ჯარიმაც იმიტომ დაწესდა. ვინც ავადმყოფობის გამო დააკლდებოდა გაწვევას, ამაზე ოქმი დგებოდა და მას გამოჯანმრთელების შემდეგ უნდა მოეხადა მოვალეობა. მკაცრი იყო ჯარიდან გაქცეულთა დასჯაც.
თავადის შვილს ერთი თუმანი, აზნაურის და მოხელეს შვილებს კი - რვა მანეთი ჯარიმა უნდა გადაეხადათ. ვაჭრების და ხელოსნების შვილები ჯოხის ასი დარტყმით ისჯებოდნენ, გლეხის შვილს კი - უკვე ორასი ჯოხისთვის უნდა გაეძლო. ჯარიდან დათხოვნა, მეთაურის ნებართვით, მაქსიმუმ ორი დღით შეიძლებოდა. თუ ვადაზე არ დაბრუნდებოდნენ, მაშინ "უნდა გალახულიყვნენ". ჯარში დისციპლინარული სასჯელიც გალახვა იყო. ჯარში ერთთვიანი (!!!) სამსახურიდან თავის დასახსნელად "ჩაწყობა" და "პროტექცია" მაშინაც მოდიოდა, ოღონდ დონე იყო "ცოტა" მაღალი.
დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ "მორიგე ჯარიდან" მეომრებს ათავისუფლებდნენ: დარეჯან დედოფალი (1778 წლის 8 მაისს მისი ბრძანებით, ვინმე ბერუა კაკაშვილს ხვდა ეს პატივი, ცოტა ხნის შემდეგ კი - ისაია ოქრომჭედელს ეპატია), გიორგი ბატონიშვილი (მისი ბრძანებით, რომელიც 1778 წლის 5 მაისით თარიღდება, ვინმე "ქანქანა ვართანა" გაუშვეს სახლში, შემდეგ მას "იორამა" მიჰყვა), ლევან ბატონიშვილი და ა.შ. თუ გავითვალისწინებთ ერეკლე მეფის ოჯახისა და შთამომავლების მრავალრიცხოვნობას, ალბათ, ნახევარი ქართული ჯარი, უმაღლესი დონის პროტექციით "პატიებული", შინ ისვენებდა. ამის შემყურე, ვინც საქმეს ვერ "აწყობდა", დროებით ტოვებდა საქართველოს.
ძალზე საინტერესოა "დეზერტირთა" ეროვნული შემადგენლობაც. როგორც ჩანს, მაშინ ჯარში სამსახურიდან თავის არიდება, სამწუხაროდ, ფართოდ იყო გავრცელებული, მაგრამ უდიდესი უმრავლესობა მაინც არაქართველები (სომხები და ებრაელები) იყვნენ. სხვადასხვა მიზეზით, ჯარში გაწვევისგან თავის არიდებამ გადამწყვეტი და დამღუპველი როლი ითამაშა აღა-მაჰმად-ხანის შემოსევების დროს, როცა ერეკლე მეფემ საჭირო რაოდენობის ჯარი ვერ შეკრიბა. ფაქტია, რომ ოცი წლის მანძილზე ერეკლე მეფემ ცენტრალური ხელისუფლების სისუსტისა და ქვეყანაში მართვის ადმინისტრაციული უნარ-ჩვევების უქონლობის გამო, ვერ შეძლო საკმაო რაოდენობის, გაწვრთნილი და დისციპლინირებული რეგულარული ჯარის შექმნა. მხოლოდ თავდადება და პატრიოტიზმი კი საკმარისი არ აღმოჩნდა ქვეყნის გადარჩენისათვის. ეს პრობლემები დღესაც აქტუალურია და მწარე ისტორიული გაკვეთილი უნდა გაითვალიწინონ მათ, ვინც ქართული ჯარის აღმშენებლობაზეა პასუხისმგებელი.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს