მეფე-პლეიბოი დიდ ბრიტანეთში - ედუარდ VII-ის "არანორმირებული მეფობა" მკაცრი ვიქტორიანული ეპოქის შემდეგ
დიდი ბრიტანეთის მონარქ ედუარდ VII-ს არ უყვარდა მარტო ძილი. მას ჰყავდა ათასზე მეტი, ზოგი ბიოგრაფის მტკიცებით კი 10 ათასზე მეტი საყვარელი.
ედუარდ VII-მ სულ რაღაც ცხრა წელიწადს იმეფა (1901-1910), თუმცა მის სახელს არაერთი დამკვიდრებული პომპეზური რიტუალი უკავშირდება. მონარქი დიდი ლიბერალი და სკანდალისტი გახლდათ, მისი ზოგიერთი ნამოქმედარი თანამემამულეებს დღესაც სირცხვილისგან აწითლებთ.
უელსის უფლისწულ ალბერტ-ედუარდს, შემდგომში მეფე ედუარდ VII-ს, მარტო ძილი არ უყვარდა. მეუღლე ალექსანდრა გლიუკსბურგთა გვარიდან, დანიელი პრინცესა, მაშინდელი ევროპის ერთ-ერთი ულამაზესი ბანოვანი, მას ნამდვილად ვერ უწევდა "ღირსეულ" კომპანიონობას. ბერტი, როგორც ალბერტს შინაურები მოფერებით ეძახდნენ, ამბობდა, რომ ოჯახურ გარემოცვაში "რაღაც სიცარიელეს" გრძნობდა, რასაც სხვა ქალებთან ტრფიალით ავსებდა.
მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად, ჩაპუტკუნებულ არისტოკრატს მამაკაცური პრობლემები შეექმნა. ელექტრობითაც კი დაიწყო მკურნალობა. შეუკვეთა სპეციალური დივან-სავარძელი სასიყვარულო თავშექცევისთვის. დღეს ეს ავეჯი კერძო პირთა ხელშია, თუმცა ასი წლის წინ პარიზის მდიდრულ საროსკიპო სახლში იდგა, ლე-შაბანეს ქუჩაზე, ლუვრის გვერდით. ბერტი ამ სახლის ხშირი სტუმარი გახლდათ. იქ მას საკუთარი ოთახი ჰქონდა, ლოგინის თავზე მისი სახელობითი გერბი ეკიდა. აპარტამენტში საგანგებოდ მისთვის და სტუმარი ქალებისთვის მოწყობილი იყო გედის ფორმის, ქალისსახიანი დიდი სპილენძის ბიდე (ჭურჭელი, ბაკანი სხეულის ზოგიერთი ნაწილის ჩასაბანად). მომავალი მეფე ბიდეს შამპანურით ავსებდა და მასში ჭყუმპალაობდა. საროსკიპოს დახურვის შემდეგ, 1951 წელს, ბიდე მხატვარმა სალვადორ დალიმ 110 ათას ფრანკად შეიძინა.
ყვავილებით მოქარგულ, ხავერდის ბალიშებით დამშვენებულ "ორდონიან" დივანს კი ლითონის მტკიცე ფეხები ჰქონდა. ეს ავეჯი სახელგანთქმულ არისტოკრატს ერთდროულად ორ პარტნიორ ქალთან ურთიერთობის საშუალებას აძლევდა. რაღაც მონაგონ ამბავს ჰგავს? შესაძლოა, თუმცა ყველაფერი ფაქტებით დასტურდება.
დღეს მეფე ედუარდი, შეიძლება ითქვას, მივიწყებული ისტორიული პირია. მის ძეგლს ლონდონელები გულგრილად უვლიან გვერდს. ის მხოლოდ პედანტ ტურისტებსა და მტრედებს თუ იზიდავს. საუკუნის წინ კი საქმე სხვაგვარად იყო.
* * *
მომავალი მონარქი 1841 წლის 9 ნოემბერს დაიბადა. ხოლო როცა მეფე გახდა, უკვე ხანში შესული, გამელოტებული და ღიპიანი იყო. ბრიტანეთის ტახტი მაშინ გათავისუფლდა, როცა დედამისმა, დედოფალმა ვიქტორიამ, რომელიც 63 წელიწადს მეფობდა, სული განუტევა. ედუარდმა მცირე ხანს იმეფა – სულ რაღაც 9 წელიწადს. ამბობენ, რომ იგი მაგარმა თამბაქომ, მექალთანეობამ და მუცელღმერთობამ შეიწირა. თუმცა ისტორიკოსებმა XX საუკუნის პირველ ათწლეულსა და ზოგ შემთხვევაში კიდევ რამდენიმე წელიწადსაც, ედვარდიანული ეპოქა უწოდეს.
ედუარდი ბრიტანეთის პირველი მონარქია, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა გრანდიოზული მასშტაბის გასართობ ღონისძიებებს, დააარსა მოდური ჟურნალები, მეუღლე ალექსანდრასთან ერთად ხშირად დააჭენებდა კაბრიოლეტს და ერთხელ ნორფოლკის ვიწრო ქუჩაში გადაყირავდნენ კიდეც. ძალიან უყვარდა ნადირობა. დიდ თანხებზე თამაშობდა ბანქოს.
ყოველდღიურად ეწეოდა ათ სიგარას, სვამდა ზღვა სასმელს, სადილად რვა სახის კერძს მიირთმევდა. თითქმის ყოველ ღამეს მორიგ საყვარელთან ატარებდა, რომლებიც შემდეგ ჩურჩულით იხსენებდნენ მასთან დაკავშირებულ ღამეულ ორგიებს.
ვიქტორიანული მორალის (უფრო სწორად, მისი პრინციპების, რადგან არსებობდა ჭორები, რომ ვიქტორიასაც ჰყავდა საყვარლები) ხუნდებისგან გათავისუფლებულმა ბრიტანელებმა შვებით ამოისუნთქეს: მუდმივად უკმაყოფილო, ბუზღუნა, მდუმარე მატრონას ნაცვლად, ახლა მათ თითქმის ბაროკოს სტილის მეფე, "ჩვენი ბიჭი" ჰყავდათ.
ბერტის უყვარდა უბრალო ხალხთან შეხვედრა, ზრუნავდა კიდეც მათზე: აშენებდა საავადმყოფოებს, სასტუმროებს, გაჰყავდა რკინიგზა. ცდილობდა, არ ჩამორჩენოდა თანამედროვე ტექნოლოგიებს. მისი დიდი გატაცება იყო ავტომობილები. ბნელი, მოღუშული სასახლეების დარბაზებში ელექტროლამპები დაადგმევინა. ერთგულ ქვეშევრდომებს ძალიან მოსწონდათ იგი, რადგან თავისი ქცევით უბრალო ადამიანს ჰგავდა – არ ერიდებოდა საკუთარი გრძნობების გამჟღავნებას და არც აშკარად კონტროვერსიულ საქციელზე ამბობდა უარს. თუმცა "კონტროვერსიული საქციელი" საკმაოდ მსუბუქად ნათქვამია. ბერტი ქალებისადმი დაუოკებელ ლტოლვას ამჟღავნებდა.
1861 წელს ბერტიმ ოქსფორდში დაიწყო სწავლა. მიუხედავად იმისა, რომ სასწავლებლიდან საკმაოდ შორს ცხოვრობდა, ხშირად უსხლტებოდა ხელიდან მეურვეებს მეგობარ გოგონებთან ერთად. მომავალი მონარქი სწავლაზე მეტ დროს ცხენთა შეჯიბრებას, სიგარასა და ალკოჰოლურ სასმელებს უთმობდა. ამის შემხედვარე მისმა მშობლებმა გადაწყვიტეს, ირლანდიაში, სამხედრო ბანაკში გაეგზავნათ. ეს დიდი შეცდომა იყო. მეგობრებმა ბერტი დაიყოლიეს და მის ბინაში (მომავალი მეფე გენერალთა ბინაში ცხოვრობდა) მსახიობი და მსუბუქი ყოფაქცევის ქალი, ნელი კლიფდენი მიიყვანეს. სექსმა ჭაბუკზე ნარკოტიკივით იმოქმედა. მალე ბერტის ცხოვრებაში სხვა ქალებიც გამოჩნდნენ. ეს მის დღიურებშიც ჩანს.
ამ ამბის შეტყობისას მამამისი ალბერტი დაუყოვნებლივ გაეშურა შვილთან დასალაპარაკებლად. არწმუნებდა, რომ ახალგაზრდა ცუდ გზას ადგა. ამ დროს მამა-შვილმა წვიმიან ამინდში ხანგრძლივად ისეირნეს. ალბერტი იმავე, 1861 წლის დეკემბერში გარდაიცვალა. ექიმებმა ტიფის დიაგნოზი დასვეს, თუმცა თანამედროვე მკვლევრები ხაზს უსვამენ, რომ მუცლის ღრუს ტკივილები ალბერტს მანამდეც ორი წლის განმავლობაში აწუხებდა. ვიქტორიამ კი შვილი ამოიჩემა და სიცოცხლის ბოლომდე მას აბრალებდა მეუღლის ნაადრევ სიკვდილს _ აღელვებული, წვიმაში სეირნობისას, გაცივდა და იმიტომ გარდაიცვალაო...
რაკი ერთხელ ქალებთან გართობას გემო გაუგო, ბერტის უკვე სხვა რამეზე აღარ შეეძლო ფიქრი. მალე უინძორის სასახლეში ახალი კურტიზანი მიიყვანეს. ორიოდე წლის შემდეგ ქალი "გასაჩუმებლად" ახალ ზელანდიაში გაგზავნეს და სამუდამო პენსიაც დაუნიშნეს. ამასობაში ვიქტორიამ და სამეფო კარმა რამდენიმე სადედოფლო კანდიდატს შორის პრინცესა ალექსანდრა დანიელი აარჩიეს და 1863 წელს წყვილმა იქორწინა.
ალბერტი და ალექსანდრა მარლბორო-ჰაუსში, ლონდონში უზრუნველად ცხოვრობდნენ. მეგობრებთან ერთობოდნენ, დროს ატარებდნენ, ჰქონდათ საუცხოო სამზარეულო. მალე ეყოლათ პირველი შვილი, შემდეგ მეორეც. უკვე მესამე ფეხმძიმობისას ალექსანდრამ თავი ცუდად იგრძნო (ცოლ-ქმარს სულ ექვსი შვილი ეყოლა). ამასთან, რევმატიული ტკივილების გამო ცოტათი დაკოჭლდა, მოგვიანებით, თანდაყოლილი სენის გამო ნაწილობრივ სმენაც დაკარგა... მან კარგა ხანს არ იცოდა, რომ ბერტის სასახლეში ლამის ჰარამხანა ჰქონდა მოწყობილი. თუმცა ამას არ სჯერდებოდა და ღამეებს სასახლის გარეთაც ატარებდა. არც ქმარშვილიან ქალებს ერიდებოდა. მისი კავშირი სერ ჩარლზ მორდაუნტის მეუღლესთან 1869 წელს სასამართლოთი დასრულდა. მორდაუნტმა ვერ შეძლო გაყრის საქმეში თანამოპასუხედ ჩაერთო ბერტი, რომელიც არაერთხელ ესტუმრა მის მეუღლეს ქმრის შინ არყოფნისას, თუმცა ვერაფრის დამტკიცება ვერ მოახერხა. უფლისწული სასამართლოში მოწმედ იყო გამოძახებული.
ვიქტორია ცდილობდა შვილის დარწმუნებას, უარი ეთქვა, როგორც ამას ტაქტიანად უწოდებდა, "ქალებთან ვიზიტზე". "თუმცა ძნელი იყო ბერტის დარწმუნება, რომ ძველებურ ცხოვრებაზე ხელი აეღო", – წერს ინგლისელი ისტორიკოსი და ბიოგრაფი, წიგნის _ "ბერტი, ედუარდ VII-ს ცხოვრება" ავტორი ჯეინ რიდლი.
1871 წელს ტახტის მემკვიდრეს ტიფის ნიშნები გამოაჩნდა, თუმცა იმ დროისთვის სასიკვდილო დაავადებას გადაურჩა. ავადმყოფ ვაჟიშვილს ვიქტორია დღედაღამ ფეხმოუცვლელად ეჯდა სასთუმალთან, თითქმის დარწმუნებული იყო მის გარდაუვალ სიკვდილში. ბერტი კი თავის გადარჩენას წმინდა პავლეს ტაძარში აღვლენილ წირვა-ლოცვას უმადლიდა.
საზოგადოებამ შეიყვარა მომავალი მეფე, მიუხედავად იმისა, რომ შეცდომას შეცდომაზე უშვებდა. მაგალითად, ერთი წლის შემდეგ ის აკრძალული ბანქოს თამაშის გამო დააპატიმრეს. მას კვლავ მოუწია სასამართლოს წინაშე წარდგომამ. მართალია, მნიშვნელოვანი არაფერი მიუსჯიათ, მაგრამ მონარქის პრესტიჟს დიდი ჩრდილი მიადგა. "სამარცხვინოები ვხდებით" – წერდა ნაწყენი ვიქტორია თავის ერთ-ერთ ქალიშვილს.
ბერტისა და ალექსანდრას ქორწინებამ ფორმალური ხასიათი მიიღო. ქმრის დასჯის მიზნით ალექსანდრა რამდენიმე თვით სამშობლოში, დანიაში დაბრუნდა. მაგრამ ამან მეფისწულის ვნებები ვერ დააცხრო.
ერთგვარი მისიონერული გარეგნობის მიუხედავად, ბერტი განსაზღვრული კატეგორიის ქალებში დიდ ცნობისმოყვარეობას იწვევდა. ისტორიკოსები ინტერესდებიან – მაინც რამდენი საყვარელი შეიძლება ჰყოლოდა? ფრთხილი გამოთვლებით, ეს რიცხვი შესაძლოა ყოფილიყო 1200-დან 2000-მდე. თუმცა ბევრი მეტსაც ვარაუდობს. "არც ის არის გამორიცხული, რომ ეს რიცხვი 10 ათასიც კი ყოფილიყო", – წერს გორდონ უინტერი წიგნში "მეფეთა საიდუმლოებები". "როგორც წესი, მას კვირაში საშუალოდ ოთხი საყვარელი ჰყავდა – 19 წლისა და უფროსები, 69 წლამდე. ზოგჯერ კვირაში ექვს-შვიდ პარტნიორსაც კი იცვლიდა. ამ ანგარიშით შესაძლოა, მას თხუთმეტიდან თვრამეტი ათას საყვარლამდეც კი ჰყოლოდა".
