პატიმარი სასამართლოს მოსაცდელი დარბაზიდან პლასტილინის "ხელყუმბარის" საშუალებით გაიქცა?! - კვირის პალიტრა

პატიმარი სასამართლოს მოსაცდელი დარბაზიდან პლასტილინის "ხელყუმბარის" საშუალებით გაიქცა?!

31 აგვისტოს რუსთავის საქალაქო სასამართლოდან პატიმარი გაიქცა. მოგვიანებით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ მისი ვინაობა დაასახელა და ფოტოც გამოაქვეყნა.

გაქცეული პატიმარი ოთარ ვარამაშვილია. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, ვისაც რაიმე სახის ინფორმაცია აქვს ფოტოზე აღბეჭდილი პირის, ოთარ ბადრის ძე ვარამაშვილის სავარაუდო ადგილსამყოფელის შესახებ, დაუკავშირდეს სატელეფონო ნომრებზე - 032 2 75 23 85, 577 28 25 19.

ambebi.ge წერს, რომ არაოფიციალური ინფორმაციით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსაცდელი დარბაზიდან გაქცეულ პატიმარს, საძერწი მასალისგან - სავარაუდოდ, ე.წ. პლასტილინისგან დამზადებული "ხელყუმბარა" ჰქონდა.

დაუზუსტებელი ცნობით, სწორედ პლასტილინის "ხელყუმბარის" საშუალებით მოახერხა პატიმარმა სასამართლოში გამოძახებული სამედიცინო ბრიგადისა და ბადრაგის დაშინება.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, პატიმარი ჯერ სასამართლოს მოსაცდელი ოთახის ფანჯრიდან, შემდეგ კი ღობიდან გადახტა.

კიდევ ერთი დაუზუსტებელი ინფორმაციით, პატიმარს სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომანქანა ელოდებოდა.

რუსთავის სასამართლოს ეზოში ექსპერტ-კრიმინალისტები და პოლიცია მუშაობას განაგრძობს.

გაქცეული პატიმრის სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიებზე.