"შერცხვენილი იყოს ის, ვინც ჩვენგან ცოცხალი შინ დაბრუნდეს!.." - კვირის პალიტრა

"შერცხვენილი იყოს ის, ვინც ჩვენგან ცოცხალი შინ დაბრუნდეს!.."

კრწანისის ველზე მტრის სისხლით შეღებილი რჩეული ვაჟკაცები იწვნენ. მათ შორის 300 ფიცგაუტეხელი არაგველი.

"ჰეი, თქვენ, არაგველებო, გაუმაძღარნო ომითა,თქვენს საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა".

გეორგიევსკის ტრაქტატმა არ გაამართლა! მსოფლიოში სახელგანთქმულ მეომარ მეფეს - ერეკლე მეორეს, ჩრდილოელმა მოკავშირემ დაპირებული სიმშვიდისა და აყვავების ნაცვლად ქართლ-კახეთში შფოთი და არეულობა მოუტანა. ყველაზე მეტად კი ქვეყანას შინააშლილობა, ქიშპი და გაუტანლობა აუძლურებდა. უპირველესად თავად სამეფო ოჯახში იყო დიდი განხეთქილება. მის თითოეულ წევრს თავისი აზრი მიაჩნდა ჭეშმარიტებად, საკუთარი თავი კი - ტახტის მემკვიდრედ. ასე დაქსაქსული, დანაწევრებული და დაუძლურებული შეხვდა ქვეყანა 1795 წლის სექტემბერს. საქართველოსკენ ყაჯარი საჭურისი აღა-მაჰმად-ხანი მოემართებოდა...

იმ ათას მთიელ მეომარს შორის, რომლებიც ტფილისში ვახტანგ (ალმასხან) ბატონიშვილის მეთაურობით ჩამოვიდნენ, არაგველებიც იყვნენ. არაგვი ოთხია (ზოგი წყაროთი ექვსი): მთიულეთისა (თეთრი), გუდამაყრის (შავი), სოფელ ქისტაურთან ფშავის არაგვი და ხევსურეთის არაგვი ერთდებიან. მთიულეთის, ანუ ძირითად მდინარეს ფშავის არაგვი ჟინვალთან უერთდებოდა. ყველა ამ მდინარეთა ხეობებში მცხოვრებთ, რა თქმა უნდა, უფლება ჰქონდათ არაგველებად წოდებულიყვნენ, მაგრამ 1795 წლისათვის ისტორიული წყაროების მიხედვით, არაგველებად მხოლოდ მთიულეთისა და გუდამაყრის არაგვის ხეობის მცხოვრებნი სახელდებიან. ესე იგი, ვახტანგ ბატონიშვილის რაზმი შედგებოდა თუშ-ფშავ-ხევსურთა და არაგველთაგან. თავად არაგველები კი იყვნენ: მთიულები, გუდამაყრელები, ხანდოელები, ჭართლის თემის მცხოვრებნი და მცირედი მოხევეები (ვ. ითონიშვილი), რიცხვით სამასნი.

იაკობ გოგებაშვილი მათ "სამას გლეხს" უწოდებს, ალბათ, საქართველოს ისტორიაში დაბალი ფენების როლის წარმოსაჩენად. თუ ძირისძირობამდე ჩავყვებით, ამ ტენდენციის სიმართლესაც დავინახავთ. ფეოდალური საქართველოს არისტოკრატია ხომ გლეხობის ბალავარზე იდგა. გარდა იმისა, რომ წვრილი ერი შრომის ერთობ მძიმე ჭაპანს ეწეოდა, ომებში მონაწილეობაც ევალებოდა და მონაწილეობდა კიდეც. გამორიცხული არ არის, სამას არაგველში გლეხებიც ერივნენ და აზნაურებიც, მაგრამ ჩვენი აზრით, მათი უმრავლესობა მაინც "კაი ყმა" უნდა ყოფილიყო (ეს ცნება არა მარტო ქართველ მთიელებს შორის, არამედ საზოგადოდ, კავკასიელ მთიელთა შორის იყო გავრცელებული).

