რატომ ძვირდება პური, ანუ ვინ მდიდრდება "პურის ფულით"
"ფქვილით დატვირთული ტრაილერები ტერმინალზე თვეობითაა გაჩერებული და ტვირთის დაცლის საშუალებას არ აძლევენ"
მოსახლეობაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომ ფქვილის გაძვირებას შესაძლოა, პურზე ფასის მნიშვნელოვნად აწევა მოჰყვეს. Pპარალელურად, პრესაში არაერთხელ გამოითქვა ზოგადი ვარაუდი, რომ ფქვილზე ფასი ხელოვნურად გაიზარდა და სფეროში უკანონობა ხდება.
ჩვენ დავინტერესდით ფქვილის ბაზარზე არსებული სიტუაციით და შევეცადეთ, ინფორმაცია თავად პურის მწარმოებლებისგან მიგვეღო. თუმცა, ჩვენდა გასაოცრად, ყველა ბიზნესმენმა ამ საკითხზე საუბრისგან თავი შეიკავა. მათ შორის იმ კომპანიების წარმომადგენლებმაც, რომლებსაც ფქვილის გაძვირებამ და ბაზარზე შექმნილმა ვითარებამ მძიმე დარტყმა მიაყენა. ერთ-ერთმა ბიზნესმენმა პირდაპირ გვითხრა:”"თუ ავლაპარაკდები, სასტიკად გამისწორდებიან..."
ინტერვიუზე მხოლოდ "იფქლის" ხელმძღვანელი შაქრო ბაკურაძე დაგვთანხმდა, რომელიც ეჭვობს, რომ ფქვილის იმპორტს ხორბლის შემომტანი კომპანიები ზღუდავენ:
- მიმდინარე წლის 10 ივნისს ერთი ტომარა ფქვილის ფასი 37,5 ლარს არ აჭარბებდა, თუმცა ზუსტად ერთ ღამეში ვითარება რადიკალურად შეიცვალა - 11 ივნისს ერთი ტომარა ფქვილის ფასი 40 ლარი გახდა. ვინც ბიზნესში ოდნავ მაინც ერკვევა, ადვილად მიხვდება, რომ მსგავსი ცვლილება ხელოვნური ჩარევების გარეშე არ ხდება.
მას შემდეგ ყოველი ორშაბათი ფქვილის ფასის გაზრდის დღედ იქცა - ნიშნულმა 44 ლარსაც მიაღწია და დიდი ალბათობით, კიდევ გაიზრდებოდა, პურის მწარმოებლებს განგაშის ზარი დროულად რომ არ შემოგვეკრა. მოგეხსენებათ, საქართველოში ხორბლის 90% საზღვარგარეთიდან შემოდის. მართალია, წელს ქვეყანაში ხორბლის საკმაოდ დიდი მოსავალი ავიღეთ, თუმცა ის იმდენად დაბალი ხარისხისაა, რომ პურპროდუქტების წარმოებაში ვერ ვიყენებთ.
- რატომ ფიქრობთ, რომ ფქვილის ფასი ხელოვნურად იზრდება?
- ამ დრომდე მეწისქვილეები რამდენიმე წლის წინ ჩატარებული კალკულაციით მუშაობდნენ, როდესაც დოლარის ფასი 1, 67 ლარს არ აღემატებოდა. არ უარვყოფ, ფქვილის წარმოების ფასი მომატებას ნამდვილად საჭიროებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მუშაობას ვეღარ გააგრძელებდნენ, თუმცა საბოლოოდ, მაინც არარეალურად გაზრდილი ფასი მივიღეთ. სხვათა შორის, ამ საკითხზე ივლისში სოფლის მეურნეობის მინისტრსაც ვესაუბრეთ, რომელიც დაგვპირდა, პრობლემაში გარკვევის შემდეგ, ივლისის ბოლოს შეგხვდებითო... მას შემდეგ თვეზე მეტი გავიდა, თუმცა მინისტრ დანელიას ამ დრომდე არ შევხვედრივართ. 30 ივლისს სოფლის მეურნეობის მინისტრს საკუთარი დაპირება შევახსენეთ, თუმცა მან პირდაპირ შემოგვითვალა - არ შეგხვდებითო.
მიზეზი არავის აუხსნია... ჩემი აზრით, პრემიერ-მინისტრს ამ საკითხზე არასწორ ინფორმაციას აწვდიან, პარალელურად კი კონკრეტული პიროვნებები საკმაოდ მნიშვნელოვან ფინანსურ მოგებას ნახულობენ. დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში ხორბალი პრაქტიკულად ერთ კომპანიას შემოაქვს, რომლის მფლობელიც კოკი ოსიპოვი გახლავთ. სწორედ მისი ინიციატივით, ეკონომისტებთან ერთად ერთი ტომარა ფქვილისგან მიღებული შემოსავალი დეტალურად დავითვალეთ. როგორც საბოლოოდ გაირკვა, იმ პირობებში, როდესაც ერთი ტომარა ფქვილი 44 ლარი ღირს, ჩემი წარმოება 0%-იან მოგებაზე მუშაობს. თანაც "იფქლი", სხვა მწარმოებლებისგან განსხვავებით, თანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი. თუ სხვა მწარმოებლები ერთი ტომარა ფქვილის დამუშავებისთვის საჭირო ელექტროენერგიაზე 6,5 ლარს იხდიან, ჩვენ მხოლოდ სამ ლარს ვხარჯავთ. ასე რომ, ახლა თქვენ დაიანგარიშეთ, რა მდგომარეობაში არიან პურის საშუალო მწარმოებლები. შექმნილ ვითარებას განსაკუთრებით ის ართულებს, რომ პრაქტიკულად ქვეყანაში ალტერნატიული ფქვილის შემოტანა იკრძალება.
- ვის აქვს უფლება, ფქვილის შემოტანა აგიკრძალოთ, როდესაც ეს კანონმდებლობით არ იზღუდება?
- ბუნებრივია, ღიად არავინ გვეუბნება ფქვილის შემოტანა არ გაბედოთო, მაგრამ პირადად ჩემს მაგალითზე მოგიყვებით. მას შემდეგ, რაც საქართველოში ხორბლის ფასი არარეალურად გაიზარდა, გადავწყვიტე, ალტერნატიული გზებით ფქვილი თავად შემომეტანა. 14 ივლისს ფქვილით დატვირთული ერთი მანქანა განვაბაჟე, მაგრამ რამდენიმე წუთში მითხრეს, ტვირთი "გააწითლა" და ტერმინალზე უნდა შეიყვანოთო. სხვადასხვა გაუგებარი პროცედურის გავლის შემდეგ მანქანის ტერმინალიდან გამოყვანის უფლება მხოლოდ 31 ივლისს მომცეს, ანუ
თუ ალტერნატიული გზით ფქვილი 39 ლარად უნდა შემომეტანა, ტერმინალზე ტვირთის ხელოვნურად გაჩერების შემდეგ 48 ლარი დამიჯდა.
ბუნებრივია, ამის შემდეგ ფქვილის შემოტანაზე არც კი ვიფიქრებ.
- როგორ ფიქრობთ, რატომ გააჩერეს თქვენი ტვირთი ხელოვნურად?
- კონკრეტული ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ ლოგიკურად გავყვეთ -კოკი ოსიპოვი საქართველოში ხორბლის ერთ-ერთი მსხვილი შემომტანია და ალბათ, ალტერნატიული გზებით ქვეყანაში ფქვილის შემოტანა და კონკურენტების გაჩენა მის ინტერესებში არ შედიოდა.
- თუ ასეა, ოსიპოვი მხოლოდ საკუთარი ინიციატივით თქვენი ტვირთის საბაჟოზე გაჩერებას ვერ შეძლებდა, გამოდის, მას ლობი ხელისუფლებაში ჰყავს?
- ბუნებრივია, ეს საკითხი მხოლოდ ოსიპოვის დონეზე არ წყდება. ამ ერთი მანქანის შემოყვანა მხოლოდ იმიტომ გადავწყვიტე, მაინტერესებდა, დამბლოკავდნენ თუ არა. ანალოგიურ მდგომარეობაში არიან ფქვილის სხვა შემომტანებიც - მათი ფქვილით დატვირთული ტრაილერები ტერმინალზე თვეობითაა გაჩერებული და ტვირთის დაცლის საშუალებას არ აძლევენ. ხელისუფლების რომელი წარმომადგენელი დგას ამ ყველაფრის უკან, შესაბამისი სტრუქტურები უნდა დაინტერესდნენ. ფაქტია, ოსიპოვს მმართველ ძალასთან მეტი კავშირი აქვს, ვიდრე ჩვენ - პურის მწარმოებლებს.
- ფიქრობთ, რომ გარდა იმისა, რომ ბაზარი მონოპოლიზებულია და სხვა კომპანიებს ფქვილის შემოტანის უფლება არ აქვთ, ფასიც არარეალურად სწორედ ამის გამო გაიზარდა?
- ერთი ტომარა ფქვილი 44 ლარი ნამდვილად არ უნდა ღირდეს. ყველა გარემოების გათვალისწინებით მისი ფასი 40 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. ზედმეტი ოთხი ლარი ვის ჯიბეში ილექება, ვერ გეტყვით, ამაზე კომპეტენტურმა უწყებებმა იფიქრონ.
- საქართველოში ფქვილი ხომ სხვა კომპანიებსაც შემოჰქონდათ? მათ რატომ გააჩერეს ფქვილის იმპორტი?
- ბოლო პერიოდში ფქვილის შემოტანა 70%-ით შემცირდა, რადგან ამ კომპანიებსაც ანალოგიურ პრობლემებს უქმნიან - მათი მანქანებიც ტერმინალზეა გაჩერებული. ამ ფონზე კი ოსიპოვი ხორბლის მთავარი შემომტანია. ოსიპოვმა ხორბალი რომ არ შემოიტანოს, საქართველო პურის გარეშე დარჩება. არაერთ კომპანიას აქვს სურვილი საქართველოში ფქვილი შემოიტანოს, მაგრამ ბარიერების გამო ვერ ახერხებენ. მათ ტერმინალში კეტავენ, ისევე როგორც მე ჩამკეტეს. წლების განმავლობაში "კარმენი" ფქვილის ერთ-ერთი მსხვილი შემომტანი გახლდათ. ის ბაზარზე ფქვილს შედარებით იაფად ყიდდა, მაგრამ პრობლემები ამ კომპანიასაც შეექმნა და დღეს სულს ღაფავს. ფქვილის შემოტანის გარდა, "კარმენი" ოთხ დიდ წისქვილსაც ფლობდა, თუმცა ყველა მათგანი გააჩერა.
- ფიქრობთ, რომ "კარმენიც" ოსიპოვის ჩარევით გაჩერდა?
- არ ვიცი, ალბათ...
- და ტერმინალზე მანქანებს რა მიზეზით აჩერებენ?
- პირადად მითხრეს, ფქვილს ექსპერტიზა უნდა ჩავუტაროთო. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს კანონმდებლობით უფლება აქვს, ექსპერტიზა საკუთარი სურვილის მიხედვით - ერთ დღეში ან თუნდაც ერთ თვეში ჩაატაროს. როდესაც ვუთხარი, ექსპერტიზას მე ჩავატარებ-მეთქი, უარი მითხრეს და დიდხანს მალოდინეს. დატვირთული ტრაილერის მძღოლს კი დღეში 100 დოლარს ვუხდიდი.
- ამ გარემოებების გათვალისწინებით, პურზე ფასის მომატება გარდაუვალია?
- თუ ბაზარი არ გახსნეს და ფქვილის შემოტანის ალტერნატიული წყაროები არ გაჩნდა, პურის ფასი მინიმუმ 10 თეთრით აუცილებლად გაიზრდება.
"იფქლის" დირექტორ შაქრო ბაკურაძესთან საუბრის შემდეგ, "აგრკომის" ხელმძღვანელ კოკი ოსიპოვს დავუკავშირდით:
- ჩვენთვის ახალი სეზონი 30 ივნისს დაიწყო, ფოთის პორტში 25 გემი შემოვიდა. შემოსული ტვირთი კი, დაახლოებით, 8-10 კომპანიისა. როგორ შეიძლება ხორბალი მხოლოდ ჩემს კომპანიას შემოჰქონდეს, ეს პირდაპირი კანონდარღვევა იქნება, რასაც ანტიმონოპოლიური სამსახურიც არ დაუშვებს. უბრალოდ, ორი თვის წინ ფქვილის ხარისხზე კონტროლი გამკაცრდა და ვაი-ვიშიც ამან გამოიწვია.
- ფქვილის შემომტანების ცნობით, ტერმინალზე ხელოვნურად აფერხებენ...
- ფქვილის იმპორტი არც ერთი დღით არ შეფერხებულა და ამაზე საბაჟოს სტატისტიკაც მეტყველებს. გეთანხმებით, ექსპერტიზისთვის განსაზღვრული გონივრული ვადები უნდა არსებობდეს და მეწარმეები გარკვეული უნდა იყვნენ პროცედურებშიც. ეს "შავი ხვრელია", რომელიც უნდა დარეგულირდეს, თუმცა ხშირად მეც, როდესაც ევროპაში ნიმუშს ექსპერტიზაზე ვგზავნი, პასუხი ორი კვირით იგვიანებს. ჩვენ ევროასოცირების ხელშეკრულების მხარე ვართ, ამიტომ ხარისხის გამკაცრება აუცილებლად მოგვიწევს. როგორც კი ხარისხის კონტროლი გამკაცრდა, ფქვილის იმპორტი 30%-ით შემცირდა. რაც შეეხება ფასებს, საქართველოში აბსოლუტურად ლიბერალური გარემოა და მას მხოლოდ საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით ვერავინ "დაალაგებს".
- ფაქტია, რომ პურის მწარმოებლები 44 ლარს არარეალურად მიიჩნევენ, მათი დათვლით ერთი ტომარა ფქვილის ღირებულება 40 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. ერთ-ერთი ვერსიით, ამ ბიზნესში გიორგი რამიშვილთან, იმავე "ზარალასთან" ერთად ხართ ჩართული და ხელისუფლებაშიც სწორედ მისი კავშირებით გიწევენ ლობირებას.
- გიორგი რამიშვილი ჩემი ბავშვობის მეგობარია. ის ლოკალურად ამ ბიზნესში ჩართული არ არის, თუმცა ირანის მიმართულებით ხორბალი და სოიის შოტი შეგვაქვს. ასევე ავღანეთში, ყაზახეთიდან... გიორგის გადამზიდავი კომპანია აქვს და ამ მხრივ საკმაოდ გამოცდილია. ჩვენ ამ ბიზნესში 12 წელია ერთად ვართ... ლობიზე საუბარი კი აბსურდია.
P.S. კონკურენციის სააგენტო ფქვილის ბაზარზე არსებულ მდგომარეობას სწავლობს, რომელიც 12 ოქტომბრამდე უნდა დასრულდეს. ვნახოთ, იქნება თუ არა დასკვნა ისეთივე ხმაურიანი, როგორც ეს საწვავის სფეროს შესწავლის შემთხვევაში მოხდა. ჩვენ კი გავაგრძელებთ პურპროდუქტების ბაზარზე არსებული სიტუაციის ჟურნალისტურ მოკვლევას და მომდევნო ნომრებში არაერთ სტატიას შემოგთავაზებთ.
რუსუდან შელია