"ბერძენიშვილის ჩვენების მიხედვით: ის პაპიძესთან ოჯახის შექმნას არ აპირებდა"
13 ივნისს, საქალაქო სასამართლოში ქმარ-შვილის გაზარხ მკვლელობაში ბრალდებულის, მაგდა პაპიძის საქმის განხილვა ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით განახლდა. სხდომაზე, მაგდა პაპიძის მეგობარი, ოთარ ბერძენიშვილი და მოკლულ ომარ ქაფიაშვილის დედა, დარეჯან (ლილი) მინდიკაური დაიკითხნენ.
პროკურატურის მოთხოვნითა და მოსამართლის თანხმობით, ოთარ ბერძენიშვილის დაკითხვის ნაწილში სხდომა დაიხურა. (იხილეთ: "საქმე ეხება პირადი ცხოვრების ამსახველ მიმოწერას, მათ სექსუალურ ურთიერთობას" - მაგდა პაპიძის საქმეზე სასამართლოში ოთარ ბერძენიშვილს ჰკითხავენ)
როგორც პროცესის დასრულების შემდეგ, მაგდა პაპიძის ადვოკატმა მარიკა ფხალაძემ განაცხადა: "ბერძენიშვილის ჩვენების მიხედვით: "ოთარ ბერძენიშვილი პაპიძესთან ოჯახის შექმნას არ აპირებდა".
სასამართლოს სხდომაზე მყოფი ერთ-ერთი პირის თქმით კი, ბერძენიშვილმა ბრალდებული ერთ რიგით ქალად მოიხსენია.
სასამართლო პროცესზე ელოდნენ, რომ ბერძენიშვილი დამატებით იტყოდა ახალ დეტალებს, მაგრამ, მან, რაც პირველად გამოძიებას უთხრა, იმის იდენტური ჩვენება მისცა სასამართლოზეც.
დავით ნეფარიძე, პროკურორი:
"დღეს დაიკითხა ოთარ ბერძენიშვილი, მისი ჩვენებებით გაირკვა, რომ მათ ერთმანეთთან არაერთხელ ჰქონდათ ინტიმური ურთიერთობა. ასევე გამოქვეყნდა მათი მიმოწერები, მაგდა პაპიძეს უფრო დიდი გრძნობა აკავშირებდა მასთან, ვიდრე თავად ბერძენიშვილს. ჩვენების დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, რადგან სხდომა დახურული იყო, თუმცა დადასტურდა, რომ ეს არ არის მხოლოდ მეგობრობა და ნაცნობობა. ოთარ ბერძენიშვილი ადასტურებს, რომ მას დაურეკა მაგდა პაპიძემ და უთხრა, სასწრფოდ ჩასულიყო მათთან, რადგან ეზოში გვამები ეყარა".
ოთარ ბერძენიშვილმა სასამართლო დარბაზი, დაცვის თანხლებით ჩუმად დატოვა.
ბერძენიშვილის შემდეგ, მოწმის სახით ომარ ქაფიაშვილის დედა, დარეჯან მინდიკაური დაიკითხა, თუმცა მოწმის დაკითხვა ბოლომდე ვერ მოესწრო და საქმის განხილვა 14 ივნისისთვის გადაიდო.
დარეჯან მინდიკაური: "მაგდა ჩვენ კორპუსში ცხოვრობდა და ჩემმა ვაჟმა იქ გაიცნო. ერთი წელი ჰქონდათ ურთიერთობა და მერე ცოლად მოიყვანა. აბოსლუტურად აბსურდია, რომ ომარი პათოლოგი იყო, 2-3 ჭიქას თუ დალევდა ხოლმე, მაგრამ მაგდა ამასაც აპროტესტებდა, მას რომ არ ენერვიულა, ომარი ბოლო ერთი წელი საერთოდ არ სვამდა. ცოლ-ქმარი ბავშვთან ერთად ცალკე ცხოვრობდა, მე და ჩემი მეორე ბიჭი ცალკე ვიყავით, იყო შემთხვევა, მაგდას ქურდობაში ადანაშაულებდნენ, იყო ასეთი ფაქტი, როგორც თვითონ მაგდამ მითხრა, აუღია რაღაც ნივთი, არ გაუტარებია, ეს დაცვას შეუნიშნავს, თავად მაგდას კი უთქვამს, რომ გატარება დამავიწყდაო".
სასამართლო პროცესზე მინდიკაურმა მკვლელობის ღამე გაიხსენა, გთავაზობთ ნაწყვეტებს მისი ჩვენებიდან:
"იმ დღეს ომარი სახლში პირველ საათზე მოვიდა, მე სახლიდან 15:00-ზე გავედი და ორ საათში მოვბრუნდი, სახლის შესასვლელთან მაგდას შვხვდი, სადღაც მიდიოდა და მალე მოვალო. მათ ოთახში გავედი, სადაც ომარი და ბავშვი იყვნენ, ომარმა მითხრა, დედა ბავშვს შენთან უნდაო, წამოვიყვანე, დაახლოებით ერთი საათი ვითამაშეთ, მერე უკან დავაბრუნე, რადგან ამბობდა, - მამასთან მინდაო. როცა შევიყვანე, ომარი დივანზე იყო წამოწოლილი, მითხრა, დაღლილი ვარ და ცოტას დავისვენებო. ამ დროს მაგდაც მოვიდა. უკვე გვიან მაგდა შემოვიდა და მითხრა, რომ ომარი ბავშვთან ერთად ხაჭაპურის საჭმელად იყო წასული. ვუთხარი, ამ დროს როდის იყო ომარის ბავშვი გარეთ გაყავდა- მეთქი, - მიპასუხა, - რა ვქნა ბავშვმა მოითხოვა და წავიდნენო. ისიც გამიკვირდა, რომ მაგდა სახლში მარტო იყო, ერთად მიდიოდნენ ხოლმე...
ომარისთან ვრეკავდი, ზარი არ გადიოდა, გამიკვირდა, სამსახურის გამო, ტელეფონს საერთოდ არ თიშავდა ხოლმე. მაგდა შემოვიდა, სარეცხის მანქანაში დივნის გადასფარებელი ჩადო და გარეცხა, ამ დროს ჩემთან მეზობელი იყო, წყალს ფერი ჰქონდა შეცვლილი და გამიკვირდა, ასეთი რა გარეცხა-მეთქი... გარეცხა და გაფინა. ოთახიდან გასვლის მერე, მესიჯი მომწერა, არ ინერვიულო, - მოდიანო...
გვიან მაღვიძებს კარებზე ბრახუნი, მაგდა ყვიროდა, მიშველე, ორივე დასისხლიანებული გარეთ ყრიანო, მაშინვე გავვარდი, გარე განათების შუქით დავინახე, ჩემი შვილი ძირს ეგდო დასისხლიანებული, ამ დროს მაგდა მანქანასთან იყო. ჩემი შვილი ფეხშიშველი ეგდო, ვყვიროდი ბავშვი სად არის მეთქი, ამ დროს გავიგე მაგდას ხმა, ბავშვი მანქანაშიაო, იქითკენ წავედი, მაგდა სადღაც წავიდა და ვერ გავიგე, მანქანიდან ბავშვი ამოვიყვანე, გულში ჩავიხუტე, უკვე გაციებული იყო. ამ დროს მეზობელი მოვიდა და პატარას ხელოვნური სუნთქვა ჩაუტარა.
როცა უკვე პოლიციამ ოთახში შემიყვანა, გადასაფარებელი, რომელიც მაგდამ იმ საღამოს გარეცხა, დივანზე იყო გადაფარებული და ვიკითხე, ნუთუ სველი არ არის, ასე სწრაფად როგორ მოასწრო გაშრობა-მეთქი. მაგდა რომ ამბობს, - ურო სათავსოს შესაკეთებლად მჭირდებოდაო, - ფოტოები ნახეთ, სათავსოზე ფანერებია აკრული და უროს გამოყენება არაფრით დასჭირდებოდა".
დღევანდელი სასამართლო პროცესი 18:00 საატზე დასრულდა, 14 ივნისს საქმის განხილვა კვლავ, დარეჯან მინდიკაურის დაკითხვით გაგრძელდება. პროკურორის ინფორმაციით, ხვალ დაიკითხებიან ქაფიაშვილის მეზობლები, რომლებიც ცოლ-ქმრის ურთიერთობაზე და ფაქტის დეტალებზე ისაუბრებენ. სავარაუდოდ, ხვალ იქნება წარმოდგენილი პროცესზე ნივთიერი მტიცებულებები, რაც შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს.
იხილეთ ასევე: "ახლა მოუნდა ბერობა?"
თეა ხურცილავა (სპეციალურად საიტისთვის)