დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს შეიძლება ვლადიმირ ზელენსკიც შეეწიროს?
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი თანამდებობაზე არჩევის დღიდან სკანდალებში იყო გახვეული. ყველას გვახსოვს ხმაურიანი გამოძიება მისი საპრეზიდენტო კამპანიასა და რუსეთს შორის შესაძლო კავშირების შესახებ. ამ გამოძიების გამო რამდენიმე ადამიანი ახლა ციხეშია. ასევე გვახსოვს ხმაურიანი სკანდალი მსახიობ, შტორმი დენიელსის (იგივე სტეფანი კლიფორდისის) მონაწილეობით, რომელიც აცხადებდა, რომ თავის დროზე მაშინ ჯერ კიდევ ბიზნესმენ დონალდ ტრამპს რომანი ჰქონდა, 2016 წელს საპრეზიდენტო კამპანიის დაწყებისას კი ადვოკატის შუამავლობით თანხა გადასცეს გაჩუმების სანაცვლოდ. შემდეგ დენიელსის განცხადებებს კიდევ ერთი, ახლა უკვე მოდელის კარენ მაკდუგალის განცხადებაც დაემატა, რომ ტრამპს მასთანაც ჰქონდა თავის დროზე რომანი.
ამ განცხადებებს არ მოჰყოლია დიდი პოლიტიკური ზიანი, არც ე.წ. მიულერის გამოძიებას დაუზიანებია დონალდ ტრამპის კარიერა, მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატების დემოკრატიული პარტიის ზოგიერთი წევრი ჯერ კიდევ მაშინ მოითხოვდა პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესის დაწყებას. თუმცა ეს ასე არ მოხდა.
კიდევ ერთი რამ, რაც არ მოხდა: დონალდ ტრამპმა, სამწუხაროდ, ვერ დაინახა, რომ მის თანამდებობაზე მყოფი ადამიანისთვის აუცილებელია სიფრთხილე ნებისმიერთან ურთიერთობაში, იქნება ეს პოლიტიკოსი, სხვა ქვეყნის ლიდერი თუ თანამშრომელი ან ხელქვეითი. სამწუხაროდ, მას არ გამოუმუშავდა ან ვერ გამოუმუშავდა, ან არც უცდია საკუთარ თავზე ემუშავა და ჩამოყალიბებულიყო პოლიტიკოსად. ის დარჩა ისეთივე მოუხეშავ ბიზნესმენად, როგორიც 2016 წლამდე იყო.
შედეგმაც არ დააყოვნა და ახალი სკანდალი გაჩნდა, რომელმაც უკვე ორი ქვეყანა - უკრაინა და შეერთებული შტატები დიპლომატიურ გაუგებრობაში გახვია, თან მაშინ, როდესაც უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის ახლა ყველაზე მეტად სჭირდება სტაბილურობა და ნაკლები სკანდალები...
რა გააფუჭა დონალდ ტრამპმა?
მედიაში გავრცელებული ცნობების მიხედვით, დონალდ ტრამპი ვლადიმირ ზელენსკისთან 25 ივლისს სატელეფონო საუბარში დაიმუქრა, რომ გააჩერებს შეერთბული შტატების მხრიდან უკრაინის დაფინანსებას სამხედრო სფეროსთვის, თუკი უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია არ გამოიძიებდა ჯო ბაიდენის და მისი ვაჟის, ჰანტერ ბაიდენის მოქმედებებს. ეს ინფორმაცია პირველად The Wall Street Journal-მა გაავრცელა 20 სექტემბერს. საუბარი ეხება ჰანტერ ბაიდენის დანიშვნას უკრაინაში, გაზის კომპანია Burisma Holdings-ის დირექტორთა საბჭოს წევრად 2014 წელს.
The Wall Street Journal-ის მიხედვით, დონალდ ტრამპმა 8-ჯერ მოსთხოვა ვლადიმერ ზელენსკის გამოძიების დაწყება ჰანტერ ბაიდენის წინააღმდეგ და ეთანამშრომლა მის ადვოკატთან, რუდი ჯულიანისთან.
რატომ არის ეს სავარაუდო მუქარა ასეთი საშიში და იმპიჩმენტის დაწყების მიზეზი?
პასუხი ძალიან მარტივია - მსოფლიოში დემოკრატიის დამცველი ქვეყნის, სამაგალითო დემოკრატიის მქონე ქვეყნის პრეზიდენტი სხვა ქვეყნის პრეზიდენტს სთხოვს გამოძიებას მისი პოლიტიკური ოპონენტის შვილის წინააღმდეგ, რომელიც თავისთავად დააზიანებს მამის ანუ ჯო ბაიდენის საპრეზიდენტო კამპანიას.
გასაგებია, რომ დემოკრატების პროტესტმაც არ დააყოვნა და თუ აქამდე სპიკერი ნენსი პელოსი ყოველთვის თავს იკავებდა იმპიჩმენტის პროცესის დაწყებისგან, ახლა თავად გააკეთა განცხადება:
"ამ კვირაში, პრეზიდენტმა აღიარა, რომ უკრაინის პრეზიდენტს ისეთი ზომების მიღება სთხოვა, რომელიც მის პირად პოლიტიკურ სარგებელს მისცემდა. ტრამპის მოქმედებებმა, ტრამპის, როგორც პრეზიდენტის მოქმედებებმა გამოავლინა პრეზიდენტის მიერ დადებული ფიცის უღირსი ღალატის ფაქტი, ასევე ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ღალატი და ჩვენი არჩევნების სამართლიანობის ღალატი. ამიტომაც დღეს, ვაცხადებ იმის შესახებ, რომ წარმომადგენელთა პალატა იწყებს ოფიციალურ გამოძიებას იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში. ექვს კომიტეტს ვაძლევ განკარგულებას დაიწყონ თავიანთი გამოძიებები იმპიჩმენტთან დაკავშირებული გამოძიების ქოლგის ქვეშ. პრეზიდენტმა პასუხი უნდა აგოს. არავინ დგას კანონზე მაღლა."
იმ შემთხვევაში, თუკი ბრალდება დადასტურდება და ტრამპმა მართლაც მოითხოვა მსგავსი რამ, არ არის გამორიცხული, უკრაინის ახალი პრეზიდენტიც თან გაიყოლოს. რატომ? ჩვენ არ ვიცით რა უპასუხა ტრამპის მოთხოვნას ზელენსკიმ. მის სავარაუდო პასუხზე კი ახლა უკრაინაში პოლიტიკური ვითარებაც არის დამოკიდებული.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს