"ხაზარაძე ფრთხილად იყოს..." - პოლიტიკური სანქცია თუ საეჭვო ტრანზაქცია?!
კომერციული ბანკისთვის რეპუტაციის შელახვის მცდელობა თუ შურისძიება ყოფილ პრემიერთან მეგობრობისა და ანაკლიის პორტის გამო - ეს ორი ვერსია განიხილება გენერალური პროკურატურის მიერ "თიბისი ბანკის" საქმიანობით დაინტერესების მიზეზებს შორის. მეორე მხრივ, გასაკვირი რა არის, თუ საგამოძიებო უწყება მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე გამოძიებას დაიწყებს და კანონდამრღვევს გამოავლენს? თუმცა ბანკსა და მის დამფუძნებლებთან დაკავშირებული სკანდალი ისე აგორდა, რომ ბევრ ეჭვს დაუდო საფუძველი, რაც საინტერესო ფაქტობრივი დეტალებით არის გამყარებული.
რატომ ჟონავს ინფორმაცია პროკურატურიდან?!
8 იანვარს მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ გენერალურმა პროკურატურამ თიბისი ბანკიდან შესასწავლად გამოითხოვა გარკვეული სახის დოკუმენტაცია, სხვა დეტალებს საგამოძიებო უწყება არ აკონკრეტებდა. სანამ პროკურატურა დუმდა, პორტალის "კვირა" საშუალებით თიბისი ბანკის საქმეზე მიმდინარე გამოძიების შესახებ ისეთი დეტალები გავრცელდა, რომ ბევრს ეს პუბლიკაცია გამომძიებლის დაწერილი პატაკი ეგონა. სკანდალური სათაურიც მამუკა ხაზარაძის შესაძლო დაკავების შესახებ იუწყებოდა. გავრცელებულ ცნობას ბანკიც გამოეხმაურა და ამ საინფორმაციო კამპანიას ფინანსური ინსტიტუტისა და მისი დამფუძნებლების რეპუტაციის შელახვის მიზანმიმართული მცდელობა უწოდა. იქვე ბანკი აზუსტებდა, რომ პროკურატურის დაინტერესების საგანს 2008 წელს ჩატარებული რიგითი, კანონიერი საბანკო ოპერაცია წარმოადგენდა, რომელიც მანამდე არაერთხელ შეამოწმეს სახელმწიფო უწყებებმა, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) და საერთაშორისო აუდიტორებმა. ბანკი ტრანზაქციის ხანდაზმულობაზეც მიუთითებდა. ამ განცხადების შემდეგ ბრიფინგი პროკურატურამაც დანიშნა. განსაკუთრებით საინტერესო ის არის, რომ საგამოძიებო უწყების ოფიციალური ინფორმაცია, ფაქტობრივად, ზედმიწევნით დაემთხვა მანამდე პორტალ "კვირის" მიერ კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით გავრცელებულ ცნობებს(?!), თუმცა ერთი ცდომილება მაინც იყო: მედიასაშუალება იტყობინებოდა, რომ მიმდინარე გამოძიების გამო თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე და ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებელი და საბჭოს წევრი ბადრი ჯაფარიძე ბანკის საქმიანობას განარიდეს, რაც პროკურატურამ არ დაადასტურა.
როგორც ირკვევა, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური 2018 წლის მაისში დაინტერესდა "თიბისი ბანკის", მისი კლიენტი იურიდიული პირების, ასევე აქციონერებისა და ადმინისტრატორების ფინანსური აქტივობების შესწავლით. როგორც პროკურატურა ამბობს, გამოიკვეთა, რომ ბანკის კონკრეტული აქტივობები შეიცავდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, ანუ ფულის გათეთრების ნიშნებს. ამ მიზეზით მასალები ეროვნულ ბანკსა და პროკურატურას გადაუგზავნეს, რის საფუძველზეც 2018 წლის 2 აგვისტოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე და დადგინდა, რომ 2008 წლის აპრილ-მაისში კომპანიებმა: შპს "სამგორი M"-მა და "სამგორი თრეიდმა" "თიბისი ბანკისგან" საბრუნავი სახსრების შესავსებად აიღეს დაახლოებით 17 მილიონი დოლარის სესხი, რაც იმავე დღეს სესხად გასცეს ფიზიკურ პირებზე - ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეზე. პროკურატურის განცხადებით, 2008 წლის ბოლოს, სესხის თანხის გადახდის გარეშე, სესხი გადაიტანეს გარესაბალანსო ანგარიშზე, ანუ ჩამოიწერა, ხოლო შემდგომში, 2012 წლის აგვისტოში, ისე, რომ ზემოხსენებულ კომპანიებს სესხის თანხა არ გადაუხდიათ, ისინი ოფშორში რეგისტრირებული კომპანიით ჩაანაცვლეს.
როგორც პროკურატურაში განმარტეს, გამოძიება მიმდინარეობს და ამ ეტაპზე არ არის გამოკვეთილი ბანკის რომელიმე მესვეურის პასუხისმგებლობის საკითხი, თუმცა დაჰკითხეს სხვადასხვა პირი, მათ შორის მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი, როგორც ზემოთ ხსენებული კომპანიების ერთ-ერთი მფლობელი. ჩვენი ინფორმაციით, ისინი მოწმის სტატუსით დაჰკითხეს. პროკურატურის განცხადებით, საქმე განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს მიეკუთვნება, ამიტომ ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება-არდაწყების საკითხი გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების გაანალიზების შედეგად გადაწყდება.
სებ-მა თიბისი ბანკი 2018 წლის ნოემბერში დააჯარიმა
რამდენიმე დღის წინ ინვესტორებისთვის განკუთვნილ ერთ-ერთ ინგლისურენოვან ვებგვერდზე "თიბისი ჯგუფის" განცხადება გავრცელდა, სადაც კომპანია ადასტურებს, რომ "თიბისი ბანკის" 2007-2008 წლების ზოგიერთ ტრანზაქციას ეროვნული ბანკის მონიტორინგი/ინსპექტირება ჩაუტარდა. როგორც განცხადებაში ნათქვამია, ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული ტრანზაქციები "თიბისი ბანკსა" და გარკვეულ ფიზიკურ პირებს შორის (რომლებიც საქართველოს ეროვნული ბანკის აზრით, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესა და მის მოადგილესთან იყვნენ დაკავშირებული), "ინტერესთა კონფლიქტის მართვის შესახებ" საქართველოს კანონმდებლობას არ შეესაბამებოდა. ამავე განცხადებით ირკვევა, რომ აღნიშნული სადავო ტრანზაქციები ეროვნულმა ბანკმა ლონდონის საფონდო ბირჟაზე "თიბისი ბანკის" აქციების განთავსებამდე (2014) რამდენიმე წლით ადრე, 2008 წელს შეისწავლა და მაშინ სებ-ს რაიმე ზომისთვის არ მიუმართავს. ჩვენ გავარკვიეთ, რომ იმავე ტრანზაქციის შესწავლა ეროვნულმა ბანკმა 10 წლის შემდეგ, შარშან ზაფხულში კვლავ გადაწყვიტა და 2018 წლის ნოემბერში თიბისი ბანკს 1 მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმაც დააკისრა. "თიბისი ბანკმა" ეს გაასაჩივრა და სასამართლომ ჯარიმის გადახდა შეაჩერა. საინტერესოა, რა პრინციპით იხელმძღვანელა სებ-მა, როცა 17 მილიონი დოლარის საეჭვო ტრანზაქციაზე, რომელიც თურმე შესაძლოა ფულის გათეთრების ფაქტებს შეიცავდეს, ბანკს მხოლოდ 1 მილიონი ლარის ჯარიმა დააკისრა? ისიც საინტერესოა, რატომ არსად "გაუჟონავს" ამ ცნობას მაშინ? ან რატომ დაჰკითხეს ასე ჩუმად საქმის ფიგურანტები?
"ხაზარაძე ფრთხილად იყოს..."
ვის და რატომ გაახსენდა "თიბისი ბანკის" ძველი "ცოდვები" და საქმე ათწლიანი დაძველებით?
საინტერესოა, რომ ცნობა, პროკურატურა შესაძლოა თიბისი ბანკის საქმით დაინტერესდესო, მედიის საშუალებით ჯერ კიდევ შარშან ზაფხულში გავრცელდა.
როგორც მაშინ ერთ-ერთი მედიასაშუალება წერდა, საგამოძიებო ორგანოდან წყაროს მეშვეობით მიიღეს ინფორმაცია, რომ პირადად ბიძინა ივანიშვილის დავალებით "თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ გენერალურ პროკურატურაში სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას გეგმავდნენ.
წყარო იუწყებოდა, რომ მთავარ პროკურატურას "თიბისი ბანკის" ბოლო 15 წლის საქმიანობის შესწავლა დაავალეს. ეს დავალება კი, წყაროსვე ცნობით, პირადად ივანიშვილისგან მოდიოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, აქტიურ პოლიტიკაში ახლად დაბრუნებული ბიძინა ივანიშვილი კვირიკაშვილ-ხაზარაძის შესაძლო ალიანსის შესახებ გავრცელებულმა ცნობამ გააღიზიანა და უმრავლესობის ცნობილ შეხვედრაზე, სადაც, ოფიციალური ვერსიით, მმართველი გუნდი "იუნისეფის" კვლევასა და სიღარიბის საკითხებს განიხილავდა, პარტიის თავმჯდომარეს ყოფილი პრემიერისთვის ანაკლიის პორტისა და ხაზარაძის შესახებ ბევრი შეკითხვა დაუსვამს. კულუარული ინფორმაციით, ივანიშვილს ისიც კი უთქვამს, "ფრთხილად იყოს ხაზარაძე, თორემ ხოდორკოვსკის ბედს გაიზიარებსო".
კვირიკაშვილის გადადგომის შემდეგ გავრცელდა ვერსია, რომ ხაზარაძეს ანაკლიის პორტის პროექტს ყველა შესაძლო ბერკეტის გამოყენებით ჩამოაშორებდნენ. ძნელი სათქმელია, უმრავლესობის დახურული შეხვედრის ამ კულუარულ ინფორმაციაში რა არის სიმართლე და რა არა, მაგრამ მოვლენათა ქრონოლოგია მეტად საინტერესოა:
- 2018 წლის 12 ივნისი - გაიმართა "ქართული ოცნების" სხდომა, სადაც ივანიშვილმა კვირიკაშვილი გააკრიტიკა და ხაზარაძესთან ალიანსში დაადანაშაულა.
- 13 ივლისი - მედიით ვრცელდება ინფორმაცია, რომ "თიბისი ბანკის" საქმიანობით პროკურატურა დაინტერესდა. ინფორმაციას მაშინ არც საგამოძიებო უწყება და არც ბანკი არ ადასტურებდნენ.
- 2 აგვისტო - "თიბისი ბანკის@" საქმეზე გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაიწყო.
"ფული რომ "გათეთრდეს", ის "შავი" უნდა იყოს"
ზვიად კორძაძე, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი: "მთელ ამ ისტორიაში ყველაზე უცნაური და გასაკვირი არის მუხლი, რომლითაც საქმე წარმოებს - ფულის გათეთრება და უკანონო შემოსავლების ლეგალიზება. ეს თავისთავად ხმაურიანი მუხლია, მაგრამ ამ შემთხვევისთვის მისი მისადაგება სრული აბსურდია, რადგან საქმე ეხება კონკრეტული თანხის სესხებას ერთი პირის მიერ მეორე პირისგან. ფული რომ "გათეთრდეს", ის "შავი" უნდა იყოს, ანუ შემოსავალი უკანონო უნდა იყოს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ახლა ისე წარმოჩნდა, თითქოს ეს თანხა ვიღაცამ აიღო და სადღაც წაიღო. სინამდვილეში კი არა მხოლოდ საგამოძიებო უწყებების 17 მილიონი დოლარი, არამედ ჯამში 80 მილიონი დოლარი მოხმარდა ბანკის ლიკვიდურობის გაზრდას. აგვისტოს ომის შემდეგ ბანკი გადასარჩენი იყო. სხვაგან ერთი თეთრიც კი არ წასულა. ამიტომ ის, რაც ხდება, არის მხოლოდ ჭიქაში ქარიშხლის დატრიალების მცდელობა. აღნიშნული ტრანზაქციების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიწოდებული აქვს როგორც ეროვნულ ბანკს, ასევე პროკურატურას. სასამართლოში დაკითხვის დროს როგორც მამუკა ხაზარაძემ, ასევე ბადრი ჯაფარიძემ ამომწურავად უპასუხეს ყველა კითხვას".
"ერთი თუ წაიქცა, ყველა დომინოს პრინციპით მიჰყვება"
ირაკლი ასლანიშვილი, საქართველოს ბიზნესასოციაციის თავმჯდომარე: "2008 წლის აგვისტოში ბანკ "რესპუბლიკის" კომერციული დირექტორი გახლდით. ზედმიწევნით კარგად მახსოვს, საქართველოს ეკონომიკამ და საბანკო სისტემამ ბეწვის ხიდზე როგორ გაიარეს. ორი რამ იყო მაშინ მთავარი: ჩვენი თანამშრომლების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და საბანკო სისტემის გადარჩენა. მახსოვს ის ყოველწუთიერი შეხვედრები, გაუთავებელი ზარები, დაპანიკებული მეანაბრეები... იმ დროს ყველას კარგად გვქონდა გააზრებული, რომ ერთი თუ წაიქცეოდა, ყველანი წავიქცეოდით და ვეღარასდროს დავდგებოდით ფეხზე! ბანკების ლიკვიდურობის მართვა საათობრივად, ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოტანა კი სპეცრეისებით ხდებოდა, რათა პანიკა ჩამქრალიყო. არც ერთი საათით შეფერხება არ ყოფილა არც ფილიალში, არც ბანკომატებში. ეს ყველაფერი ერთად შევძელით. ფასდაუდებელი იყო მაშინდელი ეროვნული ბანკისა და მისი მენეჯმენტის კოორდინაცია, კომუნიკაცია. დღეს კი რას ვხედავთ? ძალით გვინდა დავაზიანოთ ის, რაც ქვეყნისთვის ძალზე მნიშვნელოვანია. ვებრძვით იმას, რასაც უნდა ვუფრთხილდებოდეთ! ვიმეორებ: ერთი თუ წაიქცა, ყველა მიჰყვება დომინოს პრინციპით!"
გია ხუხაშვილი, ექსპერტი: "დიდი უპასუხისმგებლობაა, როცა ასე, ინფორმაციის გაჟონვით, ფინანსურ ინსტიტუტს თავს ესხმიან. მოგეხსენებათ, ფინანსური სფერო მეტად მგრძნობიარეა ნებისმიერი ამგვარი ინფორმაციის მიმართ. ეს იყო დიდი უპასუხისმგებლობა და ვისაც უნდა გაეკეთებინა, ან არ ესმის, რას ეთამაშება, ან უფრო მძიმე შემთხვევასთან გვაქვს საქმე, ვიღაც შეგნებულად ანგრევს ფინანსური სისტემის სტაბილურობას მთლიანად ქვეყანაში. ფორმაც კატასტროფული იყო - ინფორმაცია გაავრცელა ზოგიერთმა სააგენტომ და მეორე დღეს პროკურატურამ სიტყვასიტყვით იგივე გაიმეორა. ფაქტობრივად, ჟურნალისტს გამოძიების მასალები ჰქონია. ეს ცალკე ძიების საგანი უნდა გახდეს. ვიმეორებ: ამ ამბავში უფრო დიდ საფრთხეს ვხედავ - ვიღაც საკუთარი ინტერესების გამო საქართველოს ფინანსურ სისტემას ძალიან ცუდად ეთამაშება და, ფაქტობრივად, ამით სახელმწიფო ინტერესს ეთამაშება. მიუხედავად იმისა, რომ პრეტენზიები მაქვს ბანკებთან და არასწორად მიმაჩნია, როდესაც სხვა ბიზნესებში არიან ჩართული, ამ ფორმით ბანკსა თუ მის დამფუძნებლებთან ანგარიშსწორება დაუშვებელია. ისიც გასაკვირია, რატომ ვლაპარაკობთ ამ საქმეზე, როგორც ბანკის საქმეზე და არა კონკრეტული პირების საქმეზე? ხაზარაძეზე თუ არის საუბარი, ის ბანკის აქციების 13%-ის მფლობელია და რატომ ხდება ეს სპეკულაციები, რატომ უნდა ვიღაცას, რომ ამ საქმით მთელი ფინანსური სისტემა ააფეთქოს ქვეყანაში? ეს სასიკეთოს არაფერს მოგვიტანს, ფინანსური სტაბილურობა მთლიანად შეირყევა და მეტად ცუდ დღეში ჩავცვივდებით. ან არაკომპეტენტურობის ბრალია, ვინც ამ თამაშს თამაშობს, ან საბოტაჟია. რაც უნდათ, ის გამოიძიონ, მაგრამ არა ამ ფორმით!"
ანდრია გვიდიანი, ახალგაზრდა ბიზნესმენთა და ფინანსისტთა ასოციაციის ანალიტიკოსი: "თიბისი ბანკთან" დაკავშირებით მეტი წინდახედულობა და სიფრთხილეა საჭირო. სახიფათო თამაშმა შესაძლოა ძალიან ნეგატიურ პროცესებს დაუდოს სათავე, რაც არა მხოლოდ ერთ ბანკს, არამედ მთლიანად საფინანსო სექტორს დააზარალებს. გამოძიების შინაარსს რომ თავი დავანებოთ, ხელისუფლებისა და ეროვნული ბანკის წარმომადგენლები ყოველდღიურად იმას მაინც უნდა აცხადებდნენ, რომ დაწყებული გამოძიება ბანკის სტაბილურობასა და მის მეანაბრეებს საფრთხეს არ შეუქმნის. აუცილებელია ბანკის რეპუტაციის განადგურებისა და ნებისმიერი პანიკური ფონის პრევენციაზე მუშაობა, რასაც, სამწუხაროდ, ვერ ვხედავ".
P.S. კიდევ ერთი საგულისხმო და უჩვეულო დეტალი მიმდინარე საგამოძიებო პროცესის ფონზე - ანონიმური ფეისბუკგვერდები, რომლებიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს გრიგოლ ვაშაძის საწინააღმდეგო აქტიური კამპანიით გამოირჩეოდნენ, ახლა მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ ავრცელებენ, მათ შორის, დასპონსორებულ პოსტებს. საინტერესოა, როგორ დასრულდება გამოძიება, რომელსაც ასეთი საინფორმაციო კამპანია გასდევს ფონად?
ემა ტუხიაშვილი