კუბის კრიზისი - კვირის პალიტრა

კუბის კრიზისი

მართალია ცივი ომი - ეს იყო ომი შეიარაღებული დაპირისპირების გარეშე, თუმცა ყოველთვის არსებობდა მისი "გაცხელების" რეალური საფრთხე...

მეორე მსოფლიო ომის დასრულებას ცივი ომის ეპოქის დასაწყისი მოჰყვა. ერთ დროს ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ გაერთიანებული ძალები დაპირისპირებულ პოლიტიკურ ბანაკებში აღმოჩდნენ. მართალია ცივი ომი - ეს იყო ომი შეიარაღებული დაპირისპირების გარეშე, თუმცა ყოველთვის არსებობდა მისი "გაცხელების" რეალური საფრთხე.

მსოფლიო ყველაზე ახლოს ბირთვული კატასტროფის წინაშე 1962 წელს დადგა, ე.წ. კუბის კრიზისის დღეებში. ყველაფერი კი სამი წლით ადრე დაიწყო, როდესაც სამხედრო გადატრიალების გზით ხელისუფლებაში ფიდელ კასტრო მოვიდა. კასტროს კომუნისტურმა რეჟიმმა ბრძოლა გამოუცხადა აშშ-ის სავაჭრო ინტერესებს. ამერიკამ კუბიდან შაქრის მიღება და მისთვის ნავთობის მიწოდება შეწყვიტა. 1961 წლიდან, რაც აშშ-ის ხელისუფლების სათავეში ჯონ ფიცჯერალდ კენედის ადმინისტრაცია მოვიდა, კუბაში პოლიტიკური რეჟიმის შეცვლა ერთ-ერთ ძირითად ამოცანად გადაიქცა.

KvirisPalitra.Geამერიკელებმა ორჯერ სცადეს კასტროს რეჟიმის ჩამოგდება. 1961 წლის აპრილში აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მიერ (CIA) საგანგებოდ გაწვრთნილ კუბელ ემიგრანტთა ჯგუფი ღორების ყურის გავლით გადასხდა კუნძულზე, მაგრამ კუბის თავდაცვის ძალებმა იოლად მოახერხეს მათი განადგურება. ასევე წარუმატებელი აღმოჩნდა 1962 წელს ჩატარებული ოპერაცია "ორტსაკ" (ORTSAC), ანუ "კასტრო" თუ მას უკუღმა წავიკითხავთ. ამ ორმა წარუმატებელმა ოპერაციამ გამოუვალ მდგომარეობამდე მიიყვანა ისედაც დაძაბული აშშ-ისა და კუბის ურთიერთობა.

ასევე პრობლემას ქმნიდა ამერიკელთა მიერ ევროპის ტერიტორიაზე განთავსებული იუპიტერის ტიპის რაკეტები. იტალიასა და ინგლისში განთავსებულ რაკეტებზე საბჭოთა კავშირს შეეძლო თვალი დაეხუჭა, მაგრამ თურქეთის ქალაქ იზმირში საშუალო მოქმედების რადიუსის 15 რაკეტა მის პრესტიჟსა და უსაფრთხოებაზე დადებითად ნამდვილად ვერ იმოქმედებდა. იზმირის ბირთვულ არსენალს შეეძლო საფრთხე შეექმნა თვით იმპერიის დედაქალაქისთვის. კონფლიქტის უკიდურესი ესკალაციის შემთხვევაში რაკეტები დამიზნებული იყო თბილისზეც.

1962 წლის ზაფხულში საბჭოთა კავშირმა კუბაში ბირთვული ქობინების განთავსება დაიწყო. ამ დროს აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს შეფი ჯონ მაკკონი თაფლობის თვეს ატარებდა პარიზში. საგანგაშო ინფორმაცია მან სასწრაფოდ გადასცა პრეზიდენტ კენედის.

KvirisPalitra.Geამერიკელებს კი საბჭოთა დიპლომატები ამშვიდებდნენ, მსგავსი არაფერი ხდებაო. სწორედ ეს განაცხადა კენედიმ 4 სექტემბერს კონგრესზე გამოსვლისას. 8 და 16 სექტემბერს საბჭოელებმა კუნძულზე SS-4 ტიპის რაკეტების ორი პარტია შეიტანეს. ცხრა ბაზის აშენებას გეგმავდნენ, მათ შორის ექვსს SS-4, ხოლო სამს - SS-5 ტიპის რაკეტებისთვის.

დამაიმედებელი ინფორმაციის მიუხედავად, ამერიკელებმა U-2 ტიპის თვითმფრინავებით სადაზვერვო ფრენები დაიწყეს. 14 ოქტომბერს U-2-ის მიერ გადაღებულ ფოტოებზე აღბეჭდილი იყო სან კრისტობალის მახლობლად მდებარე საბჭოთა სამხედრო ბაზა. აღნიშნული ფოტოები პრეზიდენტს 16 ოქტომბერს წარუდგინეს. სწორედ 16 ოქტომბერი ითვლება კუბის ბირთვული კრიზისის დაწყების თარიღად.

ამის შემდეგ მოვლენათა განვითარების ქრონოლოგია ასეთია: კენედიმ სასწრაფოდ შეკრიბა მრჩეველთა საბჭო, რომელსაც მოგვიანებით "ექსკომი" (სახელმწიფო უშიშროების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი - ExComm, Executive Committe of the National Security Council) ეწოდა.

მის შემადგენლობაში შედიოდნენ: ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯონ ფიცჯერალდ კენედი, ვიცე-პრეზიდენტი - ლინდონ ჯონსონი, სახელმწიფო მდივანი - დენ რაკი, ფინანსთა მინისტრი - დუგლას დაილონი, თავდაცვის მდივანი - რობერტ მაკნამარა, გენერალური პროკურორი - რობერტ ფიცჯერალდ კენედი, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორი - ჯონ მაკკონი, შეიარაღებული ძალების შტაბის მეთაური - გენერალი მაქსველ ტეილორი და სხვა ოფიციალური პირები თეთრი სახლიდან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიდან, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოდან და პენტაგონიდან.

KvirisPalitra.Geექსკომი სიტუაციის შესაძლო განვითარების რამდენიმე სცენარს განიხილავდა: ევროპიდან ამერიკული რაკეტების გატანით დაწყებული, კუბაზე ან საბჭოთა კავშირზე სწრაფი ბირთვული იერიშის მიტანით დასრულებული, მაგრამ საბოლოოდ თეთრმა სახლმა სულ სხვა გადაწყვეტილება მიიღო.

19 ოქტომბერს გადაღებულმა აეროფოტოებმა დაადასტურა, რომ კუბაში უკვე მოქმედებდა ოთხი საბჭოთა ბაზა. მიუხედავად იმისა, რომ იმ დროისათვის აშშ-ის ბირთვული პოტენციალი რვაჯერ აღემატებოდა საბჭოთა კავშირისას, რადიკალური გადაწყვეტილების მიღებისგან თეთრ სახლში თავს იკავებდნენ.

22 ოქტომბერს კენედიმ კონგრესზე გამოსვლისას კუბაზე არსებული სიტუაცია მკაცრად შეაფასა და იმავე დღეს კუბის წინააღმდეგ საზღვაო კარანტინი გამოაცხადა. სატელევიზიო გამოსვლაში კი განაცხადა, რომ კუბის მხრიდან ნებისმიერი თავდასხმა აშშ-ზე გაგებული იქნებოდა, როგორც სსრკ-ის თავდასხმა და მას სათანადო პასუხი გაეცემოდა.

თავის მხრივ ხრუშჩოვმა საზღვაო კარანტინი უკანონო აქტად შეაფასა და განაცხადა, რომ საბჭოელები არ დაემორჩილებოდნენ კენედის ბრძანებას. მიუხედავად ამისა, 24 ოქტომბერს რამდენიმე საბჭოთა გემი კარანტინის ზონასთან ახლოს გაჩერდა. სიტუაციის გამწვავებას საბჭოელებიც ერიდებოდნენ. ხრუშჩოვმა ამის შესახებ მისწერა კიდეც კენედის, თუმცა მისმა წერილებმა სიტუაციის გამოსწორება ვერ შეძლო.

25 ოქტომბერს გამართულ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ამერიკის ელჩმა ალდაი სტივენსონმა კითხვით მიმართა საბჭოთა კავშირის ელჩს ვალერიან ზორინს, იყო თუ არა განთავსებული კუნძულ კუბაზე მათი ბირთვული შეიარაღება. მას შემდეგ რაც საბჭოთა დიპლომატმა დასმულ შეკითხვას არ უპასუხა, სტივენსონმა უშიშროების საბჭოს მზვერავი თვითმფრინავის მიერ გადაღებული ფოტოები წარუდგინა, რომელზეც კარგად ჩანდა კუნძულზე საბჭოთა სამხედრო ბაზები.

26 ოქტომბერს თეთრი სახლიდან კრემლში წერილი გაიგზავნა იმის შესახებ, რომ კუბიდან ბირთვული შეიარაღების გატანა იქნებოდა ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობათა მოგვარების საწინდარი, თუმცა მეორე დღეს ამერიკელებს დიდი სიურპრიზი ელოდათ.

27 ოქტომბერს კუბის თავდაცვის ძალებმა ამერიკული მზვერავი U-2 ჩამოაგდეს. ამ ფაქტმა უკიდურესად დაძაბა მდგომარეობა. საჭირო იყო დათმობებზე წასვლა ორივე სახელმწიფოს მხრიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბირთვული კატასტროფა გარდაუვალი ხდებოდა. იმავე დღეს ამერიკელებმა კრემლს აუწყეს, რომ თანახმა იყვნენ ექვს თვეში თურქეთიდან გაეტანათ თავიანთი ბირთვული არსენალი იმ შემთხვევაში, თუ საბჭოთა კავშირი კუბიდან გაიტანდა თავის რაკეტებს.

პარალელურად პრეზიდენტმა ვანშინგტონში საბჭოთა კავშირის საელჩოში მოლაპარაკებებზე გაგზავნა თავისი ძმა, იუსტიციის მდივანი და გენერალური პროკურორი რობერტ კენედი.

28 ოქტობერს ხრუშჩოვმა გასცა ბრძანება, კუბიდან ბირთვული შეიარაღების გატანის შესახებ.

KvirisPalitra.Geსწორედ 28 ოქტომბერი ითვლება კარიბის კრიზისის დასრულების თარიღად. საბოლოოდ სანქციები კუბისადმი აშშ-მა 20 ნოემბერს შეწყვიტა, როდესაც კენედიმ კუბის წინააღმდეგ საზღვაო კარანტინის გაუქმების ბრძანება გასცა. ცოტა ხანში საბჭოთა კავშირმა კუნძულიდან თავისი შეიარაღება გაიტანა. პირობის შესაბამისად, ექვს თვეში აშშ-მა თურქეთიდან უკანასკნელი "იუპიტერი" გაიტანა.

კრიზისის დასრულების შემდეგ ამ მოვლენებს აშშ-სა და საბჭოთა კავშირში განსხვავებული შეფასება მიეცა. ორივე მხარემ გამარჯვებულად საკუთარი თავი გამოაცხადა და ორივეს ჰქონდა თავისი ლოგიკა. ისტორიკოსთა შორის ამ თემის გარშემო კამათი დღემდე არ წყდება, თუმცა გაცილებით საინტერესოა რას ამბობდნენ ამაზე აშშ-ისა და სსრკ-ის ლიდერები.

კრიზისის დასრულების შემდეგ ნიკიტა ხრუშჩოვი აცხადებდა, რომ საჭირო იყო აზრთა გაცვლა ატომური და თერმობირთვული შეიარაღების აკრძალვის შესახებ... საერთაშორისო დაძაბულობის თავიდან ასაცილებლად. პირველ ნოემბერს კენედისადმი გაგზავნილ წერილში იგი წერდა: "ჩვენ გადავაბიჯეთ ჩვენს თავმოყვარეობას და ორივე კმაყოფილი დავრჩით... მე ვიტყოდი – ჩვენ, ორივემ, დავუთმეთ გონიერებას და გამოვნახეთ ნათელი გამოსავალი, რომელმაც ყველას მისცა მშვიდობის გარანტია".

რაც შეეხება კენედის, მან ერთი წლის შემდეგ სტუდენტების წინაშე გამოსვლისას ბირთვულ კრიზისს ასეთი შეფასება მისცა: "საბოლოოდ მთავარი, რაც ჩვენ გვაკავშირებს, ეს არის პლანეტა, რომელზეც ვცხოვრობთ, ჰაერი, რომლითაც ვსუნთქავთ. ჩვენთვის, ყველასთვის უმთავრესია შვილების მომავალი და, რაც მთავარია, არ უნდა დავივიწყოთ, რომ ყველანი მოკვდავნი ვართ".

ძნელია არ დაეთანხმო კენედის.

დავით ბრაგვაძე

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ”ისტორიანი”