შრომის ანაზღაურება და ფასები I მსოფლიო ომამდელ რუსეთის იმპერიაში (ნაწილი II) - კვირის პალიტრა

შრომის ანაზღაურება და ფასები I მსოფლიო ომამდელ რუსეთის იმპერიაში (ნაწილი II)

"ისტორიანი" განაგრძობს ბეჭდვას სტატიისა, რომელშიც განხილულია ქართველ მოღვაწეთა ცნობები XIX საუკუნის მიწურულიდან 1914 წლამდე რუსეთის იმპერიაში არსებული ფასებისა და ხელფასების შესახებ. ამის შესახებ ნაწილობრივ უკვე იყო მოთხრობილი სტატიის პირველ ნაწილში, რომელშიც მიმოხილულია იმდროინდელი რუსული ფულადი სისტემაც.

დასაწყისი იხილეთ:საუკუნის წინანდელი ხელფასები და ფასები - როგორი იყო შრომის ანაზღაურება და ფასები I მსოფლიო ომამდელ რუსეთის იმპერიაში?

საზოგადო და თეატრალური მოღვაწე ნიკო ავალიშვილი (1844-1929) იგონებდა, რომ 1912 წლის მიწურულს, კავკასიის საოლქო-საინტენდანტო სამმართველოდან გადადგომის შემდეგ, მას თვიურ პენსიად 86 მანეთი დაუნიშნეს.

უ იმპერიაში არსებული ფასებისა და შრომის ანაზღაურების შესახებ საყურადღებო ცნობებია შემონახული ვაჟა-ფშაველასა (1861-1915) და მისი ძმების მიმოწერაში.

ვაჟა პეტრე უმიკაშვილს 1894 წელს სწერდა: "ჯიბესთან მწყრალად გახლავარ. გზის ფული არა მაქვს. მინდა ლიტერატურული ფონდიდან ვისესხო და თუ ხელი გამიმართეს, პირდაპირ ქალაქში ჩამოვალ ცხვედაძესთან. უფულოდ კი ფეხსაც ვერსად გადავსდგამ. თავართქილაძესთან ლაპარაკი გქონიათ ჩემი ნაწერების გამოცემაზე; მაგ პირობით არ შემიძლიან ნაწერების დათმობა. ჩემთვის ფულია დღეს საჭირო. ვაჟიც მომესწრო, ეხლა დრო აქვს იმასაც სწავლისა. თუ უნდა ნამდვილად, გულით, მე დავუთმობ ყველა ჩემს ნაწერებს ას თუმნად".

1892 წლის 31 მაისს თელავში მყოფი ალექსანდრე რაზიკაშვილი თედო რაზიკაშვილს სწერდა: "ლუკას მოცემული 7 მანეთი და შენი მოცემული 1 თუმანი სულ გამითავდა, ძმაო, ისე რომ კაპიკი აღარ დამრჩა. იმიტომ რომ იმ ფულიდგან სახლის პატრონს მივეცი რვა მანეთი, ნისია მემართა საბნისპირის და ფეხის ჩითისა ორი მანეთი - ის მოვიშორე... პირის სახოცი ვიყიდე - ათი შაური, სარტყლის და ხანჯლის გაკეთებაში - თოთხმეტი შაური. რაც დამრჩა, ის კიდევ ძმაო აპრილის ცამეტიდან ამ მაისის გასვლამდე მეყოფინა მძლივს. ეხლა კი კაპიკი აღარ მაქვს... ერთი-ორი მანეთი გამომიგზავნე".

1899 წლის 25 ნოემბერს ალექსანდრე თედოს სწერდა: "ამ სამთვენახევარში 86 მანეთი ავიღე ჯამაგირი. აქედამ 20 მანეთი კასაში შევიტანე. ვიყიდე პოლსაპოშკები და კალოშები - 7 მან. 40 კაპ., შევაკერინე ზამთრის ქუდი - 3 მ., ზეწარი - 90 კ., მუთაქა არა მქონდა, ისიც ვიყიდე - 50 კ."