ვაჟა-ფშაველა "კაი ყმის" ზნეობრივ კოდექსს ასე აყალიბებს: უპირველეს ყოვლისა, კაი ყმა უნდა იყოს მეომარი - "პირველად ომის დამწყები ბრძოლის ველს ბოლოს სწირავდეს"; ბრძენი მრჩეველი - "სწორ ფიქრს აძლევდეს თემ-სოფელს,  ცთუნება არა სძირავდეს"; სიმართლის დამცველი - "იქ იდგეს ხმალამოწვდილი,  საც ძალა აღმართს კვალავდეს,  გაბეჩავებულ სიმართლეს,  უსამართლობა სძალავდეს"; ნუგეშისმცემელი - "სიცხეში სიოდ დაჰბეროს,  დაეთბოს, როცა ჰყინავდეს". უშიშარი და შეუდრეკელი, - "თავზარსა სცემდეს სიკვდილსა,  ზედ ქორებულად ფრინავდეს"; უანგარო, სახელის პატივისმცემელი და დამფასებელი - "სჯობს მოკვდეს მშიერ-ტიტველი,  კვდებოდეს, არა გმინავდეს.  თავის სამარხად, სუდრადა,  მარტო სახელსა სწირავდეს". გარდა ამისა, ფანატიკოსებიც იყვნენ. მათ სწამდათ, რომ ვალმოხდილები დიდ თამარს მიუვიდოდნენ ზეციურ საქართველოში. ცხადია, მსგავსი ზნეობრივი კოდექსით მცხოვრებ ადამიანებს არ გაუჭირდებოდათ მთავარი ღირებულებების მიგნება. ისინი მეფისა და მამულის დასაცავად ჩამოვიდნენ დედაქალაქში, ანუ სამშობლოს და ქვეყნის ერთიანობის სიმბოლო - მეფე იყო მათი იდეალი. სამასმა არაგველმა რაინდმა მეფე ერეკლეს წინაშე შეჰფიცა ერთმანეთს: "თუ ბედმა გვიმუხთლა და ვერ დავძლიეთ მტრის ჯარი, შერცხვენილი იყოს ის, ვინც ჩვენგან ცოცხალი შინ დაბრუნდეს. ან გამარჯვება, ან სიკვდილი ბრძოლის ველზე".

კრწანისის ომი

9 სექტემბერს, ნაშუადღევს, სპარსელთა მოწინავე მცირერიცხოვანი 300-კაციანი რაზმი (მზვერავი) სოღანლუღის ვიწროებს მიუახლოვდა. აქ ჩასაფრებული ქართველები, დავით გიორგის ძის მეთაურობით, გამოუხტნენ მტერს და უკუაქციეს. გადარჩენილებმა თავიანთი სიმხდალე რომ დაეფარათ, აღა-მაჰმად-ხანს მოახსენეს, ქართველებს სოღანლუღის მიდამოებში დიდი ძალა ჰყავთ ჩასაფრებულიო.

10 სექტემბერს სპარსელებმა შეტევა დილიდანვე განაახლეს. საჭურისი სულ უფრო მეტ მეომარს აბამდა ბრძოლაში. შიიტ სპარსელებს სუნიტი თურქმანები და ქურთები დაუყენა ზურგში და უბრძანა, თუ ვინმე უკან დახევას გაბედავდა, უმოწყალოდ აეკუწათ. სპარსელების მოძულე ქურთები და თურქმანები სიამოვნებით ასრულებდნენ საჭურისის ბრძანებას. ქართველები წინასწარ დაგეგმილ ტაქტიკური ბრძოლის ხერხს იყენებდნენ, - მტერს ჯერ არტილერია ცელავდა, შემდეგ ქვეითები დაახლიდნენ თოფებს, მერე კი ხმალდახმალ ხელჩართულ ბრძოლაზე გადადიოდნენ და ისევ ხანდაკებში ბრუნდებოდნენ. აღა-მაჰმად-ხანი ხედავდა, როგორ თხელდებოდა სპარსელ მეომართა რიგები. მიხვდა, ასეთი ბრძოლა, როგორიც მას ქართველებმა თავს მოახვიეს, უეჭველ დამარცხებას უქადდა. ამიტომ სასწრაფოდ ამხედრდა, ცხენი მდინარისკენ მიაბრუნა და ლაშქარს მიმართა: "ვისაც შაჰი უყვარს და ვაჟკაცია, მოვიდეს მასთან ახლოს". თქვა, ცხენს მათრახი გადაუჭირა და მტკვარში შეაგდო. საჭურისს სამი ათასი მეომარი გადაჰყვა მდინარეში. 300-მდე ცხენოსანი მტკვარმა დაახრჩო, დანარჩენები, მათ შორის საჭურისიც, უვნებლად გავიდნენ მეორე ნაპირზე (აი, სად იყო საჭირო ორი ათასი ქიზიყელი ცხენოსანი მეომარი რევაზ ანდრონიკაშვილის სარდლობით). ამ მანევრით აღა-მაჰმად-ხანმა აიძულა ქართველები, ყარყუთ-სოღანლუღის პოზიციები დაეთმოთ და უკან დაეხიათ, რადგან ეგონათ, მტერი ზურგიდან უპირებდა თავდასხმას. ქართველთა რაზმებმა პირველი და მეორე ხანადაკი მიატოვეს და მესამეში გადავიდნენ. სპარსელებმა ფონი მოძებნეს და ამჯერად უდანაკარგოდ გადმოლახეს მტკვარი.

მტერი უკვე კრწანისის მიდამოებში იდგა. აქედან კარგად მოჩანდა ტფილისის ეკლესიების გუმბათები, აივნიანი სახლები და ნარიყალის ციხის ქონგურები, მაგრამ საჭურისმა თავისი კარვის ახალ ადგილას გადმოტანა ძლივს მოასწრო, რომ "ჩვენი ჯარი მთის ქართველებთან ერთად საოცარი სისწრაფით მიესია სპარსელებს, ქართველებმა გააპეს მტრის რაზმები. აქეთ-იქით გროვა-გროვა დააყენეს დახოცილი და დაჭრილი სპარსელებისა და გაექანნენ შუაგულისკენ, სადაც შაჰი ეგულებოდათ. მტრის საშინელი მუსვრით მიუახლოვდენ თვითონ შაჰის კარავსა, წაართვეს მის თვალწინ სპარსელებს ბაირაღები და თვით შაჰის დაჭერასაც ლამობდნენ, მაგრამ სწორედ ამ დროს ქართველებს წინ გადაეღობა საუკეთესო ჯარი სპარსელებისა, რომელიც ამ დრომდე შაჰის კარავს უკან იდგა, ომში არ მონაწილეობდა და დასვენებული იყო. სპარსელებს მრავალი ახალ-ახალი ჯარი ემატებოდათ: ქართველებს კი მალე გამოელიათ მისაშველებელი ჯარი. ერთი ქართველი იბრძოდა ათი-თხუთმეტი სპარსელის წინააღმდეგ. ქართველთა გამარჯვება ძნელი მოსალოდნელი იყო"( ი. გოგებაშვილი).

მიუხედავად ამისა, 10 სექტემბრის ბრძოლა ქართველების გამარჯვებით დამთავრდა. "შეიქმნა ომი ფიცხელი და მოსცა ღმერთმან ძლევაი მეფეს ირაკლის მრავალგზის გამარჯვებულსა და მრავალგზის ღვთისგან დაცულსა ბრძოლასა შინა და იმ დღეს მრავალი მტერი დახოცეს და მრავალი ყიზილბაშის თავიც მოართვეს. ვიდრე მწუხრამდე იყო ბრძოლა და სიღამემან განყარა" (თეიმურაზ ბატონიშვილი).

10 სექტემბრის ბრძოლაში სპარსელებმა დიდი ზარალი ნახეს, აღა-მაჰმად-ხან ყაჯარი დაეჭვდა გამარჯვებაში, ყოყმანი დაიწყო და უკან გაბრუნებას აპირებდა, რომ - მოღალატეს რა გამოლევს - გამოჩნდა ვინმე იოვანეს ყორღანაშვილი, თბილისელი ვაჭარ ოსეფა ყორღანაშვილის შვილი, რომელმაც კაენის საქციელი გაიმეორა, ზედმიწევნით ზუსტად მოახსენა საჭურისს ქართველ მეომართა რაოდენობა, არტილერიის განლაგება და თავდაცვითი ნაგებობების პოზიციები. ყიზილბაშთა სარდალი ჩაფიქრდა. არ უნდოდა, ბრმად დაეჯერებინა ესოდენ სასიხარულო ამბავი. ამ დროს ვეზირი შემოვიდა და მოახსენა: მბრძანებელო, თქვენი ბრწყინვალების ელჩი, რომელიც ერეკლე ხანს დატყვევებული ჰყავდა, თქვენი ტახტის მონა-მორჩილებმა თბილისის მოქალაქეებმა არუთინ არარატიანცმა და ოსეფა ბებუთოვმა ჩუმად გამოაპარეს, სამივე აგერ, კარავთან, თქვენთან აუდიენციას ელოდებაო. "დღევანდელი გამარჯვება მოჩვენებითია, ქართველებმა უკანასკნელი ენერგია შეალიეს 10 სექტემბრის ბრძოლას. მაშველ ჯარებს კი არც კახეთიდან მოელიან და არც ქართლიდან", - მოახსენეს მოსულებმა.

სიხარულისგან აღარ სძინებია იმ ღამეს სისხლით თრობის მოყვარულ საჭურისს.

გათენდა ავბედითი 11 სექტემბერი. ერეკლემ ჯარის ახლებური გაწყობა ბრძანა...

ბრძოლა დილის 7 საათზე დაიწყო. ირანელები დიდი მსხვერპლის ფასად მოიწევდნენ მტკვრის ვიწრო ხეობისაკენ, სადაც მრავალრიცხოვანი ჯარის გაშლა შეუძლებელი იყო.

რამდენჯერმე უკუაგდეს ქართველებმა იერიშზე გადმოსული მტერი და საპასუხო კონტრშეტევებით დიდად დააზარალეს. სპარსელებმა ვერ მოახერხეს ფრონტის ცენტრალური ხაზის გარღვევა, სადაც ახლა თვით ერეკლე იდგა სარდლად. მტრის ყოველ მოძრაობაზე მისი რეაქცია შეუცდომელი და ზუსტი იყო, მაგრამ საბოლოოდ მაინც ირანელთა სიმრავლე წყვეტდა ბრძოლის ბედს, - ერეკლეს ბრძოლაში უკანასკნელი რეზვერვები გაჰყავდა (ამ დროს კი ოთხი ათასი მეომარი გიორგი ზაქიჭამიას მეთაურობით თელავში ფეხმოუცვლელად იდგა).

ცენტრალური მიმართულებით რომ ვერაფერი გააწყო, ყიზილბაშთა სარდალმა ქართველთა ჯარის ზურგიდან შემოვლა გადაწყვიტა. მოიხმო ყარაბაღელი სომეხი მელიქ-მეჯნუმი 1000 მეომრით, 3000 სპარსელი მხედარი მისცა და თბილისის გარს შემოვლა უბრძანა. პარალელურად, ყიზილბაშთა რაზმები თაბორის მთაზე განლაგებული ქართველების არტილერიის გარსშემოსავლელად მიიწევდნენ. 11 სექტემბერი ნისლიან-ბურუსიანი იყო და ქართველებს მტრის მანევრები შეუმჩნეველი დარჩათ. ბურუსი კი სწორედ მაშინ გაიფანტა, როცა მარჯვენა ფლანგზე მებრძოლ არტილერისტებსა და მათ დამხმარე რაზმებს ყიზილბაშები ზურგიდან წამოადგნენ.

განგება და ომის სისხლით უძღები ღმერთი აშკარად საჭურისი ყაჯარის მხარეზე იყო.

მოულოდნელობისგან შედრკნენ ქართველები, აირია მათი მწყობრი რიგები და ბრძოლით უკან დახევა იწყეს.

ერეკლემ სწრაფად აფრინა შიკრიკი სოლომონ მეორესთან (რომელიც თადარიგში იდგა, რადგან წინადღეს იმერლებმა დიდი ზარალი ნახეს, 200 მარტო თავადაზნაური დაეღუპათ), რათა მარჯვენა ფრთაზე საშველად გამოსულიყო, მაგრამ შიკრიკი გზაში მოკლეს მტრის მზვერავებმა. სოლომონ მეორესაც ადგილიდან ფეხი არ მოუცვლია. ზურგში მტრის გამოჩენამ ქართველთა სიმტკიცე გატეხა, მარჯვენა ფლანგზე ჭარბი ძალების მოწოლას ვეღარ გაუძლო დავით ბატონიშვილის შეთხელებულმა რაზმმა. მარჯვენა ფრთა მოიშალა. ერეკლემაც უკან დაიხია და მეოთხე, უკანასკნელ ხანდაკში შევიდა.

ამასობაში მელიქ-მეჯნუმი, რომელსაც თბილისელი სომხების დამარბეველს უწოდებს სომეხი მეისტორიე ჰაბოვი, სოლოლაკის ქედს მოადგა. იოლად დაფანტა და გააქცია ხეობის დამცველ თბილისელ მოქალაქეთა 1500-იანი რაზმი და ქალაქის ზურგიდან შემოვლა დაიწყო. მეოთხე სანგარში შევიწროებული ერეკლე რჩეული მეომრების გუნდთან ერთად მუსრავდა ყიზილბაშებს. "თუმცაღა იყო ფრიად მოხუცი, გარნა ბრძოლასა შინა ქცევა მისი იყო მრავალთა ჭაბუკთაგან სანატრელი". მიუხედავად ამისა, ცენტრალური ხაზის დაცვა შეუძლებელი გახდა, რადგან მტერი უკვე ზურგიდან უტევდა ქართველების ჯარს, ერეკლე კი ბრძოლის ველს არ ტოვებდა  და თავისი მცირე რაზმით მტრისგან გარემოცული აღმოჩნდა. სწორედ ამ დროს სპარსელებსა და ერეკლეს შორის ფარივით აღიმართა არაგველების შეთხელებული გუნდი. ისინი იმდენ ხანს აკავებდნენ გააფთრებულ მტერს, სანამ მხლებლებმა მეფე სამშვიდობოს არ გაიყვანეს. მათი სიმამაცე რომ არა, მეფეს სიკვდილი ან ტყვეობა არ ასცდებოდა. ავლაბრის ხიდზე შეაგდო ცხენი ერეკლემ. 150 კაცისგან, რომლებიც ახლა მას მიჰყვებოდნენ, თითქმის ყველა დაჭრილი იყო. ბოღმა მოერია გამარჯვებას ჩვეულ პატარა კახს, წამით შედგა და უკან მიიხედა. სპარსელები მის თანამებრძოლთა გვამებზე გადადიოდნენ და ქალაქისაკენ მიიწევდნენ. მეფე ერთხელ კიდევ აენთო გამარჯვების წყურვილით და ცხენი შემოაბრუნა, მაგრამ "მაშინვე ივანე მუხრან ბატონმა, მეფის ირაკლის ცხენის აღვირს ხელი უტაცა, გამოატრიალა, ერთის მხრითაც ბატონიშვილი ვახტანგი მივარდა, მეორეს მხრით ბატონიშვილი იოანე, ცხენსაც ქიზიყის მოურავმან მათრახი უკრა და სასწრაფოდ გააცილეს ბრძოლის ველს გულმოკლული ერეკლე მეფე და ხიდსგაღმა სამშვიდობოზე გაიყვანეს. იქ კლდოვან ნაპრალზე გამოსახული ჯვრის წინ ჩამოხტა მეფე, დაიჩოქა და ქრისტეანობისათვის წამებულ აბოს ნეშტს შეავედრა თავისი ქრისტეს სჯულისთვის ჯვარცმული ერი" (ილია).

კრწანისის ველზე კი მტრის სისხლით შეღებილი იწვნენ მამაცი არტილერისტები: გიორგი გურამიშვილი, გაბრიელ მაიორი, აღალუა, მსახიობი და მუტრიბი მაჩაბელა თავისი დასით, მთლიანად სამი ათასი გმირი ქართველი: თუში, ფშაველი, ხევსური, მთიული, მოხევე, ქართლელი, კახელი, იმერელი (იმერეთი იმ დროს მთელ დასავლეთ საქართველოს ეწოდებოდა) - საქართველოს თითქმის ყველა კუთხის მცხოვრები რჩეული ვაჟკაცი. მათ შორის 300 ფიცგაუტეხელი არაგველი. ისინი ავანგარდში იდგნენ მთელი ომის განმავლობაში. იბრძოდნენ კრწანისის მისადგომებთან; სხვებთან ერთად მათაც გამოსტაცეს შაჰს საბრძოლო ბაირაღები; იბრძოდნენ ყარყუთასთან; კრწანისის ველის ყველა ხანდაკთან; უკან დახევისას მკერდით აეფარნენ მეფეს. ბოლოს კი, როცა ერეკლე სამშვიდობოს დაიგულეს, ქალაქში გააგრძელეს ბრძოლა, თითომ ათისა და ოცის წინააღმდეგ. ასე თანდათან შეთხელდა მათი რიგები, თანდათან დაილივნენ. ასე ნელ-ნელა გათავდა 300 არაგველი. "ყველამ მტკიცედ, სავსებით და ვაჟკაცურად დაიცვა ფიცი. ყველამ ბრძოლის ველზე დალია თავისი გმირული სული, ყველამ თავის სამშობლოს შესწირა სიცოცხლე" (ი. გოგებაშვილი).

ბოლოთქმა

სამასი არაგველის თავდადება პირველად თეიმურაზ ბატონიშვილმა მოიხსენია თავის თხზულებაში. შემდეგ გრიგოლ ორბელიანმა, ილიამ, აკაკიმ, ვაჟამ, იაკობ გოგებაშვილმა და გალაკტიონმა მოიხადეს მათ წინაშე ვალი. შთამომავლობა ღირსეულ პატივს მიაგებს ფიცგაუტეხელ გმირებს. თბილისში არსებობს 300 არაგველის სახელობის მეტროპოლიტენის სადგური, კრწანისის ყოფილ ველზე, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე კი არაგველთა მემორიალური პარკი. არ არსებობს მათი საძმო საფლავი და, რა თქმა უნდა, არც ეპიტაფია. სამაგიეროდ, არსებობს ლადო ასათიანის ლექსი, რომელიც ყველაზე უკეთესად მიესადაგება იმ დაუვიწყარ ემოციას, რომელიც ქართველ ყმაწვილს ეუფლება, როცა სამასი არაგველის გმირობის ამბავს პირველად მოისმენს.

ჟურნალი "არსენალი"

(იბეჭდება შემოკლებით)

თამაზ ჟორჟოლიანი