"მასტერა" მყიდველს ეძებს!..
ანუ კუდ-ის ყოფილი თანამშრომლები ფარულ ჩანაწერებს ყიდიან(?!)
შალვა ხაჭაპურიძე: "პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ყიდვა შემომთავაზეს"
რა ბინძური მეთოდებით მოქმედებდა ძველი ხელისუფლება და ქვეყანაში რომ ტოტალური მოსმენები იყო, ყველამ იცის. ათასობით ვიდეო და აუდიოფაილი, სადაც ადამიანების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები იყო აღბეჭდილი, უკვე განადგურდა, მაგრამ შიშობენ, რომ ასლები მაინც არსებობს და მათ გამოქვეყნებას ვიღაცები მაინც შეეცდებიან. შალვა ხაჭაპურიძე ირწმუნება, რომ კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნები ამ ფირების გაყიდვას უცხოეთიდან ცდილობენ. ამბობს, რომ ჰოლანდიიდან დაურეკეს და ფირების შეძენა შესთავაზეს.
შალვა ხაჭაპურიძე, ადვოკატი: - ამ 9 წლის განმავლობაში ყველას უსმენდნენ და უთვალთვალებდნენ. გაძლიერებული იყო მოსმენები პოლიტიკურ ფიგურებზე, ოპოზიციონერებზე, ბიზნესმენებზე, ექსპერტებზე, ჟურნალისტებზე, ექიმებზე, შავი სამყაროს წარმომადგენლებზე... "ნაცმოძრაობის" წევრები ერთმანეთსაც უსმენდნენ და კომპრომატებს აგროვებდნენ. თითქმის ყველა ძალოვან სტრუქტურას ჰქონდა მოსასმენი აპარატურა. უამრავი მოქალაქის პირადი ცხოვრების კადრები არსებობს. დღეს რამდენიმე მოსამართლეს უნდა, რომ თავი დააღწიოს კუბლაშვილსა და იმ ხალხს, რომლებიც მართავენ სასამართლოს, მაგრამ სწორედ ამ კადრებით აშანტაჟებს მათ საოლქო სასამართლოს ხელმძღვანელი ვალერი ცერცვაძე. ამიტომ იძულებული არიან, უკანონო გადაწყვეტილებები მიიღონ. ვიცი, რომ ორი მოსამართლის წინააღმდეგაც გამოიყენეს ფარული ჩანაწერები.
ჰოლანდიიდან ამ დღეებში ერთი კაცი დამიკავშირდა, ხომ არ შეიძენ იმ უზარმაზარი არქივის ნაწილსო...
- ვინ შემოგთავაზათ ეს?
- იმ კაცს ერთ დროს მე ვიცავდი, ბიზნესმენია, გლდანის ციხეში იჯდა შეთითხნილი ბრალდებით, მერე გაატყავეს და გამოუშვეს. მას საქართველოს მოქალაქეობაც ჰქონდა ევროპის მოქალაქეობასთან ერთად. გათავისუფლების მერე მალე წავიდა ჰოლანდიაში. იქ ჩვენი ძალოვანი სტრუქტურების ყოფილ თანამშრომლებს შეხვდა, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში დაბოდიალებენ. როგორც მითხრა, ამ ჩანაწერებში ასახული არიან "ნაცმოძრაობის" წევრები, ჟურნალისტები, ოპოზიციონერები, მოსამართლეები, პროკურორები... ვისზეც მოისურვებთ ჩანაწერების ნახვას, იმას მოგყიდიან, შეგიძლია შეარჩიოო. რამდენიმე დეპუტატის გვარიც დამისახელა.
- რამდენად ყიდიან და ვინ ყიდის?
- ფასის გარკვევა არც მიცდია, პირდაპირ უარი ვუთხარი, ვინც გადაიღო, იმან უყუროს სხვისი პირადი ცხოვრების ბინძურ კადრებს-მეთქი. კუდ-ის ყოფილი თანამშრომლები ყიდიან, ეტყობა, თან წაიღეს და ცდილობენ ეს შემოსავლის წყაროდ გაიხადონ. ალბათ, ამას მარტო მე არ შემომთავაზებდნენ. თუ სადმე ინტერნეტში დადეს, იციან, ამის გაშიფვრა ადვილია და ამიტომ ასე გავრცელებას არჩევენ. დაახლოებით ვიცი, რომელ გუნდს გადაეყარა ჩემი ნაცნობი, ისინი კუდ-ის ის თანამშრომლები არიან, ყველაფერზე რომ აწერდნენ ხელს. გვარებიც მითხრა, მაგრამ თავს შევიკავებ დასახელებისგან.
- იქნებ ერთი მაინც დაასახელოთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა.
- "მასტერაზეა" საუბარი. ის ეძებს მყიდველებს. ვინც შემომთავაზა ყიდვა, იმან ისიც მითხრა, თუ გინდა, უფულოდაც მოვაცემინებო. არ მინდა, ჩემზე თუ აქვთ რამე, აჩვენონ, რომელ არხზეც უნდათ-მეთქი.
- იქნებ ის გვარები დაასახელოთ, ვისზეც შემოგთავაზეს კომპრომატები?
- გვარებს ვერ დავასახელებ...
- სად არის ახლა ის მოსასმენი აპარატურა?
- ვიცი, რომ დიდი ნაწილი არჩევნების შემდეგ ამოიღეს და მერიაში ერთ-ერთ სართულზე ინახებოდა. ამ დღეებში პატიმარმა პროცესზე წარადგინა ერთი მოსასმენი აპარატი, თურმე გლდანის ციხის კედლიდან ამოიღო, ეტყობა, დარჩათ.
- იქნებ ახლაც უსმენენ პატიმრებს?
- რომელიღაც ჯგუფს დღესაც უსმენენ, მაგრამ მოსამართლის ბრძანებით. ეს ტექნიკა 7 ნოემბრის შემდეგ შემოვიდა. მაშინ შემოიყვანეს ის მანქანაც, გარედან თითქოს ნაგვის მანქანა იყო, მაგრამ შიგნით 6-7 კაცი დაეტეოდა. ეს იყო ჯავშნიანი მანქანა, მიშას მოეწონა და აყიდვინა. საჭიროების შემთხვევაში იმიტაციას გააკეთებდნენ, თითქოს პრეზიდენტის სასახლიდან გამოდიოდა ნაგვის მანქანა და სინამდვილეში პრეზიდენტის და მისი ოჯახის ევაკუაცია მოხდებოდა. მაშინ დაძაბული სიტუაცია იყო და სასწრაფოდ შეიძინეს. არ ვიცი, ეს მანქანა ახლა სად არის. მასთან ერთად ისრაელიდან ჩამოიტანეს ულტრათანამედროვე აპარატურა, რომელსაც არ სჭირდებოდა დამონტაჟება, მხოლოდ სათვალთვალო ობიექტზე დამიზნება იყო საკმარისი.
ნაძირალა და ზნედაცემულ სააკაშვილს სხვისი პირადი ცხოვრებაც აინტერესებდა... როცა საკაბელო ტელევიზია ან ინტერნეტი შეჰყავდათ სახლებში, იქაც ამონტაჟებდნენ მოსასმენ აპარატურას... თუ იტყოდი ტელეფონში, ხვალ ამ კაფეში შევხვდეთო, იქ უკვე დაგხვდებოდა აპარატურა. ერთხელ მე და სანდრო ბრეგაძე შევხვდით კაფეში, იქ ერთი ჩვენი ნაცნობი მუშაობდა და მაგიდას რომ მივუსხედით, თვალით რაღაცას გვანიშნებდა. მოვახერხე მასთან საუბარი და მითხრა, თქვენს მაგიდაზე ჩხირები რომ დევს, იმაშია დამონტაჟებულიო. ამის მერე კონკრეტულ ადგილს არ ვუთქვამდით ერთმანეთს, შეხვედრის მერე გადავწყვეტდით, სად წავსულიყავით. წარმოიდგინეთ, ბევრი კაცის ცოლთან ურთიერთობის სცენებიც კი გადაუღიათ.
- ეს მაინც რისთვის სჭირდებოდათ?
- ეუბნებოდნენ, ამას გამოვაქვეყნებთ, მერე რა, რომ ცოლთან ხარო... იღებდნენ ქორწილებს, სიძე-პატარძალი ქორწილის მერე სასტუმროში რომ წავიდოდა, მათ ურთიერთობასაც იღებდნენ, მათი პრინციპი იყო ასეთი, რა იცი, რაში გამოგვადგებაო. კაცი, რომელიც არაფერს აშავებდა, აკავებდნენ და ეუბნებოდნენ, ეს დანაშაული შენი ჩადენილიაო. ის ამბობდა, არა, რას ამბობთო. ეგ კი არა, ბიჭო, ჯვარი როდის დაიწერე, შენს ქორწილში რა ხდებოდა, სად იყავი ცოლთან ერთად და რას აკეთებდი, ყველაფერი ვიცითო და ულაგებდნენ ვიდეოფირს. გაგიჟდებოდა კაცი და ამის მერე ყველაფერზე აწერდა ხელს. ზნედაცემული ადამიანი იყო სააკაშვილი და ამიტომ ხდებოდა ასეთი საშინელება. ბაჩო ახალაია შეიწყალა, ცდილობს მის რეაბილიტირებას, ეშინია, პირი არ დააღოს და არ ილაპარაკოს. ჩემი ინფორმაციით, კეზერაშვილი უკვე იძლევა ჩვენებებს ძველ ჩინოვნიკებზე.
- კეზერაშვილის ადვოკატი რომ უარყოფს? რა ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებთ ამას?
- კეზერაშვილი კი არა, ისეთი ხალხი იძლევა ჩვენებას, გაგიკვირდებათ. ჩვენ გვაქვს ფრანგ ადვოკატებთან ურთიერთობა. ბუნებრივია, დეტალებს არავინ მოგიყვება, კონკრეტულად, რა თქვა, მაგრამ ინფორმაცია მოვიდა, რომ მან ამხილა რამდენიმე პირი...