1900 წლის 5 მაისს ელისავეტპოლში (განჯა) მყოფი მიხეილ რაზიკაშვილი ალექსანდრეს სწერდა: "აქ ამ ერთ კვირამდის იქნება ვაკანსია გაიხსნას მწერლისა "Государственное Управление"-ში, რომელიც ჩემთვის უნდათ ქართველებს აქ მოსამსახურეებს, რადგანაც მარტო ორნი არიან ქართველები (Делопроизводитель Бакрадзе и помощ. Бакрадзе и помощ. делопроиз. Церетели). უკანასკნელი ნათესავია ვასოსი და ჩვენთანა ცხოვრობს. Получает 50 рублей в месяц. ეს ორი დღეა დავყევარ უპრავლენიეში, მაწერინებს, რომ ხელი გაგემართოსო. და რაწამს ვაკანსია გაიხსნება, ვეცდებით, რომ მიგაღებინოთო. მაგრამ ბევრი-ბევრი დამინიშნონ თვეში 20 მ. ნამსახური მწერლები იღებენ 25 მ."

1906 წლის 8 აპრილს თედო რაზიკაშვილი ანასტასია თუმანიშვილ-წერეთლისას სწერდა: "ჯეჯილის" საქმე გამოაკეთეთ თუ ვერა? მეც მასალის გაგზავნას "ნაკადულში" დავეხარბე, რადგან იმედი მქონდა თავის დროზედ მომაწოდებდა ჰონორარის რაღაც საცოდავ გროშებს, რადგან ეხლა ასე გვიჭირს და სხვა საღსარი არა გვაქვს-რა. მაგრამ პატივცემულმა მარიამმა "ბუს ფეხის" კუთვნილი (შარშან ენკენისთვის ნომერში დაიბეჭდა) ფულიდან, სულ რაღაც 22 მ. (სტრიქონ პროზაში 5 კ. იძლევა, ლექსში - 10 კ.) მხოლოდ ჯერჯერობით 10 მ. მომაწოდა. თქვენგანაც მივიღე 7 მ., რისთვისაც დიდ მადლობას გწირავთ".

უ თედო სახოკიას (1868-1956) მემუარებში, რომელშიც მოთხრობილია 1908 წელს ავტორის მოგზაურობა მატარებლით ციმბირისკენ (პატიმრის რანგში), ვკითხულობთ: "გავუარეთ ჩელიაბინსკს... სადგურებზე გლეხებს გამოაქვთ: გოჭები, ინდოურები, ბატები, ქათმები, კარაქი, მსუქანი რძე... შემწვარ გოჭს 8-10 გირვანქიანს - სამ აბაზად აფასებენ... არიან ისეთი მუშტრებიც, რომელთაც ეს ფასი ებევრებათ და ეჩიჩინებიან, ორ აბაზად აძლევენ... ინდოური 7-8 გირვანქიანი - ათ შაურად, ბატი - ორ აბაზად, მთელი ბოთლი საუკეთესო რძე, ნაღებით სავსე - შაურად, საუცხოო კარაქი - ექვს შაურად გირვანქა, პური - კაპიკად გირვანქა. ჩვენმა კომუნამ, ათი კაცისაგან შემდგარმა, ერთი გოჭი იყიდა, ზედ მიაყოლა ინდოური და ერთი აბაზის რძეც. ჩვენც გავძეხით, კონვოის სალდათებიც დავიწვიეთ და ისინიც მადლიერები დაგვრჩნენ".

ნიკო ავალიშვილი ქართლ-კახეთის თავადაზნაურთა ტრადიციული აღკაზმულობით (XIX საუკუნე)

უ საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი, მწერალი ვლადიმერ ნაცვლიშვილი (1871-1946), რომელიც წერდა ფსევდონიმით "ლადო ბზვანელი", იგონებდა: "1897 წლის 1 სექტემბრიდან დამნიშნეს ქუთაისის მაზრის სოფელ ტობანიერის ორკლასიანი სამინისტრო სასწავლებლის ზედამხედველად... დავრჩი 10 წელიწადს... ჯამაგირი მეძლეოდა ერთკლასიანებში წლიურად 240 მანეთი, ორკლასიანებში - 400, ბინითა და გათბობა-მსახურით. ცხოვრება იაფი იყო...

განათლების სამინისტროდან წარმატებისათვის ხშირად მეგზავნებოდა დახმარების სახით ჯილდო - 125-150-200 მან. ერთდროულად... 1907 წლის სექტემბრიდან იწყება ჩემი მუშაობა-მოღვაწეობის მეორე ხანა ქალაქის ფარგლებში... იმ დროს ქუთაისში არსებობდა 5-6 სკოლა... ჯამაგირი იყო წლიურად 500 და სამ-სამი წლის შემდეგ პერიოდული მომატებანი, სულ სამჯერ წლიურად 100-100 მან."

უ მწერალი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს მწერალთა კავშირის პირველი თავმჯდომარე კონსტანტინე (კოტე) მაყაშვილი (1876-1929) იგონებდა: "1895 წელს დავამთავრე გიმნაზია და გავემართე პეტერბურგს. დიდის დავიდარაბის შემდეგ, დამინიშნეს სტიპენდია - 20 მანეთი თვეში".

უ მოსკოვში სასწავლებლად ჩასულ ქართველ სტუდენტთა მდგომარეობის შესახებ საყურადღებო ცნობებია დაცული მთარგმნელისა და მხატვრის, ლადო ჯაფარიძის (1887-1981) მოგონებებში, რომელიც 1906 წლიდან მოსკოვის უნივერსიტეტში სწავლობდა.

ლ. ჯაფარიძე იგონებდა: "ქართველი სტუდენტები მოსკოვში მაინცდამაინც გაჭირვებულნი არ იყვნენ. რაკი მაშინდელ…მოსკოვს უფრო ძვირ ქალაქად იცნობდნენ, ამიტომ იქ მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფილი სტუდენტები ჩადიოდნენ. მათ შორის იყვნენ დავით სარაჯიშვილის, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, თავადაზნაურთა და სხვათა სახელობის სტიპენდიატებიც, რომელთაც თვეში 15-დან - 50 მანეთამდე თანხა ჰქონდათ...…სტიპენდიები კავკასიის სასწავლო ოლქსაც საკმარისად ჰქონდა, მაგრამ ეს თანხა განკუთვნილი იყო მხოლოდ ოდესასა თუ ხარკოვში მყოფი სტუდენტებისათვის. იყვნენ შეძლებული ოჯახის შვილებიც... მაგალითად დავასახელებდი ოთხ ძმა ფორაქიშვილს, რომელთაგან თითოეული ხუთ თუმანს იღებდა...

სტუდენტი თუ 20-25 მანეთზე ნაკლებს იღებდა, უფასოდ სადილობდა სტუდენტურ სასადილოში... თვეში სადილი 6 მან. ღირდა, ე.ი. თითო ულუფა - 20 კაპ. სადილი ჩინებული გახლდათ: პირველი უთუოდ ხორცით იყო დამზადებული, რომელიც შეიძლებოდა განმეორებითაც მოგეთხოვათ. მეორეც ასევე ხორცეული იყო, თანაც იმდენი, რომ ზოგი ვერც ერეოდა... ამგვარად, სადილი სტუდენტს თვეში 6 მ. უჯდებოდა, ხოლო დაქირავებულ ოთახთან ერთად სულ 16-18 მ. რა თქმა უნდა, გაჭირვებით, მაგრამ 25 მ. მაინც საკმარისი იყო. მე და ჩემი ძმა ერთდროულად 50-ს ვიღებდით და სავსებით გვყოფნიდა. ოთახში 20-ზე მეტი არ იხარჯებოდა, ზოგჯერ - 17-18. ამიტომ, ზამთრის სუსხში სადილს ხშირად სახლშივე ვიღებდით, ან იქვე მის ახლოს; ამას შინაურ სადილს ეძახდნენ, სუფთა ერბოზე მზადდებოდა; სამაგიეროდ, თვეში 7 მ. ჯდებოდა.

დილის საუზმე ჩაით იწყებოდა. "სამოვარი" დილა-საღამოს - ოთახის ქირაში შედიოდა, ოღონდ მოსამსახურისათვის "საჩუქრად" 50 ან 75 კაპ. უნდა მიგვეცა თვეში. კარაქი, პური, შაქარი და ზეთი ცალკე ხარჯი იყო, ისიც კაპიკები... გაზეთი იმ დროს 3 კაპ. ღირდა... შვეიცარს ყოველთვიურად ვაძლევდით 75 კაპიკს, რათა ტელეფონზე დავეძახეთ ხოლმე... ასე, რომ 25 მ. ერთი სტუდენტისათვის ყველა ხარჯის დასაფარავად, სრულიად საკმარისი იყო. ხოლო თუ ეს არ ჰყოფნიდა, შეეძლო რაიმე სამუშაოზე მოწყობილიყო... ყველაზე იოლი იყო რეპეტიტორობა...

მალე მოსკოვში მე და გრიგოლს ორი უმცროსი ძმა - ვალერიანი და ალექსანდრეც შემოგვიერთდა. თუმცა არსებობა არ გვიჭირდა, მაინც ვმუშაობდით დიდ საოპერო თეატრში... ძირითადად მასობრივ სცენებში ვიღებდით მონაწილეობას... ჩვენ როლებშიც ვიყავით ხოლმე დაკავებულნი და ამიტომ რეპეტიციებზეც ხშირად გვეძახდნენ; ამისთვის ყოველ მისვლაზე 50 კაპიკი გვეძლეოდა, ხოლო სპექტაკლში მონაწილეობისათვის - თითო მანეთი. ამით თვის განმავლობაში კარგი ჰონორარი გროვდებოდა - 20 მანეთზე მეტი. ეს უკვე დიდი შეღავათი იყო ჩვენთვის. თანაც, როგორც მასწავლებლის შვილებს, სწავლის ფულის გადახდა არ გვევალებოდა".

უ მოსკოვის უნივერსიტეტში სწავლობდა ანდრია რაზმაძე (1889-1929) - მომავალში ცნობილი მეცნიერი, რომელიც 1906 წლის 18 ივლისს, დედისადმი გაგზავნილ წერილში წერდა: "დღეს დავდექი კარგ ოთახში. ჩემთან ცხოვრობს ჩემი ამხანაგი. ძალიან შევეწყვეთ. ასე რომ, თვეში 20 მანეთად გამოვალ. მოსკოვი მაინდამაინც არ მომეწონა... წიგნები ვიყიდე. ფული ძალიან შამომაკლდა. სულ დამირჩა 3 მ. 50 კ. გამომიგზავნე ტელეგრაფით 30 მ. უსათუოდ შენი ჭირიმე. ამას თვენახევარზე ვიმყოფინებ... სახლის ქირას ცალკე ვიხდი და საჭმელზე სხვასთან ვარ. ფული მინდა".

უ ნოვოროსიის (ოდესის) უნივერსიტეტში სწავლობდა დიმიტრი ჯავახიშვილი (1882-1971), მომავალში ექიმი-კურორტოლოგი, რომელიც იგონებდა: "შევედი სამედიცინო ფაკულტეტზე... ოთახის ქირად თუმანს გვახდევინებდნენ... სმა-ჭამა შედარებით იაფი იყო... ვაჭრების ოჯახებისა და სხვა შეძლებული ინტელიგენციისაგან საქველმოქმედო ხასიათის ე.წ. სამზრუნველო კომიტეტი შედგა. ჩვენს სტუდენტურ სასადილოს სწორედ ეს კომიტეტი მზრუნველობდა...

პური უფასოდ გვეძლეოდა. შაქრიანი ჩაი 2 კაპ. ღირდა. წვნიანში 5-ს ვიხდიდით, ერთ მათლაფა "გრეჩიხაში" 3-ს. ამდენივე ღირდა ჭიქა რძე. ასე რომ, სტუდენტს შეეძლო ორიოდე შაურით ესადილა. ვახშამს უკვე შინ შევექცეოდით. გირვანქა შაქარი 15 კაპიკი ღირდა, თეთრი პური - 3, ძეხვი - 20. ამდენივე ღირდა გირვანქა ჰალვა... ყველაზე იაფი იყო ყველი "ბრინზა". ოთახის პატრონი ჩაისათვის წყალს გვიდუღებდა, ოთახს გვითბობდა, გვინათებდა... სრულიად გაჭირვებული სტუდენტებისათვის საერთო საცხოვრებელი არსებობდა".

თბილისში ჩამოსული დიმიტრი ჯავახიშვილი თავის ნათესავის, ოქრო ჯავახიშვილის სიძის - დიმიტრი გურგენიძის ოჯახში რამდენჯერმე შეხვდა იოსებ ჯუღაშვილს.

დიმიტრი ჯავახიშვილი იხსენებდა: "შევივლიდი ხოლმე დიმიტრი გურგენიძის ოჯახში... ობსერვატორიაში მუშაობდა დამკვირვებლად... დამკვირვებლად მუშაობდა იოსებ სტალინიც. იგი რამდენჯერმე შემხვედრია ამ ოჯახში. ერთხელ... მოვიდა სტალინი, მოიტანა ერთი ბოთლი სამშაურიანი დაბეჭდილი კახური ღვინო, კიტრი, პამიდორი და პური, - "აბა, მოდით და პური ვჭამოთო". ეს 1906 წლის აგვისტოში მოხდა".

1908 წელს სტუდენტი დიმიტრი ჯავახიშვილი ოდესიდან ბათუმში მიმავალ გემს ექიმად გააყოლეს, რათა ქოლერის ეპიდემიის პრევენცია მოეხდინათ. ის იხსენებდა: "გემზე მუშაობა... საინტერესო იყო მატერიალურადაც. ხელფასი ასი მანეთი გვქონდა, ჭამა-სმა - უფასო. ფული მეზოგებოდა და ორიოდეჯერ ჩემს ღარიბ ოჯახსაც კი გავუგზავნე".

ერთხანს დ. ჯავახიშვილი ექიმად გურჯაანშიც მსახურობდა. ის იგონებდა: "1910 წლიდან გურჯაანში ხელფასს ვღებულობდი ადგილობრივი ფოსტა-ტელეგრაფის განყოფილებაში, რომლის გამგე ნიკოლოზ იაშვილი მეტად კარგი ადამიანი გახლდათ. ხელფასს მეტწილად ოქროთი მაძლევდა, თუმც შეიძლებოდა ქაღალდითაც მოეცა".

უ ილია ჭავჭავაძის მოკვლის შემდეგ, მისი ხსოვნის უკვდავსაყოფად, ქუთაისის საქალაქო თვითმმართველობამ დააწესა ილიას სახელობის სტიპენდია წელიწადში 300 მანეთის ოდენობით. პირველი სტიპენდიატი იყო ვუკოლ ბერიძე, რომელსაც აღნიშნული თანხიდან თვიურად 25 მანეთს უგზავნიდნენ. მან 1911 წელს თვითმმართველობას სთხოვა, რომ წლიური თანხა 9 თვეზე გადაენაწილებინა და მისთვის თვიურად 35 გადაეგზავნათ. ეს თხოვნა დააკმაყოფილეს. აღნიშნული სტიპენდია 1912 წელს დაენიშნა კონსტანტინე გამსახურდიასაც, რომელიც ამ თანხას 1913 წლის აგვისტომდე იღებდა.

ქართველ სტუდენტებს დიდ დახმარებას უწევდა ჭიათურის მარგანეცის მრეწველთა ყრილობის საბჭო, რომელსაც გიორგი ზდანოვიჩი (1855-1917) თავმჯდომარეობდა. 1914 წელს ეს საბჭო სტიპენდიას აძლევდა 31 სტუდენტს. მათ შორის ყველაზე მეტი, წლიურად 600 მანეთი ეძლეოდა მხატვარ დავით კაკაბაძეს, 480-ს იღებდა კომპოზიტორი, ჰიმნ "დიდების" ავტორი კოტე ფოცხვერაშვილი, ხოლო 300-300 ეძლეოდათ როგორც კ. გამსახურდიას, ასევე თედო ღლონტს, სერგო კლდიაშვილსა და სხვებს.

უ 1909 წლიდან ასტრახანის გუბერნიის ქალაქ კრასნი იარში ცხოვრობდა რევოლუციური მოღვაწეობისთვის გადასახლებული ისიდორე რამიშვილი (1859-1937). ის იგონებდა, რომ პოლიტიკურ ნიადაგზე გადასახლებულთ ეძლეოდათ სახელმწიფო სუბსიდია, კერძოდ, საშუალო და უმაღლესი განათლების მქონეთ ან სასულიერო და პრივილეგირებული წოდებისას, თვიურად "13 მან. და 50 კაპ. ცოლიც ღებულობდა ქმრის ოდენას და მცირეწლოვანი შვილები - ნახევარს. მე, მაგალითად, მეძლეოდა ჩემთვის, ცოლისა და ორი მცირეწლოვანი შვილისთვის 40 მ. და 25 კ."

ამასთან ერთად, რამიშვილი თავის მეუღლესთან ერთად რეპეტიტორობდა, რაშიც მათ ეხმარებოდათ სახელმწიფო სათათბიროს ყოფილი დეპუტატი, ექიმი ნიკიფორე დოლგოპილოვი.

მოგონებებში ვკითხულობთ: "გადასახლებაში მე ჩემს სარჩოს ვშოულობდი კერძო გაკვეთილებით. კრასნი იარში ვასწავლიდი ყირგიზის ბავშვებს, რომელთაც ვამზადებდი ადგილობრივ სამოქალაქო სასწავლებლისთვის და შეძლებულების შვილებს ასტრახანის გიმნაზიისა და რეალურ სასწავლებლისთვისაც... გასამრჯელოდ ყველა მოწაფე, დიდი და პატარა - თითო თუმანს მაძლევდა, რაც სახელმწიფო სუბსიდიასთან ერთად კარგად გვყოფნიდა სამ სულს, რადგანაც სანოვაგის და ოთახის სიიაფე იყო დიდი. მთელი ბინა სამი ოთახით, სამზარეულოთი, საკუჭნაოთი, აივნით, საცვლებისა და ოთახების რეცხვით, ღირდა თვეში 10 მან...

ასტრახანში ჩემი გადასვლისთანავე დოლგოპილოვი შეეცადა თავის მრავალრიცხოვან ნაცნობებში ჩემთვის და ჩემი ცოლისთვის გაკვეთილები ეშოვნა და გვიშოვნა კიდეც ძლიერ მდიდარ ოჯახებში... მქონდა გაკვეთილები თანამდებობის პირების ოჯახშიც... გუბერნატორი და ჟანდარმერია ამ მხრივ არ გვავიწროვებდნენ... ვასწავლიდი ნაფიც ვექილ ლიახოვის ქალ-ვაჟს. ლიახოვი იურისკონსულტად ჰყავდა დაქირავებული მილიონერ ბეზზუბიკოვს ას თუმნად თვეში. როდესაც მან გაკვეთილები მიშოვნა თავის პატრონთან, დამარიგა: "ფულზე არ დაზოგოთ, ბევრი მოითხოვეთო"...

ბეზზუბიკოვმა, მამამ ორი ჩემი მოწაფისა, მკითხა: "რამდენი უნდა მოგართვათ?" - "ერთი თუმანი, ასე ვახდევინებ-მეთქი". ბეზზუბიკოვს, შევატყვე, ეწყინა, შეურაცხყოფილად იგრძნო თავი და მითხრა: "ნუ დაგავიწყდებათ, რომ ბეზზუბიკოვი ვარ!". - "ბეზზუბიკოვი მოიქცევა ისე, როგორც მას შეჰფერის, ეს მისი საქმეა, მე კი როცა მეკითხებიან, ჩემი ფასი უნდა დავასახელო". მიხვდა, რაშიაც იყო მისი შეცდომა, ამოიღო მარცხენა ხელიდან ხუთთუმნიანი ქაღალდი, დადო ჩემს წინ და გაბრუნდა. დანარჩენი უკან წაიღო ხელში ჩაჭმუჭნული. მერე ლიახოვმა მითხრა, რომ 15 თუმანი ჰქონდა მომზადებული ჩემთვის, მაგრამ მომცა 5, რადგან ჩემი პასუხი არ მოსწონებოდა".

იმავდროულად, როგორც ისიდორე რამიშვილი შენიშნავს: "თევზი იქ მაშინ ყველას თავსაყრელად ჰქონდა, თუ უბრალო თევზის ჭამას ისურვებდა. უფრო ეტანებოდნენ ზუთხის ჯიშის თევზებს. საუკეთესო ჯიშის ზუთხი გირვანქა 30 კაპეიკად იყიდებოდა".

1906 წელს, სტოკჰოლმში, რსდმპ IV ყრილობაზე, ვლასა მგელაძესთან (1868-1943) ერთად ჩასული ისიდორე რამიშვილი იგონებდა, რომ ფინეთის სადგურებზე მოქმედებდა შემდეგი წესი: "რამდენიც უნდა ეჭამა მგზავრს, ბევრი თუ ცოტა, ფასი ერთი იყო დადებული - 4 აბაზი. ვლასამ ეს წესი კარგად გამოიყენა: პირველ სადგურზე გაანადგურა ყველაფერი ბუფეტში. აქ გოჭის კანჭი იკრა პირში, იქ ცხვრის სათბილოს დასტაცა ხელი, იქ შემწვარ ქათამს ააცალა მხარ-კურტუმო, ყველი, თევზი, ჭიქა რძეც მიაყოლა და გამოვიდა გარეთ. გაოცებულები უცქერდნენ სტუმრები, ხოლო ბუფეტის პატრონები ცხვირჩამოშვებულები უგემურად იღიმებოდნენ".

(დასასრული იქნება)

ნიკო ჯავახიშვილი

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი

ჟურნალი "ისტორიანი",#88