ვინ იყო სტალინის უცნობი საყვარელი?
”მთვარის კულტის რიტუალებს ბელადი ხალხის სამართავად იყენებდა”
პატარა იოსები ”ბერად” აღუკვეციათ
სტალინის პერსონისადმი საზოგადოების დამოკიდებულება რადიკალურად განსხვავებულია - უკიდურესად დადებითი ან უკიდურესად უარყოფითი. და მაინც, ვინ იყო იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილი?
ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ თენგიზ სიმაშვილის კვლევა ახალგაზრდა სტალინის ცხოვრებისეულ ეპიზოდებს ეხება. მან ”კვირის პალიტრას” დღემდე გამოუქვეყნებელი მასალები მიაწოდა...
პატარა იოსები სემინარიის ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლე იყო, რისი დასტურიც მისი ნიშნებია. იოსებ ჯუღაშვილის სახელზე თბილისის სასულიერო სემინარიის მე-4 კლასის დამთავრების შემდეგ გაცემულ მოწმობაში ვკითხულობთ:
ყოფაქცევაში: ფრიადი /5/.
წმინდა წერილის ახსნა: ძალიან კარგი /4/
ბიბლიის ისტორია: ძალიან კარგი /4/
ეკლესიის ისტორია: კარგი /3/
ღვთისმეტყველება ძირითადი: კარგი /3/
გომილესტიკა: კარგი /3/
ლიტურგია: ძალიან კარგი /4/
რუსული სიტყვიერება: ძალიან კარგი /4/
რუსული ლიტერატურის ისტორია:
ძალიან კარგი /4/
საერთო სამოქალაქო ისტორია:
ძალიან კარგი /4/
რუსეთის სამოქალაქო ისტორია:
ძალიან კარგი /4/
ალგებრა: ძალიან კარგი /4/
გეომეტრია: ძალიან კარგი /4/
პასხალია: ძალიან კარგი /4/
ფიზიკა: ძალიან კარგი /4/
ლოგიკა: ფრიადი /5/
ფსიქოლოგია: ძალიან კარგი /4/
ქართული საეკლესიო გალობა:
ძალიან კარგი /4/
ენები: ბერძნული: ძალიან კარგი /4/
ლათინური: არ სწავლობდა
სლავური: ფრიადი /5/
ქართული: ძალიან კარგი /4/.
(იხილე ასევე: სტალინის ჩასწორებული "ვეფხისტყაოსანი")
ვფიქრობ, მას ლოგიკაში 5 დამსახურებულად ჰქონდა. მისი თანამედროვე ნიკო გიორგის ძე ახმეტელი წერს: ,,ამხანაგი სოსო იყო გამოცდილი დიალექტიკოსი, შეიძლება გეფიქრა, რომ მან ზეპირად იცოდა შოპენჰაუერის ,,ერისტიკის” 38 წესი”.
”ამ ბარათზე დატანილია ჯუღაშვილის რამდენიმე ფოტო - პროფილში, ანფასში და ფეხზე მდგომი
- არსებობდა ცნობა, თითქოს ჯუღაშვილი გარიცხული იყო სემინარიიდან...
- დიახ, თუმცა ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეეფერება. სემინარიის საერთო საცხოვრებელში სტალინთან ერთად ცხოვრობდა მიხეილ ელიზბარაშვილი, რომელიც მოგონებაში წერს: ”მე-5 კლასში სოსო აღარ გამოცხადდა სასწავლებლად, რისთვისაც ადმინისტრაციამ მოწაფეობიდან გარიცხა”. თუმცა, გარიცხული ვერ აიღებდა იმ ნიშნების ფურცელს, რაზეც ზემოთ მოგახსენეთ. მეტიც, მაქვს მე-5 კლასელთა სიების ასლები, სადაც იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილიც ფიგურირებს. ამიტომ დარწმუნებით ვაცხადებ, ის არავის გაურიცხავს! რა მიზეზით შეწყვიტა მან სწავლა, დაუდგენელია. ამ ფაქტის იმით ახსნა, რომ ის რევოლუციურ საქმიანობას შეუდგა, რაც მას სწავლაში ხელს არ შეუშლიდა, არ ივარგებს. ახალგაზრდა სტალინს განათლებისკენ სწრაფვა ჰქონდა - 1908 წელს ბაილოვის ციხეში ესპერანტოს ეუფლებოდა, გადასახლებაში მყოფი კი გერმანული და ინგლისური ენების შესწავლით იყო დაკავებული. სხვათა შორის, იოსები პირველი თანრიგის მოსწავლეთა სიაში იყო შეყვანილი.
