დედოფლის დაბრუნება
ნინო დადიანის მილიონ დოლარად შეფასებული პორტრეტი
სექტემბერს, თბილისში, ხელოვნების სასახლეში, ოდიშის სამთავროს დედოფლის, ნინო ბაგრატიონ-დადიანის მილიონ დოლარად შეფასებული პორტრეტი გამოიფინება. ნინო ერეკლე მეორის შვილიშვილი და ოდიშის მთავრის გრიგოლ დადიანის მეუღლე იყო. მისი პორტრეტი ან ფოტო დღემდე არ ჩანდა. ჯერჯერობით უცნობი მხატვრის მიერ შესრულებული ფერწერული ტილო ორი წლის წინ გამოჩენილა ერთ-ერთ ცნობილ აუქციონზე. ეს ამბავი პირველმა წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახელობის მუზეუმის თანამშრომელმა ირაკლი ფიფიამ შეიტყო.
- კარგა ხანია, ცნობილ ინტერნეტაუქციონებზე ვათვალიერებ გასაყიდად გამოტანილი ძველი ნივთების ნუსხას. მოგეხსენებათ, სხვადასხვა დროს ბევრი მნიშვნელოვანი ნივთი დაგვეკარგა, ამიტომაც მათი პოვნა სასარგებლო საქმედ მიმაჩნია. ორი წლის წინ აღმოვაჩინე ტილო, სახელწოდებით "რუსეთის პრინცესა დადიანი". ტილოზე გამოსახული ქალი ანთროპოლოგიური ნიშნებით აშკარად ქართველი იყო. დავუკავშირდი საქართველოს თეატრის, კინოს, მუსიკისა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორს გიორგი კალანდიას.
ვეჭვობდი, რომ აუქციონზე იყიდებოდა ერთ-ერთი იმ ტილოთაგანი, რომელიც უკანონოდ გავიდა საქართველოდან. იმედი მქონდა, მის დაბრუნებას ან აუქციონიდან მოხსნას შევძლებდით. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ნივთს ოფიციალური, კანონიერი მეპატრონე ჰყავდა. მოკლედ, გიორგიმ დამაკავშირა ავსტრალიაში მოღვაწე ბიზნესმენს, დადიანების ერთ-ერთი შტოს წარმომადგენელს ვიქტორ დადიანს.
ვუთხარი, რომ იყიდებოდა ასეთი ტილო, რომელიც თავიდან 10.000 დოლარი ღირდა. ავუხსენით, - ჩვენ არ გვაქვს მისი შესაძენი თანხა და ეგებ თქვენ შეგეძინათ-თქო. მყისვე დაგვთანხმდა. ამ ამბიდან მალევე პორტრეტის ფასი კოლოსალურად გაიზარდა - ერთ დღეში მილიონი დოლარი გახდა. ეტყობა, მას შემდეგ, რაც ბატონი ვიქტორი პორტრეტის მფლობელს დაუკავშირდა და მისი მნიშვნელობა აუხსნა, გამყიდველს მადა გაეხსნა. ალბათ, იფიქრა, მაინც იყიდის და სავაჭროდ უკეთეს პირობებს შევიქმნიო.
ამასობაში ტილოს მონაცემებიც დავაზუსტეთ. უკანა მხარეზე მცირე ინფორმაციული დეტალებია აღნიშნული, სადაც იკითხება, რომ პორტრეტი ნამდვილად ნინო ბაგრატიონ-დადიანის არის. შეგვეშინდა, რომ გაძვირების გამო ვიქტორ დადიანი ყიდვას გადაიფიქრებდა, მაგრამ მან პირობა შეასრულა. სატელეფონო საუბრის დროს გვითხრა, პორტრეტის ამერიკაში მოხვედრას საინტერესო და გრძელი ამბავი უძღვის წინ, თუმცა, ამას მხოლოდ გამოფენაზე გეტყვითო.
გიორგი კალანდია: - ახლა ჩვენთვის მთავარი ის არის, რომ დედოფლის პორტრეტი საქართველოში ბრუნდება. ამ ეტაპზე უცნობია მხატვრის ვინაობა. ასეთი დეტალები მხოლოდ ექსპერტიზის შემდეგ დადგინდება. ვფიქრობთ, ტილო დედოფლის რუსეთში გადასახლების შემდეგ შეიქმნა - ამას მეტყველებს მისი ჩაცმულობა და პორტრეტზე დატანილი თარიღიც.
ნინო დადიანი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პერსონაა. ის პირადად იბრძოდა აფხაზეთის თურქებისგან გათავისუფლებისათვის. გადმოცემების თანახმად, შესანიშნავად ფლობდა საბრძოლო ხელოვნებას, ცხენზე ამხედრებული უშუალოდ ხელმძღვანელობდა საბრძოლო მოქმედებებს.
"კვირის პალიტრისთვის" ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ ვიქტორ დადიანი, რომელიც პირველად ესტუმრება წინაპართა სამშობლოს, 12 სექტემბერს, წმინდა სამების საკათედრო ტაძარში დაიწერს ჯვარს ქალბატონზე, რომელთანაც 5 წლის გოგონა ჰყავს. პრინცი ამზადებს საქორწინო სამოსს. უკვე ხუთი ჩოხის ფოტო გამოგზავნა ქართველ მეგობრებთან, რათა დაზუსტდეს, მისი არჩეული სამოსის ყველა დეტალი ნამდვილად ქართულია თუ არა.
ნინო ბაგრატიონი-დადიანი
ნინო ბატონიშვილი 1772 წლის 15 აპრილს დაიბადა, აღესრულა 1647 წლის 5 ოქტომბერს, სამშობლოდან შორს, პეტერბურგში. საქართველოს უკანასკნელი მეფის, გიორგი XII-ის ასულს ბედმა მძიმე ხვედრი არგუნა. ის იყო მეუღლე ოდიშის იმ მმართველისა, რომლის მიერ გადადგმულმა ნაბიჯმა საბედისწერო როლი შეასრულა საქართველოს ისტორიაში. ოდიშის მთავარმა ძალაუფლების განმტკიცებისა და მეზობელ მთავრებთან ბრძოლაში დახმარებისთვის რუსეთის იმპერიას მიმართა.
ამ ნაბიჯით გრიგოლ დადიანი იმერეთის მეფისაგან თავის დახსნას და სამთავროს "დამოუკიდებლობის" გადარჩენას შეეცადა. სწორედ ამ დროს რუსი დიპლომატები კონსტანტინოპოლში ცდილობდნენ ოსმალეთის დაყოლიებას, ეცნო რუსეთის მფარველობა ოდიშსა და იმერეთზე. დადიანის დაჟინებული თხოვნა რუსეთისათვის სწორედ რომ დროული აღმოჩნდა.
რუსეთის ხელისუფლებამ ვითარება სათანადოდ შეაფასა და დადიანის თხოვნა იმერეთის მეფის დასასუსტებლად გამოიყენა. ნიშნად დადიანისადმი კეთილგანწყობისა, რუსეთის იმპერატორმა მას წმინდა ალექსანდრე ნეველის ორდენი გამოუგზავნა. კონსტანტინოპოლიდან ჯერ კიდევ არ იყო მიღებული თანხმობა, ოდიშის სამთავროს რუსეთის მფარველობაში მიღების თაობაზე, რომ რუსეთის იმპერატორის დავალებით პავლე ციციანოვი მოქმედებას შეუდგა:
1603 ივლისში მან სამფარველო ხელშეკრულების ტექსტი შეადგინა და დადიანს ერთგულების ფიციც ჩამოართვა. იმავე წლის 2 ოქტომბერს დადიანმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას. დოკუმენტი ძალაში შევიდა დეკემბერში, როდესაც ოსმალეთმა ოდიში რუსეთს ოფიციალურად "დაუთმო". მფარველობითი ხელშეკრულება ალექსანდრე II–მ 1604 წლის ივლისში დაამტკიცა და ოდიშის სამთავრო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა შეზღუდული ავტონომიის უფლებით.
ხელშეკრულების თანახმად, რუს მოხელეებს შეეძლოთ სამთავროს საშინაო საქმეებში ჩარევა; სამეგრელოში ჩადგებოდა რუსული სამხედრო შენაერთი. გრიგოლ დადიანი დიდად კმაყოფილი დარჩენილა ამ "მფარველობით", რადგან, მისი აზრით, მთავარი "მტრის", სოლომონ II-ის შემოტევას გადაურჩა. მას დიდხანს არ დასცალდა ძალაუფლებით ტკბობა. მალევე მოწინააღმდეგე თავადებმა მოწამლეს.
1604 წელს სამეგრელოში რუსული პოლკი ჩადგა, ყულევის ნავსადგურში კი რუსებმა გემებით ახალი სამხედრო ძალა შემოიყვანეს. ეს იყო რუსეთის უომრად მიღწეული დიდი გამარჯვება კავკასიაში გასაბატონებლად.
1604 წელს, ქმრის სიკვდილის შემდეგ, ნინო ბაგრატიონი შვილის, ლევანის სრულწლოვნებამდე რეგენტად გამოცხადდა. შემდეგ გაიწვიეს პეტერბურგში, საიმპერატორო კარზე, სადაც გარდაცვალებამდე ცხოვრობდა. ჰქონდა სტატს-დამის სტატუსი და იყო წმინდა ეკატერინეს ორდენის კავალერი. დაკრძალულია ალექსანდრე ნეველის ლავრაში.