"უაილდ უესტის" მხედრები - კვირის პალიტრა

"უაილდ უესტის" მხედრები

გურიასა და გურულებთან დაკავშირებულ თემაზე კვლევა-ძიების შედეგად მივედი დასკვნამდე, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე გურულები ერთ-ერთი "პირველი ვიოლინოს" პარტიას ასრულებდნენ:

ისინი ან ჯანყდებოდნენ, ან რევოლუციონერობდნენ, ან მთავრობაში ისხდნენ, ან ტყეში იყვნენ გავარდნილი ან კიდევ ამერიკაში ჯირითობდნენ.

აქაურ მოჯირითეთა თავგადასავალს გურიაში არდადეგებზე ჩასულს მეზობლის მოხუცები ასე მიამბობდნენ, - ბაბუა, გურულებმა ამერიკა სუნთლა გადარიენ, მარა თვითონაც გადარეულები ჩამევიდენო. სერიოზულად ამ თემაზე მუშაობა თითქმის თოთხმეტი წელიწადია, რაც დავიწყე. ამ ხნის განმავლობაში უამრავი ახალი მასალა, საინტერესო და სახალისოც მოვაგროვე როგორც საქართველოში, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების არქივებსა და მუზეუმებში.

გურულ მოჯირითეთა განსაცვიფრებელი (და ტრაგიკულიც) ისტორია 1892 წლიდან დაიწყო, როდესაც ისინი ინგლისში პირველად შეუერთდნენ ცნობილი ამერიკელი შოუმენის, ბაფალო ბილ კოუდის ველური დასავლეთის შოუს (ჭილდ ჭესტ შჰოწ), 1893 წელს კი გურულები აშშ-ში ჩავიდნენ. "რუსი კაზაკების" სახელით გურულები 30 წელიწადზე მეტხანს გამოდიოდნენ ბაფალო ბილისა და არაერთი სხვა ცირკისა თუ შოუს არენაზე. მათ საყოველთაო აღიარება მოიპოვეს და დიდი გავლენა იქონიეს კოვბოებზე. ქართველი ცხენოსნების გამოსვლა "უაილდ უესტ შოუს" მთავარ წარმოდგენად ითვლებოდა. ასეთივე ინტერესს მხოლოდ ინდიელები და კოვბოები იმსახურებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ იქ მათ გარდა მსოფლიოს მრავალი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. ცირკისა და შოუს მეპატრონეებმა გურული მხედრების სახით მიაგნეს ნამდვილ ოქროს საბადოს - არტისტებს, რომელთა სანახავად უამრავი ხალხი დადიოდა. საყურადღებო ფაქტია, რომ ყოველი რესპექტაბელური შოუს მფლობელი თუ მენეჯერი თავს მოვალედ მიიჩნევდა, აუცილებლად ჰყოლოდა ე.წ. კაზაკთა ჯგუფი. გურულებს სხვადასხვა მიზეზის გამო ეძახდნენ კაზაკებს. უმთავრესი ის გახლდათ, რომ საქართველო მაშინ რუსეთის იმპერიაში შედიოდა და აქედან გამომდინარე, ყოველი მისი მოქალაქე რუსი ეგონათ. ეს სამწუხარო შეცდომა ნელ-ნელა სწორდება. მივაღწიე იმას, რომ ბაფალო ბილის სახელობის ორ ყველაზე მნიშვნელოვან მუზეუმში, ვაიომინგსა და კოლორადოში, გურულების ფოტოსურათებზე შევაცვლევინე წარწერები და ახლა მათ არა რუსი კაზაკები, არამედ ქართველი მოჯირითეები აწერია.

პირველად გურული მოჯირითეები საზღვარგარეთ, კერძოდ კი ინგლისში, გამოჩნდნენ 1892 წელს (ჩვენში მხედრების პირველი გამგზავრების თარიღად მიჩნეული იყო 1887 წელი, რაც არ დასტურდება). იმ დროს ლონდონის Earl"s Court-ში მიმდინარეობდა მებაღეობის საერთაშორისო გამოფენა, სადაც სხვადასხვა სახის ღონისძიებებთან ერთად, ბაფალო ბილ კოუდის "უაილდ უესტ შოუს" წარმოდგენებიც გაიმართა. სერა ჯეი ბლექკსტოუნი წერდა (წიგნში Buckskins, Bullets and Business, A History of Buffalo Bill"ს Wild West): "რუსი კაზაკები პირველად ბაფალო ბილის "უაილდ უესტ შოუს" ლონდონში 1892 წელს შეუერთდნენ. ჯგუფი შედგებოდა 18-დან 25 წლამდე ათი მამაკაცისაგან. მათი ლიდერი... იყო პრინცი ივანე მახარაძე..." ასე მოიხსენიებდნენ სხვა გუნდების მეთაურებსაც, მათი წარმომავლობის მიუხედავად. მოჯირითეები კი უმთავრესად გლეხები იყვნენ (ეს, რაღა თქმა უნდა, კეთდებოდა მაყურებელთა ინტერესის გასაღვივებლად. - ი. მ.). არსებობდა სხვადასხვა ვერსია და ასევე თარიღი, როგორ და როდის მოხვდნენ გურულები უცხოეთში. ყველაზე სანდო, რომელსაც ისტორიული წყაროებიც უმაგრებენ ზურგს, ასე გამოიყურება: 1891 წლის მიწურულს ან 1892 წლის დასაწყისში ბათუმში მოჯირითეების შესარჩევად ჩამოვიდა ამერიკული ცირკის წარმომადგენელი თომას ოლივერი (მოჯირითე ველიკო კვიტაიშვილის ცნობით, ამერიკელთა წარმომადგენელი ქალი იყო, თუმცა ამის დამადასტურებულ საბუთს ვერსად მოვაკვლიე). იგი ინგლისელ კონსულ ჯეიმს ჩემბერსთან დაბინავდა. კონსულთან იმხანად მსახურობდა (მდივნის მოვალეობასაც ასრულებდა) ზემო ჩიბათელი კირილე ჯორბენაძე. კირილე გურული ნაყმევის ოჯახში იყო დაბადებული, ბათუმს საარსებო წყაროს საშოვნელად ეწვია (მომდევნო წლებში ჯორბენაძე ფინანსურად ისე მომაგრდა, რომ ბათუმში რესტორანი "ფლორიდა" გახსნა. ის იყო მეწილე სასტუმრო "ლონდონისა", რომელიც გასაბჭოების შემდეგ ბოლშევიკებმა ჩამოართვეს). ჯორბენაძემ როცა საქმის ვითარების შესახებ შეიტყო, ოლივერს განუცხადა, რომ ცხენოსანთა შეგროვებაში დაეხმარებოდა. თანხმობის შემდგომ ჯორბენაძე ოლივერსა და ვიცე-კონსულ ჰარი ბრიგსთან ერთად სოფელ ბახვში, მთელ გურიაში ცხენოსნობით განთქმულ ივანე (დიდი) როსტომის ძე მახარაძის (1866-1921), მეტსახელად "მათრახას" ოჯახში მივიდა. გადაწყდა, რომ ივანე გუნდს შეკრებდა. აქედან დაიწყო გურულ მოჯირითეთა მრავალწლიანი საზღვარგარეთული ტურნე.

პირველი საგაზეთო ცნობა "კაზაკების" შესახებ დაიბეჭდა 1892 წლის 8 მაისის Wekkly Distach-ში, მას ეხმიანება "ივერიაში" (19 ივნისი, #127, 1892) გამოქვეყნებული ცნობა: "ბათუმი: აი სახელი და გვარი იმ ქართველებისა, რომელნიც ამას წინად წაიყვანა აქედამ ერთმა პარიჟის თეატრის აგენტმა ლონდონში ბარნუმის ცირკისათვის: ივანე მახარაძე, დიმიტრი მგალობლიშვილი, ვასო ჭყონია, დათა ჭყონია, ლევანტი ჯორბენაძე, ლუკა ჩხარტიშვილი, მოსე გიგინეიშვილი, ირაკლი ჭყონია, ბესარიონ ცინცაძე და მელიტონ ცინცაძე".

რჩეული ახალგაზრდებისგან შემდგარმა ათკაციანმა გუნდმა, რომელთა შორის "ივერიის" განცხადებით: "სოფელ ჩიბათს და ლანჩხუთში მცხოვრებელნი, სხვა-და-სხვა წოდებისა, მომეტებულად აზნაურობა" იყო, სათანადო წვრთნა გაიარა, ქუთაისში შეაკერინა ექვს-ექვსი წყვილი სხვადასხვა ფერის ჩოხა-ახალუხი, მოიწესრიგა იარაღი, ცხენის აღკაზმულობა და ბათუმში გაემგზავრა (ჩოხები მყვირალა ფერის: ყვითელი, მწვანე, ვარდისფერი, ნარინჯისფერი და ა. შ. იყო. სავარაუდოდ, ეს შოუს ორგანიზატორთა მოთხოვნა გახლდათ, თორემ როგორც ვიცით, მსგავსი ფერის ჩოხებს ჩვენში არ ატარებდნენ). უნდა აღინიშნოს, რომ გურულ მხედართა უმრავლესობა მომცრო ტანის, ძარღვიანი ახალგაზრდები იყვნენ, როგორც ჭისცონსინ შტატე ჟოურნალ-ი (24 ივლისი, 1901) წერდა "ისინი უმეტესწილად პატარა ტანის ბიჭები არიან. მათ გვერდს ულამაზო ხმლები უმშვენებთ და ყველა სიგარეტს ეწევა". ხოლო Mondey Moning-ი (27 ივლისი, 1896) აღნიშნავდა: "მათი ბელადი დაახლოებით 140 ფუნტს (დაახლოებით 60 კილოგრამს. - ი. მ.) იწონიდა", რაც არ უნდა იყოს გასაკვირი, რადგან ურთულესი ტრიუკების შესრულება დიდი აღნაგობის კაცს გაუძნელდებოდა (რა თქმა უნდა, გამონაკლისებიც არსებობდა, მაგალითად კირილე ხოფერია, რომელიც გადმოცემით ლამის ორ მეტრამდე სიმაღლისა იყო).

ბათუმში შეყრილმა ქართველებმა სამხედრო გუბერნატორისგან საზღვარგარეთული პასპორტები აიღეს (ხანდახან გურულებს პრობლემებიც ექმნებოდათ ხოლმე: ერთხელ ლუკა ჩხარტიშვილმა ვიღაც რუსს ხელი გაარტყა და ნაცემმა მას ყოველნაირად შეუშალა ხელი პასპორტის აღებაში, რის გამოც ლუკა ერთ სეზონში შოუში ვერ გამოჩნდა). ამერიკული პრესა წერდა: "სპილოსთვის კბილის ამოღება უფრო ადვილია, ვიდრე კაზაკების გამოგლეჯა რუსეთის ყბებიდანო" (ჩოლლიერ"ს ჭეეკლყ, 13 აპრილი, 1901). გემ "მარიათი" ბოსფორ-დარდანელის გავლით მარსელს მიადგნენ, აქედან პარიზზე გავლით ჰავრში ჩავიდნენ, საიდანაც "ორთქლის" გემით ამერიკისკენ გაემგზავრნენ. გურულების პირველი ნაკადის საიმიგრაციო დეკლარაციებში მითითებული არ არის, რა თანხა მიჰქონდა თან თითოეულ მოჯირითეს, მაგრამ 1905 წლის დეკლარაციაში უკვე აღნიშნულია, რომ ყოველ მათგანს ჯიბეში 20 დოლარი ედო. 1912 წლის დეკლარაციაში კი ჯორჯ ჯორჯიანს (მისი ნამდვილი სახელი უცნობია) ხელზე 500, ვასო წულაძეს 200, ხოლო პლატონ მურვანიძეს 215 დოლარი ჰქონდა.

ლონდონში გურულთა გამოჩენამ დიდი ალიაქოთი გამოიწვია - მანამდე კაზაკები იქ არავის ენახა. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა ხმალ-ხანჯალი და მასრები, რომლებიც ინგლისელებს მინიატიურული დინამიტები ეგონათ. ინგლისური ჟურნალი the Illustated London News-ი (18 ივნისი, 1892) იუწყებოდა: "საერთაშორისო მებაღეობის მშვენიერი გამოფენა მოწყობილია ერლს კორტ სტეიშენსა და უესტ ბრომპტონს შორის... აქ კვლავ საშუალება გეძლევათ იხილოთ ბაფალო ბილის უაილდ უესტი ჩრდილოეთ ამერიკის პრერიებიდან... აგრეთვე კაზაკები რუსეთის კავკასიიდან, ცნობილი სამხედრო კავალერისტები მათი ჰეტმანის, პრინც ივანე მახარაძის ხელმძღვანელობით, რომლებიც წარმოაჩენენ ცხენოსნობის უმაღლეს ხელოვნებას". რა შთაბეჭდილება მოახდინეს "კაზაკებმა" ინგლისელებზე, ამას მოწმობს თუნდაც 1892 წლის 15 ივნისის თჰე Lონდონ შერიო-ჩომიც ჟოურნალ-ში დაბეჭდილი ვინმე სუზენ სპრეგის სიზმარი, რომელიც მან ნახა ერლ კორტში "კაზაკების" შოუს შემდეგ. სიზმარში კაზაკმა სცემა მის სატრფოს, თვითონ კი მოიტაცა და წაიყვანა სტეპებში, სადაც ბოლოს იგი მშვენიერ მეფე მაზეპას გაჰყვა ცოლად. კაზაკთა პოპულარულობაზე ერთი საყურადღებო ფაქტიც მეტყველებს - იმ წელს ქალთა შორის დიდი მოწონებით სარგებლობდა ე.წ. კაზაკური ჩაცმულობა, ჩოხა-ახალუხის მსგავსად შეკერილი ტანსაცმელი.

გუნდის ლიდერი ივანე მახარაძე ინტერვიუში (Pen & Pencil-ი, 16 ივლისი, 1892) აცხადებდა: "ჩვენ მოგვწონს ლონდონი. მატარებელი მიწის ქვეშ რომ დადის, ეს გასაოცარია და ქალაქიც დიდია. ჩვეულებრივი მატარებელი ჩვენ ვიცით, ერთი ასეთი ჩვენს სამშობლოშია, ბათუმში... ჩვენ იმიტომ ჩამოვედით, რომ აქ უფრო ბევრ ფულს ვიშოვით, ვიდრე სახლში. აქ მხოლოდ ექვსი თვით ჩამოვედით... ამის შემდეგ ჩვენს ცოლებსა და შვილებს დავუბრუნდებით". ჟურნალი "კვალი" (#34, 11 აგვისტო, 1896) წერდა: "ბევრ საწყალ გურულ გლეხს გამოაჭყეტინა თვალები ლუკაიას (ჩხარტიშვილი. - ი. მ.) ამერიკაში მოგზაურობამ. ზოგმა, ლუკაიას მიერ იქ წაყვანილმა კაცებმა, რომელთაც შინ ლუკმაპური და არც სახლ-კარი მოეძეოდათ, მისი შემწეობით და გზის გასწავლებით სახლ-კარიც აიშენეს, ლუკმაპურიც იშოვეს და მუდამ შიმშილისგან მტირალ ბავშვებს ცრემლი შეუშრეს თვალებზე".

კაზაკების ჩამოსვლის ამბავმა დიდ ბრიტანეთის სამეფო კარამდეც მიაღწია. სულ მალე შოუს გენერალურმა მენეჯერმა ნეიტ სოლსბერიმ შეტყობინება მიიღო დედოფალ ვიქტორიას მეჯინიბეთუხუცესისგან, რომ მისი აღმატებულება დიდად ნასიამოვნები იქნება, თუ "უაილდ უესტის" მენეჯერები მოახერხებენ კაზაკთა ჩაყვანას უინძორში და მშვენიერი ჯირითის ჩვენებას. როგორც ისტორიული დოკუმენტებიდან და წიგნებიდან ირკვევა, შოუს ნახვა დედოფალს მხოლოდ და მხოლოდ კაზაკთა გამო უნდოდა, რომელთა თაყვანისმცემელი სიცოცხლის ბოლომდე იყო.

1892 წლის 25 ივნისს გურულები ივანე მახარაძის თავკაცობით მისი აღმატებულების წინაშე წარდგნენ და დედოფლის, მისი შვილებისა და წარჩინებულ პირთა წინაშე იჯირითეს. ჯირითი სულ თორმეტ წუთს გაგრძელდა. წარმოდგენის დროს პრინცმა ჰენრიმ დედას, დედოფალ ვიქტორიას გერმანულად ჰკითხა: "დედა, თქვენ ფიქრობთ, რომ ისინი ნამდვილი კაზაკები არიან?" იქვე მდგომმა სოლსბერიმ პრინცს უპასუხა: "მომიტევეთ, სერ, მაგრამ რასაც და ვისაც აქ ხედავთ, ყველაფერი ნაღდია". რა იცოდა მისმა აღმატებულებამ, რომ რუსი კაზაკები კი არა, მის წინაშე უბრალო ბახველი და ლანჩხუთელი გლეხები ჯირითობდნენ (ეს დედოფლისა და გურულების პირველი შეხვედრა არ ყოფილა. ცნობილია, რომ XIX საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისში ლონდონში იმყოფებოდა თავადი დიმიტრი ქაიხოსროს ძე გურიელი, რომელიც დედოფალმა ვიქტორიამ მიიწვია სადილზე, სადაც ეროვნულ ტანსაცმელში გამოწყობილ გურიელს საზოგადოების ყურადღება მიუქცევია).

დედოფალი იმდენად ნასიამოვნები დარჩა ამ სანახაობით, რომ როგორც თვითმხილველები იუწყებოდნენ, გურულებს გადასცა მათივე ფოტოსურათებით სავსე მოვარაყებული ალბომი (არსებობდა ცნობა, თითქოს ეს ალბომი ივანე მახარაძის ოჯახში ინახებოდა და როგორც ამბობენ, 1917 წელს მის ამერიკულ ყაიდაზე აშენებულ სახლში გაჩენილი ხანძრის დროს დაიწვა), მადლობა გამოუცხადა, ხოლო ინგლისის საზოგადოებამ 20 ათასი კაცის მიერ ხელმოწერილი ქებისა და მადლობის ადრესი შეადგინა ქართველთა პატივსაცემად. რუსული გაზეთი Московские ведомости (25 ივნისი, 1892) იუწყებოდა, რომ "კავკასიელ კაზაკებს (სხვა ნომერში გაზეთი მათ "გურულ კაზაკებს" უწოდებს. - ი. მ.), რომლებიც ახლა იმყოფებიან ლონდონში პოლკოვნიკ კოუდის ხელმძღვანელობით, ბრიტანელი მაყურებელი ძალიან გულთბილად ხვდება. დღეს ისინი გამოიძახეს უინძორში, სადაც დედოფლის წინაშე იჯირითეს". იმავე წლის 5 ივლისის ნომერში გაზეთი წერდა, რომ "ინგლისელი ქრონიკიორი (ასეა ტექსტში. - ი. მ.) აღწერს მათ შთამბეჭდავ გარეგნობას, მათ ცეკვებსა და მელანქოლიურ სიმღერებს, რომლებიც მშვენიერია და ისეთივე შთაბეჭდილებას ახდენს, თითქოს სიმღერებს სოფლის გუნდები ასრულებენ რუსულ სტეპებში". გაზეთი იქვე გულისტკივილით დასძენს: "და ამას ამბობენ ქართულ სიმღერებზე! რა ცოტა რამ იციან ევროპაში რუსეთსა და რუსებზე".

"uaild uest Sous" სეზონი Earl’s Court-ში 12 ოქტომბერს დაიხურა, ხოლო გურულები სამშობლოში 15 ოქტომბერს გაემგზავრნენ. ასე დაიწყო მოჯირითეების თითქმის 30-წლიანი ტურნე. საერთო ჯამში ამერიკა და ევროპა დაახლოებით 150-მა გურულმა მხედარმა დალაშქრა.

ირაკლი მახარაძე

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ”ისტორიანი”