სკრიპალების საქმე და შოუ რუსი აგენტების მონაწილეობით - ირონიის ჩვენებით პუტინს უპირატესობის გამოხატვა სურდა
ბოლო ცხრა თვეა საერთაშორისო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ თემად სკრიპალების საქმე განიხილება. არა მხოლოდ პოლიტიკაში, ეს შემთხვევა მუდმივად საერთაშორისო პრესისა და მედიის ინტერესის საგანია, თუმცა წინა კვირაში მომხდარმა ამბავმა უკვე ყველაფერს საბოლოოდ მოჰფინა ნათელი. ბრიტანეთმა გაავრცელა ვიდეოჩანაწერი, სადაც ორი რუსი აგენტი ჩანს. ისინი 3 მარტს ჩავიდნენ ლონდონში, ორჯერ იყვნენ სოლსბერიში და 4 მარტს ქვეყანა დატოვეს.
მას შემდეგ რაც ბრიტანეთმა გაავრცელა მათი ფოტოები და ჩანაწერები, გაჩნდა კითხვა? - რას იზამდა რუსეთი, როცა მის ორ მოქალაქეს ადანაშაულებენ საერთაშორისო მნიშვნელობის მკვლელობაში?
ამის პასუხად ვლადიმირ პუტინმა გადაწყვიტა ეს ორი ადამიანი ეთერში დაესვა და სატელევიზიო ინტერვიუ ჩაეწერათ. რა თქმა უნდა, ინტერვიუ ჩაწერა რუსეთის სამთავრობო არხმა Russia Today-მ. ამ ინტერვიუს შემდეგ დაიწყო ნამდვილი კარნავალი - დასავლური პრესა, როგორც ამერიკული, ისე ევროპული ნახევრად ირონიული ტონით აკრიტიკებენ რუსეთს, მის პრეზიდენტს, რუსულ სპეცსამსახურებს, მათ აგენტებს. ინტერვიუს დეტალები ქართულ პრესაშიც ბევრჯერ განიხილეს, ამიტომ აქ ამ ყველაფერს მცირე დოზით შევეხებით. თუმცა მთავარი კითხვა შემდეგია: რაში დასჭრიდა КГБ-ს ყოფილ აგენტს, ვლადიმირ პუტინს ასეთი კარნავალის გამართვა და ამ ორი აგენტის კლოუნად წარმოჩენა?
კითხვაზე პასუხი რამდენიმეა - ერთია ის, რომ მათ სხვა გზა არ ჰქონდათ, ამ ორ ადამიანს ხელს ვეღარ დააფარებდნენ, მათი სახელები ჰოლივუდის მეგავარსკვლავების სახელებივით უკვე ყველამ იცოდა - რუსლან ბოშიროვი და ალექსანდრ პეტროვი. მეორე არის ის, რომ მათი გამოჩენა და ასე სააშკარაოზე გამოყვანა არ უნდა ყოფილიყო ისე, თითქოს ამ ორ აგენტს ვინმე აფარებს ხელს. ეს უნდა ყოფილიყო რაც შეიძლება კომიკური და ირონიულიც კი. რაც შეეხება მესამე ვარიანტს. ეს ვარიანტი ბრიტანულ პრესაში გავრცელდა, თითქოს ეს იყო ბოშიროვისა და პეტროვის სასჯელი იმის გამო, რომ დავალებას თავი ვერ გაართვეს, სკრიპალები გადარჩნენ და ოპერაცია ჩავარდა.
მესამე ვარიანტს ვერ დავეთანხმებით: ამ ადამიანებს დაახლოებით ცხრა თვე ხელს აფარებდნენ რუსეთის სპეცსამსახურები და მათ გამო საერთაშორისო საზოგადოების საკბილოდ არ ჩაიგდებდნენ თავს. რეალურად ჩანს მე-2 ვარიანტი, ვინაიდან აგენტები გამოააშკარავეს, ვლადიმირ პუტინს უნდა გაეცა შესაფერისი პასუხი. მაგრამ როგორ? სწორედ ირონიით - სატელევიზიო ინტერვიუს უნდა ეჩვენებინა, რომ რუსეთს, პირველ რიგში კი პუტინს, არ აშინებს და ვერაფერს დააკლებს დასავლეთის მუქარა. მერე რა, რომ მათი დიპლომატების მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნიდან გააძევეს? მერე რა, რომ ივლისში ერთი ადამიანი იმავე "ნოვიჩოკით" გარდაიცვალა, უკვე სხვა ქალაქში - ემსბერიში? მერე რა, რომ რუსი აგენტების ვინაობა და გარეგნობა უკვე ყველამ გაიგო?
ბუნებრივია, ვლადიმირ პუტინმაც და მისმა გარშემომყოფებმაც იცოდნენ, რომ იმ კომიკური პასუხების შემდეგ, რაც ბოშიროვმა და პეტროვმა განაცხადეს, მთელი მსოფლიო ალაპარაკდებოდა. აქ არის სკრიპალების საქმის მთავარი ირონია. ირონია პუტინისთვის არ არის უცხო. გავიხსენოთ, 2007 წელს სოჭში მომხდარი ამბავი, როცა გერმანიის კანცლერთან, ანგელა მერკელთან საუბრისას პუტინმა ძაღლი შეაყვანინა ოთახში. სურათზეც ძალიან კარგად ჩანს მერკელის რეაქცია და თუ როგორი ნასიამოვნებია ამით პუტინი... 1995 წელს მერკელს ძაღლმა უკბინა და ძაღლების შიში დასჩემდა. ეს ძველ "კაგებეშნიკს" არ გამოეპარა და სწორედ ამიტომ შეაყვანინა ოთახში ძაღლი.
ირონიის ჩვენებით პუტინს უპირატესობის გამოხატვა სურდა...
რაც შეეხება ინტერვიუს, რომელმაც მთელი მსოფლიო აალაპარაკა. ორმა აგენტმა თავი ბიზნესმენებად გაასაღეს, რომლებიც კვებისა და ფიტნეს სფეროში მოღვაწეობენ. საინტერესო კი ის არის, რომ მათზე ან მათ კომპანიებზე არც ერთი რეკლამა არ არსებობს. ანუ, საქმე გვაქვს ორ კეთილსინდისიერ ბიზნესმენთან, რომელნიც პატიოსნად საქმიანობენ, ყიდიან მომსახურებას ან პროდუქციას, თუმცა ამას რეკლამის გარეშე აკეთებენ.
აღმოჩნდა, რომ ეს ორი "ბიზნესმენი" სოლსბერის კათედრალის სანახავად ჩავიდნენ ბრიტანეთში. თუმცა ლონდონიდან სოლსბერიში ჩასვლას უფრო დიდი დრო მოანდომეს (თანაც იქ ორჯერ იყვნენ 3 და 4 მარტს), ვიდრე ქალაქში ყოფნას და ღირსშესანიშნაობის დათვალიერებას სჭირდება. 3 მარტს სოლსბერიმდე ორსაათნახევარი მგზავრობდნენ, 4 მარტს კი თითქმის 4 საათი, თუმცა ქალაქში მხოლოდ ერთი საათი გაატარეს.
სოლსბერიში ჩასულებს არ უნახავთ სტოუნჰენჯი, როგორც აღნიშნეს უამინდობის გამო. სინამდვილეში 4 მარტს ამინდი ბევრად უკეთესი იყო, სტოუნჰენჯი ნახვა კი ნებისმიერ ვიზიტორს შეეძლო.
აღსანიშნავია ის, რომ ორი აგენტი სკრიპალების სახლთან დააფიქსირეს ქუჩის კამერებმა. სოლსბერიში ბოშიროვი და პეტროვი მატარებლით ჩავიდნენ. სადგურიდან სოლსბერის კათედრალი და სკრიპალების სახლი ურთიერთსაწინააღმდეგო მიმართულებით მდებარეობს. ჩნდება კითხვა: კათედრალის სანახავად სკრიპალების სახლის გავლით რატომ წავიდნენ?
ამ და კიდევ ბევრ სხვა ფაქტზე დაყრდნობით კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ პუტინმაც და მისმა მეგობრებმაც იცოდნენ ასეთი თავის მართლების უსუსურობა, მაგრამ ორინიით სცადეს პასუხის გაცემა საერთაშორისო გამოძიებისთვის.
იხილეთ ასევე: ქალიშვილის საბედისწერო სტუმრობა მამასთან - "ჯაშუშური საქმის" ახალი დეტალები
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს