ყარსის ხელშეკრულება - 90 წლის წინ დაშვებული შეცდომა - კვირის პალიტრა

ყარსის ხელშეკრულება - 90 წლის წინ დაშვებული შეცდომა

(დასასრული. იხ. დასაწყისი)

მოსკოვში ხელმოწერილი 16-მუხლიანი დოკუმენტის მთავარი მარცვალი პირველ მუხლშია, რომელშიც თურქეთის ჩრდილო-დასავლეთი საზღვარია მოცემული. "ცნებაში  "თურქეთი" იგულისხმება ის ტერიტორიები, რომლებიც განისაზღვრა ოსმალეთის დეპუტატთა პალატის მიერ შემუშავებული 1336 (1920) წლის 28 იანვრის "ეროვნული აღთქმით". შემდეგ აღწერილია თურქეთის ამჟამინდელი საზღვარი - სარფიდან ნახჭევანამდე. რაც შეეხება ბათუმის ოლქს, მეორე მუხლში ვკითხულობთ: "თურქეთი თანახმაა დაუთმოს თავისი სიუზერენიტეტი საქარ¬თველოს ბათუმის პორტზე, ქალაქსა და იმ ტერიტორიაზე, რომელიც ამ ხელშეკრულების პირველ მუხლში მოცემული საზღვრის ჩრდილოეთით მდებარეობს, იმ პირობით, რომ 1) ამ ადგილების მოსახლეობა ფართო ავტონომიით ისარგებლებს, რაც უზრუნველყოფს თითოეული თემის სარწმუნოებრივ-კულტურულ უფლებებს და მიიღებს ისეთ საადგილმამულო კანონს, რომელიც მათ სურვილებს ეთანხმება; 2) თურქეთს მიეცემა ბათუმის პორტით სხვადასხვა საქონლის თავისუფალი ტრანზიტის უფლება, უბაჟოდ და დაბრკოლებების გარეშე, ხარჯების დაუბეგრავად".

მოსკოვის ხელშეკრულების მე-15 მუხლით რუსეთი ვალდებულებას იღებდა, რომ ამიერკავკასიის რესპუბლიკები მოსკოვის ხელშეკრულების პირობებს აღიარებდნენ, ანუ კრემლი მათზე ზეწოლას მოახდენდა. საქმე ის იყო, რომ როგორც ქართველ კომუნისტებს (უკლონისტებს), ისე მათ სომეხ კოლეგებს, ტერიტორიების დაკარგვა გულზე მაინცდამაინც არ ეხატებოდათ. შესაბამისად, როცა ცნობილი გახდა, მოლაპარაკება ყარსში გაიმართებაო, მათ რევანშის აღება განიზრახეს. პარტიის ცენტრალური ხაზიდან გადამხრელების განზრახვა ცნობილი გახდა რუსეთის კომპარტიის კავკასიის ბიუროსთვის (ორჯონიკიძე, კიროვი, ფიგატნერი, პლეშჩაკოვი და სხვები), რომელმაც მკაცრი დირექტივა მისცა ქართველ და სომეხ ამხანაგებს: ყარსში მოლაპარაკება ჩატარდეს მოსკოვის ხელშეკრულების ჩარჩოების მკაცრი დაცვით; კავკასიის საბჭოთა რესპუბლიკებმა მოახდინონ თურქეთთან სოლიდარობის დემონსტრაცია; არ დაუშვან ცალკეული რესპუბლიკების სეპარატისტული გამოსვლები; გამოიჩინონ ერთსულოვნება... ცხადია, ასეთი მკაცრი გაფრთხილების შემდეგ ძალზე რთული იქნებოდა პრეტენზიების წამოყენება, თუმცა უკლონისტებმა ბედი მაინც სცადეს.

ქართული ოპოზიციის დემარში

კონფერენციის დაწყებისთანავე ქართველებმა თურქებს მოსთხოვეს ორად გაყოფილი სარფის მთლიანად საქართველოსთვის გადმოცემა, სომხებმა კი ისტორიული ქალაქ ანისის ტერიტორიის (ნანგრევების) დაბრუნება. ქემალისტებმა კატეგორიული უარი განაცხადეს და შემხვედრი წინადადება წამოაყენეს ბათუმის ნავსადგურში "ნეიტრალური ზონის" (ანუ ფაქტობრივად, თურქეთის კონტროლქვეშ მყოფი ტერიტორიის)  შექმნა მოისურვეს.

სამწუხაროდ, ყარსის ვალის რეზიდენციაში ქართველთა და სომეხთა თურქებთან გამართულმა ცხარე დისკუსიებმა ნაყოფი არ გამოიღო. მშვიდად მხოლოდ აზერბაიჯანის დელეგაცია იყო.

1921 წლის 13 ოქტომბერს თურქეთისა და საქართველო-სომხეთ-აზერბაიჯანის დელეგაციებმა ხელი მოაწერეს მეგობრობის ხელშეკრულებას, რომელიც ძირითადად მოსკოვური დოკუმენტის იდენტური იყო და მასში ჩაწერილ დებულებებს იმეორებდა. მეორე მუხლად უცვლელად იქნა შეტანილი მოსკოვის ხელშეკრულების ის ნაწილი, რომელიც ბათუმის ოლქს ეხებოდა: თითქოს ყველაფერი ნათელი იყო: თურქეთმა საქართველოს ბათუმზე თავისი სიუზერენიტეტი დაუთმო, საზღვარიც სარფზე გავიდა, საშიში არაფერია, მაგრამ გავიხსენოთ "ეროვნული აღთქმა", რომელიც დღემდე არ შეცვლილა და თურქეთის ხელისუფლება მას მოქმედ კანონად მიიჩნევს.

ყარსის მოლაპარაკების შემდგომ, როგორც კი ხელშეკრულების ტექსტი გამოქვეყნდა, ლეგალურმა ოპოზიციამ  (მემარცხენე სოციალისტ-ფედერალისტებმა) მისი დებულებები უარყოფითად შეაფასა. განსაკუთრებით მწვავედ გამოხატეს უკმაყოფილება ხელშეკრულების რატიფიცირების დროს. 1922 წლის 14 აპრილს საგანგებო სესიაზე შალვა ელიავამ ცაკ-ის წევრებს მოუწოდა მხარი დაეჭირათ ხელშეკრულების რატიფიცირებისთვის. ოპოზიციონერმა, სოციალისტ-ფედერალისტმა სიმონ ხუნდაძემ კი ელიავას ხელმოწერილი დოკუმენტი მკაცრად გააკრიტიკა - საქართველოს საზღვრების წამგებიანად გადაწყვეტის გამო. აჭარის წარმომადგენლებმა თოდრიამ და ხიმშიაშვილმაც უარყოფითად შეაფასეს აჭარის სამხრეთი ნაწილის თურქეთისათვის გადაცემა. დისკუსიის გამო რატიფიცირების პროცედურა გაჭიანურდა, საბოლოოდ კი ღამის 12 საათისთვის მაინც დაამტკიცეს, თავი მხოლოდ სამმა კაცმა შეიკავა. ალბათ, მკითხველისთვის ძნელი წარმოსადგენი არ იქნება, თუ რა საფრთხის წინაშე იდგნენ ისინი, როცა საბჭოთა საგარეო პოლიტიკასა და ბოლშევიკებს საჯაროდ აკრიტიკებდნენ.

თურქულმა მხარემ კი ცოტა ხნით ადრე, 1922 წლის 16 მარტს, ანკარაში დიდი ეროვნული კრების დადგენილებით (კანონი #207) ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა.

ყარსის შემდგომ

ყარსის ხელშეკრულების დადების შემდგომ თურქეთ-საქართველოს (თურქეთ-საბჭოთა კავშირის) ურთიერთობა წარმატებით განვითარდა, მუსტაფა ქემალ ათათურქის სიკვდილის შემდგომ კი გაუარესდა, განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის წლებში, როცა  KvirisPalitra.Geნეიტრალიტეტგამოცხადებულმა თურქეთმა გერმანიასთან  თანამშრომლობა დაიწყო. სანამ ვერმახტი საბჭოთა კავშირის მნიშვნელოვან ნაწილს აკონტროლებდა,  კრემლი იძულებული იყო, მოეთმინა თურქეთის პოლიტიკური ზიგზაგები, მაგრამ როცა საბჭოთა არმია მომძლავრდა, იოსებ სტალინმა ანკარას 1921 წლის ხელშეკრულებები გაუხსენა და ოფიციალურად ჯერ პოტსდამის კონფერენციაზე, შემდეგ კი გაეროს გენასამბლეის სესიაზე ქართული და პარალელურად სომხური მიწების დაბრუნება მოსთხოვა. საბჭოთა საგარეო პოლიტიკისა და სამხედრო დიპლომატიის ეს პერიოდი დღესაც შეუსწავლელია. არადა, 45 წლის წინანდელ პრესაში შემონახულია ქართველი მეცნიერების წერილი: "თურქეთმა უნდა დაგვიბრუნოს მიტაცებული ქართული მიწა-წყალი"; არქივებში შემონახულია ანკარაში საბჭოთა საელჩოს მიერ კრემლში გაგზავნილი საიდუმლო მოხსენებები; ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდლობის მიერ შემუშავებული ტრაპიზონის, ართვინის, არტაანისა და ყარსზე შეტევის საიდუმლო გეგმები; ეკონომიკური გარდაქმნის პროექტები, რომელიც დაბრუნებულ ტერიტორიაზე უნდა განხორციელებულიყო; საქართველოს კომპარტიის მიერ ტრაპიზონისა და ართვინის ქალაქკომებისა თუ აღმასკომების წევრობის კანდიდატთა სია, ქართველი პოეტების ლექსები რუბრიკით "სამხრეთის საზღვარზე" და "ფიქრები ტრაპიზონის ოლქკომზე".

დასასრულ, 20 წლის წინ, საქართველოსა და თურქეთის მიერ ხელმოწერილი ახალი ხელშეკრულება, რომელიც პოლიტიკოსებისა და ექსპერტების კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა... ეს ცალკე საუბრის თემაა...

სულ რაღაც სამიოდე წლის წინ ბევრ პოლიტიკოსსა და ექსპერტ-პოლიტოლოგს მიაჩნდა, რომ ყარსის ხელშეკრულება ისტორიის კუთვნილება იყო, რომ ის უიმედოდ მოძველდა და 90 წლის წინანდელი დიპლომატიური დოკუმენტის პირობები მხოლოდ მკვლევარებსღა თუ აინტერესებდათ, მაგრამ... ხშირად წარსულის შეცდომები თავს გვახსენებს: 2008 წლის აგვისტოში საქართველოში რუსეთის აგრესიამ, თურქეთის დიპლომატიურმა აქტიურობამ, მისი ლიდერის მოსკოვურმა ვიზიტებმა და როგორც ამბობენ, კრემლში განხილულმა აჭარის საკითხმა (თურქეთი ბათუმში ჯარების შეყვანას გეგმავდაო) კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ პრობლემა არსებობს.

საქართველომ არც ის უნდა დაივიწყოს, რომ ყარსის ხელშეკრულება, შეიძლება ითქვას, "უკვდავია": ა) ცალმხრივად მისი დენონსაცია შეუძლებელია, რადგან საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი დოკუმენტში ერთი მხარის სტატუსით სარგებლობენ. მართალია, დღევანდელი სომხეთი ყარსის დებულებებს სასაზღვრო საკითხებში არ აღიარებს, მაგრამ აზერბაიჯანისათვის ყარსის ხელშეკრულებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს - ნახჭევანის კუთვნილების გამო; ბ) სანამ არსებობს მოსკოვის ხელშეკრულება, იარსებებს ყარსის დოკუმენტის პირობებიც, რადგან რუსეთი და თურქეთი მოსკოვის ხელშეკრულებას ურთიერთობის მომწესრიგებელ უმთავრეს და უპირველეს სამართლებრივ აქტად მიიჩნევენ, მას დღესაც უვადოდ თვლიან, ყოველწლიურად განსაკუთრებულად აღნიშნავენ მისი ხელმოწერის დღეს და შესაბამისად, გინდაც გავაუქმოთ, ამით საქმე მაინც არ გამოსწორდება, რადგან  ძაღლის თავი მოსკოვშია დამარხული.

სიმონ კილაძე