ფინია, რომელმაც მეფის სიცოცხლე იხსნა - კვირის პალიტრა

ფინია, რომელმაც მეფის სიცოცხლე იხსნა

გრუ-სა და გპუ-ს ერთობლივი ოპერაციით, ტერაქტი სოფიის წმინდა ნედელიას ტაძარში დიდ ხუთშაბათს დაიგეგმა

მოსკოვი, 1924 წელი

საბჭოთა დაზვერვის შეფ ტრილისერის აგარაკზე ერთმანეთს თავად ტრილისერი, ბულგარეთის კომპარტიის ლიდერი გიორგი დიმიტროვი და გრუ-ს შეფი ბერზინი შეხვდნენ.

- სანამ მეფე ბორისი და პრემიერი ცანკოვი ცოცხლები არიან, ბულგარეთში სოციალისტური რევოლუცია ვერ გაიმარჯვებს! - განაცხადა დიმიტროვმა.

- მხოლოდ ამ ორ კაცშია საქმე? - ღიმილი მოერია სახეზე  ტრილისერს.

- ცოტაა?

- მეფისა და პრემიერის საქმეს გადავწყვეტთ, - საუბარში ჩაერია ბერზინი.

- ანუ ამხანაგი ბერზინი დაგვეხმარება? - გაიღიმა დიმიტროვმა.

- აუცილებლად! - სერიოზულად მიუგო გრუ-ს შეფმა, - საქმე მსოფლიო პროლეტარულ რევოლუციას ეხება, ამიტომ დახმარებისათვის მზად მიგულეთ.

ასე დაიწყო მეფე ბორისისა და პრემიერ ალექსანდრე ცანკოვის ლიკვიდაციის ოპერაცია.

პაციფისტი

მეფე ბორისი კობურგელთა დინასტიას ეკუთვნოდა, რომელსაც საფუძველი ჩაუყარა ფერდინანდ კობურგელმა და ბულგარეთის აღორძინებისათვის ბევრი გააკეთა. მიუხედავად ამისა, ბალკანეთისა და პირველ მსოფლიო ომებში დამარცხება თანამემამულეებმა არ აპატიეს და ფერდინანდი გადადგა, ტახტზე კი მისი ვაჟი, ბორის III ავიდა.

ბორისი თავისი ძალაუფლების მოყვარული მამის სრული ანტიპოდი იყო, - უაღრესად განათლებული, ღრმად მორწმუნე, წყნარი და თავმდაბალი. სასახლეში ყოფნას უბრალო ხალხთან, განსაკუთრებით გლეხებთან საუბარი ერჩივნა. პოლიტიკაში, ისევე როგორც ცხოვრებაში, ის ძალისმიერ ქმედებებს გაურბოდა, ამიტომაც უდიდესი ავტორიტეტი ჰქონდა. ხალხი მას აღმერთებდა.

ბორისს მეფობა რთულ პერიოდში მოუხდა. პირველ მსოფლიო ომში დამარცხების შედეგად ბულგარეთმა დიდძალი ტერიტორია დაკარგა. ომისაგან გაპარტახებულ ქვეყანაში ქაოსმა დაისადგურა. ვითარება გაართულა ხელისუფლებაში პოპულისტი ლიდერის, ალექსანდრ სტამბოლიისკის მოსვლამ. მისმა რეფორმებმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ის მოკლეს და მისი პოსტი პროფესორმა ცანკოვმა დაიკავა. მოკლული პრემიერის მომხრეები მარცხს არ შეეგუვნენ და ქვეყანაში ომი გაჩაღდა. ბულგარეთი დაპირისპირებულ ბანაკებად დაიყო. მოსკოვშიც მიიჩნიეს, რომ დადგა დრო კომუნისტური რევოლუციის ორგანიზებისათვის და ბულგარეთის კომპარტიამ შეიარაღებული აჯანყება დაიწყო (1923 წლის სექტემბერი). მეფე ბორისმა მოსახლეობას მიმართა:

- სამშობლო საფრთხეშია! მის გადასარჩენად ყველა ჭეშმარიტი პატრიოტი უნდა გაერთიანდეს.

მეფე აღმოჩნდა ის ძალა, რომელმაც გახლეჩილი ერის გაერთიანება შეძლო.

- ამიტომაც ბორისი უნდა მოკვდეს! - განაცხადა დიმიტროვმა, - სხვანაირად რევოლუცია ვერ გაიმარჯვებს...

სატანური გეგმა

ტრილისერის, ბერზინისა და დიმიტროვის მეორე შეხვედრა კვლავ ტრილისერის აგარაკზე გაიმართა. ამჯერად საუბარს ესწრებოდა მათი თანამებრძოლი კოლაროვი.

- მეფეს ანგარიში უნდა გავუსწოროთ მაშინ, როცა ის გენერალ გეორგიევის პანაშვიდს დაესწრება.

- რაო? - დიმიტროვს თვალები შუბლზე აუცვივდა, - პანაშვიდი ხომ სოფიის წმინდა ნედელიას ტაძარში შედგება!

- ჰოდა, ანგარიშსაც იქ გავუსწორებთ! - ჩაერია ტრილისერი, - მასაც და ცანკოვსაც.

მკვლელობა ტაძარში! თვით დიმიტროვსა და კოლაროვსაც კი ამის გაგონებაზე თავზარი დაეცათ. შეძრწუნებულნი ერთხანს დუმდნენ, შემდეგ კოლაროვმა ენის ბორძიკით წარმოთქვა:

- წმინდა ნედელიას ტაძარი ბულგარეთის ეროვნული სიამაყეა! იქ ტერაქტი...

- თქვენი ნებაა! - მხრები აიჩეჩა ბერზინმა, - რაკი წინააღმდეგი ხართ...

- არა, არა, - სწრაფად თქვა დიმიტროვმა, - წინააღმდეგი როგორ ვიქნებით, რაკი სხვა გამოსავალი აღარ დარჩა!

ამრიგად, გადაწყვეტილება მიღებულ იქნა: ტერაქტი სწორედ სოფიის ტაძარში განხორციელდება; გრუ-ს სპეციალისტები იქ ბომბს ჩაამონტაჟებენ, რომელიც განსაზღვრულ დროს აფეთქდება; შედეგად მეფე ბორისი და პრემიერი ცანკოვი ლიკვიდირებული იქნებიან.

ფინია

სოფია, 1925 წლის 16 აპრილი.

მეფე ბორისი სასახლიდან გამოვიდა. ადიუტანტმა მანქანის კარი გაუღო. მეფეს  უცნაური წინათგრძნობა გულს უღრღნიდა. ორი დღის წინ მასზე თავდასხმა მოეწყო. ბორისი გადარჩა. პოლიციის უფროსის, ნეჩევის სიტყვები გაახსენდა, კომუნისტები თქვენზე თავდასხმას გეგმავენო.

- როდის?

- ეგ არ ვიცი, ზუსტი თარიღის დადგენა ვერ მოვახერხეთ. არ არის გამორიცხული, თავდასხმა სწორედ 16 აპრილს მოხდეს.

- როგორ? - ბორისი გაოგნდა, - დღეს ხომ დიდი ხუთშაბათია!

- ბოლშევიკებისათვის ეს არაფერს ნიშნავს.

ნეჩევმა ურჩია, გენერალ გეორგიევის პანაშვიდზე არ წასულიყო, რაზეც მეფემ კატეგორიული უარი განაცხადა. ახლა, მანქანაში ჩაჯდომის წინ, ნეჩევის სიტყვები გაახსენდა...

- თქვენო უდიდებულესობავ, ცუდად ხომ არა ხართ? - შეეკითხა ადიუტანტი.

- არა, - მეფე მანქანაში ჩაჯდა...

მძღოლს მანქანა სწრაფად მიჰყავდა. მეფე კვლავ უსიამოვნო ფიქრებმა შეიპყრო. ანაზდად მუხრუჭებმა დაიხრჭიალა და ძაღლის წკმუტუნი გაისმა.

- რაშია საქმე?

- ვერ დავინახე, ფინია საიდან გამოვარდა.

მეფე მანქანიდან გადმოვიდა. მართალია, მძღოლმა დამუხრუჭება მოასწრო, მაგრამ ძაღლს თათი გვარიანად დაუზიანდა.

- ჩქარა, ექიმი! - დაიძახა მეფემ.

ექიმის მოსვლამდე მეფემ ფეხი არ მოიცვალა. ფინიას მის თვალწინ უმკურნალეს. შემდეგ მეფის ბრძანებით სასახლეში წაიყვანეს და მომვლელი მიუჩინეს.

აფეთქება დიდ ხუთშაბათს

როცა ავტომობილი წმინდა ნედელიას ტაძარს გაუსწორდა, მეფე და მისი თანხმლები პირნი საშინელი ტრაგედიის მხილველნი აღმოჩნდნენ, - ხალხი აქეთ-იქით გარბოდა, განწირული ყვირილი ისმოდა.

მეფეს მოახსენეს, ტაძარში ბომბი  აფეთქდა, 500-მდე კაცი დაშავდა, არიან დახოცილებიცო.

- აფეთქება წმინდა ნედელიას ტაძარში, თანაც როდის? დიდ ხუთშაბათს, - შეძრწუნებული მეფე  ადგილს ვერ პოულობდა, - ვინ ჩაიდინა ასეთი ურჯულოება?

- კომუნისტების მეტი ამას ვინ იზამდა?

ბორისს ისევ ნეჩევის სიტყვები გაახსენდა, პანაშვიდზე წასვლას არ გირჩევო. ერთხანს უძრავად იდგა, შემდეგ წაიჩურჩულა:

- ბომბი ხომ ჩემთვის იყო განკუთვნილი?! ის ფინია რომ არა, დავიღუპებოდი.

ეპილოგი

გამოძიებით დადგინდა, რომ ბომბი ერთ-ერთმა სასულიერო პირმა ჩაამონტაჟა. ამისათვის მას დიდძალი ფული გადაუხადეს. დამტკიცდა, რომ აფეთქება გრუ-სა და გპუ-ს ერთობლივი ოპერაციის შედეგი იყო, რომლის მიზანიც მეფე ბორისის ლიკვიდაცია გახლდათ. ბულგარეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. დაიწყო კომუნისტთა მასობრივი დაპატიმრება. ტაძარში მოწყობილმა ტერაქტმა კომუნისტების ავტორიტეტი დასცა. მალე კომპარტიამ სპეციალური განცხადება გაავრცელა, ტერაქტთან საერთო არაფერი გვაქვსო.

რაც შეეხება ფინიას, ის სასახლეში დატოვეს. სოფიაში ჩამოსული უცხოელი დიპლომატები საგანგებოდ ნახულობდნენ ძაღლს, რომელმაც ბულგარეთის მეფის სიცოცხლე იხსნა.

ნიკა თევზაძე