მოვიძიე თბილისის სასულიერო სემინარიის საავადმყოფოს ამბულატორიის ჟურნალის ასლებიც, სადაც მოსწავლეთა ავადმყოფობებია ასახული. ჯუღაშვილის ავადმყოფობის მიზეზად დასახელებულია სისხლნაკლულობა... ამ ცნობებითაც დასტურდება, რომ სტალინი ბავშვობაში ჯანმრთელობითა და ფიზიკური მონაცემებით სუსტი იყო, თუმცა დაუდეგარი ხასიათი ჰქონდა და გორის სემინარიაში ხშირად ჩხუბობდა...
- სტალინის ჯანმრთელობის შესახებ ბევრი რამ არის ცნობილი... ამ მხრივ თქვენს კვლევებში ახალი რა არის?
- საყურადღებოა მისი ნათლიის, მიხეილ ციხითათრიშვილის შვილის ალექსანდრე ციხითათრიშვილის დღემდე გამოუქვეყნებელი მოგონებები, რომელიც 1936 წლით თარიღდება. ის არა მხოლოდ იოსების ჯანმრთელობას, მის ოჯახს, წარმოშობას ეხება. ალექსანდრეს ინფორმაციით: ”ჯუღაშვილების წინაპრები გორში არ დაბადებულან, ისინი ცხოვრობდნენ სოფელ გერში, გორის მაზრაში, ლიახვის ხეობაში და როგორც ამ ხეობის ყველა მცხოვრები, ისინიც მაჩაბლების ყმები ყოფილან. მათი მთავარი სალოცავი გერის წმინდა გიორგის ხატი ყოფილა... ახლანდელი სამხრეთ ოსეთი წინათ ქართველი მოხევეებით იყო დასახლებული. შემდეგ ოსებმა დაიწყეს მასობრივი გადმოსახლება და ხიზნების სახით დასახლება. ბევრი ოჯახი გაოსდა, ნაწილობრივ ჯუღაშვილებიც, უფრო სწორად ჯუგაშვილები... ბესო და კეკე გერს ხშირად ახსენებდნენ და სალოცავადაც მიდიოდნენ ხოლმე, როგორც თავიანთ მამა-პაპათა სამლოცველოში... კეკეს დედა, მელანია, ჩემი ბებიის ნათლული ყოფილა. სოსო დაბადებულა 1878 წლის დეკემბერში, მამაჩემის დედამ, მარიამმა ამშობიარა კეკე. ბავშვი სუსტი ყოფილა აგებულებით, ამიტომ ბესოს დაუჩქარებია მისი მონათვლა (საარქივო დოკუმენტებიდან ჩანს, იოსებ ჯუღაშვილი 1878 წლის 6 დეკემბერს დაიბადა და მონათლეს 17 დეკემბერს - თ.ს.). ახალდაბადებული იოსები მამამისს, ბესოს, თავისი გვარის მთავარი სალოცავის, გერის ხატის სახელზე სამ წლამდე ე.წ. ბერად აღუკვეცია” (ეს რიტუალი ახალდაბადებული ბავშვის გადასარჩენად ტარდებოდა - თ.ს.). ბავშვის ბერად აღკვეცა ქართველებში ამნაირად ხდებოდა - დათქმული დღიდან ბავშვს კულულებს უზრდიდნენ... აცმევდნენ თეთრს და ნათხოვარს. ყიდულობდნენ ბატკანს და აღთქმულ დღემდე ზრდიდნენ. იოსებსაც თეთრები ჩააცვეს და თმა დაუყენეს. ბატკანი სამი წლის განმავლობაში თოხლად იქცა და აი, მოახლოვდა გერისთაობა. სამი დღით ადრე ბესო გორიდან გაუდგა გზას დაჩარდახებული ურმით, ცოლ-შვილთან ერთად ეწვია გერის ხატს. თვითონ პატარა ბიჭიკო (იოსები - თ.ს.) ბესოს თითქმის სულ მხრებით უტარებია, რომ ხატს უფრო მეტად დაებერტყა მისთვის ლოცვა-კურთხევა და დღეგრძელობა. პარაკლისი გადაახდევინეს გერელ მღვდელს, შეჰკრიჭეს თმა, გახადეს თეთრები, ჩააცვეს ფერადი ტანისამოსი და იმედად გამობრუნდნენ, რომ მამა-პაპათა სალოცავი მათ შვილს უბედნიერეს კაცად გაზრდიდა”.
