ორაგულის და ლობიოს "არგუმენტები" ქართლის დიდგვაროვანთა დაპირისპირებაში
ფეოდალურ საქართველოში და არა მხოლოდ იმ ეპოქაში, დიდგვაროვანთა შორის ზოგჯერ კურიოზული შემთხვევით გამოწვეული პირადული წყენა თაობიდან თაობას გასდევდა, გვარებს შორის დაპირისპირებას წარმოშობდა და საქვეყნო საქმესაც აზიანებდა. ქვემოთ მოგითხრობთ ქართლის სამეფო კარზე დაწინაურებული ორი გავლენიანი გვარის - ამილახვრებისა და თუმანიშვილების ქიშპზე.
ამილახვრები ჯერ კიდევ ერთიანი საქართველოს, ხოლო მისი დაშლის შემდეგ - ქართლის სამეფო კარზე უდიდესი გავლენით სარგებლობდნენ. სათავადოს უფროსი, როგორც წესი, ზემო ქართლის სადროშოს სარდალი და გორის მოურავიც იყო. ამ გვარის წარმომადგენლებს სხვადასხვა დროს ეკავათ ეშიკაღასბაშის (ადმინისტრაციული აპარატის ხელმძღვანელის), ყორჩიბაშის (ჯარის უფროსი, სარდალი), მოლარეთუხუცესის, მეჭურჭლეთუხუცესისა და სხვა თანამდებობები. უკვე XVII საუკუნისთვის მხოლოდ ქართლში ამილახვრებს 901 კომლი ყმა ჰყავდათ.
განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწიეს თეიმურაზ II-ისა და ერეკლე II-ის კარზე რევაზ და ოთარ ამილახვრებმა. ოთარი ზემო ქართლის სადროშოს სარდლისა და გორის მოურავის სახელოს ერთად ფლობდა. 1803 წელს რუსული ხელისუფლებისთვის წარდგენილი მოხსენების მიხედვით, მისი წლიური შემოსავალი "ხუთას თუმნამდე დგებოდა".
გავლენიანი და ამაყი ამილახვარი ხშირად ერეკლეს ოპოზიციონერის რანგშიც გვევლინებოდა, რის გამოც მეფე-თავადს შორის უბრად ყოფნა ჩვეულებრივი ამბავი იყო. ერთ წერილში ერეკლე ოთარ ამილახვარს სწერს: "ჩვენს უწინდელ ოქმში ეწერა ჩვენ ამის მეტს აღარ მოგწერთო, მაგრამ ხალხი აღარ მოგვეშვა და იმათ მოგვაწერინეს, თორემ შენთან წიგნის მოწერას აღარც ვაპირებდით".
თუმცა, ოთარ ამილახვარს ღვაწლიც დიდი ჰქონდა ქვეყნის წინაშე: მან გააშენა სოფელი ორჭობი, გაიყვანა სარწყავი არხები, მონაწილეობდა ციხესიმაგრეების, კოშკების, გალავნების აღდგენით სამუშაოებში. 1793 წელს გორიჯვარში ღვარებიდან მისი ინიციატივით გამოიყვანეს სასმელი წყალი. ებრძოდა ლეკებს, ომარ-ხანისა და აღა-მაჰმად-ხანის ურდოებს და სხვ.
1791 წელს ერეკლეს მიერ მიღებულმა კანონმა "საუფლისწულოების შესახებ" ქვეყანა კიდევ უფრო დაანაწევრა და გაათითოკაცა. ქვეყანაში აშკარად დაპირისპირებული ორი ფრთა გამოიკვეთა: გიორგი XII-ისა და მისი ვაჟის - დავითის მომხრეები და მეორე მხრივ, დარეჯან დედოფლისა და იულონ ბატონიშვილის მხარდამჭერები.
1794 წლის 11 სექტემბერს ვახტანგ და ალექსანდრე ბატონიშვილები (იულონის მომხრეები) ოთარ ამილახვარს საიდუმლოდ სწერენ, რამე შეიტყოს დავით ბატონიშვილის გეგმების შესახებ "ნარუსალი" იაკობისგან და საამისოდ იაკობის ღვინისადმი მიდრეკილებით ისარგებლოს: "მერე ერთი ნარუსალი იაკობ არის და ჩვენს ძმის წულს დავითთან დაიარება. მაგან დღეს ცხილვანიდან ჩამოიარა, აქ ჩვენცა გვნახა და გორს წავიდა, მანდ იქნება და მაგას ერთი კაცი აადევნე რომ რასა იქს და რას იტყვის, ან ერთი მიზეზი რამ გამოიგდე და თქვენთან მოაყვანინე. ღვინით დაათრე და თუ რამ იცის ყველას იტყვის, აღარას დაფარავს და რა მაგისაგან შეიტყოთ, ჩვენც გვაცნობეთ ...ასე რიგად ეცადე, რომ ამ ორ-სამს დღეს აღარ საით წავიდეს, ღვინით კარგათ დააბამთ მაგასა".
ორი კვირის შემდეგ (26 სექტემბერს), უკვე დარეჯან დედოფალი საყვედურობს ოთარ ამილახვარს უგერგილობას და სთხოვს, მეტი ფხა გამოიჩინოს ინფორმაციის მოპოვებისას: "...ჩვენი შვილი შვილი დავით რომ ქართლში წამოვიდა, სად არის, ან რას საქმობს, აქ აშქარათ (სიც:) იმისი არა ისმის და რას მოქმედობს ...შენმართებული არის, რომ იმ გვარი შენი სანდო კაცი გაძრახული უნდა გყვანდეს, რომ იმის მოქმედებას შეიტყობდე ხოლმე, რაც გაუწყებოდეს და ჩვენ შეგვატყობინებდე. ...შენ ასეთი მოადგილე და შემძლებელი ხარ, მუდამ კაცს უნდა ატარებდე და ამბავს გვატყობინებდე.
ამისთანას საქმის უცდელობას და უხერხობას რა ხელი ეყრება. ასეთს ადგილასა ხარ, რომ აგრე გაშტერებული არ უნდა იყო. სულ უნდა საქმობდე და სულ უნდა ცდილობდე, წვე კაცი არ გეშოება, ახალციხიდამაც უნდა შეიტყობდე ამბავს და გვაცოდინებდე და ესეც შეიტყევ დავით ჩვენი შვილი ან ახალციხეს საქმობს რასმეს ან ლეკებთან საქმობს რასმეს, ესენი კარგად შეიტყევ და შეგვატყობინე. ეს წიგნი რომ წაიკითხო, თუ მუხრანის ბატონი მანდ იყოს, იმას კი წააკითხე და სხვას ნურავის წააკითხებ. მაშინვე დახიე ღვთის გულისათვისო".
როგორც ვხედავთ, ძმებს შორის დაპირისპირებაში ოთარ ამილახვარი იულონ ბატონიშვილის ბანაკშია და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაც არის. ამილახვარი აღარც დავით ბატონიშვილის ბრძანებებს ასრულებს ჯარის შეყრისა და მასთან ხლების თვალსაზრისით. ეს არც უნდა გაგვიკვირდეს, რადგან იულონი მისი სიძე იყო.
სახლთუხუცეს იოანე მუხრანბატონს უცდია ამილახვრისა და დავით ბატონიშვილის შერიგება და 1798 წლის 28 სექტემბერს სწერს: "ქ. მის ბრწყინვალებას ბატონს ამილახორს მუხრან ბატონი სახლთუხუცესი იოანე მრავალს მოკითხვას და სამსახურს მოვახსენებთ. მერე აქაურს ამბავს მოიხსენებთ. ამისი სიმაღლე ბატონი ამ თვეს კვ (26 სექტემბერი - ი. ა.) აქ მარტყოფს მობძანდა, ლეკის ჯარიც ახლავს სამი ათასამდინ და დღეს ხომ ხუთშაფათია, აყრას აპირებს, სოღალუხის ბოლოს გაბძანდება და ელებისკენ აპირებს წაბძანებას. წიგნიც მოგწერათ და ჯარითაც დაგიბარათ.
ჩემს მოხსენებას და სიტყვას ხომ არ დაიჯერებთ, მაგრამ მაინც კიდევ მოგახსენებ, მეტიჩარა კაცი თავისას არ დაიშლის. ამას დიაღ ბეჯითად მოგახსენებ, ეს არა ქნათ რომ არ წამობძანდეთ და ჯარიც არ წამოიყვანოთ. ქართლის სარდალი ბძანდებით და მეფე ჯარში მიბძანდება და გიბძანებს. ახლა რომ არ წამობძანდე და ამის სიმაღლეს არ იახლო, აბა როგორ იქნება. მგონია, რომ დიდად აწყენინებთ. თუ არ წამოხვალთ, ასე გავიგონე, რომ მის უგანათლებულესობას ბატონიშვილსაც ორჯელ და სამჯელ ებრძანებინოს თქვენთვის, რომ წადი, იახელ და ნახე ბატონიო და არ ვიცი რა მიზეზია მოუსვლელობა ან ვინც კეთილის მყოფნი არიან თქვენნი და ერთგულნი, ყველანი ასე მოგახსენებენ და არ ვიცით რა ამბავია.
არც თავისი ძმის (იგულისხმება იულონ ბატონიშვილი. - ი. ა.) წყენა უნდა და არც შენი წახდენა თორემ, ამისმა მზემ ერთი ფულის ქაღალდი ეყოფა. აქედამ მოიხსენეთ, სჯობს თუ არა თქვენი წამოსვლა. რომელნიც თქვენი მტრები არიან, ისინი დიდად მხიარულად არიან თქვენის ამასთან უმყოფელობისათვის და რომელიც თქვენი ერთგულნი და მოყვრები, ისინი კი დიდად სწუხან. მაგ ჩემს ხემწიფის შვილსაცა ჰკითხე (იგულისხმება იულონ ბატონიშვილი. - ი. ა.). თუ მაგანაც გირჩიოს და გიბძანოს, ხომ აშკარა იქნება, რომ სამჯობინარი ყოფილა. თუ არა ორჯერ, სამჯერ უკითხავ ჩემთვის და მე ხათრი-ჯამი გავხადე - გიახლება, შენი ჭირიმე-მეთქი. ნურც მე გამამტყუნებ. თავი და ბოლო ხომ ეს არის, რომ ხარჯი გეზარება, მაგრამ გამოსაშვები სისხლი არ დადგება. ეცადენით, რომ ჩქარა წამობძანდეთ და როგორც დაგიბარათ, ჯარით ისე შემოეყაროთ".
წერილის შინაარსიდან გამომდინარე, იგი დავით ბატონიშვილის კარნახით უნდა იყოს დაწერილი, თუმცა, მუხრანბატონის მცდელობამ, ამილახვარი მორჩილებაში მოეყვანა, ამაოდ ჩაიარა. პირიქით, ამილახვრების რეზიდენციაში, სოფელ ჭალაში 1800 წლის 20 დეკემბერს იულონისადმი მოსახლეობის მხარდამჭერი პეტიციაც კი შეუდგენიათ.
გიორგი XII-ის გარდაცვალებისა და ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ, იულონ, ვახტანგ და ფარნაოზ ბატონიშვილები დავით "გამგებელსა" და კნორინგ-ლაზარევს საბოლოოდ განუდგნენ და მათ მომხრე თავადებთან ერთად (ოთარ ამილახვარი, თამაზ ორბელიანი, რევაზ ბარათაშვილი და სხვები) კახეთში გამაგრდნენ.
1801 წლის 3 თებერვალს, დავით მამაცაშვილის დაკითხვის ოქმიდან ჩანს, რომ კახეთში მყოფ აჯანყებულ ბატონიშვილებთან მთავარი "ბუნტისთავი" სწორედ ოთარ ამილახვარი იყო.
დავით ბატონიშვილის დავალებით, 1801 წლის თებერვალშივე ოთარ ამილახვარს სახლში ღამით მიხდომიან, მძინარე და შიშველი გარეთ გამოუთრევიათ, იქ ერთი გლეხის ტყავი ჩაუცმევიათ, ხელები ზურგსუკან გაუკრავთ და საბლის წელზე მობმით თბილისისკენ წამოუყვანიათ, სადაც სამი თვე საპატიმროში ჰყოლიათ. დავით ბატონიშვილის სიტყვით, ლაზარევს ამილახვრისთვის ყველა თანამდებობა ჩამოურთმევია, ესეც არ უკმარიათ და მისი უპატრონოდ დარჩენილი ოჯახი თეიმურაზ ბატონიშვილს აუკლია.
საპატიმროდან გათავისუფლებული, ყველასგან მიტოვებული და პატივაყრილი ამილახვარი სოფელ ქვემო ჭალაში, თავის სასახლეში დაბრუნდა.
* * *
დიდი გავლენა ჰქონდათ ქართლის სამეფო კარზე თუმანიშვილებსაც. ეს გვარი განსაკუთრებით როსტომ-ხანის (მეფე როსტომი, ხოსრო-მირზა) დროს დაწინაურდა. ვაჭარ-ხელოსნების მფარველ როსტომს განსაკუთრებით თვალში მოსდიოდა ამ საქმეში დაოსტატებული მანუჩარ თუმანიშვილი და იგი საბაჟო გადასახადებისგანაც კი გაათავისუფლა.
მისი სახელისა და გვარის მქონე შთამომავალი ერეკლე II-ის დროს უკვე მდივნისა და ლაშქარნივისის სახელოს ფლობს. ეგნატე თუმანიშვილსა და ომან ხერხეულიძესთან ერთად, მანუჩარ თუმანიშვილს ევალებოდა გორის მაზრის ნაწილში მოსახლეობაზე დაკისრებული სასურსათო გადასახადის აკრეფა.
ამილახვრისგან განსხვავებით, თუმანიშვილმა გიორგი XII-ის დროსაც შეინარჩუნა გავლენა. მას ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის დროს 300 თუმნის წლიური შემოსავალი ჰქონია, ხოლო რუსული ხელისუფლების დამყარებისთანავე "ტიტულარული მრჩევლის" თანამდებობაც უბოძეს და კიდევ უფრო გავლენიანი გახდა. მის მიერ 1802 წლის 23 მარტს ლაზარევისადმი გაგზავნილი მოხსენებიდან ჩანს, რომ ხელისუფლებამ "საქართველოს მეფის ძეთ სამისავ (იგულისხმებიან იულონ, ვახტანგ და ფარნაოზ ბატონიშვილები) ძმის ნაქონი ყმა და მამული" სწორედ მანუჩარ თუმანიშვილს მიაბარა სამართავად.
თუმანიშვილი მეჯვრისხევში, ტყვიავსა და ავნევში იბარებს ერისთავებსა და მაჩაბლებს მათ საგამგებლო ტერიტორიებზე ბეგარა-გადასახადების აკრეფის მიზნით. ასევე, არაგვისა და პატარა ლიახვის ოსთა თავკაცები თავისთან ჩამოჰყავს და მძევლებს ართმევს, ხელმწიფისადმი ერთგულება რომ შეინარჩუნონ.
არც მანუჩარ თუმანიშვილი გამოირჩეოდა ყმებისადმი დიდი ლმობიერებით, ამიტომ ჩივილი მის წინააღმდეგ ჩვეულებრივი ამბავი იყო. 1807 წლის 24 იანვარს მანუჩარს მისი მამასახლისი ნინია სწერს: "იმ ჟამათ სალომეს ეჩივლა, იასაული ამოიყვანა და შინ ჩამიყენა: მოხელე ხარ, თუნდა შენ აჭამე და თუნდა შენი ბატონის სოფელს აჭმევინეო. მე ავათ გახლდი, კარზე გასვლა არ შემეძლო და ერთი კვირა შინ მიჯდა ამის მიზეზით, რომ რაც წრეულ ღალა აიწერა, იმისი ნუსხა შენა გაქუს, ის ნუსხა მამეც, რომ ჩემი ნახევარი ღალა ავიღოო. მე რაც არ მქონდა რას მივცემდი.
ჩემგან რომ ვერა გაიტანა რა, მასუკან ნინუაშვილი, ტერ მანველაშვილი და ლეკისშვილი გაადევნა და ორმოები დაუხადა: ზოგსა ცხრა კოდი, ზოგს შვიდი კოდი, ზოგსა ხუთი და ოთხი კოდი წაართვა და თავისთან ჩაყარა. ...მე ხომ ოროსპოღლობა არ შემიძლია, რომ შენთანაც ვიყო და ამასთანაც. როდესაც ამათთან ვიყავ, ამათი ერთგული ვიყავ, ახლა შენ გახლავარ, შენი ერთგული ვარ, ერთხელ ეს ხიფათს მამცემს და ამისი გაძლება სად შემიძლიან", - წუხს ორი ბატონის მსახურებით შეწუხებული მამასახლისი.
მანუჩარ თუმანიშვილისა და ოთარ ამილახვარის ურთიერთობა ია-ვარდით მოფენილი არასდროს ყოფილა. მათ ყმები საერთო სოფლებში: ხელთუბანში, კარალეთში, მეჯვრისხევში, ტყვიავში, ტინისხიდში და ა.შ. ჰყავდათ, ხოლო მამულები ერთმანეთს ემიჯნებოდა, რაც ხშირად უთანხმოებას წარმოშობდა. ჯერ კიდევ 1789 წელს, გორელებს ოთარ ამილახვარზე საჩივარი ერეკლესთან სწორედ მანუჩარ თუმანიშვილის ჩაგონებით მიურთმევიათ, სადაც ამილახვრისგან ძალადობასა და სისასტიკეზე ჩიოდნენ.
სამაგიეროდ, ამილახვარი თუმანიშვილების ყმებს მიეჭრა დიდ გარეჯვარში და, თუ რამ ებადათ, ერთიანად წაართვა. დარბეულებში ბირთველ თუმანიშვილის ყმებიც მოჰყვნენ, რომელსაც ოთარ ამილახვართან მტრობა არ ჰქონდა. შეწუხებული ბირთველ თუმანიშვილი 1800 წლის 17 აპრილს ოთარ ამილახვარს სთხოვს, მის კაცებს დაეხსნას და სანაცვლოდ, ერთგულებას ჰპირდება: "...მოგეხსენებათ, ყოველს თუმანიშვილზედ თქვენი მე უფრო ერთგული გახლავარ.
სხვა მოწამე აღარ მეჭირება და თუ მაინც მთხოვთ, მოწამედ წინამძღვარს ელევთერს ჰკითხეთ. ერთით არ დაიმტკიცებთ, დავით მდივანბეგი გახლავსთ და მაგას ჰკითხეთ, კიდევ თუ მესამესაც ბძანებთ, სახლთუხუცეს ეშიკაღათბაშს ალექსანდრეს მისწერეთ წიგნი და ამისაგან სცანით ჩემი თქვენზედ ერთგულობა და თუ მე ასე ერთგული ვარ და გამოცხადებული არის, თქვენ რატომ ჩემზედ მწყალობლობა არ უნდა იყოს გამოცხადებული და თქვენმა კაცებმა მაინც არ იცოდნენ, ეხლა მისულან თქვენი კაცნი და და ეს ჩემი კაცი შეუწუხებიათ, რომ აქ ჩემთან ჩამოვიდა.
წყალობასა გთხოვ, თქვენც ამისთანა წიგნი უბოძოთ, რომელიც ან თქვენი კაცი ან სხვისა მოვიდეს, აღარავინ შეაწუხოს".
თუმცა, თუმანიშვილს მაინც ეჭვი ეპარება ამილახვრის გულმოწყალებაში და თავს იზღვევს: "...ასეთი წიგნი კი არ უბოძოთ რა, რომ მოსატყუარი, უღონო წიგნი იყოს. მტკიცე წიგნის წყალობას ვითხოვ, რომ კარგი მაგარი წიგნი უბოძოთ და თქვენს კაცებსაც გამოუცხადოთ თქვენი ჩემზედ მწყალობლობა".
არ ვიცით, რა უპასუხა ბირთველ თუმანიშვილს ამილახვარმა, მაგრამ მანუჩარ თუმანიშვილის მიერ გენერალ ლაზარევისადმი 1802 წლის 23 მარტს გაგზავნილი მოხსენებიდან ირკვევა, რომ გადასახადების აკრეფისას მოხელეებს განსაკუთრებული სისასტიკე სწორედ საამილახვრო სოფლებში გამოუჩენიათ: "საამილახვრო წილობიდან რაც რომ სახასო მამული და ყმა არის დადებული, ესეც მიმძლავრობით სხვადასხვა მბრძანებლებით შერყეულან, დაფანტულან და უზომიერს სათხოვრით და შეწერით შეწუხებაში არიან, რომელიც მანდედამ შემოეწერება, იმას გარდაო", იწერება თუმანიშვილი. სავარაუდოდ, აქაც წამქეზებლის კვალს დავით ბატონიშვილსა და მის მომხრეებთან მივყავართ. არ არის გამორიცხული, მათ რიცხვში მანუჩარ თუმანიშვილც ყოფილიყო.
ამჯერადაც მანუჩარ თუმანიშვილს ოთარ ამილახვრის "დამდაბლებით" უსარგებლია და მისთვის ორაგული დაუკისრებია, სამაგიეროდ, "შენს სადღეგრძელოს განსაკუთრებით მივირთმევო", - სწერდა ცინიკურად ამილახვარს ქვემოჭალაში.
ამილახვარი მიუხვდა ირონიას ხელისუფლების "ფავორიტ" თუმანიშვილს და ვალშიც არ დარჩა, მაგრამ მაინც სიფრთხილე გამოიჩინა და საპასუხო წერილი თავის სახლიკაც გიორგი ამილახვარს გააგზავნინა (აღსანიშნავია, რომ, როცა ოთარ ამილახვარი დააპატიმრეს და სახელოები ჩამოართვეს, ამილახვრობა სწორედ გიორგის მისცეს).
გიორგი მანუჩარს "შეახსენებს", როცა ამილახვრებს რამეს ავალებს, თუმანიშვილების წარმომავლობა არ დაავიწყდეს. მართლაც, თუმანიშვილების გვარის წარმოშობისა და ისტორიის შესახებ იოანე ბაგრატიონი გადმოგვცემს: "ამათსა (თუმანიშვილების. - ი. ა.) შინა უპირველესი თუმანა სომეხი თავადობისა ხარისხითა, ხოლო უკანასკნელ ესე თუმანა მოვიდა დედა წულითურთ თვისით საქართველოსა შინა და მიღებულ იყო მეფეთაგან. ხოლო ამოსწყდნენ რა გვარნი ამისანი დაშთა ერთი ოდენ ყრმა მცირე და ზრდიდა ბებია თვისი. ჟამსა თურქთაგან დაპყრობისა ქართლისასა წარვიდნენ დასახიზნავად სამეფოსა ადგილსა შინა მთასა კავკასიისასა როკად წოდებულსა, და მუნ ბებიამან მისმან აქორწინა კარგისა ოჯახისა გვარისა ქალსა ზედა და შვა მუნ ძენი და უკანასკნელ ბებია ამათი მოვიდა ძღვნითა ისაყ ფაშისა თანა და ევედრა შვილის შვილთა თვისთათვის და რომელ ფაშამან მისცა ადგილი ხელთუბანი და შთამოვიდნენ თუმანიანნი და რომელიმე დაშთა მასვე ადგილსა როკასა შინა, რომელნიც იწოდებოდნენ თომანიანად და ესენი თუმანიანად.
წელსა 1726-სა ოდეს განასხნა ნადირშამ ოსმალნი საქართველოდგან, ამათი გვარნი იწოდნენ მდივნებად მეფისა თეიმურაზ მეორისა და მსახურებდენ. ხოლო შემდგომად მეფემან ირაკლიმ მიუბოძა გვარად მამიკუნიანობა, რომელნიცა აცხადებდნენ თავსა თვისსა მამაკუნიანად, გარნა გაგვარებულად აქვსთ თუმანისშვილობა". თუმანიშვილები (მანუჩარ, შიოშ) აქტიურად მონაწილეობდნენ ერეკლე II-ის წინააღმდეგ შეთქმულებაში 1796 წელს გიორგი XII-ის გასამეფებლად, მაგრამ სასამართლოზე მოახერხეს, თავი უდანაშაულოდ წარმოეჩინათ.
წარმოშობაზე სიტყვის გადაკვრასთან ერთად, ამილახვარი მანუჩარ თუმანიშვილს "ურჩევს", ორაგულის ნაცვლად "ლობიოთი" დაკმაყოფილდეს. რაც შეეხება სადღეგრძელოს, მისი ნებაა, დალევს თუ არა, რადგან ჭალაში ამის შესახებ მაინც ვერ შეიტყობენ. საპასუხო "დღეგრძელობას" კი თუმანიშვილს ამილახვარიც ჰპირდება:
"წიგნი მოგეწერათ და ორაგული გეთხოვნათ. მოგეხსენებათ თუ ყოფილიყო, ორაგულს არ დაგიჭერდი. აგერ ორი კვირე არის, რომ აღარ მოგვრიდია. ძრიელ ცივა და ქარი არს, თორემ თუნდა შენ მიგერთმევინოს და თუნდა მე, ორივე ერთი არის. ასე მოგეწერა - შენს სადღეგრძელოს დავლევთო. ნება შენი არის, თუ დალევ, ჩვენ ხომ აქ ვერ შევიტყობთ, ღვინოს ხომ ხმა არა აქვს, რომ დაიძახოს - მეო ამილახვრის სადღეგრძელო ვარო, მარტის კდ, ქორონიკონს უჟ (1802 წლის 24 მარტი. - ი. ა.) და მეც აქ დავლევ, მე აქ თევზზედ დავლევ და შენ ლობიოზედა. ამ ჩემს ნობათს რას მეცილები, ხარება ჩვენი არის და დიდი შაბათი თქვენი, თუ არა გლახის გლახას რას მისცემენ".
საინტერესოა, ვის გულისხმობენ ამილახვრები "გლახის გლახაში". მეორე "გლახა" უდავოდ თუმანიშვილია, პირველი - დავით "გამგებელი"? რუსებმა მას მეფის ტიტული არ აღირსეს და "გამგებლობასაც" მხოლოდ 6 თვით (1801 წლის იანვარ-მაისი) დააჯერეს. ისე, ამილახვარს საკმარისი მიზეზი კი ჰქონდა, ბატონიშვილი ამგვარად მოეხსენიებინა.
საბოლოოდ, პავლე ციციანოვმა, საქართველოს გუბერნიის მთავარსარდალმა, დავით და იულონ ბატონიშვილები ოჯახებიანად რუსეთს გადაასახლა და ორივე იქ აღესრულა. დავითი - 1819, ხოლო იულონი 1827 წელს.
დავით ბატონიშვილის რუსეთში გადასახლების შემდეგ იგი თუმანიშვილებსაც "მიავიწყდათ", რის გამოც, გულნატკენი ბატონიშვილი მანუჩარის ძმისშვილს - შიოშ თუმანიშვილს პეტერბურგიდან სწერდა: "მიკვირს შენგან ასე ჩემი დავიწყება. როგორი მამის შენის შვილი ხარ. ...ავი ვიყავ თუ კარგი, ექვსი თვე თქვენი ბატონი ხომ ვიყავიო".
მანუჩარ თუმანიშვილი 1819 წელს გარდაიცვალა.
რაც შეეხება ოთარ ამილახვარს, მალე იგი იმპერიის სამსახურში შევიდა, გენერალ-მაიორის ჩინი მიიღო და ამ სამსახურისადმი ერთგულებაც გამოიჩინა. გარდაიცვალა 1827 წელს.
იოსებ ალიმბარაშვილი
ჟურნალი "ისტორიანი",#84