"ლამაზი არასოდეს ვყოფილვარ. უბრალოდ, ვცდილობდი, ყველაფერი ლამაზად მეკეთებინა" - მარინა თბილელის ერთგულება და სისუსტე
თბილისში ბევრი ლამაზი გოგო დადიოდა, მაგრამ ის ერთი მაინც სხვანაირად გამორჩეული იყო. იმ წლებში პლეხანოვის გამზირზე ხშირად ხედავდნენ ბედნიერებით აღსავსე, ლურჯთვალებიან, ტანაშოტილ ქალიშვილს. იგი მომხიბლავი ღიმილით ანდამატივით იზიდავდა ხალხის ყურადღებას. მიდიოდა ნარნარი ნაბიჯით, მსუბუქად, ელეგანტური სინატიფით... გამვლელები კი ჩერდებოდნენ და კარგა ხანს მზერით მიაცილებდნენ.
ეს ქალი მარინე თბილელი გახლდათ - მხიარული, ლაღი და ხალისიანი. ბევრი მას ულამაზეს ქალად აღიარებდა, თუმცა თვითონ ასე არ თვლიდა და ამბობდა: "მე ლამაზი არასოდეს ვყოფილვარ. უბრალოდ, ვცდილობდი, ყველაფერი ლამაზად მეკეთებინა. ძალიან მიყვარდა ცეკვა და ყოველთვის ვცეკვავდი. გინახავთ, იპოდრომზე ცხენი რომ გამოჰყავთ, რა გრაციოზულად, ამაყად გამოდის თავლიდან? ასე გამოვდიოდი მეც სცენაზე... მინდოდა ყველაფერი კარგად და მომხიბვლელად გამომსვლოდა და როგორც ჩანს, გამომდიოდა კიდეც, ამიტომაც ამბობდნენ ჩემზე, ლამაზიაო..."
არსებობს ერთი ანკეტა, რომელიც მარინე თბილელმა შეავსო წლების წინ:
"დაბადების თარიღი - 1920 წლის 25 ოქტომბერი.
დაბადების ადგილი - თელავი.
ზოდიაქოს ნიშანი - კიბო.
სიმაღლე - 1 მეტრი და 64 სმ.
წონა - ხანში შესვლისას 70.
თვალები - ცისფერი.
თმა - ღია წაბლისფერი.
ოჯახური მდგომარეობა - მთელი დღე ვტრიალებ ციბრუტივით, და აი, 30 წელიწადია, მე და ჩემი ძვირფასი მეუღლე სიამტკბილობით ვუქცევთ ერთმანეთს ღრანჭს.
უახლოესი ნათესავები - ვაჟიშვილი - აკაკი ვასაძე (მწერალი), ქალიშვილი - ბარბარე დვალიშვილი (მსახიობი).
მოწოდება - თეატრი (ბავშვობიდან).
თქვენი ცხოვრების საუკეთესო პერიოდი - თეატრალურ ინსტიტუტში მცირე სცენის გახსნა, პარტნიორობა ქართული სცენის კორიფეებთან და პირველი გასვლა საფრანგეთში.
ოცნების ასრულება - რუსთაველის თეატრში დაბრუნება.
რომელი დრო გირჩევნიათ - საღამოს 8 საათი, სპექტაკლის დაწყების დრო.
საყვარელი ქალაქი - თბილისი, სიღნაღი, თელავი.
დევიზი - სიყვარული, სიკეთე.
საყვარელი როლი - თეკლა ბატონიშვილი, კეკელა, მილენილა, იორკის მთავრის მეუღლე.
ყველაზე დიდი სიხარული - როდესაც დედა გავხდი.
თქვენი ხასიათი - კაპარჩხანა.
თქვენი სისუსტე - კაკლის მურაბა, ვარდის მურაბა და ლობიო.
თქვენი ღირსება - ვარ ერთგული.
რისი გეშინიათ? - სიბერის და სცენის მიტოვების".
აი, ეს გახლავთ ანკეტა (შემოკლებული სახით), რომლითაც იხატება მსახიობი ქალის პორტრეტი.
"თბილელი" მისი ფსევდონიმია, რომელიც აკაკი ვასაძემ "უსახსოვრა" მომავალ რძალს. მარინე მოგვიანებით ცოლად გაჰყვა აკაკის ვაჟს, გოგის, რომელთანაც ვაჟი შეეძინა. ბავშვს ბაბუის სახელი დაარქვეს. თუმცა მარინე ვასაძეებისგან მალევე წამოვიდა, წამოსვლისას კი განუცხადა: ამ ოჯახში ჩემი ფეხი აღარ იქნებაო. მოკიდა პატარა აკაკის ხელი და პლეხანოვზე დაბრუნდა, კარგა ხანს ცხოვრობდა დედასთან ერთად.
მარინეს დედა ორჯერ ყოფილა გათხოვილი. მისი პირველი ქმარი, გვარად დამბროვსკი, თბილისელი პოლონელი გახლდათ, რომელსაც წითელწყაროში აფთიაქი გაუხსნია და ოჯახიც თავისთან წაუყვანია. აფთიაქარს იმ დროს გავრცელებული "ისპანკა" შეხვედრია და გარდაცვლილა. მიუხედავად იმისა, რომ ქალს ორი ბავშვი დარჩა, იგი ისეთი ლამაზი და წარმოსადეგი ყოფილა (თანაც მდიდარი), ბევრი მთხოვნელი გამოუჩნდა. მაგრამ ქვრივის გული ოსმალეთიდან გადმოხვეწილმა სომეხმა ექიმმა მოიგო...
ამ ქორწინებიდან გაჩნდა მარინე. მალე ოჯახი თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად. მარინეს მამას ტვინის ანთება დაემართა. კოლეგებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. მარინე მისი და-ძმის გვარს, დომბროვსკის ატარებდა, სინამდვილეში კი, იგი კარაპეტიანი იყო.
მარინეს სამსახიობო ცხოვრება ერთი შეხვედრის წყალობით დაიწყო. ვორონცოვზე მიმავალი მშვენიერი გოგონა ერთმა კაცმა გააჩერა და ჰკითხა, სად სწავლობო? მაშინ მარინე პედაგოგიურ ტექნიკუმში სწავლობდა. კაცმა იგი კინოსტუდიაში მიიწვია. როგორც შემდეგში გაირკვა, ის კაცი პირველი კინომსახიობთა სკოლის დამაარსებელი, სამსონ სულაკაური აღმოჩნდა. მარინე სკოლა-სტუდიაში ჩაირიცხა. მოგვიანებით სასწავლებელი თეატრალურ ინსტიტუტეს შეუერთდა და მარინემაც იქ განაგრძო სწავლა.
ნიჭიერმა და მომხიბვლელმა მსახიობმა მალე მიიპყრო მაყურებლის ყურადღება. თავდაპირველად იგი რუსთაველის თეატრში მუშაობდა, მერე სოხუმის თეატრში გადავიდა...
ჩემი თაობა არ მოსწრებია მის პირველ როლებს თეატრში, მაგრამ ვისაც ბავშვობაში ერთხელ მაინც უნახავს მარჯანიშვილში დადგმული "ძველი ვოდევილები", ძნელია კეკელა ხუხლიაშვილის დავიწყება. მას გვერდს უმშვენებდა ქართული თეატრის კორიფე - ვასო გოძიაშვილი... და მიუხედავად იმისა, რომ ეს სპექტაკლი ყოველთვის სრული ანშლაგით მიდიოდა და მარინეს მარჯანიშვილში არასოდეს აკლდა როლები, თბილელს მაინც რუსთაველის თეატრისკენ მიუწევდა გული. იგი რობერტ სტურუას "კავკასიური ცარცის წრით" დაბრუნდა საოცნებო ადგილას და როცა დიდი ხნის შემდეგ კვლავ რუსთაველის თეტრის სცენაზე დადგა ფეხი, დაიხარა და სცენას ეამბორა.
რაც შეეხება კინოროლებს, მას ხშირად იწვევდნენ გადასაღებ მოედანზე. ამით თბილელი უსაზღვროდ კმაყოფილი იყო, თუმცა მისი მეუღლე, აკაკი დვალიშვილი აღნიშნავდა, რომ მარინე კინოში სრულად ვერ "გამოიყენეს", მხოლოდ ლამაზი და მედიდური ქალების როლებს აძლევდნენ, არადა, მას მშვენივრად შეეძლო სახასიათო როლების თამაში, როგორც კომიკურის, ისე ტრაგიკული სახის შექმნაო.
...და მაინც, დაუვიწყარია მისი ბუბუსია ("აბეზარა"), ანა ("თხუნელა"), ალისა ("თოჯინები იცინიან"), სკოლის დირექტორი ("როცა აყვავდა ნუში") და კიდევ მრავალი სხვა.
მარინე თბილელი ნიჭიერებასთან ერთად მრავალი ღირსების მატარებელი გახლდათ: იყო მომხიბვლელი ქალი, საოცრად კარგი დედა, ჩინებული დიასახლისი და კულინარი, უყვარდა სხვების დახმარება და რაც მთავარია, უხვად აფრქვევდა სიყვარულს.
მარინა ბაბუნაშვილი ("კვირის პალიტრის" არქივიდან)