ქართველებმა გერმანული ჯარი ინგლისელების შეურაცხყოფისგან იხსნეს
არ მგონია, რომ ჩვენზე უკეთესი ხალხი დედამიწაზე არ დაიარება, მაგრამ ისიც არ მესმის ზოგიერთი ვაიადამიანის გამო (ავკაცობას ეროვნება არ გააჩნია) საზოგადოების ერთი ნაწილი რომ მოთქვამს ხოლმე, ქართველობის მრცხვენიაო. ცხადია, შეგრცხვება, თუ არ იცი საიდან მოდიხარ. თუ არ იცი, რომ ისევე, როგორც ნებისმიერ ერს (ზოგს მეტად ზოგს ნაკლებად) კარგიც ბევრი გაქვს მოსაგონარი და განსაკუთრებით საამაყო.
სამწუხაროდ ახალმა თაობამ ბერი არაფერი იცის საამაყო წარსულის შესახებ, რომლითაც თუნდაც სულ რაღაც ერთი საუკუნის წინ იწერებოდა ისტორია. სამაგალითო ქართველების უმრავლესობასაც ღრმად მიყრია დავიწყების მტვერი და წინა პლანზე მხოლოდ ცუდი ამბების და ავადმოქმედი პიროვნებების გამოჭენებით არასახარბიელო სურათი იქმნება. შეძახილი ხეს ახმობს და არც ერს დააყრის ხეირს, სულ ცუდი ხარ, ცუდი ხარ, თუ უძახე...
ალბათ ბევრს არ სმენია 1918 წლის შემოდგომაზე როგორ გადაარჩინეს ქართველებმა გერმანული ჯარი ინგლისელებისგან დამცირებასა და შეურაცხყოფას. დიახ, რაც არ უნდა დაუჯერებელი იყოს, იმ დროს, როდესაც საქართველოს "ჩვილი" დემოკრატიული სახელმწიფო წელში გასამართად ევროპის ქვეყნებისგან დაცვას საჭიროებდა, ქართველები იქით იცავდნენ ერთმანეთთან მოქიშპე ევროპული ქვეყნების სინდისსა და ღირსებას.
1918 წლის ნოემბერში გერმანია პირველ მსოფლიო ომში დამარცხდა და იძულებული გახდა, კავკასიიდან ფეხი ამოეკვეთა. მისი ადგილი ინგლისის ჯარს უნდა დაეკავებინა. გერმანულ მისიას გენერალ კრესენშტაინის მეთაურობით საქართველოდან უნდა გაეწვია თავისი შეიარაღებული ძალები, მაგრამ ეს იოლი არ იყო. გერმანელებმა საქართველოს დროულად დატოვება ვერ მოასწრეს. ინგლისური ჯარების მოწინავე რაზმებს უკვე დაეკავებინათ თბილისის მთავარი სარკინიგზო სადგური და სულაც არ აპირებდნენ მეტოქეების პატივით გასტუმრებას. მეტიც, განზრახული ჰქონიათ, გერმანელები კინწისკვრით გაეყარათ ქვეყნიდან. ამიტომაც გერმანული მისიის ხელმძღვანელს დახმარებისთვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის მიუმართავს, საიდანაც დროული პასუხი ვერ მიუღია.
შეშფოთებული გენერალი კრესენშტაინი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთ ფუძემდებელს და წინამძღოლს, პოლკოვნიკ დათა ვაჩნაძეს შინ ხლებია თხოვნით, ეგებ თქვენ დაუკავშირდეთ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, რომ ჩვენი დაცვა უზრუნველყოსო.
გერმანელ გენერალსა და ქართველ პოლკოვნიკს თურმე საერთო საქმის გარდა, მეგობრობაც აკავშირებდათ. 1918 წლის ივნისში დავით ვაჩნაძე, საქართველოს მთავრობის წარდგენით, დაინიშნა საქართველოს რესპუბლიკის რწმუნებულად გერმანიის საიმპერატორო სამხედრო-დიპლომატიურ მისიაში. ამის შემდეგ იგი ქართულ და გერმანულ შტაბებთან ერთად მონაწილეობდა საქართველოს ჯარის ორგანიზაციის პროექტის შედგენაში. იმავე წლის ოქტომბერში, სამშობლოს წინაშე გაწეული სამსახურისა და დამსახურებისათვის, პოლკოვნიკი დავით ვაჩნაძე თამარ მეფის ორდენით დაჯილდოვდა.
იმ დღეს, როდესაც გერმანელმა გენერალმა დახმარებისთვის მიმართა, დათა ვაჩნაძე შეუძლოდ იყო.
"ზამთრის პირის ცივი დღეა. ავადმყოფი ვწევარ ლოგინში. შემორბის ჩემი მეუღლე.
- დათა, გენერალი კრესი ზის ჩვენს სასტუმრო ოთახში. შენი ნახვა უნდა! - წამოვდექი. ძლივს ჩავიცვი და გავედი გენერალთან. მეტად შეწუხებული სახით კრესმა ხელი გამომიწოდა. მის გვერდით არანაკლებ დაღვრემილი იჯდა ნაცნობი კაპიტანი დრაიერი, თარჯიმანი.
- დიდ ბოდიშს ვიხდი შეწუხებისათვის. ვიცი, რომ ავად ბრძანდებოდით. მოვედი, გამოგეთხოვოთ. დღეს საღამოს, 5 საათზე, ჩემს დელეგაციასთან ერთად მივდივარ ქ. ფოთში. ინგლისელები უკვე თბილისში არიან. მათ მოწინავე რაზმს უჭირავს თბილისის მთავარი სადგური. მოველი უსიამოვნო ამბებს. დავურეკე თქვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ვთხოვე ჩემი დელეგაციის დაცვა. პასუხი არ მიმიღია. ალბათ, ინგლისელების ჩამოსვლის გამო სამინისტროში არეულობაა და ჩემთვის აღარავის სცალია. იქნებ თქვენ შეძლოთ და ამის შესახებ დაურეკოთ სამხედრო სამინისტროს, - მითხრა აღელვებით კრესმა. ჩავფიქრდი. უკვე ორი საათი სრულდებოდა. დრო ცოტაღა დარჩა. მივმართო ოფიციალურ დაწესებულებებს? მაგრამ ვინ იცის, როდის და რას მოასწრებენ ამ არევის ხანაში? გადავწყვიტე, დამოუკიდებლად მემოქმედა," - იხსენებს დათა ვაჩნაძე მოგონებებში "საქართველოს პატივის დაცვისათვის".
მან გერმანელები დანიშნულ დროს სადგურზე ბარგით დაიბარა და აღუთქვა, რომ ხელს ვერავინ ახლებდა. გენერლის კითხვას, "თქვენ ხომ ავად ბრძანდებით?" ვაჩნაძემ მოჭრით უპასუხა, - "დრო აღარა მაქვს ავადმყოფობისათვის, ძვირფასო გენერალო! ჩვენში ნათქვამია, ძმა ძმისთვის, შავი დღისთვისო. უნდა დავეშურო, რათა პირობა შეგისრულოთ. ერთი წუთის დაკარგვა არ შემიძლია".
ამის შემდეგ მოვლენები სწრაფად განვითარდა. ქართველებმა მოახერხეს გამარჯვების ეიფორიაში მყოფი ინგლისური ჯარის ნაწილების გაკონტროლება და გერმანელების უსაფრთხოდ გაცილება.
"მარდად გამოვეწყვე ჩემს სამხედრო ჩოხა-ახალუხში. შევიმოსე იარაღით და გავექანე თბილისის სადგურისაკენ. წინასწარ დავურეკე ყველა ჩვენებს და მოვუწოდე, საჩქაროდ გამოცხადებულიყვნენ სადგურზე.
სადგურზე დამხვდა ასეთი სურათი: საზეიმო დარბაზი (ძველად მეფის დარბაზი) სავსე იყო შოტლანდიელი მსროლელი ჯარისკაცებით. მის კარებთან ტიტველი ფეხებით იდგა მაღალი შოტლანდიელი გუშაგი, მოკლე, ჭრელ კაბაში.
გავიგე, რომ რკინიგზის ადმინისტრაციას ინგლისელების შიშით გადაუწყვეტია გერმანული დელეგაციის შორეული სამხედრო ბაქნიდან გასტუმრება, საიდანაც იგზავნებოდნენ მხოლოდ სამხედრო ეშელონები და საქონელი.
თვითნებურად აღვიდგინე ჩემი ძველი რწმუნებულის უფლებანი და ვუბრძანე თბილისის სადგურის უფროსს: "გერმანელებისათვის გამზადებული მატარებელი ახლავე გადმოიყვანეთ ამ მთავარ სადგურზე და დააყენეთ აქ, საზეიმო დარბაზის პირდაპირ!"
მე თვითონ გავეშურე დარბაზისაკენ ინგლისელებთან სალაპარაკოდ. საბედნიეროდ, გზაში შემხვდა კაპიტანი გიორგი აფხაზი, კარგი მცოდნე ინგლისურისა. ვთხოვე დახმარება. ჩვენ ერთად მივადექით შოტლანდიელ დარაჯს და ვუთხარით, გამოეძახა თავისი უფროსი დარბაზიდან. გამოვიდა ახალგაზრდა ოფიცერი ჩიბუხით პირში.
- კეთილი ინებეთ და თქვენი ასეულით მეორე ოთახში გადაბრძანდით! - ვთხოვე მას. ეს დარბაზი გვესაჭიროება გერმანული დელეგაციის გასტუმრებისათვის, რომელსაც 5 საათზე აცილებს საქართველოს მთავრობა, - იყო ჩემი გარკვეული პასუხი.
- ააა, გერმანელებისათვის?! არა, არ დავუთმობ!.. გაისტუმრეთ, საიდანაც გნებავთ, - მომიგო მკვახედ ინგლისელმა და გაბრუნდა უკან ჩიბუხის წევით. ნათელი გახდა, რომ ახლა სხვა, უფრო მაგარი არგუმენტების მოშველიება იყო საჭირო.
ამისთვის მაშინვე შევედი იქვე, სადგურის მახლობლად მყოფი ქართული ათასეულის ყაზარმაში და 15 წუთის შემდეგ დავბრუნდი ქართული შეიარაღებული ასეულის თანხლებით. გარშემოვერტყით მთელს სადგურს და სადავო დარბაზს. ნაწილი ქართული ათასეულისა გამწკრივდა საზეიმო დარბაზის წინ. თხოვნის განმეორება აღარ დამჭირდა. შოტლანდიის გვარდიამ უკვე თვითონ დატოვა დარბაზი და გადავიდა ნაჩვენებ მეორე ოთახში. თანახმად პირობისა, დავურეკე გენერალ კრესს დელეგაციაში, რომ ყველაფერი მზად არის და შეუძლია თავისუფლად დაიძრას შტაბით სადგურისაკენ.
5 საათზე ყოფილი მეფის დარბაზი ქართველებით გაივსო. აქ იყვნენ პარლამენტის წევრები, ქართველი ოფიცრები, ქართველი მოღვაწეები და სხვა. იმავე დროს სადგურს მოადგა გერმანული დელეგაციის ავტომობილთა მწკრივი გენერალ კრესის მეთაურობით. გამოჩნდა საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი კ. საბახტარაშვილი ერთი ყუთი შამპანურით. აივსო სასმისები. ქართველებმა უსურვეს გერმანული დელეგაციის უფროსს მშვიდობიანი და ბედნიერი მგზავრობა.
- მშვიდობიანი გზა?! - ღიმილით მითხრა კრესმა, - მე ამას არ მოველი, რადგან ჩვენ გვიხდება ინგლისელთა სამხედრო ეშელონებს შუა გავლა, რომლებიც მოდიან ბათუმიდან, ინგლისელებს კი აზრად აქვთ დელეგაციის ბარგისა და დოკუმენტების ხელში ჩაგდება.
- საქართველოს მიწა-წყალზე, სადაც ჩვენ ვართ ხელისუფალნი, ეს არ მოხდება, ბატონო გენერალო, არხეინად ბრძანდებოდეთ! ჩვენ შევძლებთ დაცვას ქართველთა უძველესი ადათისა - სტუმართა მფარველობისა. ამიტომ არავის ნებას არ მივცემთ ჩვენი თავისუფალი ქვეყნის მიწა-წყალზე ამ ადათის შელახვისა, იყავით დამშვიდებულნი!
ამ ლაპარაკის დროს ჩემ გვერდით იდგა კაპიტანი გიორგი აფხაზი. მოვუბრუნდი მას და ვუთხარი:
- ბატონო კაპიტანო! ამოარჩიეთ ახლავე აქ მყოფი ქართული ასეულის რიგებიდან 30 ყოჩაღი ჯარისკაცი და ამ რაზმით გაჰყევით გერმანული დელეგაციის მატარებელს ქ. ფოთამდე, მიიღეთ ყველა ზომა, რათა გერმანელები თავიანთი რაზმით უვნებლად და უკლებლივ მიიყვანოთ დანიშნულ ადგილამდე. თქვენ არ გჭირდებათ დანარჩენი დარიგებანი, კარგად გესმით, რა დიდი პასუხისმგებლობა გეკისრებათ - საქართველოს პატივისა და პრესტიჟის დაცვა! თუ გაგიჭირდათ, გზაში გამოიწვიეთ ადგილობრივი ჩვენი გარნიზონები. ჩვენც აქედან ყოველმხრივ დაგეხმარებით.
- ყველაფერი შესრულებული იქნება, - წარბშეუხრელად მომიგო ახალგაზრდა ქართველმა მხედარმა და გავიდა დარბაზიდან რაზმის შესადგენად. დიდხანს ემშვიდობებოდნენ ქართველები თავიანთ მოამაგე სტუმრებს. გენერალმა კრესმა უკანასკნელად მაგრად მომიჭირა ხელი და დიდი მადლობის გამოთქმის შემდეგ მითხრა:
- ჩვენ დავმარცხდით, ვტოვებთ საქართველოს და კავკასიას. ახლა ჩვენ აქ შეგვცვლიან ინგლისელები და ფრანგები. თუმცა უკანასკნელი დღეს ჩვენი მტრები არიან, მაგრამ რადგან მე მეგობარი ვარ საქართველოსი, რომლის თავისუფლებისათვის ჩვენ გეხმარებოდით რითაც კი შეგვეძლო, ჩემს ვალად ვთვლი გირჩიოთ, დაუყოვნებლივ მიმართოთ მათ თხოვნით თქვენი ახალგაზრდა სახელმწიფოს დაცვა-დახმარების აღმოჩენისათვის, - ეს იყო უკანასკნელი სიტყვა კეთილშობილი გერმანელი დიდი სამხედრო მოღვაწისა.
ქართველებით გარშემორტყმული გენერალი კრესი გაემართა მატარებლისაკენ. გერმანული დელეგაციის ოთხ ვაგონში, მის კიბეებსა და დერეფნებში ვეღარ ეტეოდნენ შაშხანებითა და ხელის გრანატებით შეიარაღებული მცველი მხედრები. ორთქლმავლის კიბეზე იდგა რაზმის უფროსი, კაპიტანი გიორგი აფხაზი.
ქართულ-გერმანული ცოცხალი არსენალი დაიძრა თბილისის სადგურიდან. ნელ-ნელა გვერდი აუარა პირდაღებულ, გაკვირვებულ შოტლანდიელებს და მალე გაქრა ჩვენი თვალთახედვიდან.
მეორე დღეს აფხაზისაგან დეპეშა მოვიდა, - მშვიდობიანად ჩაეყვანა გერმანელები ქ. ფოთში.
ფოთში ინგლისელებმა არ მისცეს გერმანელებს ზავის პირობების თანახმად დაპირებული გემი. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, გერმანული დელეგაცია კაპიტანმა კ. აფხაზმა გადაიყვანა ქ. ქუთაისში, სადაც მას ხალხი დიდი პატივისცემითა და მეგობრული გრძნობით მიეგება და ქართველური სტუმართმოყვარეობით უვლიდა ერთი თვის განმავლობაში.
რამდენიმე დღით ქუთაისიდან თბილისში ჩამოსულმა გრაფმა შულენბურგმა, აღტაცებულმა ქართველების ასეთი დახვედრით, მითხრა:
- საქართველოს რაინდული ისტორია სინამდვილეში ახლა შევისწავლე. იმედი მაქვს, რომ თქვენც და ჩვენც, ბოლოს და ბოლოს, ვერავინ მოგვერევა. გადაეცით თქვენს თანამემამულეებს ჩვენი უდიდესი მადლობა იმ განსაკუთრებული ყურადღებისა და პატივისცემისათვის, რომელიც ქართველობამ გამოიჩინა ჩვენდამი ამ შავს დღეებში.
1919 წლის თებერვალში გერმანულმა სამხედრო-დიპლომატიურმა მისიამ უვნებლად დატოვა საქართველოს მიწა-წყალი.
საქართველოს პატივის დაცვისათვის - დავით (დათა) ვაჩნაძე".
ეს ამბავი განსაკუთრებით მაშინ მახსენდება, როდესაც საქართველოს ევროპის მეგობარი ქვეყნების დახმარება სჭირდება. საამაყოა, რომ დათა ვაჩნაძის, გიორგი აფხაზისა და სხვების წყალობით ჩვენ არავისთან ვართ ვალში. მეტიც, ღირსეული მამულიშვილების მეოხებით, ევროპის ქვეყნებს მაშინ ვაძლევდით მეგობრობისა და ერთა შორის მშვიდობიანი ურთიერთობის მაგალითებს, როდესაც არც ევროკავშირი არსებობდა და დასავლეთის ქვეყნებიც შორს იდგნენ დემოკრატიისაგან. 1921 წელს კი, საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკა ბოლშევიკური რუსეთისგან შთანთქმის საფრთხის ქვეშ რომ აღმოჩნდა, ყველამ მიგვატოვა. რუსეთი დღესაც გადაყლაპვით გვემუქრება, ევროპა კი მხოლოდ შეშფოთებასა და აღშფოთებას გამოთქვამს. სამწუხაროდ, აღარც დათა ვაჩნაძისთანა მამულიშვილები ჰყავს საქართველოს. ნეტავ ვცდებოდე...