საქართველო-სომხეთის ომი - კვირის პალიტრა

საქართველო-სომხეთის ომი

სიმართლე რომ ითქვას, საკმაოდ დიდხანს ვიყოყმანეთ ავტორმაც და რედაქციის ხელმძღვანელობამაც - გაგვეგრძელებინა ეს თემა თუ არა, რადგან ბოლო სამი ნომრის საკმაოდ ვრცელი ადგილი ისედაც დაეთმო ამ, ჩვენს პრესაში არცთუ ისე ხშირად ხსენებულ თემას.

სულ თავიდან, სტატიის პირველი ნაწილის დაბეჭდვის შემდეგ, უამრავი ნაცნობი თუ უცნობი მკითხველი გამომეხმაურა და ჩავთვალე, რომ მთავარი მიზანი - სიმართლისათვის თვალის გასწორება და ისტორიის გამომზეურება, მიღწეულია და არავინ გაიგებდა ჩვენს პუბლიკაციას, როგორც ორ ერს შორის დღეს არსებული, ასე თუ ისე დალაგებული ურთიერთობის გამწვავების მცდელობად...

არც იმას დავმალავთ, რომ მძაფრი რეაქციებიც იყო - ერთმა ისიც კი მომწერა (რუსულად), თუ ეს ტყუილი არ არის, მეორე მხარესაც მიეცით საშუალება, ამ ისტორიის საკუთარი ვერსია წარმოადგინოსო(?!)... საინტერესო ინტერპრეტაციაა პლურალიზმისა და სიტყვის თავისუფლებისა...

ერთი სიტყვით, ამ ნომრიდან უკვე საქართველოს პირველი რესპუბლიკის პერიოდის (1918-1921 წწ.) სხვა ბატალიებზე ვაპირებდით საუბარს, რომლებიც ისევეა უცნობი ფართო მკითხველისათვის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისათვის, როგორც საქართველო-სომხეთის ომი, მაგრამ სტატიის ბოლო (გვეგონა, რომ ბოლო იქნებოდა) ნაწილის დაბეჭდვის შემდეგ, ჩვენდა გასაკვირად და სასიხარულოდაც, გაცილებით მეტი ადამიანი დაგვიკავშირდა:

მესამე ნაწილში ბრძოლების უფრო დაწვრილებით, ეპიზოდურ აღწერას ველოდით, კონკრეტული ადამიანების თავდადების ისტორიებს, გამარჯვების აღსანიშნავი ზეიმის ამბებსო... სწორედ ამიტომ გადაწყდა, კიდევ ერთი გვერდი დავუთმოთ ამ ომს. ისიც სათქმელია, რომ ეს თემა ამგვარი პუბლიკაციებისთვის ამოუწურავია და კიდევ შეიძლება ვინმეს უკმარისობის განცდა დარჩეს, მაგრამ ჩვენ ჩვენსას ვეცდებით...

KvirisPalitra.Geმაშ ასე, როდესაც 7-8 დეკემბრის ღამეს სომხებმა სასაზღვრო პოსტზე ჩვენი მძინარე მესაზღვრეები ამოხოცეს და ლორეს ოლქში უფრო ღრმად იწყეს შემოსვლა, ყველაზე ახლოს - სანაინში, ქართველებს მხოლოდ მცირერიცხოვანი რაზმი ჰყავდათ, რომელმაც პირველი ბრძოლა მიიღო 9 დეკემბერს და რიცხვით ოცჯერ (!) მეტ მტერთან ბრძოლაში დამარცხდა. იმ ათ დღეს, სანამ საქართველო მობილიზაციას გამოაცხადებდა და სერიოზული წინააღმდეგობის გაწევას დაიწყებდა, სწორედ ასეთი "დამარცხებული გმირები" აყოვნებდნენ მტერს, თორემ სულ რაღაც 60-80 ვერსის ტრიუმფალური მარშით გავლას და საუკუნოვანი სანუკვარი ოცნების ასრულებას - თბილისის აღებას, სამიოდე დღეც ეყოფოდა.

კონკრეტულად, რა მოხდა 9 დეკემბერს? მოდი, უშუალო მონაწილეს "მოვუსმინოთ". 1963 წელს პარიზში საქართველოს ეროვნული გმირის წოდების პირველი ოფიციალური მფლობელის, ვალოდია გოგუაძის მოგონებები გამოქვეყნდა (სიკვდილის შემდეგ). იგი წერს: "მე მებრძანა ორი ჯავშნოსნით ფრონტზე წავსულიყავი. რკინის გზა სანდაარიდან სომხეთამდე მტერს ეჭირა. 9 ქრისტეშობისთვეს მტერს პირდაპირ მივადექი და ორი დღის განმავლობაში რკინის გზა ბამბაკამდე გავწმინდე და სანაინში დავდექი..."

ეს სწორედ ის იყო, რაზეც გენერალი კვინიტაძე ამბობს თავის მემუარებში, როდესაც გავიგე, სანაინში ჯავშნოსანი გაუგზავნიათ, მივხვდი, რომ ეს მათი განადგურებით დასრულდებოდა, მაგრამ უკან მობრუნება ვეღარ მოხერხდაო.

მაგრამ როგორც მომავალმა აჩვენა, არც მსხვერპლი ყოფილა უაზრო და არც გოგუაძე და მისი თანამებრძოლები იყვნენ ის ხალხი, რომ უბრძოლველად რამე დაეთმოთ - 10 დეკემბერს გოგუაძე უფრო "გათავხედდა" და კიდევ უფრო ღრმად - ბამბაკის ხიდთან შეუტია მტერს, იქაც იძლია მტერი და ქართველები უდანაკარგოდ დაბრუნდნენ "მოძრავ ბაზაში" - ჯავშნოსან მატარებელში, თან ტყვეებიც მოიყვანეს, რომლებიც შემდეგ ძალიან გამოადგათ.

გოგუაძე უმამაცესი კაცი გახლდათ, მაგრამ მართლა გიჟი კი არ იყო (ისე, მანამდე ჩოლოქზე მისგან დარბეული თურქები კი ეძახდნენ "შაითან-გოგვაძეს"), რომ რამდენიმე ათეულით მთელ არმიას შებმოდა, მაგრამ ჯერ კიდევ მოქმედი საველე კავშირის საშუალებით, თბილისიდან მუდმივად აიმედებდნენ, რეზერვს მოგახმართო და პატრიოტი ოფიცერი ბოლო წუთამდე ცდილობდა, ქართული მიწის ყოველი გოჯისთვის ებრძოლა დამხმარე ძალის მოსვლამდე.

სომხებმა თავს დაუარეს და მატარებლის უკან რკინიგზის აყრას შეუდგნენ, ქართველები ჩასაფრებიდან უხსნიდნენ ცეცხლს, ამიტომ ამ თითქოს ადვილ საქმეს მტერმა 3-4 დღე მოანდომა და 14 დეკემბერს გოგუაძეს და მისი რაზმის ნარჩენებს უკან დასახევი გზა მოჭრილი ჰქონდათ, ალყაში იყვნენ და დახმარების იმედიც აღარ არსებობდა - თვითონ უნდა მოეხერხებინათ სამშვიდობოს გასვლა. აქ გოგუაძემ კიდევ ერთი შესაშური თვისება, საოცარი მოხერხებულობა გამოავლინა:

შემოაყვანინა ხუთი დატყვევებული ადგილობრივი სომეხი, რომლებსაც სიცოცხლის შენარჩუნებას დაჰპირდა და ფულიც კი აჩუქა, თან "სთხოვა": ხომ ხედავთ, რა დღეში ვართ, ამაღამ სანაინი უნდა დავტოვოთ და ალავერდის გავლით თბილისისკენ წავიდეთ, თქვენი მეგზურობა გვჭირდებაო. გეგმამ გაამართლა - ტყვეები სიხარულით "დასთანხმდნენ", და როცა გაუშვეს, მაშინვე სომხური ჯარის უფროსობასთან გაიქცნენ - არიქა, გოგუაძე და მისი რაზმელები ალავერდისკენ მიდიანო!

ერთი სიტყვით, სომხებმა "ჭამეს", მთელი ძალები რკინიგზის დაცვიდან მოხსნეს და ალავერდის მხარეს გადააჯგუფეს. ამ დროში ჩვენებმა დახოცილების დაკრძალვაც მოასწრეს და დაჭრილების მიბარებაც ახლომახლო მდებარე სოფლების აზერბაიჯანელ სანდო გლეხებთან. თან ერთი ჯავშნოსანი ააფეთქეს, მეორე კი დააზიანეს.

მაშინდელ სომხურ გაზეთებში სომეხი ისტორიკოსების ბაქიბუქი, რომ მათმა არმიამ სანაინთან "ისტორიული გამარჯვება" მოიპოვა და მტერს ჯავშნოსნები წაართვა, წმინდა წყლის ბლეფია!U! მეტიც - ისევ გოგუაძის მოგონებებიდან: "ალავერდთან შეყრილ სომეხთა ჯარს შრაპნელი დავუშინე და მას დიდი ზიანი მივაყენე. ღამით ჩავდექი ავანგარდში და უკან დავიხიეთ... მივუახლოვდით სოფელ შენიხს, იქ სროლა აგვიტეხეს, მაგრამ ისინი ჩავაჩუმეთ...

სადგურ აირმურთან მივედით, იქ მაღლობები სომხის ჯარებს ეკავათ. ჩვენმა მეომრებმა მტერს შეუტიეს, გაფანტეს და ტყვედ მოიყვანეს 60 კაცი(!)... მივედით სადახლოში და დავისვენეთ... იქ ორი ჯავშნოსანი ალფესი გოგუაძის (მისი ძმა იყო - ზ.გ.) მეთაურობით იცდიდა. 15 დეკემბერს ჩავუდექი ჯავშნოსნებს სათავეში და მტერს შევუტიეთ. სომხის ჯარი დამარცხდა და უთავბოლოდ უკან დახევა დაიწყო..."

აქვე ერთსაც ვიტყვით: ვალოდია გოგუაძე მებრძოლი იყო და პოლიტიკაში დიდად ვერ ერკვეოდა, თუმცა თავგადაკლული სოციალ-დემოკრატი გახლდათ. "სოცდეკებისა" და ეროვნულ-დემოკრატების დაპირისპირებაზე მაშინაც და მერე - ემიგრაციაშიც, ყველას გვსმენია. არც სალანძღავ ეპითეტებს ერიდებოდნენ, ერთმანეთისთვის "ცრუპენტელას", ‚"მხდალისა" და "ერის მოღალატის" ძახილიც მაშინ დამკვიდრებული "მოდაა", მაგრამ არ ყოფილა შემთხვევა, ვინმეს ოდესმე ეჭვი შეეტანოს გოგუაძის ნათქვამში ან ნაკეთებ საქმეში, ამიტომ მისი მემუარები შეიძლება სარწმუნო ინფორმაციად მივიჩნიოთ...

აი, ისევ თითქმის ბოლომდე გავედით და ჯერ თითქმის არაფერი გვითქვამს ომის ბოლოს წარმოებული შტურმისა და ქართული არმიისა და გვარდიის გამარჯვებების შესახებ... როგორც უკვე აღვნიშნეთ, ყოველ დღეს, ყოველ ეპიზოდს ფრონტსა და ზურგში, გაზეთის თითო გვერდი არ ეყოფა... თანაც, სიმართლე რომ ითქვას, 24-25 დეკემბრის ბოლოს, გენერლების - მაზნიაშვილისა და კვინიტაძის მიერ ისე დალაგდა და დაიგეგმა ოპერაციები, მობილიზაციისა და რეზერვის ჩამოსვლის გრაფიკიც ისე საათივით აეწყო, რომ იქ მოსაყოლიც და დაწვრილებით სალაპარაკო იქნებ არც არაფერია:

ჩვენები მეთოდურად, გეგმაზომიერად ერეკებოდნენ მტერს საწყისი პოზიციებისკენ და, რაც მთავარია, ომი ისე დაამთავრეს (უფრო სწორად, დაამთავრებინეს), რომ მასში ჩვენი შეიარაღებული ძალების ნახევარზე მეტი აქტიურად არც ჩაბმულა და რეზერვში დარჩა, მაშინ, როდესაც მოწინააღმდეგემ უკანასკნელი ჯარისკაციც კი გამოიყენა.

28 დეკემბერს შულავერის გენერალური ბრძოლა მოხდა. მტერი განადგურებული და უკუქცეული იქნა და ჩვენები ყოველ საათს მიიწევდნენ წინ, მაგრამ ახალწლის ღამეს მათ შეჩერება უბრძანეს... ამაზე წინა ნომრებში ვისაუბრეთ.

