საკუთარ თავზე გამმარჯვებელი კაცი - კვირის პალიტრა

საკუთარ თავზე გამმარჯვებელი კაცი

ასაკს არ ჰქონია მნიშვნელობა. ნულიანის წინ რა რიცხვიც უნდა გეწეროს, სიცოცხლე ერთნაირად სასურველია... იმიტომ, რომ გიყვარს!

თანამდებობასა და რეგალიებსაც არ ჰქონია მნიშვნელობა. რომელ სავარძელშიც უნდა იჯდე, მაინც ალალ ბიჭად დარჩები, თუკი გიყვარს!

ჭაღარასაც არ ჰქონია მნიშვნელობა. შეიძლება 30 წლისას თმა გაგითეთრდეს, ისე, როგორც გიზო ჟორდანიას თავის დროზე, მაგრამ არავისთვის იქნები ჭაღარა კაცი, იმიტომ, რომ გიყვარს!

და როცა გიყვარს, ყოველთვის ახალგაზრდა და ალალი ხარ, მაშინ შენს თავსაც კი სჯობნი, საკუთარ თავზეც კი იმარჯვებ... მხოლოდ სიყვარულით, ცხადია...

გიზო ჟორდანიასთვის ასაკს, თანამდებობასა და ჭაღარას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან საკუთარ თავზე გამმარჯვებელი კაცია. მისი ცხოვრება ამით კიდევ უფრო საინტერესოა...

- ჩემი ბავშვობის ყველაზე ადრინდელი მოგონება სევდიან ამბავს უკავშირდება. მახსოვს სახლ-კარი ლანჩხუთში, რომელიც მერე ფიცარ-ფიცარ გაიყიდა. ჯერ მილიცია იყო იმ შენობაში, მერე - საავადმყოფო... ახლა იმ ადგილას რაღაც სამედიცინო ცენტრია. მითხრეს, ერთ ფიცარზე აღნიშნულია სამი სიმაღლე წითელი ფანქრით. ერთი, ორი წლისა რომ ყოფილხართ, მეორე - ორწლინახევრისა, ხოლო მესამე - სამი წლისო. თქვენი სახელი აწერიაო. კი ვიფიქრე წასვლა, მაგრამ ვერ წავედი, გულმა არ მომცა წასვლის ნება...

მახსოვს შავი მანქანა, რომლითაც დედა დაჰყავდათ ჩეკაში. ძაღლი, რომელიც მოგვიწამლეს... ძროხა, რომელიც მოკვდა - სწორედ მაშინ, როცა მამა დაიჭირეს, 1936 წელს.

მამა - კოკი ჟორდანია ექიმი იყო. ამბობენ, ერთმა ხელისუფალმა რომ ნახა მისი აშენებული საავადმყოფო ლანჩხუთში, იკითხა: ჟორდანიები ისევ ცოცხლები არიანო?.. მეორე ღამით წაიყვანეს მამა. დედასთან დავრჩით მე და უმცროსი და - ნანა. ის ოცი დღისა იყო. დედას რძე გაუშრა. მეზობელი კიკა კანდელაკის დედა, პუპი აწოვებდა. ერთ დღესაც აღარ მოვიდა. ბავშვი ჩხაოდა... თურმე დაუბარებიათ ის ქალი და აუკრძალავთ - მავნებლის შვილს არ აჭამოო. შეაშინეს საწყალი. გამოსავალს ვერ პოულობდა დედა. მაშინ მოვიდნენ ნათესავები და გადაწყდა, ჩემი და უშვილო ბიძაჩემსა და ბიცოლაჩემს ეშვილათ, ჩვენ კი თბილისში გამოვიქეცით, ავლაბარში დავსახლდით.

ერთ ოთახში ვცხოვრობდით. მეზობლები სულ სომხები გვყავდა. ამიტომ სომხური კარგად ვიცი. მახსოვს, ქართველი ინტელიგენციისადმი როგორ აგრესიულად იყვნენ განწყობილი ავლაბარში. თუ ვინმეს შლაპა ეხურა ან ყელზე ბაფთა ეკეთა, უკვე კლასობრივი მტერი იყო. ასეთ კაცს უყვიროდნენ: პრაფესორ! კოწია!

მამაჩემის ამბავი ცალკე მოსაყოლია, და ამას სხვა დროს გიამბობთ. ახლა მოკლედ გეტყვით, რომ მამა დახვრეტას გადაურჩა. შუა აზიაში, ბაიაიუთში იყო გადასახლებული. პატიმრები საშინელ პირობებში ჰყავდათ. ბამბის პლანტაციებში ამუშავებდნენ. ვადაზე ადრე გაათავისუფლეს, რადგან დიდი ჩინოსნის ქალიშვილი გადაარჩინა სიკვდილს... პირველი ინფარქტი მაშინ დაემართა, როცა უთხრეს, თავისუფალი ხარო.

მძიმე დღეები გადავიტანეთ. ჩემმა დამ 14 წლისამ გაიგო, რომ მისი ნამდვილი დედა დედაჩემი იყო. მანამდე ნანა დადიოდა ჩვენთან, ოღონდ ისე, როგორც ნათესავი. დაიწყო გაორებული ცხოვრება... ერთი მხრივ, აღმზრდელი მშობლები ჰყავდა - ვახტანგ ჟორდანია და ანია იოსავა, მეორე მხრივ - ნამდვილი მშობლები. ეს დიდი ტრაგედია იყო.

ცელქი ვიყავი და მოჩხუბარი... მახსოვს, ერთხელ ვნახე, სომეხი მეზობლის დიდმა ბიჭმა პატარას დაარტყა. მივედი და თავი ჩავარტყი. გამოვარდა მამამისი: - რაზე ურტყამ, ბიჭოო! - დამიჭირა ყურით.

- ვურტყამ...

- რაზე?

- პატარას დაარტყა-მეთქი.

მამამისმა გამიშვა ხელი და საღოლო, მითხრა. თავის შვილს მიუბრუნდა და პატარას რაზე ურტყამო, ახლა იმას დაუწყო ჩხუბი.

მახსოვს, მამამ გერმანულის მასწავლებელი მიქირავა. ვმაიმუნობდი გაკვეთილზე. მამასთან დაიჩივლა მასწავლებელმა: რა ვქნა, გერმანულს ვასწავლი, არ უნდა და სომხურს კი სწავლობსო.

სკოლაში კარგად ვსწავლობდი. მედალი მაინც არ მომცეს. მიღებული არ იყო ჩვენი ოჯახი...

მამა არ ლაპარაკობდა კომუნისტებზე. დედას თუ წამოსცდებოდა ძვირი, მამა ეტყოდა, - ჩუმად! ამასთან ნუ ამბობ! ეს პიონერია, კომკავშირელი გახდება, წავა და რაიკომში დაგვაბეზღებსო. ამაზე ვგიჟდებოდი, ვბრაზობდი, ვტიროდი... მამას ეღიმებოდა. ინსტიტუტში უკვე კარგად ვიყავი გარკვეული, რა უნდა მეთქვა და რა არა...

თეატრალურში რომ განვაგრძე სწავლა, მამა ამბობდა, - მასხარაობა უნდოდა და წავიდა კიდეც ამ გზაზეო... ინსტიტუტში ვსწავლობდი. მოსკოვში გვგზავნიდნენ ხოლმე პრაქტიკაზე. იქ უმაღლესი დონის თეატრები იყო. მეორე კურსზე ვიყავი, ტრიფონოვკაზე ვცხოვრობდით სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში. გოგონები გავიცანით. მათი წასვლის დრო რომ დადგა, გავაცილე ტრამვაის გაჩერებაზე. შევამჩნიე, რამდენიმე ბიჭი გვითვალთვალებდა, უკან მოგვყვებოდნენ... დავაკვირდი - სამი ტრაქტორივით ბიჭია, მათთან ჩხუბი ჩემს მტერს. ჩასხდნენ გოგონები ტრამვაიში და წავიდნენ. ამ ბიჭებმა დამიძახეს: - დრუგ, კ ტებე დელა! გავჩერდი, სხვა რა გზა იყო. მომიახლოვდნენ. ვდგავარ მესერთან. ერთი მაინც ისეთი იყო, რუსები რომ იტყვიან: მორდა ტრებუეტ კირპიჩა. ამ დროს ვხედავ, მოდის რეჟისორი ლევან მირცხულავა. ეს ის პერიოდია, როცა ძალიან პოპულარული იყო ფილმი "ჯარისკაცის ბედი ამერიკაში" და მისი გმირი ედი ბარტლეტი, რომელიც მუშტს ხმარობდა ძალიან კარგად. რეზოს ისე ეცვა და ისე მოდიოდა, ედის პროტოტიპი გეგონებოდათ. ისიც ავლაბარში, ყაზარმის უბანში იყო გაზრდილი და ვმეგობრობდით. სომხური მანაც იცოდა. რომ დამინახა, - გიზო, რა მოხდაო. - წეწუმენ, - ვუთხარი სომხურად, ვითომ ქართულად რომ მეთქვა, გაიგებდნენ. გადმოვიდა რეზო და გაითამაშა ედი ბარტლეტის გმირი, უცებ ხია შუაში მდგომს. მას ფეხი დაუცურდა ყინულზე და დავარდა. მე ზემოდან დავახტი. ატყდა ერთი ამბავი. დაიწყეს ყვირილი, მილიციაო! რეზო ტრამვაის შეახტა და გაიქცა. მე საერთო საცხოვრებელში შევვარდი. ცოტა ხანში მილიცია მოვიდა. მეძებენ. სამზარეულოდან გამოვარდა ერთი ქალი, გამიღო ხორცის მაცივრის კარი და შემაგდო შიგ. პირველი წუთი არაფერი, მაგრამ მერე და მერე გავლურჯდი. მილიცია რომ წავიდა, გამომიღეს მაცივრიდან.

მილიციაში თუ მოვხვედრილვარ? ყოფილა ასეთი შემთხვევებიც. ერთხელ ტრამვაიდან გადმოვხტით ბიჭები. ჩვენი გართობა ხომ ეგ იყო. დაგვიჭირეს. სხვები გაუშვეს, მე - არა. გვარი არ მოეწონათ! ერთხელ კი სულ ტყუილად დამიჭირეს. ბარათაშვილის ხიდთან მილიციელმა ხელი მტაცა და განყოფილებაში წამიყვანეს. ვხედავ, ზის ერთი სომეხი კაცი და მლანძღავს. - აი, ეს იყო უფროსო, ჩხუბი გააკეთა, მილიციას ჩაარტყაო. შემოიყვანა მეორე მილიციელი, მოიტანა უშველებელი ქვა - ეს მესროლაო. ენა გადავყლაპე გაოგნებისგან. მართლა არაფერ შუაში ვიყავი. ეტყობა მიხვდნენ, არაფერ შუაში ვიყავი. მეორედ არ ქნაო, - მითხრეს, შემაგინეს და გამომიშვეს. მას მერე არ მიყვარდა მილიცია.

საერთოდ სიცილი ვიცოდი. ამის გამო სულ მიბრაზდებოდნენ უფროსები. ეგონათ, დავცინოდი...

ჩემი დიდი ტრაგედია იყო, როცა მამა ხელში ჩამაკვდა. V კურსის სტუდენტი ვიყავი. რეპეტიცია მქონდა საღამოს. ორი საათი მქონდა შუალედი, რუსთაველზე ვიდექი და ვფიქრობდი, რა მინდა, შინ რომ წავიდე-მეთქი. რაღაც ძალამ გამწია და წავედი. ვიდრე დედა სუფრას შლიდა, მამას გავხედე. აივანზე იდგა. შევამჩნიე, არაბუნებრივად იდგა... გახევებული იყო და მოაჯირს ეჭიდებოდა. მივედი, შევხედე. ორი შუშა დავინახე თვალების მაგივრად, მოვკიდე ხელი და მოეშვა... ხელში ჩამაკვდა კაცი...

პროფესიას ლილი იოსელიანი და ვასო ყუშიტაშვილი მასწავლიდნენ. პირველი სპექტაკლი რომ უნდა დამედგა, სიმბოლისტური დრამა მივიტანე. ბატონმა ვასომ მითხრა: ბიჭო, შენ ეგ როგორ უნდა დადგა, მე ვერა ვდგამ. შენ ცოტა მსუბუქი ბავშვი ხარ და ეგ რად გინდაო. ცოტა არ იყოს, მეწყინა. მომიტანა პიესა - ანატოლ ფრანსის "მუნჯი ცოლი". წავიკითხე, მომეწონა და ნანა მჭედლიძესთან ერთად დავდგი. ეგეთი კომედია არ დამიდგამს. აქედან დაიწყო ჩემი სათეატრო ცხოვრება.

პრემიერაზე თუ ვინერვიულე? რა გითხრათ...

მე სხვა რამ მახსოვს, რაზეც მართლა ბევრი ვინერვიულე. პატრონი არავინ მყოლია... კოტე მეღვინეთუხუცესმა მუსკომედიის თეატრში დირექტორთან - აკაკი შანიძესთან შემიყვანა. მოვეწონე, მაგრამ უცნაური იყო, რომ დირექტორი თვალს მიკრავდა. ვერ მივხვდი, რას მანიშნებდა. კიდევ ერთხელ ჩამიკრა თვალი და მეც ჩავუკარი. შევატყვე, ეწყინა. თურმე თვალის ჩაკვრის ტიკი ჰქონია მე კი გავსულელდი!

თეატრში მიმიღო. დასადგმელად ავირჩიე "ცირკის პრინცესა". დეკორაცია მოამზადა გენიალურმა მხატვარმა დიმა თაყაიშვილმა. ორკესტრი ქვემოთ კი არ უნდა მჯდარიყო, არამედ მაღლა... ნება არ მომცეს. თეატრში მომიხსნეს ეს დეკორაცია. ამაზე ძალიან ვინერვიულე. გავიდა ათი წელიწადი და ამერიკაში დაიდგა "დონ კიხოტი", სადაც მაღლა დასვეს ორკესტრი. დრომ აჩვენა, რომ შესაძლებელი იყო ასეთი გადაწყვეტა. პრემიერის შემდეგ ვუთხარი დირექტორს, - თქვენს თეატრში აღარასდროს დავდგამ-მეთქი. სასაცილო იყო. ვინ მეძახდა, რომ დამედგა! მაგრამ გავჯიქდი და კომპრომისზე არ წავედი. ახლა დათო დოიაშვილმა დამპატიჟა და მასთან კი მივედი...

ბოლო კურსიდან პედაგოგადაც ვმუშაობდი. ჯერ აკაკი ხორავას ასისტენტი ვიყავი აფხაზების ჯგუფთან. ამ ჯგუფის გახსნის თავი და თავი ბატონი აკაკი იყო. საერთოდ, მთელი კავკასია ჩვენთან სწავლობდა...

მუსკომედიის ფაკულტეტი რომ გაიხსნა, ამიყვანეს ინსტიტუტში. ველოდები, პედაგოგი ვიქნები-მეთქი. პრეპარატორად არ დამნიშნეს! ეს ლაბორანტზე დაბალი თანამდებობაა, მაგრამ საქმით ვპედაგოგობდი. იმავე წელს მომცეს სპექტაკლი დასადგმელად.

ძალიან უნდა გიყვარდეს სტუდენტი, უნდა გქონდეს უნარი, გაიხარო შენი სტუდენტის წარმატებით. მაშინ ყველაფერი გამოგივა.

სტუდენტები ჩემთან ახლოს ყოფილან? მართლაც ასე იყო. ზოგჯერ საიდუმლოსაც მანდობდნენ. სტუდენტს ყველაფერს ვაძლევდი, რომ პროფესიონალად მექცია. ყველაფერი უნდა სცოდნოდა - ბრეხტიცა და სტანისლავსკიც, მაგრამ მთავარი მაინც იმის ცოდნაა, რომ ის ეროვნული თეატრის მსახიობია. ვისაც ეს სისხლსა და გონებაში აქვს, წარმატებას მიაღწევს, ვისაც არ აქვს და რა უნდა, ვერ გაიგებ, სულ ტყუილად იგრიხება სცენაზე.

რეპეტიციაზე ზედმეტად მკაცრი ვიყავი პირველ ათწლეულში. ეს აუტანელი იყო. მერე მივხვდი და შევიცვალე. თეატრს გარეთ კი იმ სიმკაცრეს ყოველთვის ვიშორებდი...

ახლა უკვე ჩემი ცხოვრების მიმწუხრია, მა რა არი! დაღლილი არ ვარ, მაგრამ ხანდახან მიკვირს, რომ ამდენი დრო გასულა...

როცა ახალგაზრდა ვიყავი, მაშინაც ასე ვფიქრობდი და ახლაც ასე ვფიქრობ: თეატრშიც და ოჯახშიც უნდა იყოს მოხუციც, ჭარმაგიც, ახალგაზრდაც... მხოლოდ ასე გრძელდება სიცოცხლე. სხვათა შორის, მე დღესაც ვსწავლობ. თუ სტუდენტისგან ვერაფერი გავიგე და ვისწავლე, ეგეთი მუშაობა არც მომწონს და არც მიმაჩნია ღირებულად.

მყავს ორი შვილი და ორი შვილიშვილი. უფროსი ზედმეტად ჭკვიანი ბიჭია. პატარა გოგონა კი ძალიან ცელქია. ბიჭი სულ კომპიუტერთან ზის. მე თუ ვჯდები კომპიუტერთან? ვინ მიშვებს რო? ისე კი დავჯდებოდი, რომ მიმიშვან.

ოპტიმისტი ვარ... უფრო სწორად, ასე მიცნობენ. რა აზრი აქვს ტკივილზე ლაპარაკს, როცა ბოლოს ყველა მარტო ვრჩებით? რა აზრი აქვს ამ დაუსრულებელ ომს? საკუთარ თავთან ომი შეიძლება, ხოლო თუ საკუთარ თავზე გამმარჯვებელი კაცი ხარ, შენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფს.

ერთმანეთთან ქიშპობა, ერთმანეთის დასამარება საშინელებაა. ერთ მშვენიერ დღეს ხომ ყველა გავსწორდებით და დიდ სოფელში წავალთ.

მთავარია კაცს შეგეძლოს, რაღაც მოიკლო, სხვას დაეხმარო. ზოგი ამბობს, ეგ პოზააო... მისთვის უცხოა ალბათ და იმიტომ. მე კი ეს ბედნიერებად მიმაჩნია.

და კიდევ: დაუსრულებელი სევდა და დაუსრულებელი ლტოლვა მაქვს მიწისადმი... მაგრამ სოფელი არ მაქვს... მიმაჩნია, რომ სტუდენტი პირდაპირ პრაღაში და ვაშინგტონში კი არ უნდა გარბოდეს, სოფელი უნდა ნახოს. საქართველოში ყველაფერი შემოვლილი მაქვს. უცხოეთშიც ვყოფილვარ, მაგრამ ისეთ სიყვარულს, როგორსაც საქართველოში ვიღებდი, სხვაგან ვერსად ვპოულობდი.

ლელა ჯიყაშვილი

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ”ისტორიანი”