"მეზობლისგან გავიგე, რომ ჟვანია ჩემს ბინაში გარდაცვლილა" - რეპორტაჟი დათარსული ბინიდან
პროკურატურამ ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალების საქმეზე ყოფილ მთავარ პროკურორს მამუკა გვარამიას და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის ყოფილ მოადგილეს როსტომ ლაზარიას ბრალი წარუდგინა. მათ ბრალად ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე გამოძიების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და მტკიცებულებების ფალსიფიკაცია ედებათ.
ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით გთავაზობთ სტატიას "კვირის პალიტრის" 2014 წლის არქივიდან:
რეპორტაჟი დათარსული ბინიდან - "ჩემი 5 წლის შვილი იმ ადგილებს ახტება, სადაც ჟვანიასა და იუსუპოვის ცხედრები ესვენა"
"ბავშვი ძილის წინ მეუბნება, - დედა, ჟვანია ხომ არ მოვაო?"
"ვასიკო მაღლაფერიძემ ზუსტად 5 წუთში გამოგზავნა მუშები და კედელი გაგვირემონტეს. მას შემდეგ დავახლოვდით"
2005 წლის 3 თებერვლის ტრაგედიიდან ათი წლის შემდეგ ჩვენ საბურთალოს ქ. #53-ში იმ ბინას ვესტუმრეთ, სადაც ჟვანიასა და იუსუპოვის ცხედრები იპოვეს. მისი მეპატრონე კვლავ ეკა კიკიანია.
ეკა კიკიანი: - განცხადება ბინის გაქირავების თაობაზე "სიტყვა და საქმეში" გამოვაქვეყნე 2004 წლის 6 დეკემბერს. მალევე დამირეკა დედამ და მითხრა, - მაკლერ ხათუნას უნდა შენთან შეხვედრა, ამბობს, კარგი კლიენტი მყავსო. სახლი მოსაწესრიგებელი იყო, ამიტომ მეორე დღისთვის დავუნიშნე შეხვედრა, მაგრამ დამირეკეს და მითხრეს, სასწრაფოდ გვინდა დაქირავება და იქნებ დღესვე შევხდეთო. დავალაგე სახლი.
მაკლერი ხათუნა მოვიდა მიშა ძაძამიასთან (ზურაბ ჟვანიას დაცვის წევრი) ერთად. მაკლერმა მითხრა, - კარგი ბიჭია, კარგი გადამხდელიო. ძაძამიამ ამიხსნა - ბათუმის საბაჟოზე ვმუშაობ და თბილისში სახლი სტუმრებისთვის მჭირდებაო. ვთხოვე, იქნებ წინასწარ გადაეხადათ ორი თვის ბინის ქირა, რადგან მაკლერისთვის მისაცემი მქონდა თანხა, ასევე ჭაღი მქონდა გამოსაცვლელი და თხელი ფარდა მქონდა. ძაძამიას და ჩემი სურვილიც იყო, რომ სქელი ფარდა დაგვეკიდა, რადგან წინ ბარაკებია და ყველაფერი ჩანს.
გადამიხადეს 700 დოლარი, ორ დღეში დავცალე სახლი და დედასთან გადავედი საცხოვრებლად. 3 თებერვალს კი ასეთი ამბავი მოხდა ჩემს სახლში.
- ვისგან შეიტყვეთ, რომ ზურაბ ჟვანიასა და რაულ იუსუპოვის ცხედრები თქვენს ბინაში იპოვეს?
- ჩემს მოპირდაპირედ მცხოვრები მეზობელი ნანასგან. 3 თებერვალს, დილით, ანალიზების გასაკეთებლად ვიყავი. ბაბუამ დამირეკა და მითხრა - ეკა, შენს კორპუსში ჟვანია გარდაიცვალაო.
ნანას დავურეკე ამბის გასაგებად, რა ხდება ჩვენს კორპუსში-მეთქი. მისგან გავიგე, რომ ჟვანია ჩემს ბინაში გარდაცვლილა. ვაკის "ლეჩკომბინატიდან" პირდაპირ აქ წამოვედი, ბევრი ხალხი დამხვდა, ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ, გამათბობელი მოხსნილი და ექსპერტიზაზე წაღებული იყო. ის ადგილი, სადაც ცხედრები ესვენა, ცარცით იყო მონიშნული. ტყავის სამეული მისაღებში მქონდა, რომელიც გამათბობელთან იყო გადატანილი.
ნანამ მითხრა, დილით ბავშვებს ვამზადებდი სკოლისთვის, ფანჯარაში გავიხედე და დავინახე შენი ბინის გისოსები მოგლეჯილი იყოო. ქმარს დავუძახე, მგონი ეკას ბინა გაქურდესო, ამ დროს დავინახეთ, მერაბიშვილი და ადეიშვილი მორბოდნენო.
ნახეთ ასევე: "მიხეილ სააკაშვილი ყველაფერს აკეთებს, რომ ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიება გააჩეროს"