რას შეიძლება ველოდოთ უკრაინის მომავალი პრეზიდენტისგან, ვლადიმერ ზელენსკისგან?
უკრაინაში დასრულდა საპრეზიდენტო რბოლა. დასრულდა საკმაოდ საინტერესო შედეგით - ხმების 90.25%-ის დათვლის შედეგად გამოჩნდა, რომ ვლადიმერ ზელენსკი ლიდერობს 73,13%-ით, პეტრო პოროშენკომ კი ხმების მხოლოდ 24,49% მიიღო. თუ ამ მონაცემებსა და წინასაარჩევნოდ გამოქვეყნებულ რეიტინგებს გადავხედავთ, ეჭვი აღარავის შეეპარება, რომ უკრაინის შემდეგი პრეზიდენტი ზელენსკი იქნება.
საინტერესოა, რომ ბოლო წინასაარჩევნო რეიტინგების მონაცემები თითქმის ზუსტად დაემთხვა არჩევნების შედეგებს. 18 აპრილის მონაცემების მიხედვით, ზელენსკისთვის ხმის მიცემას უკრაინელი ამომრჩევლების 73% აპირებდა, პოროშენკოსთვის კი 25%.
დაახლოებით იგივე რეალობა აჩვენა პირველივე ეგზიტპოლებმაც, რომელთა მიხედვითაც ვლადიმერ ზელენსკიმ ამომრჩეველთა ხმების 73.2% მიიღო, ხოლო მოქმედმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ კი 25.3%.
თუმცა კითხვის ნიშანი მაინც რჩება - ვინ არის ის უმრავლესობა, რომელმაც მხარი დაუჭირა ზელენსკის? მისი მხარდამჭერები, თუ ისინი ვისაც პოროშენკოს ხელისუფლებაში დარჩენა არ სურდა და პრინციპულად არ მისცეს ხმა მოქმედ პრეზიდენტს? ალბათ, შედეგებზე ორივე ფაქტორმა იმოქმედა.
უკრაინელებმა განაჩენი გამოუტანეს "შოკოლადის მეფეს", მაგრამ როგორი შეიძლება იყოს მსახიობისა და კომიკოსის პრეზიდენტობა?
ამაზე მსჯელობისთვის 19 აპრილს ჩატარებული დებატები შეგვიძლია გავიხსენოთ. დებატები, უფრო სწორად კი ურთიერთბრალდებებით გაჯერებული კამათი დაახლოებით საათსა და 10 წუთს გაგრძელდა. ამ ხნის განმავლობაში, სამწუხაროდ, ვერც ერთი კანდიდატისგან ვერ მოვისმინეთ არსებითი განცხადებები სამოქმედო გეგმაზე, პოლიტიკურ დღის წესრიგზე. ვერ მოვისმინეთ თუ რით შეიძლება პრეზიდენტი ზელენსკი პრეზიდენტ პოროშენკოს სჯობდეს.
გამოიკვეთა, რომ ვლადიმერ ზელენსკი, მიუხედავად კარგი მომზადებისა, პოლიტიკაზე საუბრისთვის მზად არ ყოფილა. ის კარგად იყო მომზადებული ბრალდებებისთვის, პროვოკაციული განცხადებებისთვის, თუმცა ისიც რეალობაა, რომ რეგლამენტით გათვალისწინებული სასაუბრო დროის შევსება უჭირდა...
რა თქმა უნდა, ძნელია წინასწარ განსაზღვრო ვინ როგორი იქნება, თუმცა, ჩემი აზრით, ვლადიმერ ზელენსკი წმინდა პოპულისტი პრეზიდენტი იქნება. პრეზიდენტობის დასაწყისში არ არის გამორიცხული გაატაროს "არსებითი" რეფორმები, შეცვალოს თანამდებობის პირები, შეიძლება ვიღაცები დააპატიმროს, მაგრამ რა იქნება შემდეგ?
შემდეგ ალბათ ის იქნება, რასაც ძალიან ბევრი ვარაუდობს - უკრაინას ეყოლება ოლიგარქ იგორ კოლომოისკის მიერ მართული პრეზიდენტი, რომელიც, კარგი მსახიობის გამოცდილების წყალობით, ისე მოიქცევა, როგორც სცენარით იქნება გათვალისწინებული.
არ არის გამორიცხული, უკრაინაში ჩავიდეს ან ჩაიყვანონ მიხეილ სააკაშვილიც - ადამიანი, რომელიც გაკოტრებულია როგორც პოლიტიკური, ისე მორალურ-ზნეობრივი თვალსაზრისით.
პეტრო პოროშენკო შეუსრულებელი პირობების გამო დაისაჯა. ის, რომ ქვეყანაში კორუფცია დარჩა, ის, რომ პოროშენკოც ოლიგარქად დარჩა, ის, რომ მისი რეიტინგი 2015 წელთან შედარებით ძალიან შემცირდა და 55%-იდან 17%-მდე დავარდა 2018 წელს, ის, რომ უმუშევრობის დონე 2019 წლის იანვრის მონაცემებით 9,3%-ს შეადგენს - ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რომელთან გამკლავება პოროშენკომ ვერ შეძლო და არჩევნები წააგო.
თუმცა რამდენად სასიხარულო უნდა იყოს ზელენსკისთვის არჩევნებში გამარჯვება? ყველა პრობლემა, რაც პოროშენკოს ჰქონდა, ახლა ხომ უკვე მისი მოსაგვარებელი გახდება. ამას ემატება მისი ზოგადი დაპირებებიც რუსეთთან ომის დამთავრებაზე, უკეთესი ეკნომიკური გარემოს შექმნაზე და ა.შ. რამდენად შეძლებს ის ამის მოგვარებას? ძნელი სათქმელია, თუმცა მაინც ნუ გამოვრიცხავთ...
გარდა ამისა, ძალიან მცირეა ინფორმაცია იმაზე, თუ ვის დაიყენებს გვერდში ახალი პრეზიდენტი, ვისგან დაკომპლექტდება გუნდი და ა.შ. ყურადსაღებია ისიც, რომ მთელი წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში ზელენსკი საჯარო დებატებს თავს არიდებდა - ამის მიზეზი გასაგებია. გამოცდილ ჟურნალისტთან ან პოლიტიკოსთან კამათს ზელენსკი დიდხანს ვერ შეძლებდა და მითი მის შესახებ დაინგრეოდა...
არსებობს ანდაზა: "თუ კაცის ცნობა გინდა, ჯერ მისი მეგობრები იკითხეო". საკმაოდ საინტერესო იყო ზელენსკის განცხადება სააკაშვილზე: "ჩამოვიდეს უკრაინაში. ვფიქრობ, მიხეილ სააკაშვილი ახლა თამაშობს ყველაზე დიდ როლს, როდესაც იცავს უკრაინის დემოკრატიას ევროპაში და ამას აჩვენებს თავისი ქმედებებით. ის სერიოზული დიპლომატია და სერიოზული კონსულტანტი ყველა ადამიანისთვის, ყველა კანდიდატისთვის, ვინც დღეს პოლიტიკაში მოდის. ვფიქრობ, ისეთი ადამიანის დახმარება, როგორიც სააკაშვილია, ყველას დასჭირდება."
ასევე საინტერესოა კავშირები სააკაშვილსა და კოლომოისკის შორისაც. ის შეუთანხმდა სააკაშვილს, რომელსაც 2018 წლის 7 სექტემბერს ჟენევაში შეხვდა, პოროშენკოს ჩამოშორების პროცესის მხარდაჭერაზე.
რა რეალობა შეიძლება ელოდეს უკრაინას ვლადიმერ ზელენსკის პრეზიდენტობის პერიოდში?
სავარაუდოდ, ის რეალობა, რაც ზელენსკის ყველაზე კარგად გამოსდის - ბევრი "შოუები" და პოპულიზმი, სახალხო პრეზიდენტის ნიღაბი და მქუხარე განცხადებები, რომელსაც ხოტბას შეასხამენ სააკაშვილის მსგავსი პოლიტიკოსები.
რა იქნება რეალობაში, ამას უკვე დრო გვიჩვენებს.
იხილეთ ვიდეო - გადაცემა ჩაწერილია 19 აპრილს
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს