"ბიჭი დაცხრილულია, თავში საკონტროლო ტყვია აქვს ნასროლი"
"რუსები მუდმივად აგრესიას გამოხატავენ როგორც აქეთ გადმომსვლელი აფხაზების, ასევე, ადმინისტრაციულ საზღვარზე მოძრავი ქართველების მიმართ..."
"გიგა პირველად არ გადადიოდა გალში, მას როგორც აფხაზებთან, ისე რუსებთან ურთიერთობის გამოცდილება ჰქონდა..."
19 მაისს, დაახლოებით 14:30 საათზე, აფხაზეთის ე.წ ადმინისტრაციულ საზღვართან მკვლელობა მოხდა. ერთ-ერთი ვერსიით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩაში, გალის რაიონის სოფელ ნაბაკევიდან საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსულმა ე.წ. აფხაზმა მებაჟემ, ტყვარჩელის რაიონის მკვიდრმა, რაშიდ კანჯი-ოღლიმ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მოკლა გალის რაიონის მკვიდრი, 31 წლის გიგა ოთხოზორია.
თუმცა არსებობს მეორე ვერსიაც, რომლის თანახმადაც, გიგა ოთხოზორია, რუსი ოკუპანტების ტყვიას ემსხვერპლა.
სუს-ის ოფიციალური ინფორმაციით, ის სასიკვდილოდ ოთხმა შეიარაღებულმა პირმა დაჭრა. გარდაცვლილს ავტომატიდან 6 ტყვია ესროლეს, მათგან 2 ბარძაყში მოხვდა, 3 მუცლის არეში და ერთი საკონტროლოდ ნასროლი ტყვია - სახეში.
ადგილობრივების თქმით, გიგა ოთხოზორიას მაშინ ესროლეს, როდესაც მას მამიდის დაკრძალვისთვის საჭირო სურსათი ოკუპირებულ ნაბაკევში გადაჰქონდა. შელაპარაკების მიზეზი დანამდვილებით არავინ იცის, ერთ-ერთი ახლობლის თქმით, გიგას იმაზე მეტი თანხის გადახდა მოსთხოვეს, ვიდრე აქამდე ითხოვდნენ, რის საფუძველზეც დაიწყო კამათი, თუმცა ესეც მხოლოდ ვერსიაა. გიგა, ოჯახთან ერთად ზუგდიდში, დევნილთა საერთო დასახლებაში ცხოვრობდა. მას მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა...
როგორც ჩვენთან საუბარში მისი ოჯახის ახლობელი აცხადებს, მათთვისაც გაურკვეველია კონკრეტულად ვინ ესროლა გიგა ოთხოზორიას.
მამუკა, გიგა ოთხოზორიას ახლობელი:
- მკვლელობა ე.წ ნეიტრალურ 12 კილომეტრიან ზონაში მოხდა, სადაც ქართველ ძალოვნებს მხოლოდ პატრულირების უფლება აქვთ. თავიდან ითქვა, რომ ნასვამი იყო ის, ვინც ესროლაო, რაც გაგვიკვირდა, რადგან, მოვალეობის შესრულებისას, ნასვამი აფხაზი არასდროს გვინახავს, რუსები, კი ბატონო, რამდენიც გინდა...
- ითქვა, რომ აფხაზი ე.წ. მებაჟე აქეთ გადმოვიდა. გამოდის, მათ შეზღუდვა არ აქვთ?
- დიახ, არ აქვთ შეზღუდვა.
- ერთ-ერთი ვერსიით, იქვე სასაუზმეა...
- კი, უფრო ფარდული ან ჯიხური შეიძლება ეწოდოს, თუმცა არც ისე ახლოს ბლოკპოსტთან. ამ სასაუზმეში რუსს იშვიათად თუ ნახავ ადამიანი, აფხაზები, უფრო ხშირად შემოდიან. საერთოდ, მათ შეზღუდვა არ აქვთ, როცა უნდათ მაშინ გადმოდიან აქეთ. მათი უმეტესობა ჩვეულებრივ ლაპარაკობს მეგრულად და არც ადგილობრივებთან ურთიერთობა უჭირთ. ისინიც შეძლებისდაგვარად სარგებლობენ ადგილობრივი ბაზრით და აქედან საყოფაცხოვრებო ნივთებს ეზიდებიან... ასე, არ გამიკვირდებოდა მართლა აქეთ გადმოსულიყო ის აფხაზი და აქ მომხდარიყო გასროლა. ის ქართველები, ვისაც ამ გზაზე ხშირად უწევთ სიარული და ე.წ. აფხაზი მებაჟეეები უკვე იცნობენ ერთმანეთს და საკმაოდ ნორმალური ურთიერთობა აქვთ, რაიმე დაპირისპირების შესახებ აქამდე არასდროს გვსმენია, რასაც ვერ ვიტყვით რუსებზე, რომლებიც მუდმივად აგრესიას გამოხატავენ, როგორც აქეთ გადმომსვლელი აფხაზების, ასევე ადმინისტრაციულ საზღვარზე მოძრავი ქართველების მიმართ...
- ანუ ვარაუდობთ, რომ გიგა ოკუპანტებმა მოკლეს?
- სავარაუდოდ, კი... თუმცა, კითხვის ნიშნებს იწვევს ის, თუ როგორ მოხვდა ე.წ უსაფრთხოების ზოლში რუსი ოკუპანტი, ისინი როგორც წესი, თავიანთი განსაზღვრული ადგილიდან ფეხს არ იცვლიან... გიგა, ერთი უბრალო, გულიანი ბიჭი იყო. სასტიკად გაუსწორდნენ, ბიჭი დაცხრილულია, თავში საკონტროლო ტყვია აქვს ნასროლი. პირველად არ გადადიოდა გალში და არც სიტუაცია იქნებოდა მისთვის უცხო, შეიარაღებულ აფხაზებთან ან რუსებთან მოქცევა შეშლოდა. გალიდან დევნილები ხშირად გადმოდიან აქეთ, ზოგჯერ ხიდით, ე.წ. საშვის საშუალებით, ხანდახან კი - შემოვლითი გზებით...
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის, ნინო გიორგობიანის განცხადებით, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში მომხდარი მკვლელობის შესახებ უკვე ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
მომხდარს საქართველოს საგარეო საქემთა სამინისტროც გამოეხმაურა. "ეს დანაშაულებრივი ფაქტი ცხადყოფს ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში არსებულ საგანგაშო ვითარებას და მომხდართან დაკავშირებით სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ფაქტიური კონტროლის განმახორციელებელ ძალას. აღნიშნული მკველელობა კიდევ ერთხელ ადასტურებს ოკუპირებული აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობას.... ქართული მხარე გამოიყენებს არსებულ ყველა საერთაშორისო მექანიზმს, რათა მოხდეს შესაბამისი, როგორც პოლიტიკური, ასევე სამართლებრივი რეაგირება და დამნაშავეები წარსდგნენ მართლმსაჯულების წინაშე", - ვკითხულობთ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ოფიციალური განცხადება გაავრცელა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც, მათი მტკიცებით, რუსეთს, საქართველოს მოქალაქის დაღუპვასთან არანაირი კავშირი არ აქვს.
ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)