"ვერ ვიჯერებ, რომ ვაზაგაშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი გიაა" - რას ყვებიან სოსანაშვილზე თანასოფლელები - კვირის პალიტრა

"ვერ ვიჯერებ, რომ ვაზაგაშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი გიაა" - რას ყვებიან სოსანაშვილზე თანასოფლელები

"მეეჭვება ის სოფლეში ვინმე უარყოფითად დაახასიათოს. თავისებური ხასიათის ბიჭი კი იყო, მაგრამ უარყოფითი პიროვნება ნამდვილად - არა."

გენერალურმა პროკურატურამ იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმე გახსნილად გამოცახდა. მკვლელობაში ეჭვმიტანილი, წალკის პოლიციის მოქმედი თანამშრომელი გია სოსანაშვილია, რომელიც წარმოშობით კასპის რაიონის მკვიდრია. ჩვენ დავუკავშირდით კასპის ყოფილ გამგებელს ოლეგ იაძეს და მის შესახებ ვკითხეთ:

ოლეგ იაძე:

- გია სოსანაშვილს არ ვიცნობ. კასპის გამგებელი ვიყავი, მთელ რაიონს ხუთი თითივით ვიცნობ, მაგრამ ეს სახელი და გვარი არ გამიგია. სიმართლე გითხრათ კასპში სოსნაშვილები არც ცხოვრობენ, მაგრამ შესაძლოა 1-2 ოჯახი იყოს.

- ეს ადამიანი ამჟამად მუშაობდა წალკის პოლიციაში...

- სხვათა შორის, ამ ცოტა ხნის წინ ჩემს უფროს მეგობართან, საკრებულოს დეპუტატ ნუგზარ საჩალელთან ვიყავი სტუმრად და იქ გავიცანი ერთი პიროვნება, რომელმაც, მითხრა, რომ კასპელია და მუშაობს წალკის პოლიციაში. სააკაშვილის დროს კასპის პოლიციის უფროსთან (ბარნოვთან, რომელსაც ყველა იცნობს როგორც "ხვლიკს") მოსვლია, უთნახმოება და გადასულა წალკაში სამუშაოდ, მაგრამ ეს პიროვნება გია სოსანაშვილი იყო თუ არა ნამდვილად არ მახსოვს.

- თუ გახსოვთ რაზე ისაუბრეთ?

- არათუ ის არ მახსოვს რაზე ვისაუბრეთ, ისიც ძლივს გავიხსენე სად გავიცანი. შეუმჩნევლად იჯდა სუფრასთან, უბრალოდ მაშინ გამოვეცნაურეთ ერთმანეთს როდესაც კასპის პოლიციის ყოფილი უფროსი ახსენა. ეგ იყო და ეგ.

ჩვენ დავუკავშირდით ნუგზარ საჩალელის მეუღლეს, ქალბატონ მზია ღვინაძეს და გია სოსანაშვილზე ვკითხეთ:

- გია ჩვენი ოჯახის ახლობელი არ არის. უბრალოდ, ის სოფელ საკორინთლოდანაა და ჩვენი სახლის ოდნავ ზემოთ ცხოვრობს. მან ჩვენი სკოლა დაამთავრა, რომლის დირექტორიც წლების განმავლობაში ჩემი მეუღლე იყო და ბუნებრივია, იცნობდა. რამდენადაც ვიცი, მას ცუდი ურთიერთობა არავისთან ჰქონია. ვიცი, რომ წალკაში მუშაობდა, თვეები გადიოდა ვერც ვხედვადით ხოლმე.

- ოჯახი თუ ჰყავს?

- კი ჰყავს, მისი მშობლები აქ ცხოვრობენ. ცოლ-შვილიც ჰყავს, ზაფხულობით შვილები კი მოყავდა ხოლმე, მაგრამ მგონი ცოლთან არ ჰქონდა კარგი ურთიერთობა. გაოგნებული ვარ, ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ასეთი რამის ჩადენა შეეძლო, არაფერი მსგავსი ამ ბიჭისთვის არ შემინიშნავს. მეტსაც გეტყვით, 2008 წელს, ქვემო ჭალელ ბიჭებთან ერთად, იარაღით ხელში იდგა სოფლის საზღვარზე. ერთი წამით არ მიუტოვებია ჩვენი სოფელი, მაშინაც, როდესაც მტერი ორ ნაბიჯში იყო. შოკისმომგვრელი იყო ჩემთვის ეს ამბავი. ვერ ვიჯერებ, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი გიაა. მეეჭვება ის სოფლეში ვინმე უარყოფითად დაახასიათოს. თავისებური ხასიათის ბიჭი კი იყო, მაგრამ უარყოფითი პიროვნება ნამდვილად - არა.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)

წაიკითხეთ ასევე:

იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს

იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პოლიციელია