აღნიშნული ტრადიციისადმი ოჯახის ერთგულებას თავის მოგონებაში ადასტურებს კეკე ჯუღაშვილიც: ,,მესამეც ბიჭი მეყოლა. ნათლობა დავაჩქარეთ, მოუნათლავი რომ არ გარდაგვცვლოდა. დედაჩემმა წმინდა გიორგის შანა დაჰკიდა ბავშვს ყელზე და ბესოს უთხრა: გორში წავიდეთ საღმრთოს შესაწირადო”.
ალექსანდრე ციხითათრიშვილის დედა, მარიამი ადასტურებს, რომ იოსების ნათლია მისი მეუღლე მიხეილი იყო. მისი სიტყვებით: ”პირველი ორი ახალდაბადებული ბავშვის გარდაცვალების შემდეგ, ვაითუ ესეც არ შეგვრჩესო და ცოლ-ქმარი ხშირად დადიოდა სალოცავად სოფელ არბოში (იოსებ ჯუღაშვილის მშობლებს მის დაბადებამდე ორი ვაჟი გარდაეცვალათ - თ.ს.). მარიამი იქვე ამატებს: ,,ექვსი წლის იყო სოსო, როცა ყვავილმა ავად გახადა”.
ალექსანდრე ციხითათრიშვილის მოგონებაში ლაპარაკია პატარა იოსების გარეგნობაზეც: ,,რამდენადაც ხორცი მოიმატა, იმდენად ემსგავსებოდა მამამისს წარბებით, ცხვირით, წოწოლა თავით, ერთხელ ბავშვს სიმინდის ქეჩეჩები გაუკეთეს ულვაშებად, მაშინ ხომ ისე საოცრად დაემსგავსა, თითქოს სოსო ბესოს განსახიერება ყოფილიყოს... სოსოს განსაკუთრებული დაღი დაამჩნია ყვავილმა, ნაყვავილარი დარჩა სახეზე და ხელებზე”." აქვე მოგაწვდით ამონარიდს ერთ-ერთი თანამედროვის მოგონებიდან, რომელიც ჯუღაშვილის ფიზიკურ ნაკლზე - საყოველთაოდ ცნობილ, დაზიანებულ მარცხენა ხელზე მიუთითებს: ,,სტალინმა ბავშვობაში იტკინა ხელი და გორელმა დალაქმა მოურჩინა”. ნათელია, რატომ განუვითარდა მას მოწიფულობის ასაკში მარცხენა ხელის დისტროფია. ჩანს, არასწორად ნამკურნალევი ხელის პრობლემამ დროთა განმავლობაში იჩინა თავი.
- ისტორიკოსები სტალინის ქარიზმატულ თვისებებს რას აღარ მიაწერენ... ამ საკითხზე თუ გაამახვილეთ ყურადღება?
- ისეთ საკითხზე გავამახვილე ყურადღება, რაც სხვაგან დაწერილი არ არის. კერძოდ, მთვარის კულტის რიტუალებზე, რომელთა ნაწილს სტალინი იცნობდა და სავარაუდოდ, ხალხის სამართავად იყენებდა. ერთ-ერთი ცნობით, იოსებ ჯუღაშვილი ქალაქ თელავში მასწავლებელ ილია ზარაფიშვილის ოჯახს სტუმრობდა. ილია ზარაფიშვილი განათლებული ადამიანი იყო - გაზეთ ,,ივერიის” კორესპონდენტი და საზოგადო მოღვაწე გახლდათ. სწორედ ის აწვდიდა ივანე ჯავახიშვილს მასალებს კახეთში თეთრი გიორგის, იმავე მთვარის კულტის შემორჩენილი რიტუალების შესახებ.
ჯუღაშვილის თანამედროვის, ეკატერინე აფშინაიძის მოგონებებში ვკითხულობთ, რომ იოსები ილია ზარაფიშვილის სახლში, როგორც მისი ნაშვილები, ისე იზრდებოდა. აფშინაიძის ინფორმაციით, მას ნანახი ჰყავს, თუ როგორ ათევდა ღამეს ზარაფიშვილის ბინაში ახალგაზრდა ჯუღაშვილი. შეგვიძლია გამოვთქვათ ვარაუდი, რომ ჯუღაშვილი თავადაც დაინტერესებული იყო ძველი რიტუალების გაცნობით. ყოველ შემთხვევაში, მისი ციური მნათობის - მთვარისადმი დადებითი დამოკიდებულება კარგად ჩანს ლექსში ,,მთვარეს”. ის ,,ივერიაში” 1895 წლის 11 ოქტომბერს გამოქვეყნდა. ზოგი ავტორი ქარიზმის საფუძვლად სტალინის ეზოტერიკული ცოდნით დაინტერესებას მიიჩნევს... სტალინი იცნობდა მთვარის ღვთაების კულტის მაგიის ელემენტებს და მას ხალხის სამართავად იყენებდა. გარკვეულწილად, შესაძლოა ამას უკავშირდებოდეს მისი საუბრის მანერა, ჟესტიკულაციის თავისებურებები და სხვა...
”სტეფანია პეტროვსკაიას სარეგისტრაციო ბარათის უკანა მხარეს ვკითხულობთ: ”სასიყვარულო კავშირი - ჯუღაშვილი”
- რამდენადაც ვიცი, თქვენ ხელთ გაქვთ დღემდე გამოუქვეყნებელი ფოტო, რომელზეც სტალინის საყვარელი ქალია გამოსახული. სტალინი მასზე დაქორწინებას აპირებდა...
- დიახ, თქვენს მკითხველს უკვე აქვს საშუალება გაიცნოს სტეფანია პეტროვსკაია, რომლის სარეგისტრაციო ბარათი საქართველოს საისტორიო არქივში აღმოვაჩინე. აქ იოსებ ჯუღაშვილის შესახებაც მოვიძიე საინტერესო დოკუმენტი - ბაქოს ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველო 1910 წლის 26 აპრილს თბილისში გზავნის წერილს, სადაც ლაპარაკია იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილისა და სტეფანია ლეანდრის ასულ პეტროვსკაიას ჟანდარმერიის სარეგისტრაციო ბარათებზე. ამ ბარათზე დატანილია ჯუღაშვილის რამდენიმე ფოტო - პროფილში, ანფასში და ფეხზე მდგომი. ასევე დაკრულია მცირე ფურცელი წარწერით: ,,სოსო ჯუღაშვილი (სტალინ)”. ჩემი აზრით, იგი საბჭოთა პერიოდშია დაწებებული, რადგან ქართულ ენაზე საქმის წარმოება რუსეთის იმპერიაში არ ხდებოდა. ასეთ წარწერებს აკეთებდნენ 1920-იან წლებში ე.წ. რევოლუციის მუზეუმის თანამშრომლები. ალბათ, თავდაპირველად რევოლუციის მუზეუმში იყო დაცული, შემდეგ კი არქივებში გადაინაცვლა...
აქვე აღმოჩნდა სტეფანია პეტროვსკაიას სარეგისტრაციო ბარათიც, რომლის უკანა მხარეს ვკითხულობთ: ”სასიყვარულო კავშირი - ჯუღაშვილი”
მაშ ასე, სტეფანია ოდესაში დაბადებული თავადის ასული იყო. დიახ, სტალინს თურმე რევოლუციური მისწრაფებების მქონე თავადის ასული შეჰყვარებია. ეს ქალბატონი საკმაოდ დახვეწილი და განათლებული ყოფილა. ცნობილია, რომ სტალინის ირგვლივ მუდმივად ტრიალებდნენ ქალები, რომელთა შესახებ ინფორმაციები სხვადასხვა ნაშრომებშია თავმოყრილი. ბევრი ცნობაა მისი მეუღლეებისა და მეგობარი ქალების შესახებ, თუმცა, სტეფანია პეტროვსკაიას შესახებ მწირი ინფორმაციები არსებობს. ფოტო კი არსად გამოქვეყნებულა, ეს დღეს თქვენი გაზეთის მეშვეობით არის შესაძლებელი!
ცხადია, საიდუმლო პოლიციას, ჟანდარმერიას ან ”ოხრანკას” ასეთი სასიყვარულო კავშირის შესახებ ცნობები ყოველთვის სჭირდებოდა. როგორც ვიცით, სტალინი 1908 წლის მარტში ბაქოში დააპატიმრეს და გადაასახლეს (სოლვიჩეგოდსკში). პირველად სწორედ იქ შეხვდა სტეფანია პეტროვსკაიას, ეს უკანასკნელი მოსკოვში რევოლუციური საქმიანობისთვის იყო დაჭერილი და გადასახლებული სოლვიჩეგოდსკში. სტალინი ამ გადასახლებიდან გამოიქცა და ისევ ბაქოში დაბრუნდა რევოლუციური საქმიანობის გასაგრძელებლად. ამ დროს სტეფანია პეტროვსკაიაც გათავისუფლდა და ოდესაში ან მოსკოვში კი არ დაბრუნდა, ბაქოში ჩავიდა სტალინთან. მათ ერთად დაიწყეს ცხოვრება. 1910 წლის მარტის დასაწყისში ერთადვე დააპატიმრეს. სწორედ ეს არის ასახული ჩემ მიერ მოძიებულ დოკუმენტებში. დაკითხვისას პეტროვსკაია პირდაპირ აცხადებს, ინტიმური კავშირი მაქვს ჯუღაშვილთანო. იოსები კი ჟანდარმერიის ოფიცერს ასე პასუხობს: ”მე მას გადასახლებიდან ვიცნობ!”.
ჩემ მიერ მოძიებული დოკუმენტების ზედაპირული ანალიზითაც კი შეგვიძლLია ვთქვათ, რომ სტალინის ბიოგრაფია არასაკმარისად არის შესწავლილი.
ბარათის უკანა მხარე პუნქტებად ჩაწერილი:
ასაკი გარეგნობის მიხედვით - 30-32
დაბადების წელი - 1879 წ. დეკემბერი (ეს არის ერთ-ერთი პირველი დოკუმენტი, სადაც სტალინის დაბადების წელი შეცდომით არის ჩაწერილი - თ.ს.)
სიმაღლე - 1 მეტრი და 69 სანტიმეტრი
თმები - შავი, ტალღოვანი, ხშირი
აგებულება - გამხდარი
წვერ-ულვაში - შატენ (წაბლისფერი)
გამომეტყველება - მხიარული
განსაკუთრებული ნიშანი - ნაყვავილარი
სახის ფორმა +- ოვალური
შუბლის სიმაღლე - საშუალო
წარბები - მორკალური
ამ ჩამონათვალში ზედ დაწებებული ქაღალდით (გაურკვეველია, ბარათი გაიხა და ასე უხეშად ამიტომ დააწებეს თუ სხვა მიზნით) დაფარულია პუნქტები: #17; #18; #19; #20; #21
ამავე ბარათზეა იოსებ ჯუღაშვილის თითების დაქტილოსკოპიური ანაბეჭდებიც. აქვე ვკითხულობთ:
წოდება - გლეხი (თბილისის გუბერნიის გორის მაზრის).
პროფესია - სახლის მასწავლებელი
დაბადების ადგილი - გორი.
მამა - ბესარიონი.
დედა - ეკატერინე გელაძე (ქალიშვილობის გვარით)
ქორწინება - უცოლო
სასიყვარულო კავშირები - პეტროვსკაია
სტალინი: ”მინდა პეტროვსკაიაზე დაქორწინება”
არსებობს ცნობა, სადაც დაპატიმრებული სტალინი ბაქოს ქალაქისთავს წერს: ”მე მინდა სტეფანია პეტროვსკაიაზე დაქორწინება და გთხოვთ, ამის ნებართვა მომცეთ”. სტალინს ნებართვა კი მისცეს, მაგრამ ისევ გადასახლებაში უკრეს თავი, რაც მისი პეტროვსკაიასთან დაშორების მიზეზი გახდა. მათ წლების მანძილზე ურთიერთობა აღარ ჰქონიათ. მართალია, სტეფანია ლეანდრეს ასულის შესახებ მწირი ცნობები მოიპოვებოდა, თუმცა, დღემდე არავინ იცოდა, რომ პეტროვსკაიას სარეგისტრაციო ბარათი საქართველოს საისტორიო არქივში - თბილისში იყო შემონახული.
(იხილეთ ასვე: "არ ვიცოდთ, რითი უნდა გვეშველა მომაკვდავი მამისთვის" - სტალინის სიკვდილის საიდუმლოება)