"2 მილიარდი კრიზისის პირველი დარტყმი ნაწილობრივ გასანეიტრალებლად ალბა საკმარისია"
"1.000 ლარის ოდენობით უმუშევართა დახმარება, რა თქმა უნდა, სასურველია, მაგრამ ვეჭვობ, ქვეყნის ბიუჯეტმა შეძლოს ამხელა ფინანსური ტვირთის ზიდვა"
2 მილიარდი ლარი ეკონომიკის ანტიკრიზისული გეგმისა და ამდენივე პოსტკრიზისულ პერიოდში ბიზნესისთვის საკრედიტო გარანტიის სახით - ასეთია ამ ეტაპისთვის საქართველოს ხელისუფლების ხედვა ეკონომიკისა და კერძო სექტორის გადასარჩენად. ანტიკრიზისულ გეგმაში შედის ასევე სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება იმ მოსახლეობისთვის, რომელსაც ეს ახლა ყველაზე მეტად სჭირდება. განსაზღვრული კატეგორიისთვის კომუნალური გადასახდელების დაფინანსების გარდა, მთავრობაში განიხილება უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეებისთვის ფინანსური კომპენსაციის გაცემაც, თუმცა ვინ და რამდენს მიიღებს ბიუჯეტიდან, ეს მექანიზმი მთავრობის ეკონომიკურ გუნდში სწორედ ახლა განიხილება და უახლოეს ორ კვირაში გახდება ცნობილი. მთავრობის ანტიკრიზისულ ხედვასა და პოსტკრიზისულ გეგმებზე GIPA-ს პროფესორს, ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელსა და რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარს მერაბ კაკულიას ვესაუბრეთ.
- საქართველოს ხელისუფლების ანტიკრიზისული გეგმის თანახმად, ბიუჯეტიდან 2 მილიარდი ლარი გამოთავისუფლდება, საიდანაც ნაწილი ბიზნესს მოხმარდება, ნაწილი კი მოსახლეობის დასახმარებლად დაიხარჯება. როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია ამ თანხით მწვავე კრიზისული შოკის თუნდაც პირველი დარტყმის მოგერიება?
- 2 მლრდ ლარი მთლიანი შიდა პროდუქტის 4%-ია, რაც მეტი თუ არა, ნაკლები არ არის რეგიონის ქვეყნების ფისკალური სტიმულების მათივე მშპ-ებთან თანაფარდობაზე. რა თქმა უნდა, ამ მოცულობის რესურსი საკმარისი არ იქნება, რომ მთლიანად განეიტრალდეს კრიზისის შედეგად შიდა მოხმარების და ინვესტიციების, საქონლისა და მომსახურების ექსპორტის (მათ შორის ტურიზმის) თუ ფულადი გზავნილების დანაკარგები, რის მთლიან სურათსაც ჯერ კიდევ ვერ ვხედავთ. თუმცა კრიზისის პირველი დარტყმის ნაწილობრივ მაინც გასანეიტრალებლად ის, ალბათ, საკმარისია.
შეპირებული საერთაშორისო ფინანსური დახმარების გათვალისწინებით, რომელიც, ჩემი ვარაუდით, 600 მლნ-დან 1 მლრდ აშშ დოლარამდე იქნება, სახელმწიფო შეძლებს ანტიკრიზისული პროგრამისთვის კიდევ უფრო მეტი თანხის მობილიზებას.
- მთავრობას იმედი აქვს, რომ ფინანსური მხარდაჭერის შემთხვევაში ბიზნესი თანამშრომლებისთვის ხელფასების შენარჩუნებას შეძლებს, თუმცა ვინც შემოსავლების გარეშე დარჩა, მხარდაჭერას ჰპირდება. ოპოზიციის არაერთი შეთავაზება მოვისმინეთ - ზოგი მთავრობას მოუწოდებს 1000-1000-ლარიანი ხელფასები დაურიგოს უმუშევრად დარჩენილებს, ზოგიც საპენსიო შენატანების დაბრუნებას ითხოვს. თქვენ რა გზა მიგაჩნიათ ყველაზე გამართლებულად, როგორ და რა ფორმით შეიძლება დაეხმაროს ხელისუფლება შემოსავლის გარეშე დარჩენილ ყოველ ოჯახს? - მთავრობის მცდელობის მიუხედავად, რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილი შეინარჩუნოს საგანგებო მდგომარეობაშიც კი, მათი დიდი ნაწილი მაინც დაიკარგება, რადგან მთელ რიგ სექტორებში (მრეწველობა, ვაჭრობა, მშენებლობა, ტრანსპორტი, ტურიზმი, უძრავი ქონებით ოპერაციები და სხვ.) საწარმოთა უმეტესობა, ფაქტობრივად, შემოსავალს ვეღარ იღებს. ამ საწარმოთა დახმარება მათი მიმდინარე ვალდებულებების, მათ შორის ფინანსური ვალდებულებების შემსუბუქების მიზნით, ნაყოფს უფრო პოსტკრიზისულ პერიოდში გამოიღებს. ახლა მნიშვნელოვანია იმ შინამეურნეობების პირდაპირი ფინანსური დახმარება, სადაც დასაქმებულებმა სამუშაო ადგილები დაკარგეს. მთავრობამ მათი აღრიცხვა უკვე დაიწყო, რასაც საფუძვლად უდევს საშემოსავლო გადასახადების გადამხდელთა შესახებ მონაცემები. ეს არ არის საკმარისი, რადგანაც დასაქმებულთა ნახევარზე მეტი საქართველოში თვითდასაქმებულთა კატეგორიას განეკუთვნება, რომელთა აღრიცხვა მონაცემთა ბაზით ვერ მოხერხდება. 1.000 ლარის ოდენობით უმუშევართა დახმარება, რაც შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმის ხუთჯერადი მოცულობის ტოლია, რა თქმა უნდა, სასურველია, მაგრამ ვეჭვობ, ქვეყნის ბიუჯეტმა შეძლოს ამხელა ფინანსური ტვირთის ზიდვა. ამასთან, უმუშევართა ფინანსური დახმარების მოცულობის დადგენისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ხარჯების კომპენსაციაც, რის შესახებაც მთავრობამ უკვე განაცხადა.
რაც შეეხება საპენსიო შენატანების დაბრუნებას, ვფიქრობ, საპენსიო ფონდში აკუმულირებული გრძელვადიანი ფინანსური რესურსის უმუშევართა შემწეობის მიზნით გამოყენება გაუმართლებელია. ეს დანაზოგები ქვეყნის გრძელვადიან განვითარებას უნდა მოხმარდეს.
- კომპანიების ნაწილს ხელისუფლებამ პროფილურად უკვე დაუწესა შეღავათები ქონებისა და საშემოსავლო გადასახადზე. კიდევ რისი გაკეთება შეიძლება კერძო სექტორისთვის? - როგორც ვიცი, ქონებისა და საშემოსავლო გადასახადები ძირითადად იმ კომპანიებს გადაუვადდა, რომელთა საქმიანობა ტურიზმს უკავშირდება, კერძოდ, სასტუმროებსა და რესტორნებს, ტურისტულ სააგენტოებს, სატრანსპორტო კომპანიებს და სხვ. მიზანშეწონილია, რომ შეღავათების მიღების შესაძლებლობა სხვა სექტორების კომპანიებსაც მიეცეთ.
- პრემიერი ამბობს, რომ უკვე დღეს უნდა დაიწყოს ხელისუფლებამ პოსტკრიზისულ პროგრამაზე მუშაობა. ითქვა ისიც, რომ ეს იქნება საგარანტიო-საკრედიტო სქემები, რომელთა საშუალებითაც პოსტკრიზისულ ეტაპზე ხელისუფლება კომპანიებს სწრაფად განვითარებაში დაეხმარება. ლაპარაკია დაახლოებით 2 მილიარდი ლარის გარანტიებზე. რამდენად დაეხმარება ეს კერძო სექტორს კრიზისის შემდგომ პერიოდში? - საგარანტიო-საკრედიტო სქემა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, რომელსაც ნაკლებად მიუწვდება ხელი საბანკო კრედიტზე. ამ მექანიზმის ამოქმედებით ეკონომიკური სუბიექტების დიდ ნაწილს შანსი მიეცემა მომავალში აღადგინოს/განაახლოს თავისი საქმიანობა. საგარანტიო-საკრედიტო სქემა მთავრობამ გასული წლის მეორე ნახევარში აამუშავა "აწარმოე საქართველოს" პროგრამით. მისი მოცულობა მაშინ 20 მლნ ლარს არ აღემატებოდა. ამჯერად უკვე ლაპარაკია 2 მლრდ ლარზე, რაც სოლიდური თანხაა პოსტკრიზისულ პერიოდში ბიზნესის მხარდასაჭერად. საჭირო გახდება საგარანტიო-საკრედიტო სქემაში მონაწილეობის პირობების გადახედვაც, რათა რაც შეიძლება მეტმა კომპანიამ შეძლოს ჩართვა.
- რამდენად შეუწყობს ხელს კრიზისის შედეგების დაძლევას ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება კომერციული ბანკებისთვის კაპიტალის მოთხოვნების შერბილების თაობაზე? - კომერციული ბანკებისთვის კაპიტალისა და ლიკვიდობის მოთხოვნების შემსუბუქება საბანკო სექტორს 1,6 მლრდ ლარის მოცულობის კაპიტალს გამოუთავისუფლებს. ამით შესაძლებელია კრიზისთან დაკავშირებული პოტენციური ზარალების განეიტრალება ან ეკონომიკის 16 მლრდ ლარით დაკრედიტება - ანუ ეს ღონისძიება, ერთი მხრივ, კომერციული ბანკების ფინანსური სტაბილურობის განმტკიცებას შეუწყობს ხელს, მეორე მხრივ კი ეკონომიკის პოსტკრიზისული განვითარების დაკრედიტებას, მათ შორის, ზემოაღნიშნული საკრედიტო-საგარანტიო სქემის ამოქმედებას.
- ბოლო ერთ კვირაა, რაც ლარი დოლარის მიმართ მყარდება. რამდენად სწორი და თანამიმდევრულია ახლა ეროვნული ბანკის ღონისძიებები, მათ შორის ვგულისხმობ სავალუტო ბაზარზე უფრო აქტიურად ჩართვის გადაწყვეტილებას. კიდევ რის გაკეთება შეუძლია ეროვნულ ბანკს ეროვნული ვალუტის სტაბილურობისთვის და ინფლაციის მოსათოკად? - დროის მოკლე შუალედში მკვეთრი ვარდნის შემდეგ ლარის ასევე სწრაფად და მკვეთრად გამყარება მეტყველებს, რომ წინა კვირის პანიკა სავალუტო ბაზარზე ამჯერად ჩაცხრა. ამაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ეროვნული ბანკის გამოცოცხლებამ - კერძოდ, მისი ხელმძღვანელობის განცხადებებმა სავალუტო ბაზარზე უფრო აქტიურად ჩართვის შესახებ. ამაში, როგორც ჩანს, იგულისხმება არა იმდენად ინტერვენციები ბანკთაშორის სავალუტო ბაზარზე (ბლუმბერგის ელექტრონული სავაჭრო პლატფორმა), რამდენადაც პირდაპირი სვოპ-გარიგებები კომერციულ ბანკებთან, რომლებიც მიზნად ისახავენ მათთვის აშშ დოლარის ლიკვიდობის მიწოდებას. აღნიშნული განცხადებები შეიძლება ასევე განვიხილოთ როგორც ინტერვენცია, ოღონდ ვერბალური, რამაც ბაზრის ძირითად ოპერატორებს მკვეთრად უარყოფითი მოლოდინი ნაწილობრივ გაუქარწყლა. თუმცა, თუ ეროვნული ბანკის დაპირებები დროულად და თანამიმდევრულად არ შესრულდა, სავალუტო ბაზარი შეიძლება სწრაფად შეიცვალოს, მით უმეტეს, რომ კორონავირუსის პანდემია ჯერ კიდევ მძვინვარებს. ეროვნულ ბანკს აქვს სავალუტო ბაზარზე ლიკვიდობის მართვის კიდევ ერთი ინსტრუმენტი - უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სახსრებზე მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა, რომლის შემდგომი შემცირება სავალუტო ბაზარზე აშშ დოლარის მიწოდების ზრდას შეუწყობს ხელს. თუ კომერციული ბანკები ლიკვიდობას უცხოურ ვალუტაში შეუფერხებლად მიიღებენ პირდაპირი გარიგებების მეშვეობით, ვფიქრობ, მინიმალური რეზერვების შემცირება დღეისათვის შესაძლოა არ იყოს აუცილებელი.
რაც შეეხება ინფლაციას, მარტში სამომხმარებლო ფასების მატების წლიურმა ტემპმა 6,1% შეადგინა, რაც კრიზისისა და ლარის კურსის დაცემის ფონზე ერთობ მოკრძალებულია. მიუხედავად ამისა, ცალკეულ სასაქონლო ჯგუფებზე ფასებმა მკვეთრად მოიმატა - ხორცზე თითქმის 15%-ით, რძის პროდუქტებზე - 19%-ით, შაქარსა და ტკბილეულზე - 15%-ით, მთლიანობაში სურსათზე კი 13,4%-ით. თუ გავითვალისწინებთ, რომ კრიზისსა და გაურკვევლობას ჯერ ბოლო არ უჩანს და ლარის კურსის პროგნოზიც ჭირს, შეიძლება ითქვას, რომ ინფლაციის რისკები მაღალია. ამიტომ დღეისთვის, ალბათ, ნაადრევია მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირება, მიუხედავად იმისა, რომ ეს მნიშვნელოვნად წაადგება საკრედიტო აქტიურობის ზრდას.
- ახლა რთულია პროგნოზის გაკეთება, თუმცა აზიის განვითარების ბანკის შეფასებით, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდა 0%-მდე დაეცემა, უკვე 2021-ში კი საქართველოს 4,5%-იანი ეკონომიკური ზრდა დაუბრუნდება. თქვენი შეფასება როგორია? - მართალია, ასეთ გაურკვეველ ვითარებაში ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაკეთება რთულია, მაგრამ არსებობს რამდენიმე ფაქტი და შეფასება, რომლებიც სადღეისოდ განსაზღვრული დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა.
დავიწყოთ იმით, რომ უკვე თებერვალში წლიურმა ეკონომიკურმა ზრდამ (თებერვალი წინა წლის თებერვალთან შედარებით), წინასწარი შეფასებით, საქართველოში 2,2% შეადგინა, როდესაც იანვარში ეს მაჩვენებელი 5,1% იყო. ცხადია, ეკონომიკური დინამიკა მომდევნო თვეებში უფრო გაუარესდება. აქედან გამომდინარე, დიდი ალბათობით, წლეულს, უკეთეს შემთხვევაში, ეკონომიკური ზრდა არ გვექნება. დაახლოებით იგივე პროგნოზი გამოაქვეყნა ISET-მაც (თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა), რომლის მიხედვითაც მშპ-ის რეალური ზრდა საქართველოში 2020 წელს შესაძლოა 0,8%-მდე დაეცეს, მაშინ, როცა თურქეთსა და რუსეთს უარყოფითი მაჩვენებლები ექნებათ (შესაბამისად, -4% და -5%). მიუხედავად ასეთი დაბალი საბაზისო მაჩვენებლისა, თანამიმდევრული ანტიკრიზისული პოლიტიკის გატარებით სავსებით შესაძლებელია უკვე 2021 წელს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურმა ზრდამ 4,5%-ს მიაღწიოს.