ოფშორები და საქართველო
მსოფლიოს უმსხვილესი მედიაგამოცემებისთვის ხელმისაწვდომი გახდა 11,5 მილიონი დოკუმენტი, რომელიც პანამურ იურიდიულ კომპანია Mossack Fonseca-ს ეკუთვნის.
ამ დოკუმენტებზე დაყრდნობით ჟურნალისტური გამოძიებების საერთაშორისო კონსორციუმმა (ICIJ ჩაატარა ჟურნალისტური გამოძიება. აღმოჩნდა, რომ Mossack Fonseca რიგ შემთხვევებში თავის კლიენტებს ხელს უწყობდა ფულის გათეთრებაში, გადასახადებისთვის თავის არიდებასა და სხვადასხვა სანქციებისთვის გვერდის ავლაში.
დოკუმენტები შეიცავს ცნობებს 150 პოლიტიკოსის, მათ შორის 72 მოქმედი და ყოფილი სახელმწიფოს მეთაურის შესახებ. აქ არის მონაცემები საიდუმლო ოფშორულ კომპანიებზე, რომლებიც უკავშირდება სახელმწიფო ლიდერების, მათი ოჯახის წევრებისა და ახლო გარემოცვის, ასევე დიქტატორების, ცნობილი პირების, სპორტსმენებისა და ბიზნესმენების საიდუმლო ოფშორულ საქმიანობას. მათ შორის არიან: ვლადიმირ პუტინი, პეტრო პოროშენკო, ჰოსნი მუბარაქი, ილჰამ ალიევი, ბაშარ ალ-ასადი, მუამარ კადაფი, ისლანდიის პრემიერ-მინისტრი სიგმუნდურ გუნლეიგსონი, ფიფა-ს მოხელეები თუ არგენტინელი ფეხბურთელი ლიონელ მესი. ჟურნალისტური გამოძიების ფურცლებზე მოხვდა ყოფილი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის გვარიც, სადაც ნათქვამია, რომ 2012-2013 წლებში, ვიდრე თანამდებობას დატოვებდა, ქონებრივ დეკლარაციაში არ ჰქონდა შეტანილი მისი ერთ-ერთი კომპანია Lynden Managment Ltd-ი. აღსანიშნავია, რომ შვეიცარიამ ე.წ. პანამის დოკუმენტებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო. მანამდე, პანამის პრეზიდენტმა ხუან კარლოს ვარელამ განაცხადა, რომ ქვეყნის ფინანსური სისტემის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით შეიქმნება საერთაშორისო საექსპერტო კომისია.
ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოდან ოფშორებში ფულის გადინება და პირიქით, იქიდან კაპიტალის შემოდინება, ძირითადად, 2004 წლიდან შეინიშნება. კაპიტალის გასვლაც და შემოსვლაც ხშირად ხდება კვიპროსში, ვირჯინიის კუნძულებზე, ნიდერლანდებსა და სხვა ოფშორულ ზონებში. მათ იმიტომ უწოდებენ საგადასახადო სამოთხესა და საგადასახადო თავშესაფარს, რომ ძნელია გაარკვიო, ვინ დგას კონკრეტული კომპანიის უკან. ისიც ფაქტია, რომ საქართველოში მოქმედი ბევრი კომპანია სწორედ ოფშორში რეგისტრირებული ბიზნესის შვილობილია.
საქართველოსა და ოფშორებს შორის ფული ორივე მიმართულებით მოძრაობს. ინფოგრაფიკაში მოცემულია შესაბამისი წლების საბოლოო სხვაობები გასულსა და შემოსულ თანხებს შორის