საქართველოს სპეცსამსახურები: კადრები წყვეტენ ყველაფერს, მაგრამ თუ კადრებმა იკადრეს... - კვირის პალიტრა

საქართველოს სპეცსამსახურები: კადრები წყვეტენ ყველაფერს, მაგრამ თუ კადრებმა იკადრეს...

ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ლეგენდარული შეფი - ალენ დალესი (1893-1969) აღნიშნავდა, რომ სპეცსამსახურის ჩავარდნა მხოლოდ ამ სამსახურის მოქმედებებისა და შესაძლებლობების მასშტაბს გვიჩვენებს, ხოლო სერიოზული სპეცსამსახურები არასდროს ამხელენ წარმატებებსო. შეიძლება მხოლოდ ის დავამატო, რომ ნებისმიერი ქვეყნის სპეცსამსახურების მუშაობის ეფექტიანობა ამ ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და ა.შ. სტაბილურობაში აისახება: ეს კი ხელისგულზე დევს და არასდროს იმალება. თუ ქვეყანა შიდა და გარე საფრთხეებისგან დაუცველია, იქ სხვა ქვეყნების მიერ პროვოცირებული მუდმივი დესტაბილზაციაა, დამეთანხმეთ სპეცსამსახურების რა ეფექტიანობაზე შეიძლება ამ დროს საუბარი? "სუსტი სპეცსამსახურები სუსტ სახელმწიფოს" ნიშნავს და ესეცაა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ჩვენი ქვეყნის საერთო-სახელმწიფოებრივი სისუსტისა. თავიდანვე უნდა აღვნიშნო, რომ 1991 წლიდან მოყოლებული, სპეცსამსახურების მდგომარეობის ობიექტური ანალიზი დიდი გულისტკივილის გარეშე შეუძლებელია. ვინც ჩვენი სპეცსამსახურების ადრინდელი კატასტროფული მდგომარეობის და დღეს არსებული ნაკლოვანებების შელამაზებას შეეცდება, ის საქართველოს მტრების წისქვილზე ასხამს წყალს.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ყველა ქვეყანა ისეთ სპეცსამსახურს იმსახურებს, როგორი კადრიც ჰყავს. დღეს აქ წამოჭრილი პრობლემები "არახალია, ძველია" და უკვე სამი ათეული წელია, "დამოკლეს მახვილივით" ემუქრება ჩვენს ქვეყანას. სპეცსამსახურებს საუკუნეების მანძილზე აშენებენ, ხოლო დანგრევა... სპეცსამსახურის დანგრევა ჩიტის გაფრენასავით სწრაფად ხდება და არასწორი საკადრო პოლიტიკით იწყება. სამწუხაროდ, ჩვენს პოზიცია-ოპოზიციას არ ახსოვს ეს ჭეშმარიტება.

საზოგადოების რომელ ფენებში ვეძებთ და როგორ ვამზადებთ სპეცსამსახურების მომავალ კადრებს? რამდენად ვითვალისწინებთ სხვა ქვეყნების გამოცდილებას? - ეს ის კითხვებია, რომელზეც პასუხის გაცემა უაღრესად აქტუალურია. ყველა ქვეყნის სპეცსამსახურს კადრების შერჩევისა და მომზადების საკუთარი ხელწერა აქვს. შორეულ 1935 წლის 4 მაისს საბჭოთა დიქტატორმა იოსებ სტალინმა წარმოთქვა მარტივი ფრაზა, რომელიც კომუნისტურმა იდეოლოგიურმა მანქანამ ლოზუნგად აქცია: "კადრები წყვეტენ ყველაფერს". სტალინს კარგად ესმოდა სპეცსამსახურის მნიშვნელობა და ეფექტიანადაც იყენებდა მის მთელ "სიკეთეს". ის პირადად აკონტროლებდა საბჭოთა სპეცსამსახურების მუშაობას და თავად წყვეტდა საკადრო საკითხსაც. ქვემოთ გაეცნობით სრულიად საიდუმლო დოკუმენტს სტალინის პირადი არქივიდან, რომელიც დღევანდელ ჩვენს თემას ეხება. 1939 წლის 25 აგვისტოს სტალინმა საბჭოთა სამხედრო დაზვერვის უფროსს, ივან პროსკუროვს შემდეგი შინაარსის საიდუმლო ბარათი გაუგზავნა:

"ამხ. პროსკუროვს

არსებობს მთავრობის დადგენილება იმის შესახებ, რომ დაზვერვაში თანამშრომლებად არ აიყვანონ პოლონელები, ფინელები, ლატვიელები, ესტონელები, გერმანელები და ა.შ. ვინ გაუწია რეკომენდაცია თქვენთან ამ ფინელს, რომელიც გაურკვეველი მიზეზების გამო ვოროშილოვის გვარს ატარებს?

ი.სტ" .

რა ბედი ეწია "დიდი ბელადის" რისხვის მთავარ მიზეზს - ვინმე, ვოროშილოვსა და მის რეკომენდატორებს, უცნობია. ესპანეთის ომის გმირს, გენერალ-ლეიტენანტ ივან პროსკუროვს (1907-1941) კი მძიმე ხვედრი ერგო: ის 1941 წლის 28 ოქტომბერს დახვრიტეს, როგორც სამხედრო შეთქმულების "ორგანიზატორი".

ივანე პროსკუროვი

მფრინავი, საბჭოთა კავშირის გმირი ი. პროსკუროვი სტალინის ფავორიტი იყო და სწორედ მისი გადაწყვეტილებით, 1939 წლის 14 აპრილს, დაზვერვის სპეციფიკაში სრულიად გამოუცდელი, ოცდათორმეტი წლის ასაკში დანიშნეს სამხედრო დაზვერვის უფროსად. ორი წლის შემდეგ დააპატიმრეს და დახვრიტეს - ასეთია დიქტატორების წყალობა და რისხვა: ან მოულოდნელი აღზევება რა იყო, ან ასეთი სასტიკი ანგარიშსწორება? აქ როგორ არ გავიხსენოთ მურმან ლებანიძის ლექსის ერთი და მთავარი პწკარედი:

"არ შეგეშალოს, არ გაბრიყვდე, არ იყო ბავშვი - არამც და არამც არ ჩაუჯდე ხელმწიფეს ნავში"!

მსოფლიოში დაზვერვისა და კონტრდაზვერვის კადრების მომზადების ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ და ეფექტიან სკოლად ითვლებოდა საბჭოთა სკოლა. 1930-იან წლებში საბჭოთა კავშირში, შინსახკომის სისტემაში (სადაც მაშინ გაერთიანებული იყო უშიშროებაც), 1938 წლის 3 ოქტომბერს მოსკოვიდან 25 კმ-ს დაცილებით, ტყეში, უცხო თვალისგან მოშორებით, შეიქმნა განსაკუთრებული დანიშნულების სკოლა (მისი პირველი უფროსი - ვლადიმერ შარმაზანაშვილი (1900-1984), მოსამზადებელი კონტიგენტი - 30 მზვერავი, მომზადების ხანგრძლივობა კი - ერთი წელი იყო), რომელსაც შემდეგ 101-ე სკოლის და დაზვერვის უმაღლესი სკოლის სახელიც ერქვა (კოდური სახელწოდება "ტყე"). ის იყო საბჭოთა იმპერიის დაზვერვის კადრების მომზადების ძირითადი "სამჭედლო". სკოლას გააჩნდა იმ დროისათვის ყველა პირობა (აუდიტორიები, ყაზარმები, სპორტული დარბაზები, სპეცბიბლიოთეკები და ა.შ.) მსმენელთა მაღალ დონეზე მოსამზადებლად.

ვლადიმერ შარმაზანაშვილი

სასწავლო პროგრამა განკუთვნილი იყო მხოლოდ უმაღლესი განათლების პირთათვის. სპეციალობების მხრივ შეზღუდვა თითქმის არ იყო - სპეცსამსახურს სჭირდებოდა ყველა დარგის სპეციალისტი. ერთწლიან პროგრამას გადიოდნენ უცხო ენის კარგად მცოდნენი, ხოლო ორწლიანს - ვისაც ამ კუთხით პრობლემები ჰქონდა. "სკოლაში" მხოლოდ ცხოვრებისეული გამოცდილების მქონე პირებს იღებდნენ. მათ უფორმდებოდათ ხანგრძლივი მივლინება შორეულ აღმოსავლეთში და მსმენელების ოჯახის წევრებმაც "სკოლის" დამთავრებამდე არ იცოდნენ, თუ  სად იყვნენ ისინი სინამდვილეში. ისწავლებოდა: სპეცდისციპლინა N#1- ანუ "დაზვერვის ხელოვნება"; ოპერატიული მუშაობის მეთოდები; აგენტურის მოპოვება; ოპერატიული ტექნიკის გამოყენება და ა.შ. სპეცსამსახურის თანამშრომელთა, როგორც "განსაკუთრებული კასტის" ჩამოყალიბება ჯერ კიდევ სწავლის პროცესიდან იწყებოდა, რასაც შემდეგი გარემოებანი განაპირობდნენ: ისინი სწავლობდნენ განსაკუთრებული საიდუმლოების პირობებში, სწავლობდნენ იმ დისციპლინებს, რომლებსაც სხვა არავინ სწავლობდა, პედაგოგები (ძირითადად, სპეცსამსახურების ვეტერანები) ფსიქოლოგიურად ამზადებდნენ და აჩვევდნენ იმ აზრს, რომ საბჭოთა უშიშროების თანამშრომელი გამორჩეული პიროვნება და ქვეყანაში ყველაზე საიდუმლო ორგანიზაციის წევრი იყო, ასწავლიდნენ ადამიანთა სუსტ მხარეებს.

უნდობლობა ყველასადმი - აი რა იყო "სკოლის" მიზანი. არსად, არასდროს, არავის ბოლომდე არ ენდო, ხანდახან საკუთარ თავსაც - ასე მოძღვრავდნენ მომავალ კადრებს. სემინარების დროს დაწვრილებით განიხილავდნენ სხვადასხვა რეალურ და მოგონილ ოპერატიულ სიტუაციებს. პრაქტიკული მეცადინეობები ტარდებოდა პირდაპირ მოსკოვის ქუჩებში: სამალავთან გარე თვალთვალისგან შეუმჩნევლად მისვლა და მათგან თავდაღწევა (რისთვისაც უნდა სცოდნოდათ თითქმის ყველა ქუჩა და სახლი, განსაკუთრებით კი - ისინი, რომელსაც ორი გასასვლელი ჰქონდა); წერითი დავალებები: გადმობირების კომბინაცია, ბიოგრაფიული ლეგენდის შექმნა და ა.შ. 1960-იანი წლების მეორე ნახევრიდან საბჭოთა სპეცსამსახურების თანამშრომელთა ფულადი უზრუნველყოფა და სახელმწიფოს მიერ შექმნილი სოციალური შეღავათები (ორ წელიწადში ბინა, ტელეფონის დაყენება - უპრობლემოდ, ავტომობილის შეძენა სახელმწიფო ფასში და ხშირი პერიოდულობით, საკმაოდ მაღალი ხელფასი და შემდეგ - პენსია და სხვ.) იმ პერიოდისათვის საზოგადოების სხვა ფენებისგან მკვეთრად გამოარჩევდა საიდუმლო ორგანიზაციების თანამშრომლებს და ხელს უწყობდა მათგან ერთგვარი, "მასონური ლოჟის" ჩამოყალიბებას. ეს შინაგანი უპირატესობის გრძნობა სპეცსამსახურის თანამშრომელს მთელი ცხოვრების მანძილზე მიჰყვებოდა.

დაზვერვის კადრების მომზადების მხრივ სუკ-ის სისტემაში ძალზე პრესტიჟული იყო კა-გე-ბეს უმაღლესი სკოლა (ინსტიტუტი), რომელსაც 1984 წლიდან ი. ანდროპოვის სახელი ეწოდა. 1994 წლიდან ის უკვე რუსეთის საგარეო დაზვერვის აკადემიაა. მოკავშირე რესპუბლიკებში (მინსკი, თბილისი და სხვ.) კონტრდაზვერვის კადრების მოსამზადებლად მოქმედებდა კა-გე-ბეს უმაღლესი კურსებიც. იმდროინდელ საბჭოთა კავშირში და დღევანდელ რუსეთში, სპეცსამსახურების კადრების მომზადების მხრივ, ყველაზე ელიტური მაინც იყო და რჩება სამხედრო-პოლიტიკური აკადემია (კოდური სახელწოდება - "კონსერვატორია"). ეს სპეცსასწავლებელი კადრებს, ძირითადად, უმზადებს სამხედრო დაზვერვას - გენერალური შტაბის დაზვერვის მთავარ სამმართველოს (გე-ერ-უს), იშვიათად - კა-გე-ბეს. აქ სწავლის პერიოდი სამი წელია, იღებენ მხოლოდ უმაღლესდამთავრებულებს, ხუთი რეკომენდაციით, ღრმა შესწავლის და სპეცშემოწმების შემდეგ. იქ უმკაცრესი სამხედრო დისციპლინაა, მაღალი მოთხოვნებია სპეცდისციპლინებში, სამხედრო სტრატეგიისა და ტაქტიკის ხელოვნებაში, უცხო ენებში, ფიზიკურ მომზადებაში და ა.შ. მსმენელებს, თეორიულ ცოდნასთან ერთად, ეძლევათ საკმაოდ რთული პრაქტიკული დავალებები (მაგ. ერთ-ერთი ითვალისწინებს მკაცრად დაცულ სამხედრო ობიექტებზე სანდო პირის მოპოვებას და მისგან ინფორმაციის მიღებას; მოსკოვის ქუჩებში და სკვერებში სამალავების მოწყობას; გარე თვალთვალის ჯგუფისგან თავდაღწევას და ა.შ.).

საბჭოთა (ამჟამად რუსული) სპეცსამსახურები კადრების მომზადების პროცესში დაუზარლად იყენებენ იდეოლოგიურ წნეხს, რათა მომავალი თანამშრომლები იყვნენ ფანატიკოსი პატრიოტები, მაგრამ რამდენად აღწევენ ამ ამოცანას - ეს უკვე ცალკე თემაა. საინტერსეო ფაქტია, რომ თბილისი საბჭოთა სამხედრო კონტრმზვერავების მომზადების ძირითადი ცენტრი იყო და მომავალი კონტრშპიონაჟის ოსტატები ვაკის პარკში დასეირნობდნენ. კა-გე-ბეს ვეტერანები იხსენებენ, რომ თბილისში, ვაკის პარკის წინ, ყოფილი გეოლოგიის დეპარტამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამსართულიან, წითელი გრანიტით მოპირკეთებულ შენობაში 1950-იანი წლების ბოლოს განთავსებული იყო კა-გე-ბეს ორწლიანი სპეცსკოლა, რომელიც უკიდეგანო საბჭოთა იმპერიის სამხედრო ნაწილებში არსებული განსაკუთრებული განყოფილებებისათვის ამზადებდა ე.წ. ოსობისტებს ანუ სამხედრო კონტრმზვერავებს. სსრკ-ის დაშლამდე შეიარაღებულ ძალებში მოქმედი "განსაკუთრებული განყოფილებები" უშუალოდ კა-გე-ბეს მე-3, მთავარ სამმართველოს (სამხედრო კონტრდაზვერვა) ექვემდებარებოდნენ და მისი "თვალი და ყური" იყვნენ საბჭოთა შეიარაღებულ ძალებში, მათ შორის - გენერალურ შტაბში და გე-ერ-უშიც. სამხედრო კონტრმზვერავების მოსამზადებელ სკოლებში ასწავლიდნენ შემდეგ სპეცდისციპლინებს: ოპერატიული მუშაობის საფუძვლები, სამხედროებისა და მოქალაქეების გადმობირების განსხვავება-თავისებურებები; გარე თვალთვალის (მეთვალყურეობის) წარმოება; სისხლის სამართალი, კრიმინალისტიკა და სხვ.

ოპერატიული მუშაობის პრაქტიკულ კურსს უძღვებოდნენ ცნობილი "სმერშის" (იშიფრება: "смерть шпионам!"-სამხედრო კონტრდაზვერვის დანაყოფი, რომელიც ომის დასაწყისშივე შეიქმნა სტალინის ბრძანებით, სახელიც მან შეურჩია) ყოფილი ოფიცრები. საცეცხლე მომზადებას გადიოდნენ იქვე ახლოს, კუს ტბის მიდამოებში - მთის ფერდობებზე. სპეცსკოლის დამთავრების შემდეგ სამხედრო კონტრმზვერავებს მთავარ ამოცანად უსახავდნენ: ოპერატიული მომსახურების ქვეშ მყოფ ობიექტზე ოპერატიული მდგომარეობის ზედმიწევნით ცოდნას; მოწინააღმდეგის მხრიდან აგენტურული შეღწევის თავიდან ასაცილებლად შესაბამისი, წინმსწრები პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარებას (არასანდო სამხედროებზე მუდმივი თვალთვალი, მათი პირადი კორესპონდენციის პერლუსტრაცია და ა.შ.) და, რაც მთავარია: ჯარისკაცებისა და ოფიცრების გადმობირება და მათგან მომავალი აგენტურის შექმნა. ამიტომაც დღეს საქართველოს ტერიტორიაზე აქტიურად მოქმედ უცხოეთის აგენტურაში ძალზე ბევრი სწორედ საბჭოთა არმიის რიგებში სამსახურისას არის კა-გე-ბეს მიერ გადაბირებული. თუ როგორ ეძებენ და ამზადებენ კადრებს სხვა ქვეყნების სპეცსამსახურები, ამაზე შემდეგ ვისაუბროთ.

(პირველი ნაწილის დასასრული)

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს