როგორ გადააქცია ანდროპოვმა ამერიკის საელჩო "გიგანტურ მიკროფონად"? - კვირის პალიტრა

როგორ გადააქცია ანდროპოვმა ამერიკის საელჩო "გიგანტურ მიკროფონად"?

იხილეთ წინა ნაწილი

"ცივი ომის" დროს დაპირისპირება ორ ზესახელმწიფოს შორის, საბჭოთა კავშირისა და აშშ-ის სპეცსამსახურების ფარულ და დაუნდობელ ბრძოლაში გადაიზარდა. ამ ფარულ ბრძოლაში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ორივე ქვეყნის საელჩოს, რადგანაც სწორედ იქიდან იმართებოდა (ამჟამადაც ასეა) ამ ქვეყნების ლეგალური დაზვერვა. ამიტომ საელჩოსთვის განკუთვნილ შენობა-ნაგებობებს და მათ ადგილმდებარეობას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა და აქვს მოწინააღმდეგის მხრიდან ცოცხალი ძალითა და ტექნიკური საშუალებებით თვალთვალის, მიყურადებისა და სხვა ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების ჩატარების დროს. 1953 წელს მოსკოვში ჩაიკოვსკის ქუჩაზე ამერიკის საელჩოს ახალი შენობისთვის იქ არსებული ძველი ნაგებობის რეკონსტრუქცია დაიწყო. აშშ-ის სპეცსამსახურის თანამშრომლები მთელი დღის მანძილზე თავზე ადგნენ მშენებლებს, რათა მოსასმენი აპარატურის დამონტაჟება არ დაეშვათ, საღამოობით კი გულარხეინად ბრუნდებოდნენ სასტუმროში და ტკბილად იძინებდნენ. ამგვარი "საჩუქრით" კარგად ისარგებლა კა-გე-ბემ და "ჟუჩოკები" ელჩის კაბინეტში, მშიფრავებისა და ცსს-ს რეზიდენტის ოთახებში დაამონტაჟა. მხოლოდ 1964 წელს, აშშ-ში გაქცეული კა-გე-ბეს ოფიცრის, იური ნოსენკოს მიერ გადაცემული ინფორმაციის საშუალებით მიაგნეს ამერიკელებმა ამ აპარატურას.

ათწლეულების მანძილზე აშშ-ის საელჩო ჩაიკოვსკის ქუჩაზე იყო განთავსებული. პერსონალი დღითიდღე იზრდებოდა, ამიტომ საელჩოს ტერიტორიის გაფართოება და ახალი კორპუსის აშენება ამერიკელების დიდი ხნის საზრუნავი იყო. თუმცა საბჭოთა საგარეო საქმეთა მინისტრი, მსოფლიოში "მისტერ არად" ცნობილი ანდრეი გრომიკო სასტიკ უარზე იდგა. ის სანაცვლოდ ვაშინგტონში საბჭოთა კავშირის საელჩოსთვის დამატებითი ფართობის გამოყოფას მოითხოვდა. ამერიკელების "გაფართოების" მოწინააღმდეგე იყო, აგრეთვე, კა-გე-ბეს შეფი იური ანდროპოვიც. ამ ფრთხილ და ძალზე ეშმაკ პოლიტიკოსს მოსკოვში ამერიკელი მზვერავების (რაც ყველა საელჩოს აუცილებელი ატრიბუტია) მომრავლების ეშინოდა. ურთიერთშეთანხმებას მხოლოდ 1972 წელს, ნიქსონ-ბრეჟნევის მოლაპარაკების დროს მიაღწიეს.

ვაშინგტონში ახალი საბჭოთა საელჩოს მშენებლობისათვის მიწის ფართობის გამოყოფის სანაცვლოდ, ამერიკელებს უფლება მისცეს, გაფართოვებინათ მოსკოვში საელჩოს ტერიტორია და ახალი, რვასართულიანი თანამედროვე კორპუსი აეგოთ. ამ მიზნით, მათ საელჩოს მიმდებარედ, დაახლოებით, 5 ჰექტარი მიწის ფართობი 85-წლიანი უფასო არენდით გადასცეს. "იანკები" ჩვეული სიბეჯითით შეუდგნენ საქმიანობას, ჩაატარეს ტენდერები შიდა სამშენებლო და მოსაპირკეთებელი სამუშაოების საწარმოებლად, საუკეთესო ფირმის გამოსავლენად. შეადგინეს ხარჯთაღრიცხვა და საკმაოდ მცირე თანხით -190 მლნ. დოლარით დაკმაყოფილდნენ. დაფინანსების სიმცირე იმ მიზეზით იყო გამოწვეული, რომ "უოთერგეიტის სკანდალის" შემდეგ აშშ-ის კონგრესი საკმაოდ ამრეზით უყურებდა თავის ქვეყნის სპეცსამსახურებს, ძველ ცოდვებს უქექავდა და დაფინანსებას სისტემატურად უმცირებდა, მათ შორის - საელჩოს შიგნით ახალი ფართის გამოყოფისთვისაც. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, სამშენებლო ხარჯების შესამცირებლად, საელჩოს ახალი კორპუსისთვის საჭირო სამშენებლო კონსტრუქციები და მასალები (ცემენტი, ქვიშა და ა.შ.) უნდა მიეწოდებინათ ადგილობრივ საბჭოთა სამშენებლო ორგანიზაციებს, ხოლო უფრო მნიშვნელოვანი და ხარისხიანი მასალა და კონსტრუქციები კი - ევროპიდან, მათ შორის - ფინეთიდან უნდა შემოეტანათ. ამ კოსტრუქციების აწყობა კი უკვე ადგილზე მოხდებოდა. თანხების დაზოგვის მიზნით, მშენებლობას, ძირითადად, საბჭოთა სპეციალისტები და მუშები აწარმოებდნენ. შეიძლება გაგიკვირდეთ და, მათ შორის, მუშის ტანსაცმელში გადაცმულნი, მრავლად იყვნენ კა-გე-ბეს თანამშრომლებიც. რა მიზნით? ამას სულ მალე შეიტყობთ.

სამშენებლო მასალების შემოწმებას აშშ-ის სპეცსამსახურები შერჩევით ახორციელებდნენ: უფრო მკაცრი კონტროლი საბჭოთა მასალებს უტარდებოდა, ხოლო შედარებით ნაკლები - ფინეთიდან შემოტანილ სამშენებლო კონსტრუქციებს. ახალი კორპუსის მშენებლობა 1979 წლის სექტემბერში დაიწყო. ექვსი წელი გავიდა, შენობა თითქმის დასრულებული იყო და... ამერიკელებმა სამშენებლო კონსტრუქციებში ფარულად მიყურადების აპარატურა აღმოაჩინეს, ერთი და ორი კი არა, - ათასობით! ამას მოჰყვა 1985 წლის აგვისტოში ამერიკელების მოულოდნელი და კახური პირდაპირობით გაკეთებული განაცხადება: "მორჩა ჯო, ვწყვეტთ მუშაობასა. აზრი არა აქვს საელჩოს შენობის დამთავრებას, იმიტომა, რომა კედლებში იმდენი "ჟუჩოკია" შეჩურთული, ცალ-ცალკე მათ გამოთრევას აზრი არა აქვს და შენობა მთლიანადაა დასანგრევიო"... და ყოველგვარი სამუშაოები შეწყვიტეს. აშშ-ის ხელისუფლების ოფიციალური პირების განცხადებით, საბჭოთა სპეცსამსახურებმა საელჩოს კომპლექსის ახალი შენობა ერთ ვეებერთელა მიკროფონად აქციეს. ამერიკის სპეცსამსახურები ცდილობდნენ გაერკვიათ, თუ სად დაუშვეს შეცდომა და როგორ შეძლო კა-გე-ბემ მათ ცხვირწინ მოსასმენი აპარატურის დამონტაჟება, მშენებარე საელჩოს კორპუსის კედლებში. თვით აღმოჩენილი აპარატურაც იმ დროისთვის უნიკალური იყო. კა-გე-ბეს სპეციალური ტექნიკის საკონსტრუქტორო ბიუროში შექმნილი საიდუმლო გამოგონების მუშაობის პრინციპი ამგვარი იყო: საუბრის მიმღებ-გადამცემი ელემენტები ჩამონტაჟებული იყო სამშენებლო კონსტრუქციებში, რომელსაც შემდეგ "საბჭოთა მუშები" (ანუ კა-გე-ბეს ოფიცრები) მოზაიკური პანოსავით, თანმიმდევრულად აწყობდნენ. მიმღები ანტენის ფუნქციას კი . . . სამშენებლო არმატურები ასრულებდა. სამშენებლო ბეტონის ფილებში ჩამონტაჟებულ "ჟუჩოკებს" ავტონომიური კვების წყარო ჰქონდა, რომელსაც განახლება არ სჭირდებოდა. კა-გე-ბეს გეგმით, საელჩოს კაბინეტებში ოდნავი ჩურჩულიც კი პირდაპირ მდებარე ეკლესიაში (!!!), კა-გე-ბეს მიერ დამონტაჟებულ მიმღებ აპარატურაზე უნდა ჩაწერილიყო, შემდეგ გაშიფრული მასალა იური ანდროპოვის სამუშაო მაგიდაზე უნდა დადებულიყო, იქიდან კი - პირდაპირ პოლიტბიუროში! ამერიკელები არ აპირებდნენ საელჩოს კომპლექსის ახალ შენობაში შესვლას.

ამ, მსოფლიო დონის სკანდალის შემდეგ, აშშ-ის კონგრესმა, 1985 წელს მიიღო სპეციალური კანონი, რომლის ძალითაც ვაშინგტონში უკვე აშენებულ საბჭოთა საელჩოში საბჭოთა დიპლომატების შესახლება იკრძალებოდა. კანონის მიხედვით, ორივე ქვეყნის დიპლომატების შესვლა ახლად აშენებულ საელჩოებში მხოლოდ პარალელურად და ერთდროულად უნდა მომხდარიყო.

ამერიკელებს დიდი არჩევანი არ ჰქონდათ: ან უნდა დაენგრიათ თითქმის დამთავრებული შენობა და ახალი აეგოთ (ერთსაც და მეორსაც ბევრი ფული სჭირდებოდა), ან ისევე, "მოჩვენებასავით" დაეტოვებინათ რვასართულიანი შენობა მოსკოვის ცენტრში. ამ ბჭობაში ბევრი რამ მოხდა - გორბაჩოვის "პერესტროიკამაც" ჩაიარა, თავის "გლასტნოსტთან" ერთად, გე-კა-ჩე-პემაც "გაიბრწყინა" და საბჭოთა კავშირიც დაინგრა. ამერიკელები კი კვლავ რაჭული სიდინჯით ირჯებოდნენ, სანამ 1991 წლის დეკემბერში საბჭოთა კა-გე-ბეს უკანასკნელმა ხელმძღვანელმა, ვადიმ ბაკატინმა, გორბაჩოვთან და ელცინთან შეთანხმების შემდეგ, ამერიკელებს საელჩოში დამონტაჟებული მოსასმენი აპარატურის 70-გვერდიანი, სრულიად საიდუმლო ტექნიკური დოკუმენტაცია არ გადასცა აშშ-ის ახალ ელჩს - რობერტ სტრაუსს და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს საბჭოთა მიმართულების ხელმძღვანელს, მილტონ ბირდენს. მხოლოდ ამის შემდეგ გაარკვიეს ამერიელებმა, რომ მოსასმენი აპარატურის დაყენება საბჭოთა პოლიტბიუროს მიერ იყო სანქცირებული, ხოლო სამშენებლო კონსტრუქციებში "ჟუჩოკები" ჯერ კიდევ ფინეთში, უშუალოდ ქარხანაში ჩაემონტაჟებინათ, მოსკოვში კი მხოლოდ გარკვეული სქემით (დომინოს პრინციპით) აწყობაღა იყო საჭირო, რათა ერთიანი "წრედი" შეკრულიყო. კა-გე-ბეს ამგვარი ეშმაკობა - სხვა ქვეყნის გამოყენება საკუთარი სადაზვერვო მიზნებისთვის, მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო ამერიკელებისათვის, რადგანაც მათთვის კარგად იყო ცნობილი, რომ ფინეთი, უმაღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელობით დაწყებული და ხელოვნების სფეროთი დამთავრებული, ჯერ კიდევ სტალინის დროიდან, "წითლად იყო აბიბინებული" საბჭოთა დაზვერვის "ყაყაჩოებით" - აგენტურითა და სანდო პირებით. ჯერ კიდევ არსებული, უფრო სწორად - ოდნავ მფეთქავი საბჭოთა ხელისუფლების მხრიდან დოკუმენტაციის გადაცემას ამერიკელები არ მოელოდნენ და ამიტომაც ეჭვის ჭია არ ასვენებდათ. მათ მიაჩნდათ, რომ მარადი მოწინააღმდეგე კვლავ ჩვეულად ბლეფობდა და ბოლომდე მაინც არ ენდობოდნენ, ამიტომაც შენობის დაკავებას არ ჩქარობდნენ. თუმცა მათ მაინც გამოიჩინეს კეთილი ნება და 1992 წლის 4 ივლისს უფლება მისცეს რუსს დიპლომატებს, დაეკავებინათ მრავალი წლის წინ აგებული საბჭოთა საელჩოს შენობა ვაშინგტონში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მხოლოდ 1994 წლის 28 ივლისს მიიღო საკუთარი საელჩოს "ტანჯული" შენობის რეკონსტრუქციის გადაწყვეტილება, რისთვისაც ბიუჯეტიდან დამატებით 240 მლნ დოლარი გამოიყო. სამშენებლო მასალები აშშ-დან შემოიტანეს, ასევე, ამერიკის მოქალაქე იყო ის 300 მუშაც, რომლებმაც მხოლოდ სათანადო შემოწმების შემდეგ მიიღეს მუშაობის უფლება.

რეკონსტრუქციის პროცესში მთლიანად შეცვალეს შენობის გარე მოპირკეთება, ხოლო ბოლო ორი სართული დაანგრიეს და ზემოდან ახალი ოთხი დააშენეს.

დიდი მკითხაობა არ უნდა იმის გარკვევას, რომ სწორედ ეს ბოლო სართულებია განკუთვნილი ელჩის და დაზვერვის რეზიდენტის კაბინეტებისთვის, ხოლო ქვემოთა ექვსი სართული, სადაც ამერიკელების აზრით, მოსასმენი აპარატურა კვლავ ჩართულია, გადაეცა საელჩოს შედარებით არასაიდუმლო - დამხმარე და ტექნიკურ სამსახურებს, სადაც, ძირითადად, რუსეთის მოქალაქენი მუშაობენ.

1999 წლის 12 მაისს საელჩო ოფიციალურად გაიხსნა და მასზე აშშ-ის დროშა აღიმართა. აი, ასეთი "ჰეპიენდით" დამთავრდა მოსკოვში ამერიკის საელჩოს ოცწლიანი ეპოპეა, რაც ამერიკელებს გათვალისწინებულზე ბევრ ფულად, "დაწყვეტილ" ნერვებად და მათი სპეცსამსახურების შელახულ რეპუტაციად დაუჯდათ.

ნათქვამია, "ბუნებაში არაფერი იკარგებაო", შეიძლება დავამატო - მით უფრო, სპეცსამსახურებში, განსაკუთრებით კი, შეცდომებისაგან მიღებული მწარე გამოცდილება. ამიტომაც ამ ისტორიას მოულოდნელი გაგრძელება თბილისში რომ არ ჰქონოდა, ამერიკელებმა თავი დაიზღვიეს და ახალი საელჩოს მშენებლობისას ცდილობდნენ, ყველა წვრილმანი გაეთვალისწინებინათ. საქართველოში საელჩოს გახსნა ამერიკელებს გერმანელებმა დაასწრეს. თუმცა იმ პერიოდში დიდი არჩევანი არ იყო და ორივე ქვეყანას, უსაფრთხოების თვალსაზრისით, საკმაოდ შეუფერებელ უბნებში და ძველ შენობებში მოუხდათ საელჩოების გახსნა. განსაკუთრებით ამერიკელებს არ გაუმართლათ, რადგანაც მათ ყველაზე დიდი დიპლომატიური კორპუსი ჰყავთ საქართველოში და ძველ შენობაში (სადაც ამჟამად საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაა) ფიზიკურად უჭირდათ განთავსება, რომ არაფერი ვთქვათ შეუმჩნეველ დაზვერვით საქმიანობაზე. აშშ-ის რომელიმე "მეგობარი" ქვეყნის (რუსეთი, ჩინეთი, ირანი და ა.შ.) აგენტურას საკმაოდ იოლად შეეძლო ამერიკელი მზვერავების იდენტიფიცირება. ამიტომაც ეს უკანასკნელნი იძულებულნი გახდნენ, თბილისის სხვადასხვა უბანში (მაგ. სასტუმრო "მეტეხში") გადაეტანათ საელჩოს რამდენიმე სამსახური. თანაც ზუსტად ის, რომელსაც ყველაზე ხშირად იყენებენ "სახურავად" სპეცსამსახურების ფარული თანამშრომლები.

ბოლოსდაბოლოს ამერიკელებმა თბილისში საელჩოს ახალი კომპლექსის აშენება გადაწყვიტეს და რადგანაც შიშს დიდი თვალები აქვს, 80-იან წლებში მოსკოვში დაშვებული შეცდომის თავიდან აცილებას მეტად გულმოდგინედ და საკმაოდ ორიგინალურად ცდილობდნენ. თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში, რომელიც ავტომანქანების ბაზრობებით, იაფი დუქნებითა და ამიტომაც, ყოველდღიური აურზაურით იყო გამორჩეული, საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე, ორმაგი მავთულხლართებისა და მაღალი, კაპიტალური კედლის მიღმა რამდენიმე წელი აშშ-ის საელჩოს ახალი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობდა.

გარკვევით მოჩანდა ნაგებობები, რომელიც ატომურ რეაქტორს წააგავდა, რეალურად კი... ჩვეულებრივი ქვიშის შემრევი ბუნკერები იყო, რომელთა საშუალებით, სამშენებლო ბეტონის ხსნარს ამზადებდნენ, შემდეგ კი საელჩოს მშენებლობაზე აწვდიდნენ. საელჩოს ტერიტორიაზე ატომური რეაქტორივით წამოჭიმულ ბუნკერებს, ასევე, "ატომურ რეჟიმში" იცავდნენ მაღალი კედლითა და მავთულხლართებით.

რა არგუმენტებით აირჩიეს მაშინ ამერიკელებმა საელჩოს ტერიტორიაზე ბეტონის ქარხნის მოწყობა და სამშენებლო კონსტრუქციების ადგილზე წარმოება - ფულის ეკონომიის თუ უსაფრთხოების? დაიცავს კი ამერიკელებს საელჩოს ტერიტორიაზე "ქვიშის კარიერის" მოწყობა სხვა ქვეყნების სპეცსამსახურების ფარული მოსმენებისაგან? სინტერესოა ისიც, თუ სად იყო ჩაწერილი ამერიკელი დიპლომატების საუბრები, რომელიც გავრცელებულ ფაილებში ფიგურირებს?

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს