"გვაინტერესებს ვინ იყო მკვლელების ინფორმატორი"?! - ვინ არიან დედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებულები?
20 აპრილს სამართალდამცველებმა კოჯორში, მიწაში ჩაფლული მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს. სახლის ეზოში, სადაც ცხედარი იყო დამარხული, პოლიცია თავად დამნაშავემ მიიყვანა. ცხედარი ჯერ კასრში იყო მოთავსებული, კვალის გაქრობის მიზნით კი მჟავა ჰქონდა მოსხმული.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ გარდაცვლილი მამაკაცი 2014 წელს თბილისის ზღვაზე მდებარე დევნილთა დასახლებიდან გაუჩინარებული გურამ კვეზერელი იყო. მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ მოკლული მართლაც გურამ კვეზერელი იყო. უწყებამ 2014 წელს თბილისის ზღვაზე მომხდარი მკვლეოლობა გახსნა. დედა-შვილის, ნატო და გურამ კვეზერელების მკვლელობა თანხის დაუფლების მიზნით, 2-მა პირმა დაგეგმა.
(იხ: სტატია წამებით ჯერ შვილი მოკლეს, მერე - დედა - საზარელი მკვლელობა გახსნილია)
როგორ kvirispalitra.ge-სთვის გახდა ცნობილი, მკვლელობაში ბრლადებულები არიან გიორგი ყუფარაძე და ვასილ გოშაძე, რომელთათვის ბრალის წაყენების საკითხზე სასამართლომ უკვე იმსჯელა და ორივეს 109-ე განზრახ მკვლელობის მუხლით წაუყენა ბრალი. მათგან გიორგი ყუფარაძე საქართველოში არ იმყოფება. მისი ადვოკატის თქმით, ის დანაშაულს არ აღიარებს. ასევე ჩვენთვის გახდა ცნობილი, რომ ყუფარაძის ადგილსამყოფელი, სავარაუდოდ, სამართალდამცავებმა იციან, ის საბერძნეთში იმყოფება და უახლოეს მომავალში მასზე ძებნა გამოცხადდება.
რაც შეეხება კიდევ ორ დაკავებულს, რომელთაც ბრალად ედებათ დანაშაულის დაფარვა, მათთვის ბრალის წაყენებაზე სასამართლოს ჯერ არ უმსჯელია.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, მკვლელობებში ერთ-ერთი ბრალდებული ვასილ გოშაძე პატიმარია. ის ამ მკვლელობის გახსნამდე ნარკოდანაშაულისთვის იხდიდა სასჯელს და 15 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ჩვენი ინფორმაციით, ის აღიარებს დანაშაულს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. ვარაუდობენ, რომ სწორედ მისგან გავიდნენ სამართალადამცავები დანაშაულის კვალზე.
საინტერესოა, რომ როგორც გიორგი ყუფარაძე, ასევე ვასილ გოშაძე ფიგურირებდნენ 2003 წლის 15 სექტემბერს მომხდარი ზურაბ ზუბადალაშვილის მკვლელობის საქმეში. ყუფარაძე ასევე გასამართლებული იყო ორი აზერბაიჯანელი ძმის განზრახ მკვლელობისთვის, მას 2008 წელს მიუსაჯეს 25 წელი, თუმცა დროზე ადრე, სავარაუდოდ, იმიტომ გაათავისუფლეს, რომ მან სამართალდამცავებთან ზუბადალაშვილების საქმეზე ითანამშრომლა და შემკვეთები დაასახელა. რაც შეეხება გოშაძეს, ის თავის დროზე სასჯელს იხდიდა "საქართველოს ბანკის" გლდანის ფილიალზე განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმისთვის. ხოლო ამჟამად, როგორც უკვე ვთქვით, პატიმრობა მისჯილი აქვს ნარკოდანაშაულისთვის.
ჩვენ დავუკავშირდით ნატო კვეზერელის ძმისშვილ ლელა კვეზერელსაც. მისი თქმით, მკვლელობებისთვის დაკავებული ადამიანების გვარ-სახელები მათ არაფერს ეუბნება. "მკვლელები ცნობილია, ყველაზე მეტად ახლა ის გვაინტერესებს ვინ იყო დამნაშავეების ინფორმატორი და ვინ მიაწოდა ინფორმაცია თანხის თაობაზე", - აცხადებს ლელა კვეზერელი
ის, რომ თავის დროზე სამართალდამცავებმა გურამ კვეზერელის პორტატული კომპიუტერი და სხვა ნივთები, ორთაჭალაში, მტკვრის სანაპიროზე იპოვეს ესეც მკვლელობების გეგმის ნაწილი იყო. ისინი კვალის არევას შეეცადნენ, უნდოდათ, ისე წარმოეჩინათ, რომ გურამ კვეზერელმა მოკლა დედა და მერე თავი მოეკლა.
გურამ კვეზერელის ცხედარი ჯერ კიდევ ექსპერტიზაზეა, თუმცა ახლობლები ვარაუდობენ, რომ მათ ნეშტს დღეს გადასცემენ. გურამ კვეზერელს საგარეჯს რაიონის სოფელ კაკაბეთში, დედის გვერდის დაკრძალავენ.
ფოტოზე: გურამ კვეზერელი
თეა ხურცილავა (სპეციალურად საიტისთვის)