რომელ პარტიას ეკუთვნის ეძგვერაძე ბარნაბა? - კვირის პალიტრა

რომელ პარტიას ეკუთვნის ეძგვერაძე ბარნაბა?

ბარნაბას მადლიერი ბოლშევიკებიც უმღეროდნენ და მენშევიკებიც

ქუთაისში, ლხინის სუფრასთან ხშირად მესმოდა ცნობილი სიმღერა:

"შემოვიდნენ წითლები,

ატყდა დავიდარაბა,

რომელ პარტიას ეკუთვნის

ეძგვერაძე ბარნაბა?"

ვინ იყო ბარნაბა? ამ კითხვაზე პასუხს ვერც ერთი "მომღერალი" ვერ მცემდა. ალბათ, ვინმე "მამალი" რევოლუციონერიო, ამბობდნენ შეზარხოშებული მოქეიფეები... მე კი ვფიქრობდი, ასე რომ ყოფილიყო, მისი ვინაობა ხომ ყველას ეცოდინებოდა-მეთქი...

მოკლედ, მთელი ბავშვობა ვეძებდი ამ კაცის ასავალ-დასავალს და როგორც იქნა მივაკვლიე. კაცი, რომელიც ზოგს გულანთებული ბოლშევიკი ეგონა, არც მეტი, არც ნაკლები - მედუქნე ყოფილა.

ბარნაბა ეძგვერაძე 1884 წელს დაბადებულა. ერთხანს მსახურად უმუშავია თბილისში, სასტუმრო "ფანტაზიაში", მერე რევოლუციონერებს დაჰკავშირებია და 1902 წელს გაფიცვაში მონაწილეობის გამო დაუპატიმრებიათ, თუმცა მალევე გაუთავისუფლებიათ. ამის შემდეგ მშობლიურ გუბში დაბრუნებულა და ღარიბ ოჯახში გაზრდილ ბიჭს იმდენი მოუხერხებია, რომ საკუთარი დუქანი გაუხსნია. ისეთი პოპულარული ყოფილა ბარნაბას დუქანი, არა მხოლოდ ბოლშევიკები, მენშევიკებიც კი სტუმრობდნენ. მედუქნეც  ხან ერთ შექეიფიანებულ პარტიას აცილებდა, ხან - მეორეს. ამბობენ, ბარნაბას მაშინ მადლიერი ბოლშევიკებიც უმღეროდნენ და მენშევიკებიცო. ხალხმაც ვეღარ გაიგო, ვის მხარეს იყო მედუქნე და ასე გაჩნდა ცნობილი სიმღერა.

ამბობენ, თვით სტალინი სტუმრობდა მის დუქანს და მედუქნესთანაც მეგობრობდაო. ჰოდა, მისი შიშით და ხათრით ბარნაბას ბუზს ვერავინ აუფრენდა. 1956 წელს, როდესაც სტალინი ცოცხალი აღარ იყო, მედუქნე შრომის წითელი დროშის ორდენით დაუჯილდოებიათ. თუმცა, ბარნაბა დუქნის დახურვის შემდეგ ძველებურად პოპულარული აღარ ყოფილა და მისი დაჯილდოების ამბავსაც უხმაუროდ ჩაუვლია.

ქუთაისში, ძველი სახანძრო სამსახურის შენობასთან, ახლანდელი ყვავილების ბაზრობის გვერდით უცხოვრია გუბელ მედუქნეს. კვალს გავყევით და მის ერთ-ერთ შთამომავალს, ქალიშვილის, თინათინის ვაჟს,  ლექსო დვალაძეს მივაკვლიეთ. სწორედ მისგან შევიტყვე, რომ ბაბუამისი 84 წლის ასაკში გარდაცვლილა. მაშინ ბატონი ლექსო ყმაწვილი ყოფილა. ბევრი არაფერი ახსოვს მშვიდი და სიტყვაძუნწი მოხუცისგან. სოფელში ცხოვრობდა, დიდებული ვენახი ჰქონდა და ფრინველსა და შინაურ პირუტყვს უვლიდაო.

ბატონი ლექსო კატეგორიულად უარყოფს, რომ ეს ცნობილი სიმღერა ჯერ კიდევ გასაბჭოებამდე ან გასაბჭოებისთანავე შეიქმნა. "ეს ლექსი ჩემ შესახებ დაწერა ცნობილმა პოეტმა ოთარ მამფორიამ: "შემოიჭრენ წითლები,/ ატყდა დავიდარაბა,/ შენს შვილიშვილ ლექსოს ვენაცვალე,/ეძგვერაძე ბარნაბა", - ამბობს იგი, - აი, ახლაც წინ მიდევს მამფორიას  ეს ლექსი. თქვენ რაც იცით, ეგ ვიღაცამ მოგვიანებით გადააკეთა.

ხონის რაიონის სოფელ გუბში დღესაც არსებობს ის ოდა, რომელსაც ბარნაბას დუქანი ერქვა. სტალინი იქ ბოლშევიკებს ხვდებოდა და არსებული პოლიტიკური რეჟიმის წინააღმდეგ საბრძოლო ტაქტიკას ამუშავებდა. ბაბუასგან ვიცი, რომ დუქანი კომუნისტებმა ააშენეს და ბარნაბა, როგორც უთქმელი და სანდო კაცი, "პოვრად" დანიშნეს. მოგვიანებით ბაბუა მხოლოდ ორ ადამიანს იხსენებდა - სტალინს და ბუდუ მდივანს. ორივე ჩემი დუქნის ხშირი სტუმარი იყოო. სტალინს იხვის ჩაშუშული ჰყვარებია და როდესაც გუბში ჩადიოდა, ბარნაბას ეუბნებოდა, მე რომ მიყვარს, ის კერძი გამიკეთეო. ბარნაბაც დაუკლავდა საუკეთესო იხვს. გეახლებოდათ ბოლშევიკების ბელადი და დანაყრებული "პოვარს" ეხუმრებოდა, რა არის ეს, რა უგემური იყო, ალბათ, ყვავს მიხარშავ ბარნაბა და მღალატობო. მასპინძელი თავიდან გულწრფელად წუხდა ხუმრობა-ბრალდების გამო, მაგრამ მერე და მერე ერთს გახედავდა სტუმარს და პასუხობდა: ამდენი ხანი რომ ყვავს გაჭმევ, მაინც ჩემთან რატომ მოდიხარო? ბაბუამ ღრმა სიბერემდე იცოცხლა და შრომის უნარიც ბოლომდე გაჰყვა. რომ გარდაიცვალა, მოვიდნენ კომუნისტები უკანასკნელი პატივის მისაგებად, თუმცა, მათ შორის არავინ იყო ისეთი, ვისაც შეეძლო, ზუსტად ეთქვა, რატომ უყვარდათ ძველ კომუნისტებს ბარნაბა და რატომ არ ეთქმოდათ მასზე აუგი თავის დროზე მენშევიკებს. კარგი კაცი იყო ბაბუა, ნამდვილი დიპლომატი".