ვასილ დუმბაძე მორგანთა ბანკის ფინანსისტი
გურული აზნაურის საოცარი თავგადასავალი რუსეთის იმპერიასა და აშშ-ში
ჟურნალ "ისტორიანის" მესამე ნომერში დაბეჭდილ სტატიას მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის, ჯონ მორგანის შესახებ ვინც წაიკითხავდა, ალბათ ვერ წარმოიდგენდა, რომ მორგანთა იმპერიის წამყვან ფინანსისტთა შორის იყო ამერიკაში ქართული ემიგრაციის წარმომადგენელი ვასილ დუმბაძე. ამ გასაოცარი კაცის, მიხეილ ჯავახიშვილის რომანის "კვაჭი კვაჭანტირაძის" მთავარი გმირის ერთ-ერთი პროტოტიპის რეაბილიტაცია რამდენიმე წერილში ვცადეთ, რადგან მის შესახებ საზოგადოებაში მკვეთრად უარყოფითი აზრი იყო გავრცელებული, განსაკუთრებით, გერონტი ქიქოძის მოგონებათა ფრაგმენტ "აფერისტი დუმბაძის" გამოქვეყნების შემდეგ. ბოლო წლებში ქველი ჩხატარაიშვილის ნარკვევსა და ალეკო ასლანიშვილის ორ წერილში ვასო დუმბაძე ერთგვარად რეაბილიტირებულია. მისი ბიოგრაფია ნამდვილად იმსახურებს, რომ კიდევ ერთხელ შევახსენოთ მკითხველს. მით უმეტეს, მკვლევართა წერილებში ვასოს ემიგრანტულ მოღვაწეობაზე არაფერია მოთხრობილი, საიდანაც გასაგები ხდება, ვინ იყო დუმბაძე - საერთაშორისო რანგის აფერისტი და ავანტიურისტი, თუ პატრიოტი.
ვასილ (ვასო) დუმბაძე ოზურგეთის მაზრაში დაიბადა, სოფელ შემოქმედის მღვდლის, ცნობილი მგალობლის, დავით დუმბაძის ოჯახში. დუმბაძეებს ორი ვაჟის გარდა ცხრა ქალიშვილი ჰყავდათ. დავითის უფროსი ძმა, იმპერატორის ამალის წევრი, გენერალ-მაიორი ივანე დუმბაძე, იალტის ქალაქის თავად დანიშნეს. უსაზღვრო ძალაუფლებით სარგებლობდა ყირიმში, რომელსაც "დუმბაზიასაც" უწოდებდნენ.
გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ვასო გერმანიაში გაემგზავრა და სტუდენტობიდანვე მიიქცია ქართველი საზოგადოების ყურადღება. "ივერია" 1904 წლის ივლისში წერდა, რომ ლაიფციგის ეთნოგრაფიულ მუზეუმში სტუდენტ ვასილ დუმბაძეს სამოას ეთნოგრაფიაზე წაუკითხავს რეფერატი და დამსწრეთა მოწონება დაუმსახურებია. მუზეუმის დირექტორს, პროფესორ ვოილეს უთხოვია ახალი რეფერატის წაკითხვა თემაზე: "ქართველები და სომხები". ოქტომბერში დაიბეჭდა ცნობა, რომ ვასო ორ დისერტაციას ამზადებდა: "ქართველები - ეთნოგრაფიული მიმოხილვა" და "ნავთის ინდუსტრია კავკასიაში და მისი ამერიკის ნავთთან შედარება". თვით ვასოს იმავე წელს გაზეთ "ცნობის ფურცელისთვის" გამოუგზავნია სტატია "ფრიდრიხ რეტცელი და მისი მნიშვნელობა მეცნიერებაში". როგორც ვხედავთ, თავისი სპეციალობის გარდა, ინტერესი გამოუჩენია ეთნოგრაფიისადმიც.
1906 წელს ვასომ დაამთავრა ლაიფციგის უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტი. წიგნად გამოცემული მისი სადიპლომო ნაშრომი ბაქოს ნავთობსარეწებზე სოლიდური გამოკვლევაა, ვორონცოვის მამულებში დნეპრის ჭორომების ექსპლუატაციის გეგმა გამოირჩევა გრანდიოზულობითა და სითამამით, პეტროგრადის კანალიზაციის გეგმას უმაღლესმა სამეცნიერო-ტექნიკურმა კომისიამ "იდეალურად დამუშავებული" უწოდა.
მეცნიერებას რომ გაჰყოლოდა, დიდ წარმატებებს მიაღწევდა, მაგრამ ვასომ კომერციას მოჰკიდა ხელი და მალე იმდენად გაითქვა სახელი, რომ მორგანთა რუსეთ-ამერიკის ბანკის დამფუძნებელთა შორის, გრაფ ვორონცოვ-დაშკოვისა და აშშ-ში რუსეთის ელჩ ბახმეტევის გვერდით ისიც აღმოჩნდა.
გავლენიანი ბიძისა და მეგობრის მამის, კავკასიის მეფისნაცვალ ილარიონ ვორონცოვ-დაშკოვის (რომლის მამულების მმართველიც ვასო იყო) წყალობით, იგი პეტერბურგის უმაღლეს წრეებში გაერია. მის პოპულარობას ხელს უწყობდა გარეგნობა, განათლება, მომხიბვლელობა, ავანტიურისტული ბუნება, ეკონომიკური ტალანტი, ფული და ევროპული ენების - გერმანულის, ინგლისურის, ფრანგულის ცოდნა. ვასო ყურადღებას იქცევს პატრიოტული საქმიანობითაც: პირველი მსოფლიო ომის დროს იყო ნიკო დადიანის მიერ შექმნილი ქართველ დაჭრილ ჯარისკაცთა საზოგადოების გამგეობის წევრი. საზოგადოება 20 ათასამდე დაჭრილს დაეხმარა სურსათით, ტანსაცმლით, ქართული წიგნებით, გაჭირვებულთა ოჯახებს - ფულით. მნიშვნელოვანი როლი შეასრულა პეტროგრადში ქართული ეკლესიის დაფუძნებაშიც.
ომის წინ აქტიურად თანამშრომლობდა გიორგი მაჩაბელთან, გიორგი შარვაშიძესა და სხვებთან ილია ჭავჭავაძის დაწყებული საქმის დასაგვირგვინებლად - რუსეთის იმპერიის ფარგლებში საქართველოს ავტონომიის მისაღწევად, მაგრამ წიგნის გმირად და ცნობილ ავანტიურისტად იგი საიდუმლო დიპლომატიურმა საქმიანობამ და მსხვილ სამხედრო დაკვეთათა ხელში ჩაგდებამ აქცია.
სამხედრო წრეებს ვასო ომამდე დაუკავშირდა და სამხედრო შეკვეთებიც მიიღო. გაიცნო სამხედრო მინისტრ ვლადიმირ სუხომლინოვის ნდობით აღჭურვილი პირი. ალტშულერი, სუხომლინოვის ცოლის ბიძაშვილი, ინჟინერი და საქმოსანი ნიკალაი გოშკევიჩი, შემდეგ კი მინისტრის ახალგაზრდა ცოლი. 1914 წელს გამოსცა სუხომლინოვის აპოლოგეტური ბიოგრაფია და სამხედრო შეკვეთებმაც მისკენ იწყო დენა, საიდანაც სოლიდურ საკომისიოს იღებდა. მანვე მოაგვარა სამხედრო მინისტრისთვის მორგანთა ბანკის საშუალებით ამერიკაში 150 ავტომანქანის შეძენა.
მიხეილ ჯავახიშვილის რომანის ორ თავში, "ამბავი საიდუმლო ვალდებულობისა" და "ამბავი უდიდეს სამხედრო საქმის გაიმასქნებისა", მოთხრობილია პირველი მსოფლიო ომისდროინდელი ამბავი, რომელმაც საერთაშორისო სკანდალის სახე შეიძინა. რეზო გაბაშვილის მოგონებებში ჩამოთვლილია ამ გრანდიოზული აქტის ოთხი მთავარი მონაწილე: გიორგი მაჩაბელი, ვასო დუმბაძე, რუსეთის სამხედრო მინისტრი სუხომლინოვი და მინისტრის ლამაზი ცოლი. ვის რა წილი ედო სკანდალში, სამხედრო ტრიბუნალმაც ვერ გაარკვია. საქმე კი ამგვარად წარიმართა: რუსეთის სამხედრო უწყებამ ამერიკაში 15 მილიონი ოქროს მანეთის ყუმბარების შეკვეთა, მინისტრის ცოლის წყალობით, ვასოს მიანდო. შვეიცარიაში დაარსებული "საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის" აქტიურმა წევრმა, ვასოს ძველმა მეგობარმა გიორგი მაჩაბელმა დაარწმუნა დუმბაძე, რომ ომში რუსეთის დამარცხების შემდეგ საქართველო დამოუკიდებლობას მოიპოვებდა. მათ შეიმუშავეს მზაკვრული გეგმა და სხვა კალიბრის ჭურვები შეუკვეთეს, რომლებიც რუსულ ქვემეხებს არ მოერგო. დაიწყო კარპატებამდე მისული რუსეთის არმიის კატასტროფული უკანდახევა.
კატასტროფამდე დუმბაძემ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მისია შეასრულა.
დოკუმენტურადაა დასაბუთებული, რომ ნიკოლოზ II-მ სეპარატული ზავის დასადებად გერმანიაში ვასილ დუმბაძე გაგზავნა, როგორც გერმანიის მმართველ წრეებთან დაახლოებული პირი. 1915 წლის ზაფხულში, გერმანიაში ვასომ მეფისთვის შედგენილი, სამხედრო უწყების 1909-14 წლებში უმთავრეს ღონისძიებათა ჩამონათვალის 13-პუნქტიანი საიდუმლო დოკუმენტიც წაიღო. სტოკჰოლმში მას დახვდა გიორგი მაჩაბელი. ფონ ლუციუსმა იგი საგარეო საქმეთა სამინისტროს წარუდგინა. საიდუმლო დოკუმენტის გადაცემის შემდეგ ორივე ქართველი ბერლინს გაემგზავრა. იქ მათ განსაკუთრებული პატივით შეხვდნენ. რუსეთში დაბრუნებულმა ვასომ 19-გვერდიანი მოხსენება წარადგინა, რომელიც ორი ნაწილისგან შედგებოდა: "კავკასიის საკითხი" და "სამხედრო ტყვეები". მოხსენებაში ნათქვამი იყო, რომ გერმანია მზად არის სეპარატული ზავისთვის და მისი ჩარევით შეუმსუბუქდათ მდგომარეობა სამხედრო ტყვეებს.
რუსეთში მისი დაბრუნება ჭურვების სკანდალს დაემთხვა. ჯილდოს ნაცვლად, საიდუმლო დოკუმენტების გერმანელებისთვის გადაცემის ბრალდებით, ვასო დააპატიმრეს. სკანდალს შეეწირა მინისტრის კარიერა, ვასო დუმბაძეს კი სიკვდილი მიუსაჯეს, რომელიც ნიკოლოზ II-მ კატორღით შეუცვალა.
"კვაჭი გურული"
თებერვლის რევოლუციის შემდეგ სუხომლინოვ-დუმბაძის საქმე გადაისინჯა. სუხომლინოვს კატორღა მიუსაჯეს, საიდანაც იგი საზღვარგარეთ გაიქცა. დუმბაძე კი თავდებით გამოიხსნა გიორგი მაჩაბლის ძმამ, ილომ და თავის თეატრ "ბი-ბა-ბოსთან" ერთად კიევში წაიყვანა. 1919 წლის ზაფხულში სამოქალაქო ომის ალში გახვეული კიევიდან ვასო ჯერ ოდესაში გაემგზავრა, შემდეგ - სტამბოლში, იქიდან კი ევროპაში. საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, სხვა მრავალ ქართველთან ერთად, ვასო დუმბაძეც ემიგრაციაში აღმოჩნდა.
1924 წელს ვასო ამერიკაში ჩავიდა. 1925 წელს ნიუ-იორკში გამოსცა წიგნი "კავკასიის რესპუბლიკები", რომელმაც მიიპყრო არა მარტო ამერიკული საზოგადოების, არამედ ქართველ ემიგრანტთა ყურადღება და საფრანგეთში მყოფმა საქართველოს მთავრობამ ვასო ამერიკაში თავის წარმომადგენლად დანიშნა. ვასოც ენერგიულად შეუდგა საქმეს. საჭირო იყო საქართველოს ოკუპაციის საკითხის გახმაურება, რადგან ამერიკა საქართველოს რუსეთთან ნებაყოფლობით შეერთებულ ქვეყნად მიიჩნევდა. ვასოს თაოსნობითა და სენატორ ჰენრი ვილსონის თავმჯდომარეობით დაარსდა "ამერიკული საზოგადოება კავკასიისთვის", რომელშიც მრავალი ცნობილი მოღვაწე გაერთიანდა. განთქმულ იურისტთა კომისიამ შეისწავლა საქართველოს წარსული, არსებული მდგომარეობა და დაადგინა მისი "დამოუკიდებლობის უდავო უფლება და ევროპაში გახიზნული დემოკრატიული მთავრობის კანონიერება", - იუწყებოდა ჟურნალი "ბრძოლა".
1926 წლის 10-11 მარტს ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატასა და სენატში ერთდროულად შეიტანეს წინადადება საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლის დანიშვნაზე ვირჯინიის დეპუტატმა კოპლენდმა და სენატორმა ვალტონ-მურმა. კონგრესმა დაადგინა, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლისთვის გამოეყო თანხა, როცა ამას პრეზიდენტი მიიჩნევდა მიზანშეწონილად. საქართველოს საერთაშორისო უფლების, მისი დამოუკიდებლობის საკითხი და 11 მარტის რეზოლუცია კონგრესმა 1-2 აპრილს ხელახლა განიხილა. ჯონ სტიუარტისა და ჰენრი ობდაიკის გამოსვლების შემდეგ კონგრესმა ამ სხდომათა ოქმებით, 22 დანართით და 17 ფოტოთი, სახელმწიფო ხარჯით საქართველოზე 361-გვერდიანი წიგნი გამოსცა, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება ვერ გამოიტანა.
საქართველოს საკითხი მეორედ 1929 წლის 23 აპრილს დაისვა. სენატორმა კოპლენდმა მე-17 კონგრესის I სესიაზე კავკასიის ოთხ რესპუბლიკაში (საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, ჩრდილოეთ კავკასია) დიპლომატიური წარმომადგენლის დანიშვნის საკითხი შეიტანა. "ბილი" მოუწოდებდა ამერიკელ კანონმდებლებს, გამოესწორებინათ წინამორბედთა შეცდომა და დაედასტურებინათ ქართველი ხალხის დამოუკიდებლობის უფლება. წინადადების მიღების შემდეგ ვასილ დუმბაძე საქართველოს წარმომადგენლად დამტკიცდა. იმავე 1929 წელს ცნობილი დიპლომატის, ლეონ ვილსონის თავმჯდომარეობით შეიქმნა "საქართველოს უფლებების დაცვის კომიტეტი", რასაც შედეგად ამერიკის კონგრესში საქართველოს საკითხის რამდენჯერმე განხილვა მოჰყვა.
1933 წელს საფრანგეთმა ცნო საბჭოთა კავშირი, გაუქმდა საქართველოს მთავრობის ლეგაცია და შეწყდა საქართველოს მთავრობის, საელჩოებისა და საკონსულოების უფლებამოსილება. დუმბაძემ საქართველოს საკითხის ახალარჩეული პრეზიდენტის, რუზველტის წინაშე წამოჭრა სცადა და წერილი მის მდივანს, მაკინტაირს გადასცა. მაკინტაირმა კი კონგრესის გამოცემულ წიგნში შესაბამისი ადგილები მოუნიშნა პრეზიდენტს. ვასო ემადლიერება კონსულ კოლუს, პრეზიდენტის მეგობარს, საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთ აქტიურ წევრს ედვინ ვალდმანს, 1926 წელს საქართველოს საკითხის კურატორ კელეის, ჰენრი ვილსონსა და სხვებს.
საქართველოსთვის ამ ბრძოლაში ვასოს არ დაუზოგავს სახსრები და ენერგია. ამის შესახებ გიორგი მაჩაბელი სპირიდონ კედიას წერდა: "ვასომ აქ მართლაც დიდებულად იმუშავა, მაგრამ როგორც სათავეში ვუთხარ, ტყუილად ჩააბნია მთელი თავისი ქონება ამ მუშაობაში. არ იყო დრო და უკეთესი იქნებოდა ეს ფული რაიმე საქმეში მოეხმარა, ახლა მილიონერი იქნებოდა და ასჯერ უფრო მეტად შესძენდა თავის სამშობლოს საქმეს. არ დამიჯერა. მისი საქმეა, მაგრამ მაინც დიდი პატივის საცემია მისი თავდადებულება და მსხვერპლი სამშობლოს სამსახურისთვის".
საქართველოს არაოფიციალური ელჩი აშშ-ში
ვასო შემდეგაც ცდილობდა საქართველოს საკითხით ამერიკის ხელისუფლების დაინტერესებას, მაგრამ ევროპაში მწიფდებოდა დიდი ომი და აშშ-ის ადმინისტრაციას საქართველოსთვის აღარ ეცალა. ვასო კი დიდხანს ასრულებდა საქართველოს არაოფიციალური და არააკრედიტებული ელჩის როლს ამერიკაში. ეს მით უფრო საშური იყო, რომ 1924 წლის აჯანყების დამარცხების, ევროპაში 1929-33 წლების ეკონომიკური კრიზისის - "დიდი დეპრესიისა" და 1932 წელს იაპონიის მიერ მანჯურიის ოკუპაციის შემდეგ, სადაც ბევრი ქართველი ცხოვრობდა, ამერიკაში ქართველ ემიგრანტთა რიცხვი მკვეთრად გაიზარდა. 1931 წელს დაარსდა ნიუ-იორკის სათვისტომო, რომლის ერთ-ერთი ინიციატორი პავლე და თამარ კვარაცხელიებთან, ვანო კობახიძესა და გიორგი მაჩაბელთან ერთად ვასო დუმბაძეც გახლდათ.
ვასო აქტიურად მონაწილეობდა სათვისტომოს საქმიანობაში, ფინანსურადაც ხშირად ეხმარებოდა, ოთხგზის იყო მისი თავმჯდომარე. ქართველთა შესაკავშირებლად ხშირად აწყობდა თავყრილობებსა და ნადიმებს. 1938 წელს ვასოს ინიციატივით აისლიპში შეიძინეს სათვისტომოს სახლი. ვასომ თავისი ხარჯით გაარემონტა, გააწყო ავეჯით, გააშენა ბაღ-ბოსტანი, რომელსაც კოსტა ხუნწარიას ცოლ-შვილთან ერთად უვლიდა. დუმბაძის დახმარებითა და თანადგომით ამერიკაში ჩავიდა და შესაბამის სტრუქტურებს დაუკავშირდა არაერთი ქართველი, რომელთაც შემდეგ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ამერიკის ეკონომიკისა და კულტურის განვითარებაში.
