"მკვლელობამდე მაგდა პაპიძე ხვდება ოთარ ბერძენიშვილს, გადასცემს თავის ოქროულობას და აფრთხილებს, რომ იმ დღეს არ დაურეკოს"
"საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში 4-მა დედამ მოკლა საკუთარი შვილი და ყველა შერაცხადი აღმოჩნდა"
სასამართლოს ინფორმაციით, ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომებზე გამოცხადებულ კანდიდატთაგან შეირჩა 15 ნაფიცი მსაჯული. განისაზღვრა 12 ძირითადი და 3 სათადარიგო ნაფიცი მსაჯული, რომლებიც უშუალოდ განახორციელებენ მართლმსაჯულებას. მათი შემადგენლობა კონფიდენციალურია. უსაფრთხოების მიზნით, სასამართლო სხდომაზე დამსწრე პირებს და პროცესის მონაწილეებს ეკრძალებათ მსაჯულთა ვინაობის გამხელა. (იხილეთ: "ლანა ცხედრებთან იდგა და მოსთქვამდა, საფლავი არ უნდა გეღირსოს მაგდა, როგორ მოგვიკალი ომარი და თორნიკეო")
სასამართლო პროცესზე საქმის პროკურორმა ელენე ჩხაიძემ ბრალდება წაიკითხა და განაცხადა, რომ პაპიძის პირადი ჩანაწერი, რომელიც დედამთილმა იპოვა და გამოძიებას გადასცა, კალიგრაფიული ექსპერტიზით დადასტურდა, რომ სწორედ მაგდა პაპიძის გაკეთებულია.
სხდომაზე ასევე აჩვენეს ფოტომასალა, სადაც ულტრაიისფერი სხივებით ჩანს, რომ სახლში იყო დიდი რაოდენობით სისხლის კვალი. პროცესზე აჩვენეს გარდაცვლილები, რასაც დარბაზში მყოფი ომარ ქაფიაშვილის ნათესავების ტირილი მოჰყვა, მაგდა პაპიძემ კი თვალებზე ხელი აიფარა და კადრებს არ უყურა.
გთავაზობთ ნაწყვეტებს საქმის პროკურორის ელენე ჩხაიძის სიტყვიდან:
"მაგდას ჰქონდა სექსუალური ურთიერთობა ოთარ ბერძენიშვილთან და უნდოდა მისი ცოლი გამხდარიყო. ცდილობდა მისგან დაორსულებას, რომ ახალი ოჯახი შეექმნა. მას არ სურდა, ქმარ-შვილის მიმტოვებელი ქალი სახელი ჰქონოდა, ამიტომ ყველაზე სასტიკი გზა აირჩია და გადაწყვიტა, ეს გაეკეთებინა ისე, რომ მკვლელობა სხვას დაბრალებოდა და თვითონ მგლოვიარე ცოლის სახელი ჰქონოდა. ამისთვის ის ჯერ ყიდულობს უროს, რომლითაც გადაწყვეტილი აქვს ქმრისა და შვილის მკვლელობა... ოთარ ბერძენიშვილის ჩვენების მიხედვით, იმავე დღეს, მაგდა პაპიძე ხვდება ოთარ ბერძენიშვილს და აფრთხილებს, რომ მის მეუღლეს აქვს ვიღაც კაცებთან პრობლემები, შესანახად გადასცემს თავის ოქროულობას და მობილურ ტელეფონს და აფრთხილებს, რომ იმ დღეს ოთარმა არ დაურეკოს. პარალელურად, ალიბი რომ შეიქმნას, თურქეთში უგზავნის დედას მესიჯს, რომ ომარმა ხელი დაარტყა, წაიღო ოქრო და წავიდა...
დაღლილ ომარს ჩაეძინა, და საყვარელმა ქალმა თავში ურო რამდენჯერმე ჩაარტყა და მოკლა, რის შემდეგაც საკუთარი შვილი გაგუდა...
ძნელი დასაჯერებელია, რომ დედამ მოკლა შვილი, მაგრამ მსოფლიოში 3000-ზე მეტი ბავშვია მშობლების მიერ მოკლული. საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში 4-მა დედამ მოკლა საკუთარი შვილი და ყველა შერაცხადი აღმოჩნდა" , - ასე მიმართა მსაჯულებს პროკურრომა. დასასრულს კი განაცხადა: "ჩვენ მოვედით ამ მტკიცებულებებით და სიმართლით თქვენთან, უნდა აღვადგინოთ სამართლიანობა მოკლული მამა-შვილის მიმართ! თქვენ უნდა მიიღოთ ობიექტური გადაწყვეტილება, რაც იქნება გამამტყუნებელი ვერდიქტი.
იხილეთ ასევე: "ახლა მოუნდა ბერობა?"
თეა ხურცილავა (სპეციალურად საიტისთვის)