როგორ ამზადებს მომავალ მზვერავებს ისრაელის მოსადი და რატომ ეძებენ დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურები კომპიუტერული თამაშების მოყვარულ "თინეიჯერებს"? - კვირის პალიტრა

როგორ ამზადებს მომავალ მზვერავებს ისრაელის მოსადი და რატომ ეძებენ დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურები კომპიუტერული თამაშების მოყვარულ "თინეიჯერებს"?

იხილეთ წინა ნაწილი

გასული საუკუნის 90-იან წლებიდან სარეკლამო განცხადებებით საკადრო დეფიციტს ავსებდნენ: ისრაელის საგარეო დაზვერვა (მოსადი); დიდი ბრიტანეთის სამხედრო კონტრდაზვერვა ("მი-5") და დაზვერვა ("მი-6"); ასევე, კანადის უშიშროებისა და დაზვერვის სამსახური და სხვ. თავიდანვე უნდა ითქვას: ზოგიერთმა მკითხველმა, მიუხედავად იმისა, რომ ტექსტში გარკვევით იყო აღნიშნული, კარგად ვერ გაიგო, რომ სპეცსამსახურები სარეკლამო განცხადებებით სამუშაოდ საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს იწვევენ. სხვანაირად არც შეიძლება, იყოს: უცხო ქვეყნის მოქალაქე ამ სპეცსამსახურის აგენტი იქნება და არა - შტატის თანამშრომელი. მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო დაზვერვას - ისრაელის მოსადს კადრების შერჩევისა და მომზადების ძალზე მკაცრი სისტემა აქვს: საგაზეთო განცხადებებით ან რეკომენდაციებით არჩევენ 27-40 წლის სამხედრო მომზადებაგავლილ, უცხო ენების მცოდნე პირებს. ანკეტური მონაცემების შესწავლის შემდეგ კანდიდატებს, რამდენიმე თვის მანძილზე, უტარდებათ რთული ფსიქოლოგიური და სამედიცინო ტესტირება. სწორედ ამ ეტაპზეა "გაცხრილვის" ყველაზე დიდი მაჩვენებელი.

მომავალი ოფიცრების საკმაოდ შეთხელებულ რიგებს ახალი, უკვე პრაქტიკული გამოცდები ელის: ის შეუმჩნევლად უნდა შევიდეს რომელიმე, მკაცრად დაცულ ოფისში, დოკუმენტების გარეშე "გაძვრეს" აეროპორტის სასაზღვრო კონტროლზე და ა.შ. შერჩევითი შემოწმების ამ ეტაპზე კანდიდატი არაფრისგანაა დაზღვეული, ის შეიძლება "პოლიციამ" (ანუ გამომცდელებმა) დააკავონ და მკაცრად დაჰკითხონ. არ შეიძლება შეთხზული "ლეგენდიდან" გადახვევა და ნამდვილი ბიოგრაფიული ფაქტების დასახელება. ყველა ვერ უძლებს და კანდიდატთა რიგები ისევ მცირდება. მომდევნო და ყველაზე რთული შემოწმება მაშინ იწყება, როცა მომავალ თანამშრომელს საბუთებისა და ფულის გარეშე უცხო ქვეყანაში ტოვებენ. საჭიროა ისრაელში დაბრუნება, მაგრამ ისე, რომ კანდიდატმა არ უნდა გაამხილოს ნამდვილი გვარი, არ მიმართოს დახმარებისთვის საელჩოს ან ადგილობრივ ებრაელთა სათვისტომოს. ამ ეტაპის შემდეგ კი მომავალმა ოფიცრებმა "პროლეტარიატის დიდ ბელადს" - ლენინს უნდა დაუჯერონ - სწავლა, სწავლა და მათ შორის... სმისა და დროსტარების სწავლაც.

გასული საუკუნის 60-იან წლებში მოსადი საკმაოდ რთული პრობლემის წინაშე აღმოჩნდა. უცხოეთში არალეგალურად გაგზავნილმა ებრაელმა მზვერავებმა არ იცოდნენ... ალკოჰოლის სმა. ისინი სწრაფად თვრებოდნენ და პირველსავე შემხვედრს გულს უხსნიდნენ ან საიდუმლო დოკუმენტებს კარგავდნენ. ისრაელის დაზვერვის სუსტი წერტილი მალევე შეიტყო მტერ-მოყვარემ და იყო ერთი შეჯიბრი საბჭოთა და ამერიკის მზვერავებს შორის - პირველი ვინ დაათრობდა "დავითის შთამომავლებს." მოსადის ხელმძღვანელობამ ამ პრობლემის გადაწყვეტის საინტერესო გზას მიაგნო. მათ მოსამზადებელი კურსები გახსნეს, სადაც ახალგაზრდა მზვერავებს ასწავლიდნენ სასმელის დეგუსტირებას, სასმელის შესაბამისი ისეთი კერძის შერჩევას, რომელიც სპირტის ზემოქმედებას გაანეიტრალებდა. სასწავლო კურსების დამთავრების შემდეგ სპეციალური ბანკეტი-გამოცდა ეწყობოდა, სადაც ახალგაზრდა მზვერავების სმისა და ზარხოშის პროცესს ხელმძღვანელობა დიდი გულისყურით აკვირდებოდა. მოსადის შტატში ჩარიცხულებს თავდადებული მუშაობის კარგი მოტივაცია აქვთ: მაღალი ხელფასი (ოპერატიულ თანამშრომლებს - 5-6 ათასი, ქვედანაყოფის უფროსს - 7-9 ათასი, დირექტორს - 14-15 ათასი დოლარი თვეში), გარანტირებული სოციალური დაცვა და, რაც მთავარია, უდიდესი სიყვარული და ავტორიტეტი ხალხში. ალბათ, ეს ბოლო ფაქტორია მთავარი მიზეზი იმისა, რომ ისრაელის სპეცსამსახურების რიგებში ძალზე ცოტა მოღალატეა. მოსადის თანამშრომლისთვის შემოწმების პროცესი, ფაქტობრივად, სიცოცხლის ბოლომდე (ღიად და ფარულად) გრძელდება. მოსადის ემბლემა

მოსადი ამგვარად ეპატიჟება მომავალ მზვერავებს: "მოგესალმებით თქვენ, ყველა რელიგიის, ეროვნებისა და პროფესიის წარმომადგენლებს. გეპატიჟებით, დაუკავშირდეთ ჩვენს ორგანიზაციას - მოსადს, იმუშაოთ ჩვენთან ან მიიღოთ მონაწილეობა ჩვენს საქმიანობაში, ამასთან, მიიღებთ არა მხოლოდ მნიშვნელოვან პირად სარგებელს, არამედ - შესაძლებლობას, მოახდინოთ გავლენა გარემომცველ რეალობაზე. ჩვენთან დაკავშირების პირველ ეტაპზე ტარდება თქვენი კანდიდატურის ვარგისიანობის შეფასება. თქვენ შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ აბსოლუტურ კონფიდენციალურობაში და ჩვენი მხრიდან - მაქსიმალურ ზრუნვაში. ეს არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი და საფუძველი, რომელზედაც აგებულია ჩვენი კომუნიკაცია თქვენთან. ჩვენ ვზრუნავთ თქვენს უსაფრთხოებაზე და კონფიდენციალურობაზე. ამასთან დაკავშირებით, წარმოგიდგენთ რიგ რეკომენდაციებს, რომლებსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ ჩვენთან პირველ კონტაქტამდე. ჩვენ ვიცით, რომ გარკვეული პირები, უცხოური ორგანიზაციები და ტერორისტული ჯგუფებიც კი, აკვირდებიან დაზვერვის სტრუქტურების საქმიანობას მთელ მსოფლიოში და მათ შეუძლიათ, დააფიქსირონ თქვენი ინტერესი ჩვენს ორგანიზაციასთან კონტაქტებით. ჩვენ გირჩევთ გაითვალისწინოთ და აწონ-დაწონოთ, რამდენად უსაფრთხო იქნება თქვენთვის, დაგვიკავშირდეთ იმ დროს, სადაც იმყოფებით, იმ მომენტში და იმ კომპიუტერის გამოყენებით, რომელსაც იყენებთ. შესაძლოა, უკეთესი იყოს  დაგვიკავშირდეთ კომპიუტერის გამოყენებით, რომელიც პირდაპირ არ არის დაკავშირებული თქვენთან".

2017 წლის დასაწყისში მოსადმა პირველად წამოიწყო სარეკლამო კამპანია ქალი მზვერავების კანდიდატების შერჩევის მიზნით. შესაბამისი განცხადებები პრესაში და სამსახურის ვებგვერდზე გამოჩნდა. "გვჭირდება ძლიერი ქალები", - ნათქვამი იყო სარეკლამო განცხადებაში. ამ დროისთვის მოსადის თანამშრომლების 40% მდედრობითი სქესის თანამშრომელია, რომელთაგან, დაახლოებით, 25%-ს უკავია ხელმძღვანელი პოზიციები, მათ შორის - ოპერატიული მუშაობის მიმართულებითაც. უკანასკნელ წლებში ისრაელის სპეცსამსახურები თანამშრომლების შერჩევის საკმაოდ ორიგინალურ მეთოდს იყენებენ. მაგალითად, მათთვის, ვისაც სურს, გახდეს კონტრდაზვერვის ოფიცერი, ისრაელის კონტრდაზვერვის სამსახურმა (შინბეთი) გამოაქვეყნა რთული, მრავალსაფეხურიანი ამოცანა-დავალება. ამ გამოწვევას მრავალი ქვეყნიდან გამოეხმაურნენ. ერთი თვის მანძილზე საიტზე დარეგისტრირდა ნახევარი მილიონი ვიზიტი თითქმის 140 ქვეყნიდან, მათგან ტესტის გავლა მხოლოდ 34-მა აპლიკანტმა შეძლო და მხოლოდ ერთმა დაძლია უმაღლესი სირთულის დონე. თავის მხრივ, 2018 წლის აპრილში მოსადმა ინტერნეტში გამოაქვეყნა კომპიუტერული კოდი, რომლის გამშიფრავსაც სამუშაოდ აყვანას ჰპირდებოდა. დაახლოებით, ამ გზით წავიდნენ დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურებიც. ისინი "კიბერსპეციალისტებს" ოქსფორდისა და კემბრიჯის უნივერსიტეტების გარდა, სიგარეტის კვამლით გაბოლილი, კომპიუტერული თამაშების სალონებშიც კი ეძებენ.

დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი სპეცსამსახურის (სამთავრობო კავშირის ცენტრი) ხელმძღვანელობა სპეციალური გამოკვლევების შემდეგ დარწმუნდა, რომ ჯაშუშური კომპიუტერული თამაშების მოყვარული "თინეიჯერები" კარგად ერკვევიან უახლეს ტექნოლოგიებში, არიან ძალზე მოხერხებულნი და სპეცაგენტის საქმიანობაზეც უკვე აქვთ წარმოდგენა.

მომავალი "ჯეიმს ბონდების" გამოყენება თავდაპირველად სახელმწიფო კომპიტერული სისტემების კიბერშეტევებისგან თავდასაცავად და ფარული მოსმენებისთვის იგეგემება, შემდეგ კი შესაძლებელია, უფრო რთული დავალებების შესრულებაც მოუხდეთ. სპეცსამსახურებში თანამშრომლების შერჩევა საინფორმაციო-სარეკლამო განცხადებების საფუძველზე, საკადრო პოლიტიკის ობიექტურობას, რაღა თქმა უნდა, ზრდის, თუმცა ამ პროცესს შესაძლოა, ჰქონდეს ნეგატიური მხარეც. საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაცია "ალ-ქაიდას" წევრები სწორედ ამ გზით ცდილობდნენ სამუშაოდ მოწყობილიყვნენ დიდი ბრიტანეთის კონტრდაზვერვაში ("მი-5"). ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, ტერორისტებს ეს გეგმა რომ შეესრულებინათ და თავიანთი ხალხი "ჩაენერგათ" "მი-5"-ში, მაშინ ყველა ანტიტერორისტული ოპერაციის დეტალები თავად ტერორისტებისთვის იქნებოდა ცნობილი და კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა "მი-5"-ის შემდგომი საქმიანობის ეფექტიანობა. საბედნიეროდ, სამუშაოდ მისაღები კანდიდატების დეტალური და 6-8-თვიანი სპეცშემოწმების შედეგად, დროულად მოხერხდა ტერორისტების სახიფათო ჩანაფიქრის განეიტრალება. ახალი კადრების შერჩევის საინტერესო სისტემაა კანადაშიც, სადაც უშიშროებისა და დაზვერვის სამსახურის კადრების განყოფილებაში ყოველწლიურად 50-80 ვაკანსიაზე 4000-მდე (!!!) განცხადება შედის. აუცილებელი მოთხოვნებია: კანადის მოქალაქეობა და უმაღლესი განათლება. ამის შემდეგ იწყება რუტინული და მკაცრი შემოწმების 9-10-თვიანი პერიოდი: ბიოგრაფიული მონაცემების შესწავლა; ფსიქოლოგიური ტესტირება და შემოწმება "სიცრუის დეტექტორზე". შემდეგ - სამთვიანი მომზადება ოტავის შტაბ-ბინაში და ორწლიანი სტაჟირება დაბალი რანგის თანამდებობებზე - მხოლოდ ამ საფეხურების გავლის შემდეგაა შესაძლებელი კანადის სპეცსამსახურში ჩარიცხვა.

ამ დროს საქართველოში... საერთაშორისო სტანდარტების დონეზე აგებული კომპლექსი თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში გამვლელთა ყურადღებას თავიდანვე იპყრობდა. ალექსი ინაურის ზეობის დროს დიდი სიფრთხილით ჩაუჩურჩულებდნენ ხოლმე ერთმანეთს - "უშიშროების. . . . . . ".

(მესამე ნაწილის დასასრული)

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს