ბელადის გზა - მონაწილეობდა თუ არა სტალინი თბილისში გახმაურებულ ბანკის ძარცვაში? - კვირის პალიტრა

ბელადის გზა - მონაწილეობდა თუ არა სტალინი თბილისში გახმაურებულ ბანკის ძარცვაში?

ინტერნეტსაიტებზე, უცხოელ ავტორთა ძველ თუ ახალშექმნილ წიგნებში სტალინზე, უმნიშვნელოვანეს და სკანდალურ ამბავთა შორის ლამის პირველ ადგილზეა ბესო ჯუღაშვილის ახალგაზრდობის წლების "ცოდვა" - ექსპროპრიაციად მონათლული ბანკის გაძარცვა თბილისში.

(იხილეთ ასევე: "ბელადის ანგელოზები" - "პირველი ცოლის დაკრძალვის დღეს გათხრილ საფლავში ხტება და... მაშინ საბოლოოდ განუდგება ღმერთს")

ამ "ტერორისტულ აქტს" ისე შთამბეჭდავად აღწერენ, რომ ძნელია არ ერწმუნო მავანთა მტკიცებას. 1907 წლის 13 ივნისს, დილის 10 საათსა და 30 წუთზე თბილისის მაშინდელ მთავარ, ერევანსკის მოედანზე ბომბების აფეთქებამ მთელი ქალაქი შეაზანზარა. ხმა გავარდა, რომ თანხის გადატანისას თავს დაესხნენ ფულით დატვირთულ თბილისის ბანკის ეტლს და თვალის დახამხამებაში გაძარცვეს! კარგად ორგანიზებულ მძარცველთა ბანდას კი ბესო ჯუღაშვილი ხელმძღვანელობდაო... მეტიც, იმ გოგონების ვინაობასაც ასახელებენ, სტალინს რომ "გვერდით ედგნენ" ტერაქტისას... ამ ტერაქტს თავის დროზე ფრანგული "ლე ტემპიც" გამოეხმაურა და ინგლისური "დეილი მირორიც"...

კიდევ ერთხელ ვუბრუნდებით გასული საუკუნის დასაწყისში თბილისში განხორციელებული ტერაქტად შერაცხული ბანკის ძარცვის თემას და გვინდა მკითხველს შევთავაზოთ ჩვენეული ვერსია.

მოგეხსენებათ, ექსპროპრიაცია ერთი კლასის მიერ მეორისთვის საკუთრებისა და, ამასთან ერთად, სოციალური მდგომარეობის ჩამორთმევას ნიშნავს. ექსპროპრიაციად მოინათლა თბილისში გასული საუკუნის დასაწყისში მომხდარი ტერორისტული აქტი, რომელსაც სტალინს მიაწერენ. ეს ის პერიოდია, როდესაც ნოე ჟორდანიამ რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ ელიტაში მდგომარეობა განიმტკიცა. დამარცხებული იოსებ ჯუღაშვილი ყრილობის მუშაობის დამთავრების შემდეგ (1907 წლის 19 მაისი) თბილისში დაბრუნდა.

თბილისში მას აღარ ედგომებოდა და მალე ბაქოში გადავიდა. 1907 წლის 20 ივნისს ბაქოში გამომავალი არალეგალური გაზეთის "ბაკინსკი პროლეტარის" პირველ ნომერში დაიბეჭდა იოსებ ჯუღაშვილის წერილი "სათათბიროს გარეკვა და პროლეტარიატის ამოცანები". წერილი 1907 წლის 3 ივნისს იმპერატორ ნიკოლოზ II-ის მიერ რუსეთის მეორე სახელმწიფოს დათხოვნას ეძღვნებოდა. გაზეთის იმავე ნომერში დაიწყო და მეორე ნომერში (გამოვიდა 1907 წლის 10 ივლისს) დასრულდა იოსებ ჯუღაშვილის ვრცელი წერილის ბეჭდვა "რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ლონდონის ყრილობა (დელეგატის წერილები)".

სტალინი

...მანამდე კი თბილისში მოხდა ამბავი, რომელსაც დიდი რეზონანსი მოჰყვა რუსეთის იმპერიასა და მთელ მსოფლიოში.

1907 წლის 13 ივნისს თბილისში ერევანსკის (დღევანდელი თავისუფლების) მოედნიდან ტერორისტებმა გაიტაცეს რუსეთის იმპერიის ხაზინის კუთვნილი ფული - 250 ათასი მანეთი (ფულის ნიშნები და ბანკის საკრედიტო ბარათები). საყოველთაოდ გავრცელებული შეხედულების მიხედვით, ერევანსკის მოედანზე ექსპროპრიაცია განახორციელეს სოციალ-დემოკრატებმა (რსდმპ თბილისის კომიტეტმა). ოპერაციის საერთო ხელმძღვანელი იყო იოსებ ჯუღაშვილი, ხოლო უშუალო შემსრულებელი სიმონ ტერ-პეტროსიანი (კამო).

საარქივო მასალების შესწავლის შედეგად კი დადგინდა, რომ იოსებ ჯუღაშვილს 1907 წლის 13 ივნისს თბილისში განხორციელებულ ექსპროპრიაციასთან არავითარი კავშირი არ ჰქონია, მეტიც, ერევანსკის მოედნიდან ფული გაიტაცეს არა სოციალ-დემოკრატებმა, არამედ სოციალისტ-რევოლუციონერებმა (ესერებმა). ოპერაციას ხელმძღვანელობდნენ ესერთა პარტიის წევრები:

1) სარქის ალექსანდრეს ძე ოთაროვი - მეშჩანი, 48 წლის, სომხურ-გრიგორიანული აღმსარებლობისა, ამიერკავკასიის ოლქის სადაზღვევო საზოგადოების აგენტი, მცხოვრები თბილისში, მალაკნების ქუჩაზე, #50 სახლში;

2) ვასილ ვასილის ძე პილეცკი - მემამულე, 22 წლის, ამიერკავკასიის რკინიგზაზე ფოსტის გადაზიდვის მერვე განყოფილების თანამშრომელი, მცხოვრები თბილისში, სადგურის ქუჩაზე, #12 სახლში.

კამო

უფრო დაწვრილებით, საარქივო მასალების მიხედვით, საქმის ვითარება შემდეგნაირად წარმოგვიდგება.

ერევანსკის მოედნიდან გატაცებული ფულის საქმის ძიების პროცესში 1907 წლის 13 ივნისიდან 9 ნოემბრამდე ძიებას ეჭვიც კი არ აღძვრია ექსპროპრიაციაში სიმონ ტერ-პეტროსიანის (კამოს) მონაწილეობის თაობაზე. კამოს შესახებ ძიების მასალებში ცნობები ჩნდება 1907 წლის 9 ნოემბრიდან, მას შემდეგ, რაც იგი ბერლინში დააპატიმრეს. გერმანიის პოლიციამ კამოს ორი ბრალდება წაუყენა: ავსტრია-უნგრეთის მოქალაქის დიმიტრი მირსკის პასპორტით ცხოვრება (ეს პასპორტი კამომ თბილისში აბანოში მოპარა ავსტრია-უნგრეთის დიპლომატს დიმიტრი მირსკის) და ასაფეთქებელი ნივთიერების შენახვა.

რაც შეეხება ერევანსკის მოედნიდან ფულის გატაცებას - კამოსთვის ეს ბრალდება არ წაუყენებიათ. 1908 წლის მარტში, ერევანსკის მოედანზე განხორციელებული ექსპროპრიაციიდან ცხრა თვის შემდეგ, ქუთაისის ციხეში მყოფმა პატიმარმა - ტერორისტმა არსენ ქარსიძემ ქუთაისის დროებით გენერალ-გუბერნატორს წერილობით აცნობა, რომ ერევანსკის მოედნიდან ფული გაიტაცა სიმონ ტერ-პეტროსიანმა, იმავე კამომ. ძიებამ არსენ ქარსიძის ჩვენება მაშინვე სიმართლედ მიიღო და 1908 წლის 20 მარტისათვის კამოს მონაწილეობა ექსპროპრიაციაში დამტკიცებულად მიიჩნია. ამავე დროს კამო ოპერაციის ხელმძღვანელადაც მიიჩნიეს.

ლევ ტროცკი

საიდან უნდა სცოდნოდა არსენ ქარსიძეს ერევანსკის მოედანზე განხორციელებულ ექსპროპრიაციაში კამოს მონაწილეობის შესახებ? საარქივო მასალების შესწავლამ დაგვარწმუნა იმაში, რომ არსენ ქასრიძე ან პროვოკატორი იყო, ან უბრალოდ რაღაცას ურევდა. თავის ჩვენებაში არსენ ქასრიძე აღნიშნავდა, რომ კამო გენერალ ალიხან-ავარსკის მკვლელობაში მონაწილეობდაო. ცნობილია, რომ კამოს ამ მკვლელობასთან არავითარი კავშირი არ ჰქონია.

ძიების მასალებში თბილისში, ერევანსკის მოედანზე, განხორციელებულ ექსპროპრიაციასთან დაკავშირებით იოსებ ჯუღაშვილის ხსენებაც კი არ არის - მასზე ეჭვიც არავის მიუტანია.

(იხილეთ ასევე: "არ ვიცოდთ, რითი უნდა გვეშველა მომაკვდავი მამისთვის" - სტალინის სიკვდილის საიდუმლოება)

სოციალ-დემოკრატების (ბოლშევიკების) დაკავშირება 1907 წლის 13 ივნისს თბილისში ერევანსკის მოედანზე განხორციელებულ ექსპროპრიაციასთან შემდეგ ვითარებაში მოხდა: 1908 წელს ვლადიმერ ლენინის უახლოესი თანამებრძოლი მეერ ვალახი (იგივე მაქსიმ ლიტვინოვი, შემდეგში საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სახალხო კომისარი) შვეიცარიაში დააპატიმრეს თბილისიდან გატაცებული ბანკის საკრედიტო ბარათების გადახურდავებისას. ეს ფაქტი გახმაურდა მთელ ევროპაში. მაინც, ვინ გაიტაცა ფული? - ამ კითხვას პასუხი თავისთავად გაეცა, რადგან გატაცებული ფული ბოლშევიკების ლიდერ ვლადიმერ ლენინთან აღმოჩნდა.

ეს შეხედულება კიდევ უფრო განმტკიცდა მას შემდეგ, რაც თბილისიდან გატაცებული ბანკის საკრედიტო ბარათების გადახურდავებისას კვლავ დააპატიმრეს ვლადიმერ ლენინთან დაახლოებული პირები: ნიკოლაი სემაშკო (შემდეგში საბჭოთა რუსეთის ჯანმრთელობის დაცვის სახალხო კომისარი), სარა რავიჩი (ბოლშევიკ გრიგოლ ზინოვიევის მეუღლე) და სხვები, თუმცა ძიებას 1912 წელსაც კი არ ჰქონდა იმისი დამამტკიცებელი მასალა, რომ ექსპროპრიაცია თბილისში სოციალ-დემოკრატებმა - იოსებ ჯუღაშვილმა და სიმონ ტერ-პეტროსიანმა - განახორციელეს.

1907 წლის 13 ივნისს თბილისში განხორციელებულ ექსპროპრიაციასთან კამოს არავითარი საერთო არ ჰქონია, თუმცა გატაცებულ ფულთან მას კავშირი მართლაც ჰქონდა. ესერებმა ერევანსკის მოედნიდან გატაცებული ფული ქალაქიდან ვერ გაიტანეს და ავლაბარში გადამალეს. ჟანდარმერიამ ფულის ადგილსამყოფელი იცოდა, მაგრამ სისხლის ღვრის თავიდან აცილების მიზნით, ტერორისტებს თავს არ ესხმოდა. სამაგიეროდ, თბილისიდან გამავალი ყველა გზა შეკრული იყო, ავლაბარიც ალყაში იყო მოქცეული. რამდენიმე დღის ლოდინის შემდეგ ესერები მიხვდნენ, რომ ფულს ქალაქიდან ვერ გაიტანდნენ და დახმარებისათვის ყველაზე შესაფერის კაცს - კამოს მიმართეს. თუმცა საარქივო მასალებიდან არა ჩანს, მაგრამ გამორიცხული არ არის, რომ კამომ საქმის კურსში ჩააყენა იოსებ ჯუღაშვილი, რომელიც იმხანად ბაქოდან თბილისში დაბრუნდა.

კამომ თბილისიდან საზღვარგარეთ ფულის გატანის ოპერაცია უნაკლოდ განახორციელა, მაგრამ ესერები მოატყუა და ფული ვლადიმერ ლენინს მიუტანა. ცხადია, დამოუკიდებლად კამო ასეთ ნაბიჯს არ გადადგამდა, მას ვიღაც მართავდა. ვისი დავალებით მოქმედებდა კამო, საარქივო მასალებიდან არც ეს დგინდება.

ამრიგად, აღნიშნული მასალების მიხედვით, 1907 წლის 13 ივნისს თბილისში, ერევანსკის მოედანზე განხორციელებულ ექსპროპრიაციაში იოსებ ჯუღაშვილს მონაწილეობა არ მიუღია...

თბილისი XX საუკუნის დასაწყისში

იოსებ ჯუღაშვილს თბილისში განხორციელებული ექსპროპრიაცია მოგვიანებით, 1918 წელს, გაუხსენა ლევ ტროცკიმ (ბრონშტეინმა). მან იოსებ ჯუღაშვილს საჯაროდ დასდო ბრალი ტერორისტებთან კავშირში. ვლადიმერ ლენინმა საქმე განსახილველად პარტიულ სასამართლოს გადასცა. ბოლშევიკური პარტიისა და საბჭოთა რუსეთის ლიდერმა თავი დაიზღვია და ობიექტურობის დაცვის მიზნით პარტიული სასამართლოს თავმჯდომარედ იმხანად ემიგრაციიდან დაბრუნებული მენშევიზმის ერთ-ერთი აღიარებული ლიდერი იული მარტოვი (ცედერბაუმი) დაასახელა. იული მარტოვის სასამართლოს თავმჯდომარედ დანიშვნას კმაყოფილებით შეხვდა ლევ ტროცკი. პარტიულმა სასამართლომ გულმოდგინედ იმუშავა, მოუსმინა ლევ ტროცკისაც და იოსებ ჯუღაშვილსაც.

განაჩენი ასეთი იყო: იოსებ ჯუღაშვილს 1907 წლის 13 ივნისს თბილისში განხორციელებულ ექსპროპრიაციასთან კავშირი არ ჰქონია! მიუხედავად ზემოთ აღნიშნულისა, 1907 წელს თბილისში განხორციელებულ ექსპროპრიაციას დღემდე იოსებ ჯუღაშვილს მიაწერენ. მემუარული ლიტერატურიდან, პუბლიცისტიკიდან და ისტორიოგრაფიიდან ამ თემამ მხატვრულ ფილმსა და ლიტერატურაში გადაინაცვლა. დაინტერესებულ პირთა ერთი ნაწილისათვის ის სიმართლეა, მეორე ნაწილისთვის - სიცრუე...

იხილეთ ფოტოგალერეა: სტალინის ოჯახური ცხოვრება

ვახტანგ გურული

ჟურნალი "ისტორიანი", #1