"მაგდა, ფიქრობ, რომ ცხოვრებაში ვინმეს შეუყვარდები ისე, როგორც შენს ქმარ-შვილს უყვარდი?"
ქმარ-შვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის, მაგდა პაპიძის საქმის განხილვა ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით საქალაქო სასამართლოში დღეს დილით განახლდა. გუშინ სასამართლო პროცესზე პაპიძის მეგობარი, ოთარ ბერძენიშვილი და მოკლულ ომარ ქაფიაშვილის დედა, დარეჯან(ლილი) მინდიკაური დაიკითხნენ, თუმცა მინდიკაურის დაკითხვა გუშინ ვერ მოესწრო და დღესაც გაგრძელდა. (იხილეთ: "ჩემ შვილზე არ ვლაპარაკობ, ის არ უყვარდა და მოკლა, მაგრამ მითხრას, შვილიშვილი რატომ მომიკლა"?! - რა უპასუხა პაპიძემ დედამთილს?!)
მინდიკაურის დაკითხვის შემდეგ, ერთმანეთს კითხვებს ბრალდებული მაგდა პაპიძე და მისი დედამთილი, დარეჯან მიდნიკაური უსვამდნენ.
"რას წარმოვიდგენი, შენთან დაპირისპირება თუ მომიწევდა, 7 წელია ერთმანეთისთვის ზედმეტი სიტყვა არ გვითქვმას, არ გიპირისპირდები, გულწრფელად ვილაპარაკოთ იმ 7 წლის ხათრით, რაც მე და შენ ერთად გავატარეთ, როგორი დედა ვიყავი თორნიკესთვის, თუ გახსოვს პირველი ხელფასით რა ვუყიდე? ხომ იცი, რომ ძვირადღირებული "აუდის" ტიპის პატარა მანქანა ვუყიდე, რამეს ვაკლებდი მე ჩემს შვილს? ჩაცმას ან ჭამას?", - ასე მიმართა ბრალდებულმა პაპიძემ დედამთილს პროცესზე.
"დედა-შვილობა მარტო საჭმელი და ჩაცმა არ არის", - უპასუხა მინდიკაურმა რძალს, "შენ დედა არ ხარ და რატომ გინდა გვიმტკიცო, რომ დედა ხარ? ეს არ უნდა გაგეკეთებინა, თორნიკეს სითბო აკლდა, მას უბრალო რამეზე აუკივლდებოდი და ბავშვი დაფეთებული იყო. მაგდა შენ არ გაქვს უფლება დედაშვილობა ამტკიცო, შენ მეუბნებოდი, თორნიკე ჩემი შვილია და როგორც მინდა ისე გავზრდიო, ეზოში ბავშვებთან გასვლის უფლებას არ აძლევდი, ჩემთანაც არ უშვებდი, ბავშვს სითბო უნდოდა, შენი სიმკაცრე იყო ისტერიკა, ამას ვუყურებდი ჩემი შვილის მიმართაც, მაგრამ ის შენგან ყველაფერს იტანდა. ჩვენს სახლში მოსვლიდან ერთი წლისთავზე დაიწყო ისტერიკები, მანამდე ჩემი სახლიდან ხმამაღალი საუბარი არავის გაუგია, შეგეძლო ყველაფერზე ისტერიკები მოგეწყო. შენთვის მე ყოველთვის მეორეხარისსოვანი ვიყავი, აბა კარგად გაიხსენე, როცა მშობიარობდი, გვერდით ოთახში მე ვიყავი და შენ, მეორე სართულზე ეს ამბავი შენს დას გააგებინე, თუ შეგეძლო ფანჯარასთან მისვლა, იმასაც შეძლებდი, რომ ჩემთან მოსულიყავი. რამდენჯერ გამოგიძახებია ბავშვისთვის სასწრაფო, ჩემთვის არ გითქვამს და გვიან გამიგია".
პაპიძემ ქმართან ურთიერთობაზეც ილაპარაკა.
"ომარს ყველაფერს ვუმზადებდი, წინსაფრიანი ლანგრით მორბენალი მეუღლე ვიყავი".
რძლის ამ რეპლიკას მინდიკაური გამოეხმაურა და დაადასტურა, რომ პაპიძე ქმარ-შვილ სადილს მუდამ უმზადებდა. "მარტო სადილების კეთება არ არის მთავარი, ჩემი შვილი შენგან დიდ შეურაცხყოფას იტანდა, თუ ყურმილს არ აიღებდა, მიუვარდებოდი იქ, სადაც იყო, მეგობრებთან მისვლის უფლებასაც არ აძლევდი".
"ყველანი წვიმის წვეთებად გაერთიანდით და ნაკადად მოდიხართ ჩემს წინაარმდეგ" - განაცხადა ბრალდებულმა პროცესზე. რძლის რეპლიკას: - "მამაო ყოველდღე მნახულობს და მამხნევებს", - დარეჯან მინდიკაურმა უპასუხა:
"რომელ ქრისტიანობაზე ლაპარაკობ, უფლება არ გაქვს შავები გეცვას, ცხოვრებაში ასეთი მსახიობი იყავი, 8 საათი ორი მიცვალებული გედო ოთახში, მაშინ რატომ არ აგიწია შაქარმა? მაგდა, ფიქრობ, რომ ცხოვრებაში ვინმეს შეუყვარდები ისე, როგორც შენს ქმარ-შვილს უყვარდი?"
თეა ხურცილავა (სპეციალურად საიტისთვის)