მოგზაურობა მშობლიურ მხარეში
ჯავახეთი საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი ისტორიულ-ეთნოგრაფიული და სამხრეთის სასაზღვრო მხარეა.
იგი ადმინისტრაციულად მოიცავს ახალქალაქის, ნინოწმინდისა და ნაწილობრივ ასპინძის რაიონებს. შესაძლოა საზოგადოების ერთი ნაწილისთვის არ იყოს ცნობილი, რომ ჯავახეთის უკიდურესი სამხრეთის მცირე ნაწილი - ვარძიის ახლომდებარე საზღვრიდან მტკვრის აყოლებით, მგელციხისა და ზეგანის/ზექის ხუროთმოძღვრული ძეგლებისა და კარწახის ტბასთან მიმდებარე ტერიტორიები დღეს თურქეთის რესპუბლიკის შემადგენლობაშია (არტაანის მხარეში). ერთი პატარა ნაწილი ბორჯომსაც ეკუთვნის.
ქვეყნის სამხრეთის ფარი
პირველად ჯავახეთი ქართული სახელმწიფოებრიობის გარიჟრაჟზე, დიაოხის გაერთიანების დროს მოიხსენიება ურარტულ წყაროებში. სწორედ ეს მხარე იკითხება ურარტუს მეფის არგიშტი I-ის ლურსმულ წარწერებში ზაბახას/ძაბახას სახელწოდებით ძვ.წ. VIII საუკუნეში, 785 წელს. აქედან მოყოლებული, ყველა ეპოქაში, ჯავახეთი ყოველთვის მნიშვნელოვან ეკონომიკურ, კულტურულ, რელიგიურ როლს ასრულებდა ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში. დიდი იყო საქართველოსთვის ამ მხარის საკომუნიკაციო მნიშვნელობა სამხრეთის მოსაზღვრე სახელმწიფოებთან.
ჯავახეთს ბევრი ტრაგიკული ფურცელი ახსოვს, განსაკუთრებით, გვიან შუა საუკუნეებში. XVI-XVII საუკუნეების მიჯნაზე ჯავახეთი დიდი ხნის განმავლობაში ოსმალეთის იმპერიის უღელქვეშ მოექცა 1828-1829 წლებამდე.
ამ ომში რუსეთის ჯარმა ქართველთა აქტიური მონაწილეობით დაამარცხა სულთნის ასკერები და ჯავახეთი, მეზობელ მხარეებთან ერთად, დედასამშობლოს დაუბრუნდა. ასეთი შედეგი სულაც არ წარმოადგენდა რუსეთის იმპერიის მიზანს, რომელიც ცდილობდა, საქართველოს სამხრეთში ერთგული ეთნიკური კორდონი შეექმნა რუსი სექტანტების, სომხების, ბერძნებისა და სხვათა სახით. მათი წაქეზებითა და ძალისხმევით ჯავახეთი დატოვა გამაჰმადიანებული ქართველების დიდმა ნაწილმა და მათ ადგილას, ძირძველ ქართულ სოფლებში, ძირითადად არზრუმელ-ყარსელი სომხები და ნაწილობრივ რუსი დუხობორები ჩაასახლეს. ასე, ხელოვნურად შეცვალეს ეთნიკური სურათი და სამწუხაროდ დღესაც ქართული მოსახლეობა აქ უმცირესობას წარმოადგენს. დარჩენილ ქართულ სოფლებში კი დიდია მიგრაციული განწყობა საქართველოს სხვა კუთხეებისა და ქალაქებისკენ. ჯავახეთში დამკვიდრება სომხურმა მოსახლეობამ შეიფერა და ზოგ შემთხვევაში, რადიკალურად განწყობილთათვის არც პრეტენზიებია უცხო. მით უფრო, რომ ტენდენციური სომეხი მეცნიერების წაქეზებით, ისტორიული მკვიდრობის პრეტენზიასაც კი აცხადებენ.
ამ ფონზე დიდია ამ კუთხეში დედათა და მამათა ქართული, მართლმადიდებლური მონასტრების დაფუძნების როლი უძველეს სასულიერო კერებზე, ასევე ეკომიგრანტთა კომპაქტური ჩასახლებები. სახელმწიფოს გონივრულ პოლიტიკასთან ერთად, მნიშვნელოვანია ქართველი მეცნიერებისა და საზოგადოებრიობის დაინტერესება ექსპედიციების, ლაშქრობა-ექსკურსიების სახით.
წმინდა ნინოს კვალზე
სწორედ ასე შევიკრიბეთ თანამოაზრეთა ჯგუფი და ორი გასვლა მოვაწყეთ ჯავახეთში სხვადასხვა მიმართულებით. პირველი ექსპედიცია დავუკავშირეთ ჯავახეთში წმინდა ნინოს შემოსვლის დღის აღნიშვნას. გზას თრიალეთის მხრიდან გავუდექით, პანტიან-ორბეთი,უნიკალური ბზა-აძიკვის (გოხნარ-ახალსოფლის) მიდამოები - აჭარელი ეკომიგრანტების იმერა-წალკის ქვაბული და აი, დაბალი ფარავნის უღელტეხილის გადავლით ფარავნის (ფარვანის) ტბაც გამოჩნდა.
ფარავნის ტბა ფართობით უდიდესია არა მხოლოდ ტბამრავალ ჯავახეთში, არამედ მთელ საქართველოში. იგი ვულკანურ-ტექტონიკური წარმოშობისაა, მდებარეობს სამსარისა და ჯავახეთის ქედებს შორის "ჩამჯდარ" ქვაბულში, ზღვის დონიდან 2073 მეტრზე. ტბის სარკის ფართობი 37,5 კვკმ-ია, თუმცა წყალმარჩხია, - მაქსიმალური სიღრმე 3,3 მეტრია. უხვთევზიანი ფარავანი ზამთრობით თითქმის ნახევარმეტრიანი ყინულით იფარება. ტბა იკვებება მდინარეებით შაორი (შაშკა), საბადოსწყალი, როდიონოვკისწყალი და ღელეებით, ხოლო ტბიდან მხოლოდ მდინარე ფარავანი/ახალქალაქისწყალი/ჯავახეთის მტკვარი (ერთი მდინარის სამი სახელია) გამოედინება.
ფარავნის ტბის გარშემო შემდეგი სოფლებია: ფოკა, ვლადიმიროვკა, ტამბოვკა, როდიონოვკა, ასფარა, ხულგუმო. ფარავნის ტბის ნაპირას მამათა მონასტერია დაარსებული, მის დასავლეთით კი სოფელ ფოკაში - დედათა სავანე. სწორედ მამათა მონასტრის მახლობლად, შთამბეჭდავ ველზეა აღმართული მხრებდაქნილი, შთამბეჭდავი ზომის წმინდა ნინოს ჯვარი. აქვეა ქვებით მოპირკეთებული სცენა და აგებულია სამრეკლო. ყველა პირობაა შექმნილი წმინდა ნინოს შემობრძანების საზეიმო წირვისთვის.
ეს ამბავი 325 წელს "თთუესა მეოთხესა", ივნისში მომხდარა, როდესაც წმინდა ნინომ ჯავახეთის თოვლიან მთებში "ჩამჯდარ" ფარავნის ტბას მოაღწია, სადაც ორ დღეს გაჩერებულა. აქედან დაუყვა ჯერ ტბიდან გამომდინარე ფარავნისწყალს და იქიდან მტკვრის ხეობით ქვეყნის დედაქალაქ მცხეთისკენ გაეშურა ქრისტეს მოძღვრების სადიდებლად...
მოჰკიოდა, ქარი ღრუბლებს მოჰკიოდა და ფარავანს ტბასა ზედა ძრწოდა ქარი...
მოდიოდა, ნინო მთებით მოდიოდა
და მოჰქონდა სანატრელი ვაზის ჯვარი...
რა თქმა უნდა, ანა კალანდაძის ამ ლექსის ("მოდიოდა ნინო მთებით") გარეშე ეს დღე ვერ ჩაივლიდა. წმინდა ნინოს შემობრძანების დღე ფარავნის ტბის ნაპირზე, ფარავნისა და ფოკის მონასტრებში მასშტაბურად, სახელმწიფოებრივ დონეზე აღინიშნა. საზეიმო წირვას თორმეტი მღვდელმთავარი დაესწრო. პრემიერ-მინისტრი და ქვეყნის პრეზიდენტიც აქ იყვნენ. თბილისიდან ჩამოსულ მომლოცველებთან ერთად აქაურ სოფლების მოსახლეობასაც მოეყარა თავი, ძირითადად სომხური ეროვნებისა... პატარა სომეხი გოგო-ბიჭები ქართველ გლეხთა ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი ხვდებოდნენ სტუმრებს. ბიჭების ერთ ნაწილს კახური, ნაწილს კი სვანური ქუდები ეხურა...
თქმულებებში გადასახლებული
ფარავანი
ნაყოფიერია ფარავნის მიმდებარე და საერთოდ ჯავახეთის შავმიწები, აქ უხვად არის ალპური მცენარეები, სხვადასხვაფერად აჭრელებული ყვავილები. ტბას ჩრდილო-დასავლეთის მხრიდან ჯავახეთის უმაღლესი მწვერვალი, ზამთარ-ზაფხულ თოვლმოსილი დიდი აბული, თავკვეთილა და სხვა მთები წამოსდგომიან, სამხრეთ-დასავლეთიდან კი პატარა აბული შთამბეჭდავი მეგალითური, ციკლოპური, უძველესი ბრინჯაოს ხანის ციხესიმაგრით. ფარავნის სიახლოვესაა შაორის ციხე, ხოლო აღმოსავლეთ სანაპიროზე - შუა საუკუნეების ქარვასლა, უფრო მოშორებით ე.წ. ჭიქიანის მენჰირი, ანუ მიწაში ვერტიკალურად ჩამაგრებული მეგალითური ლოდი.
ფარავნისპირა სოფლებიდან განსაკუთრებით ბევრ ასოციაციას ასფარა აღძრავს. ეს იგივე ასპანაა, ქართულ ფოლკლორში რომანტიკით აგრერიგად შებურვილი.
ლეგენდარულ ხალხურ ბალადაში მითური თა(ვ)ფარავნელი ჭაბუკის უიღბლო სიყვარულის შესახებ, გადაულახავ ზღუდედ მოყვარულ ქალ-ვაჟს შუაში წყალი/ზღვა/ტბა ედო. თა(ვ)ფარავნელი ჭაბუკი
ასპანას ქალსა ჰყვარობდა,
ზღვა ჰქონდა წინად სავალი,
გასვლას შიგ არა ზარობდა.
ქალი ანთებდა სანთელსა,
სანთელი კელაპტარობდა...
სხვა ვარიანტებში თავფარავნელი ჭაბუკი ჩანაცვლებულია ზემო ქართლელი ან თამარაშნელი ჭაბუკით.
ფარავნიდან საღამოს ტბისკენ გავემართეთ. საავტომობილო გზას პარალელურად ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის ხაზი მიუყვება, რომელიც სამწუხაროდ, ვერა და ვერ გამართეს. არადა, რა დიდ იმედს ამყარებდა საზოგადოება აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის დამაკავშირებელი მაგისტრალის ეკონომიკურ ეფექტზე... გავიარეთ სომხებით დასახლებული დიდი სოფელი განძანი და სოფელ საღამოში შევედით.
საღამო და მეფე დავითის სტელა
პატარა სოფელია საღამო, მაგრამ დიდი ისტორიის მქონე. ამაზე თუნდაც ის მოწმობს, რომ აქ აღმართული იყო უნიკალურწარწერიანი სტელა, ე.წ. მეფეთმეფისა დავითის ხელი. სტელაზე მავედრებელი წარწერაა. მკვლევართა უმეტესობა ამ სტელას XIII საუკუნით ათარიღებს და დავით ულუს მიაწერს. თუმცა არის მოსაზრება, რომ იგი XII საუკუნისაა და წარწერაში მოხსენიებული მეფე თვით დიდი დავით IV აღმაშენებელია. ეს სტელა ნინოწმინდის რაიონის სოფელ საღამოდან 1954 წელს თბილისში ჩამოიტანეს და დღეს საქართველოს ეროვნულ მუზეუმშია დაცული. ასომთავრულ წარწერას კი შემდეგნაირად კითხულობენ: "ადიდენ და დაამყარენ ღმერთმან ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთის თვითმპყრობელი მეფეთა მეფე დავით..."
ოსმალობის ხანაში დიდი წნეხის ქვეშ ჯავახეთის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი გამაჰმადიანდა. ქართველი ანუ მაჰმადიანი მესხები სოფელ საღამოში 1944 წლამდე ცხოვრობდნენ. ამ წელს კი საბჭოთა რეჟიმმა ძირძველი ქართველები შუა აზიაში გადაასახლა. ამის შემდეგ სოფელი მეზობელი განძანის მცხოვრებმა სომხებმა აითვისეს.
საღამოში არაერთი ქართული ისტორიული ძეგლი და სამი ეკლესიაა. ერთ-ერთ მათგანში 2004 წელს დედა მართასა და დედა მარინეს თაოსნობით დაარსდა წმინდა თამარ მეფის სახელობის მონასტერი. პირველი წლები უმძიმესი იყო, დიდი ეჭვით შეხვდა აქაური სომხური მოსახლეობა მართლმადიდებლურ მონასტერს. უმწეო, მაგრამ სულიერად ძლიერი დედების მიმართ ფიზიკურ ძალადობამდეც კი მიდიოდა საქმე, მაგრამ ღირსეულმა ღვთისმოსავმა ქალებმა ყველა გაჭირვებას გაუძლეს, მეურნეობაც ააწყვეს... ადგილობრივებიც ნელ-ნელა შეეჩვივნენ ქართული მონასტრის არსებობას.
გულთბილად გვიმასპინძლეს დედებმა, გულითადად ვისაუბრეთ ჯავახეთის საჭირბოროტო საკითხებზე, მონასტრის მომავალზე, ეკლესიის მიმდინარე რესტავრაციასა და კიდევ ბევრ რამეზე. მცირეოდენი შესაწირიც დავუტოვეთ, სხვა დროისთვის ფიზიკურ დახმარებასაც დავპირდით და წამოსვლაც დავაპირეთ. ამ დროს მონასტრის კარ-მიდამოში ჩემი ყურადღება მიიპყრო სახურავზე ბალახებამოსულმა ბანიანმა შენობამ, რომელიც ამჟამად დამხმარე ნაგებობად გამოიყენება. ერდოგვირგვინიანი დარბაზული ნაგებობის ჯავახეთში გავრცელებული ერთ-ერთი სახე - თაკარიანი ოდა აღმოჩნდა. გადმოცემით, იგი მუსლიმან მესხებს აუშენებიათ, ხოლო მათი გადასახლების შემდეგ წლების განმავლობაში სომეხ მოსახლეობას დაუკავებია, ამჟამად კი ტაძრის საკუთრებაა.
გაორებული გრძნობით გამოვეშურეთ სოფელ საღამოდან. ერთი მხრივ, სრულიად უცხო ეთნიკური გარემო ძირძველ, ისტორიულ ქართულ სოფელში და მეორე მხრივ, სულიერი ოაზისი ამ სივრცეში.
დაშბაში თუ
ახალქალაქი/ეძანი/ჭოჭიანი?!
მოგზაურობის აუცილებელი ნაწილი იყო ბოლო წლებში ერთობ პოპულარული, დაშბაშის სახელით ცნობილი კანიონის მონახულება. ეს კანიონი, პრაქტიკულად, წალკის ბოლოდან იწყება და მას მდინარე ქცია ქმნის, რომელსაც ქვემო წელიდან უკვე ხრამს უწოდებენ. წინ ულამაზესი სანახაობა გველოდა. დროთა განმავლობაში აქ ყოფილა თრიალეთის მპყრობელი ბაღვაშების, საბარათიანოს მმართველებისა და სპასალართა ერთ-ერთი რეზიდენცია. ორი მნიშვნელოვანი ხუროთმოძღვრული ძეგლია დაშბაშში. ორივე X-XI საუკუნეებისა, საყურადღებო ასომთავრული ლაპიდარული წარწერებით, ჩუქურთმებით, სკულპტურული კომპოზიციებით.
ვიწრო საცალფეხო ბილიკით ჩავიარეთ ღრმა კანიონის ფერდობი და კლდოვან კედლებს შორის აღმოვჩნდით. ბუერის, ღოლოსა და მთის ულამაზესი ყვავილებით დაფარულ ფერდობებს შორის სწრაფი დინებით მოჩუხჩუხებდა მდინარე ქცია. დაუვიწყარ სანახაობას ქმნიდა მოპირდაპირე მხრიდან ფართო საფეხურებად მოჩხრიალე ჩანჩქერთა კასკადი, რომლის "ტოტები" და შხეფები ათასფერად ირეკლებოდა ჩამავალ მზეში. დაუვიწყარი სანახაობით ჩვენთან ერთად უამრავი დამთვალიერებელი ტკბებოდა, ამომსვლელ-ჩამსვლელები კი უწყვეტ ჯაჭვს ქმნიდნენ კანიონის ფერდობის ბილიკზე.
კანიონიდან წამოსვლისას არცთუ სასიამოვნო გრძნობა დაგვეუფლა. კიდევ ერთი დიდი ისტორიის სოფელი შეუფერებლად არაქართული სახელით. პარადოქსული სიტუაციაა - მდიდარი ქართული ძეგლებისა და წარსულის მქონე სოფელი, სომხური მოსახლეობითა და თურქული სახელწოდებით! ამ დასახელებით სოფელი 1898 წლიდან ჩანს. თურქული დაშბაში/ტაშბაში ქართულად ქვის თავს, ქვიან თავს ნიშნავს. სწორედ აქედან, ამ მიდამოებიდან იწყება ის კლდოვანი კანიონი, რომელიც ასეთი მშვენიერია და პოპულარულიც გახდა ბოლო დროს ქართველ საზოგადოებაში. კლდოვანი ხეობის თავს, ქვიან თავს გულისხმობდა ალბათ ამ არემარეში დამკვიდრებული მოსახლეობა, რომელსაც არც ძველი მკვიდრნი დახვედრიან და არც ძველი სახელი იცოდა ვინმემ. უეჭველია, თურქეთის გიუმიშხანეს და სხვა სანჯაყებიდან (რაიონებიდან) გადმოსახლებულმა ბერძნებმა შეარქვეს ეს სახელი. ოსმალეთიდან მოსული ბერძნები რწმენით კი ქრისტიანები იყვნენ, მაგრამ ბერძნული დავიწყებული ჰქონდათ და თურქულ ენაზე მეტყველებდნენ. დღევანდელ დაშბაშს ისტორიულად ახალქალაქი რქმევია. დღეს კანიონის დასახელების საკითხი აქტუალურად განიხილება. საკითხი წამოჭრა სამხრეთ საქართველოს მკვიდრმა, მკვლევარმა ჯავახეთიდან კუკური მეტრეველმა. საზოგადოებაში რამდენიმე ვარიანტი გამოიკვეთა. აღნიშნული კანიონი ჭოჭიანის პლატოზე მდებარეობს. ისტორიულად კანიონის დასაწყისში დასახლებას ეძანი ერქვა. ასე რომ, სამსჯელოა - დაშბაშის თუ ახალქალაქის, ჭოჭიანის თუ ეძანის კანიონი?
(დასასრული მომდევნო ნომერში)
ნოდარ შოშიტაშვილი
ისტორიის დოქტორი, პროფესორი ჟურნალი "ისტორიანი",#106