იმედგაცრუება ბერტის მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში ელოდა, უარს მას თითქმის არ ეუბნებოდნენ. მრავალი არისტოკრატისგან განსხვავებით, მხოლოდ ქალები იზიდავდა. მისი ინტიმური ცხოვრებით საფრანგეთის უშიშროების სამსახურიც კი დაინტერესდა. დაზვერვის მოხსენებაში ვკითხულობთ "მრავალსაათიანი, გრძელი საღამოების შესახებ მანდილოსანთა საზოგადოებაში". ბერტი აქტიურად მონაწილეობდა პარიზის რესტორან "კაფე ანგლეს" ორგიებში, ხშირად სტუმრობდა კაბარე "მულენ რუჟს".
ბერტის ხანგრძლივი კავშირებიც ჰქონდა. XIX საუკუნის 80-იან წლებში მას გულში ჩაუვარდა თავბრუდამხვევი სილამაზის ქალი – დეიზი გრევილი, უორვიკის გრაფინია. ისტონ ლოჯში, რომელსაც დეიზი ფლობდა და მართავდა, ერთი წესი ჰქონდათ და ვინც ეს არ იცოდა, შესაძლოა უხერხულ ვითარებაში აღმოჩენილიყო. მაგალითად, იმის ნიშანი, რომ ქალი საყვარელს ელოდა, იყო კართან ხელდაუკარებელი, ბუტერბროდებით სავსე ლანგარი. ისტონ ლოჯში დაბადებული ერთი ანეკდოტის თანახმად, ამ წესის უცოდინარმა მუცელღმერთა დიპლომატმა, ბარონმა ეკარდსტეინმა ერთხელ სულ დააცარიელა ასეთი ლანგარი და მასპინძლის საყვარელი უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო.
ედუარდის მეფედ კურთხევის ცერემონიალზე, მისივე მოწვევით, ეკლესიაში მეფეს გვერდს უმშვენებდნენ მისი რჩეული საყვარლები. ედუარდის ცოლი ალექსანდრა მოთმინებით უყურებდა ამ სცენას.
ყველაფრის მიუხედავად, ედუარდ VII-მ ხალხს მასზე შეხედულება შეაცვლევინა და მისგან საკმაოდ კარგი მეფე დადგა. დედოფალ ვიქტორიას ვაჟს კარგად ესმოდა, რომ მონარქიას, რომელმაც XIX საუკუნეში პოლიტიკური მნიშვნელობა დაკარგა, თანამედროვე სახე უნდა მიეღო. დედის, დედოფალ ვიქტორიას გარდაცვალების შემდეგ ის პარლამენტის გახსნაში არა მხოლოდ მონაწილეობდა, არამედ იგი მშვენიერ, საზეიმო ადგილად გადააქცია. დედამისი კი ბოლო 15 წლის განმავლობაში პარლამენტს უგულებელყოფდა, ახლოსაც არ ეკარებოდა.
სამეფო გარაჟიდან გამოაგორეს ჯერაც უხმარი, ნახევარი საუკუნის განმავლობაში უქმად მდგარი მოოქრული ეკიპაჟი. მეფე-დედოფალი გამოეწყო ამ დღისთვის საგანგებოდ შერჩეულ ახალ, მდიდრულ სამოსში, მეფური ბრილიანტებით მოირთო და ასე საზეიმოდ ეტლით გაისეირნეს. მონარქიულ-საპარლამენტო რიტუალში ბევრი ელემენტი იმ დროიდან არის შემოსული და მათი ავტორი, ინიციატორი და გამტარებელი მეფე-პლეიბოი ედუარდ VII იყო.
სიცოცხლის ბოლო დღეებამდე მეფე ედუარდი ძალას არ იშურებდა გერმანელების დაყოლიებისთვის, რომ ომი არ დაწყებულიყო. მას ძალიან არ უნდოდა ევროპაში ომის ხანძრის გაჩენა. 1909 წელს, როცა აღსასრულის მოახლოება იგრძნო, შიშობდა, რომ მისი ძალისხმევის მიუხედავად, ომი გარდაუვალი იყო. მისი გარდაცვალებიდან ოთხი წლის შემდეგ, მსოფლიო ომი მართლაც დაიწყო.
მოამზადა ამბროსი გრიშიკაშვილმა
ჟურნალი "ისტორიანი",#85