"ჟუჩოკი" ორთავიან არწივში: როგორ გამოიყენა სტალინმა რუსი მეცნიერის გამოგონება ამერიკელების წინააღმდეგ? - კვირის პალიტრა

"ჟუჩოკი" ორთავიან არწივში: როგორ გამოიყენა სტალინმა რუსი მეცნიერის გამოგონება ამერიკელების წინააღმდეგ?

დღეს კვლავ ფარულ მოსმენებზე ვისაუბროთ, პირველ რიგში კი, ისეთი "სპეციფიკური კონტინგენტის" მიყურადებაზე, როგორებიც არიან უცხო ქვეყნების დიპლომატები. ამას წინათ "შემოგდებულ" ფარული მოსმენების ფაილებში გვხვდება საქართველოში აკრედიტებული სხვადასხვა ქვეყნის (ევროკავშირის, აშშ-ის, გერმანიის, საფრანგეთის, ისრაელის და სხვ.) დიპლომატების სატელეფონო საუბრების ჩანაწერები.

ამასთან დაკავშირებით საქართველოში ევროკავშირის ელჩი, ბატონი კარლ ჰარცელი ერთ-ერთ ინტერვიუში პირდაპირ აცხადებს, რომ დიპლომატების მოსმენა ვენის კონვენციას ეწინააღმდეგება და საქართველოს, როგორც პარტნიორი ქვეყნისგან, ელჩების მოსმენა არაბუნებრივად მიაჩნია. ჰარცელის თქმით, დიპლომატების მოსმენის გამო ბრიუსელში საქართველოს ელჩი დაიბარეს. მისი აზრით, ქვეყნების უსაფრთხოების სამსახურები დაინტერესებულნი არიან მოსალოდნელი საფრთხეების აღმოჩენით და არსებობს მიზეზები, რის გამოც, შესაძლოა, ისეთი ინსტრუმენტი გამოიყენონ, როგორიც ფარული მოსმენებია, თუმცა მათი გამოყენება სიფრთხილითა და კონტროლის ქვეშ უნდა ხდებოდეს.

კარლ ჰარცელს მხარი აუბა გერმანიის ელჩმა საქართველოში, ბატონმა ჰუბერტ ქნირშმაც, რომელმაც განცხადა, რომ: "დიპლომატიური წარმომადგენლობების ფარული მოსმენა, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ეს პირდაპირ მათკენ არ არის მიმართული, წარმოადგენს დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის დარღვევას".

ვენის კონვენცია 1961 წლის 18 აპრილს მიიღეს, საქართველო კი მას 1993 წლის 13 მაისს შეუერთდა. კონვენციაში პირდაპირ არაა მითითებული ფარული მიყურადების დაუშვებლობის შესახებ, თუმცა რამდენიმე მუხლი ამას გულისხმობს. კონვენციით რეგულირდება უცხო ქვეყნების დიპლომატების პრივილეგიები და იმუნიტეტი ადგილსამყოფელ სახელმწიფოში, რომელმაც ყოველგვარი პირობები უნდა შეუქმნას წარმომადგენლობას თავისი ფუნქციების შესასრულებლად. ადგილსამყოფელი სახელმწიფო მოვალეა, ნება დართოს და დაიცვას წარმომადგენლობის თავისუფალი ურთიერთობა ყოველგვარი ოფიციალური მიზნებით (მუხლი 25 და მუხლი 27). მიუხედავად ამისა, საელჩოები და დიპლომატები ყოველთვის მიმზიდველი და "გემრიელი ლუკმა" იყვნენ და იქნებიან ყველა ქვეყნის სპეცსამსახურისთვის, ვენის კონვენციამდეც და ამჟამადაც. მთავარია, ვის ხელთაა საიდუმლო ინფორმაცია.

საელჩო, გარდა იმისა, რომ ქვეყნის და ერის სახეა უცხოეთში, თან - სამშობლოს ღია და ფარული პოლიტიკის გამტარებელია. ასე რომ, საელჩოში თავს იყრის ის, ყველაზე საიდუმლო ინფორმაცია, რომლის ხელში ჩასაგდებადაც სპეცსამსახურები ძალ-ღონეს არ იშურებენ.

თანაც საელჩო ნებისმიერი "ნორმალური" ქვეყნის უმნიშვნელოვანესი სადაზვერვო დანაყოფი და, აქედან გამომდინარე, უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების შეღწევის სანუკვარი ოცნებაა. ოპერატიულ თანამშრომლებს სულ ის "ესიზმრებათ", თუ როგორ აყენებენ "ჟუჩოკებს" ელჩის ან დაზვერვის რეზიდენტის კაბინეტებში, ან როგორ "ავერბოვკებენ" ყველაზე მსუყე "ლუკმას" - მშიფრავს, რის შემდეგაც წყნარად ეცნობიან საელჩოს ყველა საიდუმლო ინფორმაციას.

თავის მხრივ, სალჩოს უსაფრთხოების დაცვის თანამშრომლებსაც არ სძინავთ და ყველანაირად ცდილობენ, თავიდან აიცილონ საელჩოდან საიდუმლო ინფორმაციის გადინება. ამ ფარულ დაპირისპირებაში გადის ათწლეულები და საეჭვოა, რომ მომავალში რაიმე შეიცვალოს. ოპერატიულ-ტექნიკური დანაყოფების (ე.წ. ოტო) ოსტატობა და კლასი ყველაზე კარგად უცხოეთის საელჩოს "ათვისებისას" ვლინდება. მიუხედავად იმისა, რომ ფარული მოსმენისა და თვალთვალისათვის განკუთვნილი სპეცტექნიკა დღეს ძალზე მრავალფეროვანია (სპეცსამსახურების მიერ დღეისათვის ფართოდ გამოიყენება: სუპერმინიატურული მიკროფონები და გადამცემები, რომლებიც შეიძლება ჩამონტაჟდეს ტანსაცმელში, პირად ნივთებში, სამშენებლო კონსტრუქციებში და მოსაპირკეთებელ მასალებში; სუპერმგრძნობიარე მიკროფონები, რომლებიც შორ მანძილზეც გარკვევით იწერენ საუბარს; ოთახში საუბრისას ფანჯრის მინების რხევის ლაზერული ფიქსატორები და სხვ.), უმაღლესი კვალიფიკაციის სპეციალისტების გარეშე ეს სუპერტექნიკა მხოლოდ საბავშვო გასართობებს დაემსგავსება, ამიტომ ყველა ქვეყნის სპეცსამსახური ცდილობს, იმ დონის სპეციალისტებით დააკომპლექტოს "ოტო", რომელთათვისაც შეუძლებელი არაფერი იქნება. თუმცა გადამწყვეტი მნიშვნელობა მაინც მოსასმენი აპარატურის საიმედოობასა და ორიგინალობას აქვს.

საბჭოთა კავშირში ფარული მოსმენები ისეთივე ჩვეულებრივი მოვლენა იყო, როგორიც მზის ამოსვლა ყოველ დილას და რუსეთში - არაყზე რიგები გორბაჩოვის "ანტიალკოჰოლური ისტერიის" დროს. 1921 წლის 29 მაისს ლენინმა საიდუმლო განკარგულება გაუგზავნა ფინანსთა სახალხო კომისრის მოადგილე არკადი მალსკის, სადაც მითითებული იყო, რომ სახელმწიფო საცავში, რომელიც უმთავრესად ეკლესიისა და მოქალაქეებისთვის ჩამორთმეული ქონებით ივსებოდა, ქურდობისა და დატაცების ფაქტები ძალზე გახშირდა. ლენინი აღშფოთებას ვერ მალავდა ამის გამო და სახელმწიფო საცავში მომუშავეთა მიმართ კონკრეტული ოპერატიულ-სამძებრო ხასიათის მოქმედებების (მოულოდნელი შემოწმებები, ჩხრეკა, თვალთვალი და სხვ.) ჩატარებას ავალებდა. ამ ჩამონათვალს აგვირგვინებდა ილიჩის მოთხოვნა სახელმწიფო საცავში მომუშავე, უკლებლივ ყველა თანამშრომლის სატელეფონო საუბრების ფარული მოსმენის შესახებ! ლენინის დირექტივის გათვალისწინებით, ბოლშევიკების მთავრობამ სრულიად საიდუმლო დადგენილება მიიღო და ჩეკას თავმჯდომარე ფელიქს ძერჟინსკის დაავალა მთელი რუსეთის მასშტაბით სატელეფონო, სატელეგრაფო და რადიოსაუბრების ფარული მოსმენა ჯაშუშების, კონტრრევოლუციური ელემენტების და სახელმწიფო ქონების დამტაცებლების გამოსავლენად.

"რა სასამართლოს დადგენილება ან პროკურატურის ორდერი? მოუსმინეთ ყველას!" ალბათ, ასეთი იყო "მთლად დიდი ბელადის" არგუმენტი! მეორე მსოფლიო ომი მიმდინარეობდა, როცა საბჭოთა სპეცსამსახურებმა, სტალინის პირადი დავალებით, გააძლიერეს ყოველდღიური მეთვალყურეობა (თვალთვალი და ფარული მოსმენა) მოკავშირეების, განსაკუთრებით კი, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოების თანამშრომლებზე. 1941 წლის შემოდგომაზე, მას შემდეგ, რაც უცხოეთის დიპლომატიური მისიები მოსკოვიდან კუიბიშევში იყვნენ ევაკუირებული, საბჭოთა უშიშროების შესაბამისმა სამსახურებმა საელჩოებისგან დაცლილ შენობებში, პირადად სტალინის ნებართვით, დაამონტაჟეს ფარული მიყურადების მოწყობილობები. 1944 წლიდან საელჩოებმა მოსკოვში განაახლეს მუშაობა და გარკვეული პერიოდის მანძილზე მათი მოსმენა შეუფერხებლად მიმდინარეობდა, თუმცა პირველები ამერიკელები დაეჭვდნენ და რამდენიმე ათეული "ჟუჩოკი" აღმოაჩინეს. სხვა ქვეყნების საელჩობშიც მიაკვლიეს საბჭოთა მოსასმენ აპარატურას.

მეორე მსოფლიო ომი ჯერ კიდევ მიმდინარეობდა და სტალინს მოკავშირეების დახმარება კვლავ სჭირდებოდა. ამიტომ საერთაშორისო სკანდალის თავიდან ასაცილებლად, სასწრაფოდ უნდა მოეძებნათ არგუმენტები ამგვარი "მეგობრული ყურადღების" ასახსნელად. სტალინის კაბინეტში გაიმართა თათბირი, სადაც უნდა მოეძებნათ პასუხი უცხოელი დიპლომატების კითხვაზე: ვინ და რატომ დაამონტაჟა "ჟუჩოკები" საელჩოების შენობებში? "დიდი ბელადის" შიშით კარგა ხანს ხმას ვერავინ იღებდა, ბოლოს ახალგაზრდა გენერალ-მაიორ ევგენი პიტოვრანოვს (1915-1999) გაუბედავს და "თავის მართლების" ამგვარი ვერსია შეუთავაზებია: "ჩვენ მიერ საელჩოების შენობებში ფარული მიყურადების მოწყობილობების დამონტაჟება კი არ უარვყოთ, არამედ პირიქით, დავადასტუროთ. ეს კი იმით ავუხსნათ უცხოელ დიპლომატებს, რომ თუ გერმანელები მოსკოვს დაიკავებდნენ და საელჩოების ყოფილ შენობებს საოკუპაციო ადმინისტრაციის განთავსების მიზნით გამოიყენებდნენ, იატაკქვეშეთში მოქმედ საბჭოთა პარტიზანებს საშუალება ექნებოდათ, გერმანელებისთვის ფარულად მოესმინათ". სტალინმა ამგვარი "სიმართლე" მოიწონა და საგარეო საქმეთა სახალხო კომისარ მოლოტოვს დაავალა, უცხოელი დიპლომატებისთვის ეს "რკინის არგუმენტი" ეცნობებინა. ამ შეხვედრის შემდეგ ევგენი პიტოვრანოვი სტალინის ფავორიტი გახდა და ჯერ ოცდაათი წლის ასაკში უზბეკეთის სსრ უშიშროების მინისტრად, ხოლო 1950 წლის დეკემბერში - საბჭოთა კავშირის უშიშროების მინისტრის მოადგილედ დანიშნეს.

1944 წელს საბჭოთა ხელისუფლების პასუხმა უცხოელი დიპლომატები დააკმაყოფილა. მათ საბჭოთა "ჟუჩოკების" უდიდესი ნაწილი საელჩოს შენობიდან და დიპლომატების საცხოვრებელი ბინებიდან სწრაფადვე ამოიღეს და დამშვიდდნენ. თუმცა მათთვის (უპირველესად, ამერიკელი დიპლომატებისთვის) სიურპრიზი ჯერ კიდევ წინ იყო. საბჭოთა ბელადი, ფაქტობრივად, პირველწყაროდან საიდუმლო ინფორმაციის მიღების გარეშე დარჩა, ეს კი სტალინისთვის, რომელიც ყოველთვის დიდ ყურადღებას უთმობდა ფარული მოსმენებიდან მიღებულ ინფორმაციას, ყოვლად მიუღებელი იყო. მან ლავრენტი ბერიას, რომელიც იმ პერიოდში სსრკ-ის თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე და შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი იყო, დაავალა უმოკლეს ვადებში ისეთი მოსასმენი აპარატურის დამზადება, რომელიც მოსკოვში, აშშ-ის ელჩის კაბინეტში განთავსდებოდა, ხანგრძლივად იმუშავებდა და ამერიკელებს მისი აღმოჩენა გაუჭირდებოდათ. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის ერთიანი სპეცსამსახური ჯერ არ ჰყავდა, ისინი მაშინ დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურების ოპერატიულ-ტექნიკური დახმარებით სარგებლობდნენ და ამ პირობებში ამერიკის ელჩის კაბინეტში "ჟუჩოკის" შეუმჩნევლად დამონტაჟება ბერიასთვის, მართლაც რომ ურთულესი დავალება იყო.

ერთიც უნდა ითქვას - დიდია ლ. ბერიას დამსახურება საბჭოთა და დღევანდელი რუსეთის იმპერიის წინაშე. საბჭოთა იმპერიის გაძლიერებით ბერიამ ხელი შეუწყო მისი არსებობის გახანგრძლივებას, რასაც ამჟამად ვიმკით: ის ატომური და წყალბადის იარაღი, რითაც რუსეთი დღეს მსოფლიოს აშანტაჟებს, დიდწილად სწორედ ლავრენტი ბერიას დამსახურებაა. თითქმის ათი წელი, სწორედ ბერია ხელმძღვანელობდა საბჭოთა კავშირის #1 საიდუმლო საქმეს – "ატომურ პროექტს" და მან შექმნა საორგანიზაციო-ფინანსური საფუძვლები, როგორც ბირთვული კვლევების, ასევე - ატომური ბომბის დამზადებისა და გამოცდის მოსაწყობად. ასევე, ლ. ბერია ხელმძღვანელობდა სტალინის ბრძანებით ციხეებსა და საპატიმრო ბარაკებში შექმნილ სრულიად საიდუმლო "განსაკუთრებულ ტექნიკურ ბიუროებს" (ე.წ. შარაშკებს), სადაც სხვადასხვა გამოგონილი ბრალდებით დაპატიმრებულ ასეულობით საბჭოთა მეცნიერსა და კონსტრუქტორს იძულებით ამუშავებდნენ სხვადასხვა სამხედრო დანიშნულების პროექტებზე. ერთ-ერთ ასეთ, "ჩეკისტების" დაქვემდებარებაში მყოფ "შარაშკაში", ავიაკონსტრუქტორ ტუპოლევის "საკონსტრუქტორო ბიუროში", 1940 წლიდან "მოღვაწეობდა" უკვე შუახანს მიტანებული ფიზიკოსი ლევ ტერმენი (1896-1993), რომელიც ჯერ კიდევ 1920 იანი წლებიდან ცნობილი იყო, როგორც უკონტაქტო ელექტრონული მუსიკალური ინსტრუმენტის - "ტერმენვოკსის" გამომგონებელი. სწორედ მას არგუნა ბედისწერამ სტალინის ბრძანებების შესრულება.

( პირველი ნაწილის დასასრული)