სხვათა შორის, ამ ომში პირველად იქნა გამოყენებული სამხედრო ავიაციაც - პრესის მიხედვით, თბილისის მფრინავთა საავიაციო რაზმის წევრის, პოდპორუჩიკ გორგაძის მინიმუმ ორი საბრძოლო  გაფრენა დასტურდება. მან მტერს ჰაერიდან დააყარა ყუმბარები და ამ მამაცობისთვის პორუჩიკის წოდებაც მიენიჭა.

საერთოდ, არ შეიძლება არ გაოცდე, როდესაც გადახედავ მაშინდელ ოფიციალურ პრესას, განსაკუთრებით სამხედრო ჟურნალებს (ასეთი რამდენიმე (!) იყო) და ნახავ, როგორი წესრიგი სუფევს ახალშექმნილ შეიარაღებულ ძალებში, როგორ ნაბიჯ-ნაბიჯ შენდება პროფესიული არმია - დაწყებული სამხედრო ფორმების მოდელების დამტკიცებიდან და შეკერვიდან, დასრულებული საავიაციო და საავტომობილო შენაერთების ჩამოყალიბებით.

სამომავლოდ ამ საკითხებზე დაწვრილებით ჩვენი მედიასახლის სამხედრო ჟურნალ "არსენალის" ფურცლებიდან მოგიყვებით და ლოკალური შეტაკებების შესახებაც იქ მოგითხროთ დეტალურად - თუნდაც სოფელ იუხარი-სერალთან გამართული ბრძოლის შესახებ, რომელიც ბოლოს ხელჩართულში გადაიზარდა და საოცარი‚"ანგარიში" დაფიქსირდა: მტერმა ასზე მეტი მებრძოლი დაკარგა, ქართველებმა კი... მხოლოდ ერთი(!!!) რამდენიც უნდა უარყოს მავანმა, იუხარი-სერალის შეტაკება ისტორიული ფაქტია და ვეღარაფერს შეცვლიან...

ცალკე საუბრის თემაა ეკატერინეფელდის (ბოლნისის) ბრძოლაც - თბილისიდან 30 ვერსში, გერმანულ დასახლებასთან, 19 დეკემბერს გვარდიის მიერ გამართული ბატალია საბოლოო გამარჯვებისა და თბილისის გადარჩენის საფუძველი იყო. იმიტომაც წერს გერონტი ქიქოძე (იმის მიუხედავად, რომ გვარდია მისი პოლიტიკური ოპონენტების მხარდამჭერი იყო):

"ოცდაათ ვერსტის სიშორეზე ჩვენ დედაქალაქის ბჭეებიდან სომხებმა წააგეს ბრძოლა, რომელიც თბილისის დასაპყრობად იყო დაწყებული. ეს ბრძოლა უფრო სასტიკი და სისხლის მღვრელი იქნებოდა, თვით თბილისის კედლებთან რომ მომხდარიყო. ეს შეტაკება რომ ბოლოს უსათუოდ ქართველი რასის გამარჯვებით დამთავრდებოდა, ამაში, რასაკვირველია, ეჭვი არავის უნდა ჰქონდეს, გარდა ერევნელ ფანტაზიორებისა.

მაგრამ ეკატერინოფელდის გამარჯვების მნიშვნელობა მარტო სამხედრო მასშტაბით არ განიზომება - აქ, სადაც შორეულ გერმანიიდან მოსული ახალშენები სახლობენ, მოხდა ქართველ და სომეხ ერის საბოლოო ფსიხიური გამიჯვნა..."

ვისაც სურს, ჩვენ კი არა, გერონტი ქიქოძეს ეკამათოს, ერთში კი ულაპარაკოდ დავეთანხმებით ამ დიდ მოღვაწეს - სომხებმა ეს ომი არა მხოლოდ "საკუთარი" ლორესა და ახალქალაქის დასაბრუნებლად წამოიწყეს, არამედ სწორედ თბილისის დასაპყრობად და საქართველოს საბოლოოდ დასაჩოქებლად და ამის დოკუმენტური დადასტურებაც უამრავია...

როგორც აღვნიშნეთ, ქართული ჯარის წინსვლა ინგლისელთა კატეგორიული მოთხოვნის შედეგად შეჩერდა და როგორც არაერთი საარქივო დოკუმენტით დასტურდება, ინგლისელი ოფიცრები 31 დეკემბერზე გაცილებით ადრე აკვირდებოდნენ ყველაფერს და სანამ სომხები წინ მოიწევდნენ, მშვიდად ადევნებდნენ მოვლენებს თვალს. ისტორიკოსმა არჩილ ჩაჩხიანმა არქივში მოიძია და თავის წიგნში გამოაქვეყნა ძალზე საინტერესო დოკუმენტი - ინგლისელების მიერ შედგენილი 7-პუნქტიანი პროექტი "კონფლიქტის მოსაგვარებლად". Aამჯერად ამ ყოველმხრივ ნიშანდობლივი და ჭკუის სასწავლებელი საბუთით დავასრულოთ საქართველო-სომხეთის ომზე საუბარი:

"1. 14 დღიანი ზავის დადება.

2. ორივე მოკამათე მხარე ტოვებს საკამათო ოლქებს ლორესა და ახალქალაქში (ხაზგასმა ყველგან ჩვენია. - ზ.გ.).

3. გლეხებმა (სომხებმა. - ზ.გ.) უნდა გააგრძელონ თავისი ჩვეული ცხოვრება და არავინ არ უნდა ჩაერიოს მათ ყოველდღიურ საქმიანობაში.

4. რკინიგზის მუშაობა უნდა აღდგეს. უნდა განხორციელდეს როგორც ქართული, ასევე სომხური ეშელონების შეუფერხებელი სარკინიგზო მიმოსვლა.

5. ორივე მხარემ უნდა მოავლინოს სანაინში თავიანთი წარმომადგენლები საკითხის ერთობლივად გადაწყვეტისათვის.

6. ჯავშანმატარებელი (ქართველების - ზ.გ.) უნდა დარჩეს სანაინში, ქართულმა ეკიპაჟმა უნდა დატოვოს იგი, ხოლო მატარებელი უნდა გადაეცეს ბრიტანულ მისიას.

7. ლტოლვილთა საკითხის სომხური კომისია უნდა დარჩეს ახალქალაქში და განაგრძოს მუშაობა, გაგრძელდეს სურსათის მიწოდება.

კაპიტანი გრინი"

ესეც თქვენი "ნეიტრალური" ბრიტანელები! ყველაზე მთავარი კი ის გახლავთ, რომ ეს "შედევრი" 14-15 დეკემბერს არის შექმნილი, ანუ მაშინ, როდესაც საქართველო ჯერ კიდევ არ იყო ომში ოფიციალურად ჩართული! ამ ყველაფერს აგვირგვინებს სომხეთის პრემიერის, კაჩაზნუნის დეპეშა ხელქვეითისადმი, რომელსაც ავალებს, ინგლისელებთან გაარკვიოს სამი საკითხი:

1. ნამდვილად დაიცავს თუ არა საქართველო ამ პირობებს და ხომ არ დაძრავს ჯარს (დაუბრკოლებლად მიიწევენ წინ, ჯერ მხოლოდ 15 დეკემბერია და მაინც ეშინია. - ზ.გ.)

2. ეთნიკური პრინციპით მთელი ახალქალაქის მაზრა და ბორჩალოს სომხური ნაწილი ჩვენი უნდა იყოს, ხოლო მდინარე ხრამის ჩრდილოეთი ტერიტორიები - სადავო (იხილეთ რუკა. - ზ.გ.)

3. სომხურ მხარეს გადაეცეს ჯავშნოსანი მატარებელი, ერევანი-ჯულფას რკინიგზის დასაცავად გვჭირდებაო!

როგორია?!

ასე რომ, მომავალში ბოლშევიკების მიერ "სადავო" ლორეს სომხებისათვის ჩუქების მიუხედავად, ახალქალაქი და ქვემო ბორჩალო დღეს ჩვენ გვეკუთვნის და ეს იმ გმირი ოფიცრებისა და ჯარისკაცების დამსახურებაა, რომელთა სახელებიც არასოდეს უნდა მიეცეს დავიწყებას.

დაბოლოს, ისევ იმით დავასრულებთ, რითაც ამ ციკლის პირველი სტატია დავიწყეთ: ისტორია ერთადერთ "პოლიტიკას" აღიარებს - ეს საკუთარი სიმართლის დაცვაა!