დასვენება ქართულად, ანუ - ცვრიან ბალახზე თუ არ მოისაქმე, ან ნაგავი არ დაყარე, რაა მამული?! - კვირის პალიტრა

დასვენება ქართულად, ანუ - ცვრიან ბალახზე თუ არ მოისაქმე, ან ნაგავი არ დაყარე, რაა მამული?!

გასულ კვირას შვილის დიდი ხნის ხვეწნა-მუდარას დავნებდი და რამდენიმე საათით სათევზაოდ ლისის ტბაზე წავიყვანე. მაგრამ ახლა "კარასის", ტივტივას, ნემსკავისა და მზეზე დამწვარი მკლავების შესახებ არ დავწერ. ფოტოდან გამომდინარე მიხვდებით, რომ სხვა რამეზე მინდა თქვენი ყურადღების გამახვილება.

ტბასთან მისასვლელთან მდებარე ავტოსადგომზე ადგილები თითქმის არ იყო. კარგად მენიშნ, რომ ხალხი ბევრი იყო, მანქანებსაც პლაჟისკენ აღარ უშვებდნენ. თან ტროტუარსა და ბილიკზე ასფალტს აგებდნენ... მოკლედ კარგია, რომ ამ ადგილის მოწესრიგებასაც დაადგა საშველი.

ეს პირველი შთაბეჭდილება პლაჟის გავლის დროს და მის ნაპირზე ნანახმა სიტუაციამ გააქარწყლა. როგორც ფოტოზე ხედავთ, "ძირძველი ტრადიციების მიმდევრები" კვლავ სტუმრობენ ასეთ ადგილებს და მიუხედავდ მრავალრიცხოვანი დაცვისა, მაინც ახერხებენ საკუთარი "გრუზინეცული" კვალის დატოვებას.

ზოგადად, ჯერ კიდევ საქართველოში ანტირუსული ისტერიის დაწყებამდე "ცუდ" ქართველებს "გრუზინეცებად" მოვიხსენიებდი და მკითხველს ბოდიშს ვუხდი თუ ეს გამოთქმა არ მოეწონა. უბრალოდ, დარწმუნებული ვარ, ფოტოზე გამოსახული საძაგლობის ჩამდენის ნებისმიერ სხვა ჩემებურ მოხსენიებას რედაქცია უცენზურობის გამო დაბლოკავდა.

მოკლედ, როგორც იტყვიან, ცვრიან ბალახზე თუ არ მოისაქმე, ან ნაგავი არ დაყარე, რაა მამული?!

არადა, დარწმუნებული ვარ, ამ ნატურმორტის შემქნელი მინიმუმ ერთ სადღეგრძელოს მაინც დალევდა სამშობლოს სადიდებლად. ვინაიდან ბუნებაში იყო გამოსული, ერთსაც დიდებული და განუმეორებელი ქართული ბუნების სადღეგრძელოსაც მიირთმევდა. მერე კი, სანამ იქაურობის დანაგვიანებით ბებიამისასაც მიირთმევდა - ყველა ტრადიციულ ქართულ სათქმელს ომახიანად ამოთქვამდა...

მინდა მოგახსენოთ, რომ ძალიან ომახიანად მოიხსენია ამ "გრუზინეცების" ახლო ნათესავები, დაცვის ერთ-ერთმა თანამშრომელმა, რომელმაც ჩემთან ერთად ნახა ეს "თაიგული".

როდესაც ვუთხარი, რომ გინებას, აჯობებდა, ყურადღება მიექციათ ასეთი ხალხისთვის და არ მიეცათ მათთვის არე-მარის დანაგვიანების უფლება. ახალგაზრდამ საკმაოდ კარგად დამისაბუთა, რომ ყველა დამსვენებელს მართლა ვერ მიადევნებენ თვალს. თურმე მომსვლელთა დაახლოებით 80 პროცენტი ნორმალური ადამიანია და საკუთარი ნაგავი ავტოსადგომთან მდებარე ბუნკერებთან გააქვთ. აი დარჩენილი 20 პროცენტის გამორჩევა კი, ყოველთვის ვერ ხერხდება. დაცვის წევრმა მითხრა, რომ სამწუხაროდ, ხშირად "ნორმალური" ხალხი უყურებს, როგორ იქცევიან სისაძაგლის ჩამდენი ცუდი ადამიანები, მაგრამ ძალიან ცოტა თუ თვლის რომ ასეთ ფაქტზე შენიშვნა უნდა მისცეს, ან რაიმე რეაქცია უნდა ჰქონდეს...

მე ძალიან არ მომწონს, სხვადასხვა გადასახადის დაწესება, მით უფრო თუ ეს გადასსხადები ერთმანეთზეა გადაბმული, მაგრამ მინდა ვთხოვო იმათ ვისაც ეს ეხება, მასობრივი დასვენების ადგილებზე, წყალსატევებტან, პარკებში და სკვერებში მაინც აამუშავეთ დანაგვიანებისთვის დაწესებული ჯარიმები. არ მგონია, ეს ვინმემ გააპროტესტოს.

შეიძლება ვცდები, - კომენტარები გვაჩვენებს.

პ.ს. კომენტარებს რაც შეეხება. მადლობა ყველას ვინც არ დაიზარა და ჩემ ნაბუზღუნარს ყურადღება მიაქცია.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ - "ვბუზღუნებ" იმაზე, რაც არასწორად მიმაჩნია და არა იმიტომ, რომ ვინმეს ჯინი მჭირს.

ვიცი რომ ამ ქვეყანაში საბუზღუნო ისევ ბევრია და შეიძლება რამე თვალთახედვიდან გამომრჩეს. ამიტომ მომწერეთ მეილზე თქვენი თემები და მოხარული ვიქნები თუ თქვენს გასაჭირს ან გულისნადებს დღის სინათლეზე გამოვიტან. იქნებ რამეს ეშველოს კიდეც.

ჩემი მისამართია buzguna@palitra.ge