რატომ გახდა ბრალის აღიარება "ჯაშუშთა საქმეების" მთავარ მტკიცებულებად? - კვირის პალიტრა

რატომ გახდა ბრალის აღიარება "ჯაშუშთა საქმეების" მთავარ მტკიცებულებად?

იხილეთ წინა ნაწილი

უკვე გავიხსენეთ "ჯაშუშობის" ოთხი, ყველაზე გახმაურებული, "შეკერილი" საქმე. რა დასკვნების გაკეთება შეიძლება? უმთავრესი ისაა, რომ "ნაცხელისუფლების" დავალებით სპეცსამსახურების ხელმძღვანელები "ჯაშუშობის" საქმეების გამოძიების პროცესში თავს არ იწუხებდნენ მყარი მტკიცებულებების მოპოვებით, საზოგადოებისათვის წარდგენით და სამართლებრივი სფეროდან აშკარად გადავიდნენ მტკიცებულებების შექმნაზე. მათ დაიწყეს ჯაშუშობის ბრალდებით საქმეების "შეკერვა", რასაც შემდეგ "რეალითი შოუების" სახით, თანაც - უდანაშაულობის პრეზუმპციის აშკარა და მრავალჯერადი დარღვევით, გვთავაზობდნენ ტელეეკრანებიდან. უცხო ქვეყნის ჯაშუშებს ყველა ქვეყანაში ებრძვიან, თუმცა ჯაშუშობა არ არის მარტივად დასამტკიცებელი დანაშაული. ამ დროს უმთავრესია აუცილებელი მტკიცებულებების შეგროვება და კანონის მიხედვით დოკუმენტირება. ხშირად ეს პროცესი თვეობით და წლობით გრძელდება. ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი პიროვნების ოპერატიული დამუშავება გულისხმობს: მისი ბიოგრაფიის დაწვრილებით ანალიზს, მისი შემოსავლების და ხარჯების შესწავლას; უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან საეჭვო კონტაქტების გამოვლენას, აგენტურის "ჩანერგვას" მის გარემოცვაში; გარე თვალთვალს; ფარულ მოსმენებს, ფარულ ფოტო და ვიდეოგადაღებებს, ელექტრონული ფოსტის შემოწმებას და სხვა. ამ ურთულეს პროცესში მთავარი მაინც მყარი ნივთმტკიცებულების მოპოვება და ეჭვმიტანილის დანაშაულის ადგილზე დაკავებაა.

ის სპეცსამსახური, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილ ოპერატიულ-ტექნიკურ ღონისძიებებს კანონის სრული დაცვით და შეუცდომლად განახორციელებს, ეჭვმიტანილის აღიარებით ჩვენებებზე უკვე აღარ იქნება დამოკიდებული და საზოგადოების მხრიდან კრიტიკასაც არ დაიმსახურებს. "ჯაშუში სახელმწიფო კანცელარიაში", "ჯაშუში ექსპერტი", "ოპერაცია "ენვერი", "ფოტორეპორტიორების საქმე", "კოჭოია ტერორისტები" და ჯერ კიდევ ბევრი გაუხმაურებელი საქმე, მხოლოდ ეჭვმიტანილების აღიარებით ჩვენებებს ეყრდნობოდა, სხვა მტკიცებულებები კი (გაყალბებული ფარული სატელეფონო საუბრები, დაკავებულთა კომპიუტერებსა და მეხსიერების ბარათებში მათი მაკომპრომეტირებელი მასალის დამატება და ა.შ.) - სპეცსამსახურების "შეკერილი" იყო. სასამართლო პროცესზე საქმის არსებით განხილვამდე არც მიდიოდნენ (რათა "მტკიცებულებების" გაყალბება არ დადასტურებულიყო), ისე უფორმებდნენ საპროცესო შეთანხმებას და "ჯაშუშებს" მალევე ათავისუფლებდნენ!

ბოლოსდაბოლოს, ეჭვმიტანილები თუ მართლაც ჯაშუშობდნენ, მათი დაპატიმრებისა და სატელევიზიო შოუების მოწყობის ნაცვლად, ხომ შეიძლებოდა "ოპერატიული თამაში" დაგვეწყო ჩვენს მოწინააღმდეგესთან და დაგვედგინა, თუ რა სახის საიდუმლო ინფორმაცია აინტერესებს მას და ამის შემდეგ ჩვენი ქვეყნისთვის სასარგებლო დეზინფორმაცია მიგვეწოდებინა? ამით ხომ არასასურველ სკანდალსაც ავიცილებდით (აბა, რა სატრაბახოა პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი წლების მანძილზე "ჯაშუში" იყო და ჩვენ ხუთი წლის შემდეგ გავიგეთო?) და რეალურ საქმესაც გააკეთებდა ჩვენი კონტრდაზვერვა.

ჯაშუშობის ბრალდებით მფრინავების, ექსპერტების და ფოტოგრაფების დაკავება ის შემთხვევები იყო, როდესაც თვალისმოსაჩვენებლად აკავებდენ "ჯაშუშებს", ამ დროს კი - საიდუმლო ინფორმაციის გადინების რეალური არხები შეუფერხებლად მოქმედებდა და მოქმედებს. უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები, უპირველესად, იმ საჯარო მოხელეებზე ნადირობენ, რომელთაც უშუალო შეხება აქვთ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებთან. ვითომ, ჩვენი სპეცსამსახურების შეფებმა არ იცოდნენ მოწინააღმდეგის მიერ მცდარ კვალზე დაყენების, რეალური აგენტის შესანიღბად მაკომპრომეტირებელი "ფაქტების" და "დოკუმენტების" შექმნის და ამ გზით უდანაშაულო, პატრიოტი და პროფესიონალი კადრების განეიტრალების სპეცოპერაციების შესახებ? თუ შეგნებულად მოქმედებდნენ ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ? ახლა ბრალის აღიარების ყველაზე მტკივნეულ თემას დავუბრუნდეთ. ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა, ნარკოტიკებით გაბრუება, ოჯახის წევრების წამებისა და ლიკვიდაციის მუქარა - აი, ის ძირითადი მეთოდები, რითაც "ნაცხელისუფლება" ჯაშუშობის ბრალდების აღიარებას აღწევდა. ბოროტი მიზნების მიღწევის ეს გზა ისეთივე ძველია, როგორც - სამყარო. ძალზე შორს რომ არ წავიდეთ, ჩვენი ყოფილი ქვეყნის - საბჭოთა კავშირის ისტორიის სტალინის პერიოდი გავიხსენოთ, როდესაც დანაშაულის აღიარება, თუნდაც - "ლონდონიდან ბომბეიმდე გვირაბის გაყვანა", მთავარი და გადამწყვეტი მტკიცებულება იყო.

სტალინი და ვიშინსკი

საბჭოთა მართლმსაჯულების ყველაზე "ბნელი" პრაქტიკა - ეჭვმიტანილის აღიარებითი ჩვენების გადამწყვეტი როლი სხვა მტკიცებულებებთან შედარებით, ანდრეი ვიშინსკის (1883-1954 წწ.) სახელს უკავშირდება. ის საბჭოთა დიქტატორის - იოსებ სტალინის მარჯვენა ხელი იყო. სწორედ ვიშინსკი ხელმძღვანელობდა 1930-იანი წლების სისხლიანი რეპრესიების სასამართლო განაჩენით "გაპრავების" პროცესს. ის 1935-1939 წლებში საბჭოთა კავშირის პროკურორი იყო და სტალინის ოპოზიციის (ბუხარინის, რიკოვის, კამენევის, ზინოვიევის და სხვ.) რეზონანსულ საქმეებზე სახელმწიფო ბრალმდებლად გამოდიოდა. ამიტომაც იყო, რომ თუ რომელიმე ყოფილი საბჭოთა კომუნისტი არაადამიანური წამების შედეგად "აღიარებდა" სახელმწიფო გადატრიალების მომზადებას, სხვა ქვეყნის სპეცსამსახურის აგენტობას და ამ მიზნით, ბომბეიდან - ლონდონამდე გვირაბის გაყვანას, სხვა მტკიცებულება უკვე აღარ იყო საჭირო, ისე მიჰყავდათ დასახვრეტად. "ნაცხელისუფლებამაც" ეს გზა აირჩია: საშინელი წამებები ციხეებში აღიარებითი ჩვენებების მიღების ძირითადი საშუალება იყო, ამ დროს კი რუსეთის აგენტურა ლაღად მოქმედებდა.

პოლიტიკურ ტექნოლოგიებში ჩახედული ხალხი ამტკიცებს, რომ პიარი, "შავი" იქნება თუ "თეთრი", პოლიტიკოსისთვის ისევე აუცილებელია, როგორც ხინკალზე - პილპილი. "ნაცხელისუფლების" მთავარი მიზანი "ჯაშუშების გამოვლენის" მოჩვენებითი აქტიურობითა და "პატრიოტიზმით" ხალხის გაბრუება იყო. დღევანდელი გადასახედიდან უნდა ვაღიაროთ: ნაწილობრივ, მათ ეს შეძლეს. საქართველოს მიმნდობ მოქალაქეებს მათი რჩეული პოლიტიკოსების "პატრიოტიზმი" დღემდე ექსტაზში აგდებთ. ილია ჭავჭავაძე წერდა: "ბრმად თაყვანისცემა რისიმე, თუ ვისიმე, კერპთმსახურებაა და ყოველს მონობაზე უარესი და უკადრისი მონობაა" . ეს სიტყვები განსაკუთრებით დღესაა აქტუალური. კიდევ ერთი: აუცილებელია, რომ მოხდეს "ჯაშუშთა საქმეების" გასაჯაროება, რათა დავინახოთ, თუ ვინ და როგორ აყალბებდა მტკიცებულებებს. არსებობს დადასტურებული ინფორმაცია, რომ რეაბილიტაციასა და მათი საქმისთვის გრიფით "საიდუმლოს" მოხსნაზე ყოფილ "ჯაშუშებს დღესაც უარს ეუბნებიან. ეს ძალზე პრინციპული საკითხი და კიდევ ერთი ტესტია დღევანდელი ხელისუფლებითვის.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს