როგორ "ხერხავენ" ბიუჯეტს - სად გაქრა 66.000.000
აუდიტის სკანდალური დასკვნა, ანუ სად გაქრა 66.000.000
როგორ მოვიპაროთ და გავფლანგოთ მილიონები ბიუჯეტიდან? - ამ შეკითხვაზე მრავალფეროვან პასუხებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2018 წლის ანგარიში იძლევა. აუდიტის სამსახურმა 25 ფინანსური და 53 შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა და ანგარიშის მიხედვით, გამოვლენილი დარღვევების ჯამურმა მოცულობამ 66 მლნ ლარი შეადგინა. მარტივად რომ ვთქვათ, მილიონობით ლარი ბიუჯეტიდან არაეფექტიანი, არაეკონომიური და არამიზნობრივი გამოყენების გამო ან ქარს გაატანეს, ან ჯიბეში ჩაიცურეს.
აუდიტის სამსახური ანგარიშს პარლამენტს წარუდგენს და კიდევ ერთხელ განაცხადებს, რომ ამგვარ დარღვევებს სისტემური ხასიათი აქვს. რამდენიმე დარღვევის შესახებ ანგარიში აუდიტის სამსახურმა სამართალდამცავ ორგანოებსაც გადაუგზავნა.
სახელმწიფო ქონების პრივატიზება საბაზრო ღირებულებაზე დაბალ ფასად; საიჯარო ქირის გარეშე სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემაა; შესრულებულ სამუშაოებზე საბაზრო ღირებულებაზე მეტი ოდენობით თანხის ანაზღაურება; მომწოდებლისთვის საჯარიმო სანქციის ან პირგასამტეხლოს დაუკისრებლობა; მომწოდებლის მიერ შეუსრულებელი ან ნაწილობრივ დასრულებული სამუშაო - ეს იმ დარღვევების მხოლოდ ნაწილია, რომელიც სახელმწიფო აუდიტმა საჯარო უწყებებში აღმოაჩინა. ქვემოთ რამდენიმე თვალსაჩინო მაგალითს მოგიყვანთ, როგორი გულუხვია ბიუროკრატია, როცა სახელმწიფო სახსრებს ხარჯავს.
ხელფასი ყოფილ თანამშრომლებს
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აპარატის ფინანსური აუდიტის შედეგად გამოვლინდა თაღლითობის მაღალი რისკის შემცველი გარემოებები. "შრომის ანაზღაურების" მუხლით გაწეული ფულადი სახსრების ანალიზისას გამოიკვეთა, რომ ყოფილ თანამშრომლებზე ირიცხებოდა თანხები მათი გათავისუფლების შემდგომ თვეებშიც. 2017 წელს ამ მიზნით საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხულმა თანხამ დაახლოებით 140,5 ათასი ლარი შეადგინა. ანგარიშის მიხედვით, სამინისტროში დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, 237 შემთხვევაში სამინისტროს მოსამსახურის კუთვნილი ფულადი განაცემები მინდობილობით გაიცა მინდობილ პირებზე, ხოლო გაცემული მინდობილობები არის როგორც ვადიანი, ასევე უვადო. აღირიცხა მინდობილობის ვადის გასვლის შემდგომ თანხების გადარიცხვის ფაქტებიც, ანუ ტრანზაქციები არაუფლებამოსილ პირებზე. დაფიქსირდა მინდობილობის გარეშე თანხების გადარიცხვის ფაქტებიც.
721.954 ლარი დაწუნებული პროექტისთვის
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სარგებლობის უფლებით გადაეცა გიორგი ლეონიძის ქუჩაზე მდებარე შენობა-ნაგებობები, რომელთა საექსპერტიზო, გეოლოგიური და საპროექტო სამუშაოების შესყიდვის მიზნით სამინისტრომ 721.954 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა კომპანიასთან, რომელიც რეესტრში ხელშეკრულების გაფორმებამდე ერთი დღით ადრე დარეგისტრირდა. შენობის სამშენებლო სარემონტო სამუშაოების ნაწილი 2017 წლის 1-ლი ნოემბრიდან 2018 წლის 1-ლი მაისის ჩათვლით შესრულდა, მაგრამ კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის ცვლილება-ადაპტაციის კონსტრუქციული ნაწილის მუშაპროექტი, რომლის მიხედვითაც სამუშაო უნდა შესრულებულიყო, ხარვეზიანი აღმოჩნდა. შესაბამისად, სამშენებლო-სარემონტო სამუშაოს შემსრულებელი კომპანია, რომელსაც გაწეული სამუშაოსთვის ბიუჯეტიდან 418.487 ლარი გადაუხადეს, ამ ხარვეზიან პროექტს სრულად ვერ დაეყრდნობოდა, მაგრამ არც ალტერნატიული პროექტი არსებობდა. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ საბოლოოდ სახელმწიფო უწყებამ ხარვეზიან პროექტში უფრო მეტი გადაიხადა, ვიდრე სამინისტროს რემონტი დაუჯდა.
საბავშვო ბაღი მეწყერსაშიშ ზონაში
სახელმწიფო აუდიტმა ჩაატარა ასევე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტი და გამოვლინდა, რომ მუნიციპალიტეტმა გამოუსადეგარი საპროექტო დოკუმენტაციით, გეოლოგიური კვლევების გარეშე, მეწყერსაშიშ ტერიტორიაზე სოფელ ახალშენის საბავშვო ბაღის მშენებლობის შესყიდვისთვის ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. შედეგად, 771 ათასი ლარის ღირებულების პროექტი ვერ განხორციელდა, არ დაკმაყოფილდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის კონკრეტული საჭიროებები და მათ პროექტით გათვალისწინებული სარგებელი ვერ მიიღეს.
ბეტონის ფილები გრანიტის ნაცვლად
ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტმა საინტერესო ფაქტები გამოავლინა. მაგალითად, ქალაქში რუსთაველის რკალზე ტროტუარის კეთილმოწყობისთვის გრანიტის ფილების ნაცვლად ბეტონის დააგეს. ექსპერტის დასკვნით, დათვლილ ღირებულებასა და მუნიციპალიტეტის მიერ ჩაბარებულ სამუშაოს ღირებულებას შორის სხვაობა 713 ათას ლარს შეადგენს, რაც ზედმეტად გადახდილი თანხაა.
ამავე დასკვნაში ვკითხულობთ, რომ ფოთის მუნიციპალიტეტმა ჩაიბარა 1,4 მლნ ლარის ღირებულების საცხოვრებელი სახლების სარეაბილიტაციო სამუშაო, რაც უხარისხოდ არის შესრულებული. მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიამ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას ოთხ შემთხვევაში არასწორად მოახდინა პრეტენდენტების დისკვალიფიკაცია. შედეგად, შესყიდვის ღირებულება 110 ათასი ლარით გაიზარდა.
საბაზრო ფასზე ორჯერ მეტი!
როგორც სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში ვკითხულობთ, ქუთაისის მერიამ გარე განათების ქსელის სანათი წერტილების, შუქნიშნებისა და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემების საექსპლუატაციო მომსახურების შესყიდვის სატენდერო პროცესი ისე წარმართა, რომ 2015, 2016 და 2017 წლების სავარაუდო ღირებულება რეალურ გათვლებს არ ეფუძნებოდა. მერიამ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, რა აუცილებლობით იყო გამოწვეული ქსელის შემოვლა-დათვალიერებასა და მრიცხველების შემოწმებაში 715 ათასი ლარის გადახდა. აუდიტის ჯგუფმა ასევე ვერ მოიპოვა საკმარისი და შესაფერისი მტკიცებულებები მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ. ამდენად, დაგეგმვაში, შესრულებასა და კონტროლში არსებული მართვის სისუსტეების შედეგად 715,6 ათასი ლარი არაეფექტიანად დაიხარჯა. ასევე გარე განათების ქსელის ექსპლუატაციის ტენდერის ფარგლებში სანათების შესყიდვამ შესაძლო მიმწოდებლებს არ მისცა ტენდერში მონაწილეობის საშუალება, რითაც შეიზღუდა კონკურენცია და მერიამ სანათები საბაზროზე არსებითად მაღალ ფასად შეიძინა.
მუნიციპალიტეტში სოციალური საცხოვრისის მშენებლობის კონკურსი უკონკურენტო გარემოში ჩატარდა და სამუშაოებიც უხარისხოდ შესრულდა. შედეგად, მერიამ 4 372 კვმ ფართობი სოციალური საცხოვრისი ჩაიბარა და არასაბაზრო ფასად, 4,3 მლნ ლარად შეისყიდა. არადა, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სოციალური საცხოვრისის შენობის 1 კვმ ფართობის საბაზრო ღირებულება 540 ლარია, მაშინ როცა მერიამ 1.000 ლარი გადაიხადა. აუდიტის სამსახურის დასკვნით, დათვლილ ღირებულებასა და მერიის მიერ ჩაბარებული სამუშაოების ღირებულებას შორის სხვაობა 2 მლნ ლარს შეადგენს.
იაფად გაყიდული სახელმწიფო მიწა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2016-2017 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტში ვკითხულობთ, რომ მუნიციპალიტეტი მიწის ნაკვეთებს ელექტრონული აუქციონის გარეშე, საბაზრო ფასზე არსებითად დაბალი ღირებულებით ასხვისებდა. ელექტრონული აუქციონის გამართვის შემთხვევაში არსებობდა დიდი ალბათობა, რომ გაყიდული 1 კვმ მიწის ნაკვეთების ღირებულება 100 ლარს მნიშვნელოვნად გადააჭარბებდა და მუნიციპალიტეტი 10 მლნ ლარზე მეტ დამატებით შემოსავალს მიიღებდა.
სოციალური დახმარება სოციალურად დაცულებს
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სახელმწიფო შესყიდვების, შრომის ანაზღაურებისა და ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის სამედიცინო და ერთჯერადი დახმარების უზრუნველყოფის შესაბამისობის აუდიტი. გაირკვა, რომ 2016-2017 წლებში 507 ათასი ლარის დახმარება გაცემულია 711 ბენეფიციარზე, რომლებიც არ განეკუთვნებოდნენ დახმარების გაცემის წესით განსაზღვრულ კატეგორიებს. მათ შორის, 241 ათასი ლარის სოციალური დახმარება გაუწიეს ისეთ პირებს, რომელთა საშუალო თვიური შემოსავალი 1.000 ლარს აღემატებოდა. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ სამსახური დოკუმენტურად სათანადოდ არ აფორმებს სოციალური დახმარების გაცემის პროცესში მიღებულ გადაწყვეტილებებს და ამიტომაც პროცესი გაუმჭვირვალეა...
ირაკლი მაკალათია, ეკონომიკის დოქტორი: "წლებია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშებში ვკითხულობთ, რომ სახელმწიფო უწყებებში ათეული მილიონობით ლარის დარღვევებია, რაც, ცხადია, კორუფციის, ნეპოტიზმისა და ბიუჯეტის არამიზნობრივად ხარჯვის შედეგია. იქმნება შთაბეჭდილება, რომ აუდიტის ანგარიშით უბრალოდ სამთავრობო დოკუმენტი იქმნება, ხოლო კონკრეტული საჯარო მოხელეების პასუხისმგებლობის საკითხი არ დგება. შესაბამისად, არც მომდევნო პერიოდში ითვალისწინებენ წინა წლებში დაშვებულ შეცდომებსა თუ დარღვევებს. არ ადგენენ, სად მიდის ბიუჯეტიდან გაფლანგული ფული. იქნებ ე.წ. ატკატებით ვიღაც მდიდრდება, იქნებ მართლა წყალში გადაიყარა სახელმწიფო სახსრები? ეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურიც ხომ სახელმწიფო ორგანიზაციაა და დარწმუნებული ვარ, კიდევ შერბილებულ დასკვნებს წერს და უფრო სიღრმეებში თუ წავალთ, კიდევ უარესი მდგომარეობა დაგვხვდება. ცხადია, საკითხისადმი ამგვარი დამოკიდებულება ახალისებს არაკეთილსინდისიერ საჯარო მოხელეებს და ზრდის ბიუჯეტიდან თანხების გაფლანგვის რისკებს.
ანგარიშის წაკითხვისას თვალში მომხვდა ერთი უცნაური გარემოება - შესწავლილი 23 მუნიციპალიტეტიდან 22 დასავლეთ საქართველოშია და მხოლოდ ერთი, რუსთავი იყო აღმოსავლეთ საქართველოში. რატომ, კახეთსა და ქართლში არ არსებობს კორუფციის რისკები?
როცა მუნიციპალიტეტებში არამიზნობრივ ხარჯვაზეა ლაპარაკი, ორი პრობლემა იკვეთება: ერთია კვალიფიკაციის ნაკლებობა, რის გამოც ვერ ხდება პროექტების ჯეროვნად გაანალიზება და საბიუჯეტო თანხების ათვისება, მეორე კი - კორუფცია და ბიუჯეტის არამიზნობრივად ხარჯვა. იქიდან გამომდინარე, რომ ადგილობრივი მთავრობის წევრებში ბიუჯეტის ფული "სხვის ფულად" აღიქმება, დაბალია მათი კვალიფიკაციის დონე, ხელოვნურად არის გაზრდილი სსიპ-ები და აიპ-ები, და მთავრობა მონოპოლისტ მხარჯავ სისტემად არის ჩამოყალიბებული, ცხადია, კორუფციის, ნეპოტიზმისა და ბიუჯეტის არამიზნობრივად ხარჯვის რისკები ერთი-ორად იმატებს.
აუდიტის დასკვნით, 20,2 მლნ ლარის დარღვევა გამოვლინდა სახელმწიფო აქტივების მართვაში, რომელშიც მოიაზრება: იჯარით გაცემულ სახელმწიფო ქონებაზე გადაუხდელი საიჯარო ქირა; ბუნებრივი რესურსების სარგებლობისგან ბიუჯეტში მიუმართავი სახსრები; სახელმწიფო ქონების პრივატიზება საბაზრო ღირებულებაზე დაბალ ფასად; საიჯარო ქირის გარეშე სარგებლობაში გადაცემული სახელმწიფო ქონება.
იჯარით გაცემული სახელმწიფო ქონება ყოველთვის არაეფექტიანია და საჯარო მოხელეების პირადი გარიგებების წყარო ხდება. როცა აქტივი სახელმწიფოს საკუთრებაშია, ადგილობრივ თუ ცენტრალურ ხელისუფლებაში ცდილობენ, სახელმწიფო ბალანსზე არსებული ქონებიდან მეტი პირადი სარგებელი მიიღონ და ამიტომაც გვაქვს ბევრი დარღვევა-გადაცდომა. ამავე დროს სახელმწიფო ქონების პრივატიზებით ბიუჯეტის შევსება მხოლოდ მითია, პრივატიზებით მიღებული შემოსავლები ბიუჯეტის 1%-ს შეადგენს და ის ბიუჯეტის ფორმირების განმსაზღვრელი ვერ გახდება.
ამ პრობლემებიდან ერთადერთი გამოსავალია სახელმწიფო ქონების უფასო პრივატიზება საქართველოს მოქალაქეებზე და ამ გზით აქტივების ეკონომიკაში ჩართვა. ეს გამოიწვევს სწრაფ ეკონომიკურ ზრდას, მოსახლეობის გამდიდრებასა და კონკურენციის გაჩენას. კერძო მესაკუთრეები თავიანთ საკუთრებას უყაირათოდ არ გამოიყენებენ, რესურსების უდანაკარგოდ მოპოვებისთვის კი შემოიტანენ თანამედროვე ტექნოლოგიებს, რაც განაპირობებს კვალიფიკაციის ზრდას, შრომის ანაზღაურების მატებასა და შრომითი პირობების გაუმჯობესებას. თუ სახელმწიფოს განსაკარგავი ქონება არ ექნება, შესაბამისად, არც დარღვევები იქნება, არც გადაცდომები და არც ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვა".