"საუკუნის ძარცვა": თბილისის ყოფილი პროკურორი დუმილს არღვევს (ექსკლუზივი)
რა ჯენტლმენური შეთანხმება შედგა სამართალდამცავებსა და "კანონიერ ქურდს" შორის
ჩვენი რესპონდენტი თბილისის ყოფილი პროკურორი ვალერი გრიგალაშვილი გახლავთ. ის დღეს დუმილს არღვევს და გვიამბობს, როგორ დაუბრუნდა 40 მილიონად შეფასებული ლუკას კრანახის "მაჭანკალი" სახელმწიფოს. 10 წელზე მეტხანს ვერ მიაკვლიეს გატაცებულ ნახატს სამართალდამცავებმა, ერთ დღეს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნახატი ქუჩაში იპოვეს.
- "მაჭანკლის" გატაცება მუზეუმიდან XX საუკუნის ყველაზე მასშტაბურ ძარცვად შეფასდა. 90-იან წლებში ბევრი ნამუშევარი დაიკარგა საგამოფენო დარბაზებიდან, "მაჭანკალი" კი ხელოვნების მუზეუმიდან გაიტაცეს. მერე უცნაურად აღმოაჩინეს - ვიღაცამ ქუჩაში დატოვა 40-მილიონიანი ნახატი.
- 1994 წლის 28-29 ივლისის ღამეს, დაახლოებით ღამის 2 საათზე, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა ხუთმა ბოროტმოქმედმა მუზეუმის მცველი სამი პოლიციელი განაიარაღა და მუზეუმიდან სამი სურათი გაიტაცა, მათ შორის - 40 მილიონად შეფასებული გერმანელი მხატვრის, ლუკას კრანახის "მაჭანკალი".
საქართველოში არსებული ყველაზე ძვირად ღირებული შედევრის გატაცება კრიმინალური სამყაროს ერთგვარ გამოწვევას ჰგავდა. თუმცა, ამას ვერაფრით უპასუხეს სამართალდამცავებმა. მაშინ თბილისში სრული ქაოსი იყო. შეიარაღებული ბანდფორმირებები ქალაქში დათარეშობდნენ. მართალია, მაშინ სახელმწიფოს პირველმა პირებმა ხელოვნების მუზეუმის დაყაჩაღების ფაქტი პირად კონტროლზე აიყვანეს, მაგრამ საქმე ვერ გაიხსნა და გატაცებული სურათების ადგილსამყოფელიც ვერ დადგინდა.
- 10 წლის შემდეგ, თქვენი პროკურორობის დროს იპოვეს ეს ნახატი...
- 2004 წლის 10 მაისს სამსახურში ვიყავი. მოვიდა მოქალაქე და მითხრა, რომ ჩემი ნახვა სურდა გავლენიან "კანონიერ ქურდს", გოგი ჩიქოვანს, რომელიც იმხანად გულიკო ჩაფიძის კლინიკაში იწვა მძიმე მდგომარეობაში. უარი განვაცხადე გოგი ჩიქოვანის მონახულებაზე და შევთავაზე, რომ ჩემს დაქვემდებარებაში მყოფი პროკურორი მოინახულებდა კრიმინალურ ავტორიტეტს. არა, მას მხოლოდ თქვენთან სურს საუბარი სახელმწიფოებრივად ძალიან მნიშვნელოვან თემაზეო...
- და "კანონიერ ქურდს" მიაკითხეთ?
- ჩაფიძის კლინიკაში საღამოს მივედი. გოგი ჩიქოვანი რეანიმაციაში იწვა, ეს იყო პროფესორის იერის მქონე, ხანში შესული კაცი. ვერავინ იფიქრებდა, რომ "კანონიერი ქურდი" იყო. დიდხანს ვისაუბრეთ. ჭკვიანი მოსაუბრე გამოდგა. მადლობა გადამიხადა შეწუხებისთვის და დასძინა, გენდობი და ვიცი, კარგ საქმეს, რომლის გაკეთებასაც ვაპირებ, ჩემს წინააღმდეგ არ გამოიყენებ. არ დამაბრალებთ იმ დანაშაულს, რაც მე არ ჩამიდენიაო. მერე ხელით ანიშნა მომვლელ ქალს და ის ოთახიდან გავიდა. შეწუხებულმა მითხრა, ამ ხნის კაცი ვარ, ცხოვრებაში ბევრი რამ მინახავს, მაგრამ ასეთი პოლიციელები თუ არსებობდნენ, არ ვიცოდი. ვერაზე ვცხოვრობ, კერძო სახლში, სახლს გალავანი აქვს. დავინახე, ნიღბიანი შეიარაღებული ხალხი როგორ გადმოხტა გალავანზე. სანამ კარს გავაღებდი, შემომიმტვრიეს. გაზიდეს ყველაფერი, თუ რამე ძვირფასეულობა მქონდა. ნერვიულობის გამო ინფარქტით აქ მომათავსესო. შევთავაზე, მომხდარის შესახებ განცხადებით მოემართა ან შევადგენდი ოქმს და ხელმოწერით დაეფიქსირებინა თავისი პოზიცია, რაც საფუძველი გახდებოდა სისხლის სამართლის საქმის აღძვრისა. უარი თქვა: მე სხვა ცხოვრებით ვიცხოვრე და ჩემს ცხოვრებას ვერ გადავხაზავო. ბოლოს მთხოვა, დავხმარებოდი იმ ნივთების დაბრუნებაში, რაც მისთვის ძალიან ძვირფასი იყო. ეს იყო ბეჭედი და ჯვარი. მას შემდეგ, რაც ამ ნივთებს დამიბრუნებთ, მე ჩაგაბარებთ "მაჭანკალს". ის სახელმწიფოს საკუთრება იყო და უნდა დაუბრუნდეს მუზეუმსო. ასევე მთხოვა ერთი ახალგაზრდისთვის პატიმრობის შეცვლა არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებით.
- ანუ "მაჭანკლის" დაბრუნების სანაცვლოდ პატიმარი უნდა გაგეთავისუფლებინათ?
- კარგად ვიცოდი, რა მნიშვნელობა ჰქონდა ნახატს, ამიტომ არა მხოლოდ დავთანხმდი მის წინადადებას, არამედ შევპირდი, რომ სურათის დაბრუნების შემთხვევაში ქურდობის მცდელობისთვის დაპატიმრებულ ახალგაზრდას შევუწყვეტდით სისხლის სამართლის საქმეს. ასეთ სიტუაციაში გამოიყენება საპროცესო შეთანხმება, თუმცა, საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი ჩვენს კანონმდებლობაში 2004 წლის ივნისიდან შემოვიდა. ამიტომაც ჩვენ შორის შედგა წმინდა ჯენტლმენური შეთანხმება. კრიმინალური ავტორიტეტისთვის მიცემული სიტყვა პირნათლად შევასრულე - ის პირი გავათავისუფლეთ... პოლიციას კი მოვთხოვე, დაებრუნებინათ ის ნივთები, ალბათ, დაუბრუნეს. ფაქტია, გოგი ჩიქოვანი კმაყოფილი იყო და მეორე დღეს, ანუ 2004 წლის 11 მაისს პოლიციის სამმართველოს სამორიგეო ნაწილში შევიდა უცნობი მოქალაქის სატელეფონო შეტყობინება, რომ "მაჭანკალი" იქნებოდა მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ქორწინების სახლის წინ. 1994 წელს ყაჩაღური თავდასხმის შედეგად გატაცებული ნახატი ზუსტად 10 წლის შემდეგ დაუბრუნდა კანონიერ მფლობელს. მისი სახელმწიფოსთვის დაბრუნება მხოლოდ გოგი ჩიქოვანის დამსახურებაა. მან თავისი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით "მაჭანკალი" ქვეყანას დაუბრუნა.
გიორგი ჩიქოვანი: "ქურდი ბიზნესს არ უნდა ხელმძღვანელობდეს"
გიორგი ჩიქოვანი, მეტსახელად “გოგი,” ე.წ. კანონიერ ქურდად 70-იან წლებში აკურთხეს. მას რუსულ პრესაში რუსული მაფიის “ნათლიმამას” უწოდებდნენ, რადგან კრიმინალურ სამყაროში დაპირისპირებისას მთავარი მომრიგებელი იყო. გოგი”ე.წ. კანონიერი ქურდების, ასლან უსოიანისა და ტარიელ ონიანის შერიგებასაც ცდილობდა, თუმცა, უშედეგოდ. სააგენტო "პრაიმ კრაიმმა" 2008 წელს მასთან ინტერვიუ ჩაწერა: "ჩემს მაგალითზე გეტყვით, როგორ უნდა მოხდეს შერიგება. ჩემი უფროსი შვილის ცოლი აფხაზია, მაგრამ ის დღეს თბილისშია. ჩემი შვილი კი ქართველია და აფხაზებთან ომში დაიღუპა. ადრე ასე იყო: დამწყები ქურდები ზოგჯერ შიმშილობდნენ. თუ არ მოიპარავ, საჭმელი არ გექნება. ქურდი მშიერი უნდა იყოს და ბიზნესს არ უნდა ხელმძღვანელობდეს. ყველა დაპირისპირება ფულის გამოა."
გოგი ჩიქოვანი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.
კრანახის "მაჭანკალი"
აღორძინების ეპოქის გერმანელი ფერმწერისა და გრაფიკოსის, ლუკას კრანახი-უფროსის (1472-1553) შედევრი "მაჭანკალი" საქართველოში დიდი მთავრის, გიორგი რომანოვის წყალობით მოხვდა, 1920 წელს იგი კერძო კოლექციონერ ყორღანოვს ჰქონდა, რომლისგანაც მხატვარსა და მეცენატს, დიმიტრი შევარდნაძეს შეუძენია და თავის "ცისფერ გალერეაში" მოუთავსებია.
1921 წელს ნახატი საქართველოს საგანძურის ნუსხაში მოხვდა და მენშევიკურმა მთავრობამ ემიგრაციაში წაიღო, სადაც ექვთიმე თაყაიშვილი ერთგულად იცავდა. "მაჭანკლის" ხელში ჩაგდებას ფაშისტებიც ცდილობდნენ, თუმცა, ამაოდ. 1946 წელს ქართულ საგანძურთან ერთად "მაჭანკალიც" დაუბრუნდა საქართველოს და 1994 წელს ხელოვნების მუზეუმში გამოფინეს.
ნახატი რამდენიმე ფიცრისაგან შეკრულ დაფაზეა შესრულებული. ახალგაზრდა მამაკაცი ფულით სავსე ქისას აწვდის დედაბერს, რათა იქვე მდგომი მშვენიერი ქალიშვილი ჩაიგდოს ხელში. შთამბეჭდავია მაჭანკლის სახე, რომლის ცბიერი გამომეტყველება მაგიურად მოქმედებს მნახველზე.
შარლ ბოდლერს უთქვამს: "რაც მინახავს, მათ შორის ყველაზე იდუმალი კრანახის "მაჭანკალია". თითქოს რაღაც ბედისწერას ვხედავ მასში. ამიტომაც ყოველთვის უბედურება მოაქვს მფლობელისთვის".
თეა ხურცილავა