მართალია, მას ამერიკაში ისეთი საკუთარი დიდი საქმე არ წამოუწყია, როგორიც გრიგოლ კობახიძესა და გიორგი მაჩაბელს, მაგრამ როგორც მორგანების ბანკის წამყვანი ფინანსისტი - მდიდარ ადამიანად ითვლებოდა. ამერიკაში ჩასვლის შემდეგ ვასომ შეირთო უმდიდრესი ქალი, რომელსაც წილი ჰქონდა ერთ-ერთ უდიდეს, დღეში რვამილიონიანი ტირაჟით გამომავალ გაზეთ "ჩიკაგო ტრიბიუნში". საკუთარი მდგომარეობის, ცოლისა და გაზეთის წყალობით ვასო ყველა უწყებაში ადვილად ახერხებდა შეღწევასა და ქართველების დახმარებას. ეხმარებოდა ევროპაში მცხოვრებ ქართველებსაც, ახალგაზრდებისთვის კი ამერიკის უნივერსიტეტებიდან საცხოვრებლით, კვებითა და სტიპენდიით უზრუნველყოფილი ადგილები ჩაჰქონდა.
ვასო დუმბაძე გარდაიცვალა 1943 წელს ამერიკაში. მისი უმცროსი დის, ეკატერინეს ქალიშვილმა რუსუდან (ლულუ) ჩეჩელაშვილმა ვასოს ფოტოები მოგვაწოდა და გვიამბო, რომ კარგად ახსოვს 1943 წელს სოფელ შემოქმედში ვასილ დუმბაძის ანდერძი რომ მივიდა ფოსტით. "ჩაბარებაზე ჩვენებს ხელიც მოაწერინეს. მე თვითონ მაქვს წაკითხული. ვასომ იცოდა, რომ მამა ცოცხალი აღარ ჰყავდა, კომუნისტებმა საკუთარ სახლში მოკლეს. ანდერძი ასე იწყებოდა: "ჩემს ძვირფას ნენას! ჩემს ძვირფას დებს, დისშვილებს, სიძეებს. ჩემი უძრავ-მოძრავი ქონება..." ანდერძში დასახელებული იყო 27 მილიონი, მე ასე მახსოვს.
ქველი ჩხატარაიშვილს მგონი 42 მილიონი უწერია. შემდეგ ეწერა, რომ თუ არავინაა ცოცხალი, იმ ფულით სკოლა ან საავადმყოფო უნდა აშენებულიყო. იცოდა, რომ აფთიაქი სოფელში უკვე იყო. ეს ანდერძი მერე მილიციის უფროსმა შალამბერიძემ წაიღო და დღემდე არ ვიცით, სად არის. როცა სუხიშვილები საზღვარგარეთ პირველად გავიდნენ, ნინო რამიშვილი, რომელიც დეიდასთან მეგობრობდა, ყვებოდა: "ამერიკას რომ ვათვალიერებდით, გიდმა ხელი გაიშვირა და გვითხრა, ეს არის თქვენი თანამემამულის, ვასო დუმბაძის ვილაო. შესვლით ვერ შევედით, მაგრამ ვინც ნამყოფი იყო, ამბობდნენ, რომ შესასვლელში, ფოიეში კიბის ერთ მხარეს ჩიხტიკოპსა და ქართულ კაბაში გამოწყობილი დედის სურათი ეკიდა, მეორე მხარეს - ანაფორაში შემოსილი მამის".
ვასო დუმბაძე - ევროპულ-ამერიკულ უმაღლეს არისტოკრატიულ წრეებში მიღებული ეს საოცარი ბიოგრაფიის კაცი ისე გარდაიცვალა, რომ მემკვიდრე არ დარჩენია. დასაფლავებულია ნიუ-იორკში. ვასო დუმბაძის მილიონები და ანდერძის მეორე დედანი კი ალბათ მორგანების ბანკში ინახება. იქ, სადაც წამყვან ფინანსისტად მუშაობდა.
რუსუდან დაუშვილი
ჟურნალი "ისტორიანი",#9