"ძაღლი შინ არ ვარგოდაო..." ანუ მიშა ისევ საქართველოს უმიზნებს! - კვირის პალიტრა

"ძაღლი შინ არ ვარგოდაო..." ანუ მიშა ისევ საქართველოს უმიზნებს!

უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის ადგილი აღარ დარჩა. არც აქამდე ყოფილა, მაგრამ ახლა მას უკვე აღარავინ მიიღებს და შესაბამისად, "გეგმა B-ს" ძებნა უწევს.

ჯერ კიდევ მაისში, როცა მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნდა, ვწერდით, რომ დროის საკითხია, თუ როდის გამოაგდებდნენ მას უკრაინიდან. ოფიციალურად მას არავინ აგდებს, თუმცა არც არავინ იკარებს და უკვე თვითონაც ხვდება, რომ მას იქ მომავალი არ აქვს, პოლიტიკური, რა თქმა უნდა. სხვა მხრივ, შეუძლია დარჩეს და აძლიოს ტყუილ-მართალით ოსტატურად გაჯერებული ინტერვიუები სხვადასხვა მედიასაშუალებას და პერიოდულად მომხრეებთან და თანამოაზრეებთან შეხვედრებიც გამართოს.

ვარაუდი, რომ უკრაინის პრეზიდნეტის გარემოცვა მიხეილ სააკაშვილს არ გაიკარებდა, გამართლდა. ახლა უკვე თავად ყოფილი პრეზიდენტის ლაპარაკობს, რომ უახლოეს თვეებში საქართველოში აპირებს ჩამოსვლას. ამის ერთი მიზეზი უკვე აღვნიშნეთ, მეორე მიზეზი კი ისაა, რომ 2020 წლის ოქტომბერში საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, მიშას კი ძალიან უნდა უკრაინაში განცდილი პოლიტიკური კრახის შემდეგ საკუთარი თავის რეაბილიტაცია, ხელისუფლებაში მოსვლა კი ხომ უნდა და უნდა...

გავიხსენოთ, რომ უკრაინის საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც ივლისში გაიმართა, მისმა "ახალი ძალების მოძრაობამ" მხოლოდ 0.48% მიიღო.

"ახლა ოდესაში ვიმყოფები და ყოველ მეორე ადამიანს, რომელსაც ქუჩაში ვხვდები მეხვეწებიან მერობაზე. მე აქ გამოკითხვებში ვლიდერობ, ხალხი მეხვეწება, მთავაზობს, მაგრამ ეს არის ერთი თემა. საქართველოში ვიდრე არ აღვადგენთ ქართულ სახელმწიფოებრიობას, სანამ არ გავაჩერებთ საქართველოს დანგრევის და განადგურების პროცესს, რა თქმა უნდა, ამაში მე ვიღებ მონაწილეობას, უახლოეს თვეებში ვაპირებ ჩამოსვლას საქართველოში", - განაცხადა სააკაშვილმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და მისი მოძრაობის მხარდაჭერებზე არ შევჩერდებით. საპარლამენტო არჩევნებმა ყველაფერი ნათლად აჩვენა. უფრო საინტერესო ის არის, რომ რატომღაც მას ეჩვენება, რომ ის ქართული სახელმწიფოებრიობის შემქმნელია:

"მე პოლიტიკოსი არ ვარ, მე ვარ ქართული სახელმწიფოებრიობის შემქმნელი. მე ვარ პატრიოტი" ,- ასეთია მისი ხედვა და ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ის თავს ქართული სახელმწიფოებრიობის შემქმნელად ასახელებს.

2018 წლის 10 თებერვალს მიხეილ სააკაშვილი აცხადებდა:

" ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ პირველად მრავალი საუკუნის განმავლობაში, შევქმენით ქართული სახელმწიფო. მე, მიხეილს სააკაშვილმა, პირველად, ჩემს მეგობრებთან ერთად, ქართველ ხალხთან ერთად, მრავალი საუკუნის განმავლობაში, და ალბათ, ამ მასშტაბით, დავით აღმაშენებლის შემდეგ პირველად, შევქმენით ქართული სახელმწიფო. ამას მოჰყვა, როგორც დავით აღმაშენებლის დროს, ვიღაცა მოკლეს, ვიღაცა არასწორად დასაჯეს, კი, მერე? დავით აღმაშენებელს აღმაშენებელი ეწოდა რამდენიმე საუკუნის შემდეგ. მანამდე წაშალეს მისი მახსოვრობა ისტორიიდან, ზედმეტად მკაცრი იყოო".

აქ ზედმეტად პრიმიტიული იქნებოდა სერიოზულად გვეფიქრა დავით აღმაშენებლისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის შედარებაზე, რომელსაც, ჩემი აზრით, არ ესმის რას ნიშნავს სახელმწიფო და სახელმწიფოებრიობა. მას ეს შესაძლოა ნახევრად დაგებული გზა ან წითელ-ყვითელ ფერებში შეღებილი ფასადები ან სულაც იუსტიციის სახლები ჰგონია...

ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ამ რიტორიკით ის უკვე ამზადებს საფუძველს 2020-ის არჩევნებისთვის. ამაზე მიანიშნებს მისი შემდგომი განცხადებებიც გიგა ბოკერიას "ურწმუნობასა"და საკუთარ ქრისტიანობაზე:

"მე ჩემი შეხედულებებით და მრწამსით ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი, მიუხედავად იმისა, ვინც რა უნდა თქვას. ვატარებ ჯვარს. ბოკერიამ და სხვა ადამიანებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ჩვენი დისტანცირება მომხდარიყო ჩვენი ტრადიციული ქართული ქრისტიანული ფასეულობებიდან. ბოკერია არის ყველაფერი, რაც არის ქართული ტრადიციების წინააღმდეგ და ანტიქრისტიანული. ჩემი თვალსაზრისი ასეთია.

600 ეკლესია მაქვს აშენებული ჩემი ინიციატივით, მათ შორის ბაგრატი (თურმე ბაგრატის ტაძარიც მიხეილ სააკაშვილს აუშენებია - ი.შ.).

ჩვენი ცხოვრების წესი, ჩვენი ტრადიციები, ის, რაც არის ყველაფერი ქართული და მნიშვნელოვანი, არაფერი ანტიდასავლური ამაში არ არის".

ეს განცხადებები მიმართულია მოსახლეობის იმ ნაწილისკენ,  რომელსაც ხშირად ავიწყდება წარსული, პოლიტიკოსების შეცდომები, ადვილად მანიპულირებადი არიან და მათი მიმხრობა ე.წ. ურა-პატრიოტული განცხადებებით ძალიან ადვილია...

მიხეილ სააკაშვილმა ერთხელ უკვე შეირცხვინა საქართველოში სახელი, შემდეგ უკრაინის გადარჩენა მოინდომა, უკრაინელობდა, მაგრამ ვნახეთ პოლიციელებით გარშემორტყმული შენობის სახურავზე "გახიზნული" და დევნილად ქცეული...

ერთი ქართული ანფაზისა არ იყოს,  "ძაღლი შინ არ ვარგოდა და სანადიროდ გარბოდაო..." ახლა მას ისევ შინ სურს დაბრუნება...

იხილეთ ასევე: "სააკაშვილი მალე ალბათ, ჩემი 9-წლიანი მმართველობის მსხვერპლად გამოაცხადებს თავს" - რას პასუხობს ბოკერია სააკაშვილს?

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს